"სამმა მამაკაცმა მთხოვა ხელი, მაგრამ ყველამ პირობა წამიყენა, სცენისთვის თავი დამენებებინა..." - კვირის პალიტრა

"სამმა მამაკაცმა მთხოვა ხელი, მაგრამ ყველამ პირობა წამიყენა, სცენისთვის თავი დამენებებინა..."

"მქონდა შემთხვევა, მეგონა, ძალიან მიყვარდა, მაგრამ როცა მკითხეს, გაჰყვები ცოლადო? ვუპასუხე - არა"

მაია ბარათაშვილი საიუბილეო კონცერტისთვის ემზადება, რომელიც 3 მარტს ფილარმონიაში გაიმართება. როგორც ამბობს, 3 მარტი დედამ შეაყვარა, რადგან ყოველთვის დღესასწაულს უწყობდა. მომღერალი მაია ბარათაშვილი ჩვენთან ტკივილიან წლებს იხსენებს:

- ყოველ 3 მარტს დედა დღესასწაულად მიქცევდა ხოლმე. მას შემდეგ ამ დღეს ყოველთვის სცენაზე აღვნიშნავ და ახლაც საოცარ მუსიკოსებთან ერთად გამოვალ... გაჟღერდება ვაჟა აზარაშვილის სიმღერაც, რომლითაც მე დედა "გავიცანი" - ერთხელ ინტერვიუ იყო ქალბატონ ნანი ბრეგვაძესთან და აჩვენა სურათი, სადაც დედა, ინოლა გურგულია და ნანი ბრეგვაძე ერთად იდგნენ სცენაზე. "სიმღერაა მთელი ჩემი ქონება", - მღეროდა დედა. იდგა პროფესიულ სცენაზე და ძალიან კარგად მღეროდა. 3 მარტს მე ამ სიმღერას შევასრულებ.

- როგორი ბავშვობა გქონდათ? - ძალიან ბედნიერი. მშობლები მუშაობდნენ და ბებია-ბაბუა მზრდიდა. ბებიას რუსული განათლება ჰქონდა, ძალიან კარგად იცოდა ფრანგულიც. კარგად მახსოვს ჩვენი საუბრები - სამოვარი, ორი წითელი ფინჯანი, შაქრის ნატეხი... ვსვამდით ჩაის და დიდხანს ვსაუბრობდით. რუსული კარგად შემასწავლა, ფრანგული ვერ მოვასწარით, 11 წლის ვიყავი, ინფარქტით, ჩემ თვალწინ რომ გარდაიცვალა. შემდეგ მშობლებთან, პეროვსკაიაზე გადავედი. ჩემმა სიყრმემ ვერაზე გაიარა.

- 15 წლისამ დედაც დაკარგეთ, როგორი იყო ამის გაცნობიერება გოგონასთვის? - დედა მოულოდნელად გარდაიცვალა, ავად იყო, მაგრამ ასეთ დასასრულს არ ველოდით. დაბადების დღე გადამიხადა და წავიდა... ძალიან ძნელი იყო, ვერ წარმოიდგენთ, ისეთი ძნელი. საყრდენი გამომეცალა... მამამ გამზარდა. მისი დამსახურებაა, ძლიერ პიროვნებად რომ ჩამოვყალიბდი. მამამ 93 წელი იცოცხლა და ბოლომდე მოქმედი იურისტი იყო, პროცესებზე სიტყვით გამოდიოდა. მამის ოთახში კაკუნის გარეშე არ შევსულვარ. ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა და ხელს არ ვუშლიდი. 15 წლიდან გადაწყვეტილების მიღება დამოუკიდებლად მიწევდა, სახლის საქმეებსაც მე ვაგვარებდი. ვდგებოდი დილის ექვს საათზე, ვყიდულობდი პროდუქტს და საჭმელს ვაკეთებდი, ვმეცადინეობდი...

- რა გენატრებათ ყველაზე მეტად? - თქვენ წარმოიდგინეთ, მამა მენატრება ყველაზე მეტად.

- მოვლენა, რომელმაც შეგცვალათ... - ტაძარში მისვლამ შემცვალა, ოღონდ ეს ერთ წამში არ მომხდარა. ერთხელ "შინთან" ერთად ვიყავი გასტროლზე. შუა კონცერტისას დიდი იმპროვიზაცია გახურდა და ამ დროს ბავშვი შემოვიდა სცენაზე კატასთან ერთად. ისეთი სიცილი აგვიტყდა, ვერაფრით გავჩერდით და ეს ცუდად მენიშნა... მეორე დღეს შეუძლოდ ვიგრძენი თავი და სასტუმროში დავრჩი, მაგრამ საღამოს მსოფლიო ვარსკვლავების კონცერტს უნდა დავსწრებოდი...

წავედი, მაგრამ ვგრძნობ, ძალიან ცუდად ვარ. ხალხი მოდის, მესალმება, ხელს მართმევს, მაგრამ ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს სადღაც ვარ, ფარდის აქეთ, დანარჩენი სამყარო კი იქით... ვფიქრობდი, ღმერთო, ახლა რომ მოვკვდე, ნეტავ "შინის" ბიჭები არ გამეშვა, ვინ მომხედავს, აქ უპატრონოდ ვარ-მეთქი... ეს გავიფიქრე თუ არა, ნახევარ მეტრში ახალგაზრდა კაცი დაეცა და მოკვდა, სრულიად მარტო, ქუჩის ძაღლივით... მივვარდი, პულსი გავუსინჯე, მაგრამ ვერაფერი ვუშველე. კონცერტზე ვერ შევედი, ცრემლები ღაპაღუპით მომდიოდა. რა არის ჩვენი ცხოვრება, ხუთ წუთში აღარ ხარ. ღმერთმა და სამყარომ პასუხი გამცა ჩემს ფიქრებზე...

- ბევრი ქალისთვის რთულია მარტოობა, თქვენ როგორ გრძნობთ თავს?

- მე მუდმივ შემოქმედებით პროცესში ვარ და ფანტასტიკურ დროს ვატარებ საკუთარ თავთან... იმდენად კომფორტულად ვარ, თუკი ჩემს ცხოვრებაში ვინმე გამოჩნდა, გაუჭირდება ჩემს გრაფიკში ჩაჯდომა.

- კარიერის გამო სიყვარულზე უარი გითქვამთ?

- მე ყოველთვის დისტანციურად მიყვარს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სითბოს არ ვიჩენ. შეიძლება ჩემი სული ვაჩვენო, გავაცნო თავი, მაგრამ ზღვარს ვერ გადმოვა. სამმა მამაკაცმა მთხოვა ხელი, მაგრამ ყველამ პირობა წამიყენა, სცენისთვის თავი დამენებებინა...

შეყვარებული ვყოფილვარ, მაგრამ გონება არასდროს დამიკარგავს. ერთხელ მამამ მითხრა, გახსოვდეს, გული გონებაზე მაღლა არასდროს დააყენო და ყოველთვის მოიგებო. მართალია - რამდენჯერაც დავაყენე, იმდენჯერ წავაგე, რამდენჯერაც ეს არ გავაკეთე, იმდენჯერ მოვიგე. მქონდა შემთხვევა, მეგონა, ძალიან მიყვარდა, მაგრამ როცა მკითხეს, გაჰყვები ცოლადო? ვუპასუხე - არა.

- ახლა თუ ხართ მზად ოჯახის შესაქმნელად? - დღეს მოდურია ურთიერთობები, რომელიც ასე იწყება: მოდი, ვცადოთ, აბა, რა გამოგვივა. ეს ჩემთვის მიუღებელია. ჩემი მეორე ნახევარი ძალიან გულწრფელი უნდა იყოს, ძალიან უნდა ვუყვარდე და ვჭირდებოდე...

ხათუნა კორთხონჯია