"რა გახდა ეს "ჩეტო", მერამდენე მთავრობას უნდა ელაპარაკოს თითის ქნევით?!" - კვირის პალიტრა

"რა გახდა ეს "ჩეტო", მერამდენე მთავრობას უნდა ელაპარაკოს თითის ქნევით?!"

"მთელი წლის განმავლობაში რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები და კიდევ ვერ შევთანხმდეთ, მაინც ვერაფერს ააშენებენ"

"სასტუმრო "ბუდაპეშტის" ინვესტორები ვაკის პარკის ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვას ვერ მიიღებენ და ვერაფერს ააშენებენ", - ასე უპასუხა თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ სასტუმრო "ბუდაპეშტის" პროექტის ხელმძღვანელის, სასტუმროს მშენებლობისთვის განკუთვნილი მიწის ნაკვეთის მესაკუთრე გიორგი ზაქაიძის სიტყვებს, რომ დროის დაკარგვას აღარ აპირებენ, ამიტომ მერიაში განცხადებას შეიტანენ და ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო "ბუდაპეშტის" მშენებლობას დაიწყებენ.

სკანდალური მშენებლობის ისტორია

ყველაფერი გიგი უგულავას მერობის დროიდან დაიწყო - კერძოდ, 2013 წლის 24 ივლისს, როდესაც უგულავამ ვაკის პარკის ტერიტორიაზე (ჭავჭავაძის #68-ში) არსებულ მიწის ნაკვეთზე სასტუმროს ასაშენებლად სპეციალური (ზონალური) შეთანხმება გასცა. მალე აღნიშნული ტერიტორია მშენებლობის უფლებით "ტიფლის დეველოპმენტმა" 2.700.000 დოლარად შეიძინა და უგულავას მიერ გაცემული განსაკუთრებული ნებართვის საფუძველზე ვაკის პარკში 30 მეტრი სიმაღლის შვიდსართულიანი სასტუმრო "ბუდაპეშტის" პროექტიც შეიქმნა. მშენებლობა 2016 წლის მეორე ნახევარში უნდა დასრულებულიყო. სწორედ მაშინ ითქვა მედიაში, რომ სასტუმრო "ბუდაპეშტს" ქართველი და უცხოელი ინვესტორები აშენებდნენ, მათ შორის უგულავასთან დაახლოებული პირი, გოგა ზაქაიძე. მშენებლობას წინ აღუდგნენ ქალაქის მოსახლეობა, სამოქალაქო აქტივისტები, გარემოს დამცველები და არასამთავრობო ორგანიზაციები. როგორც ამბობდნენ, რეკრეაციულ ზონაში მშენებლობის უფლება მიწის ნაკვეთის გამოყენების ისეთი პირობის საფუძველზე გაიცა, რომელიც არაკანონიერი ადმინისტრაციული აქტის მიხედვით შედგა. საქმე სასამართლომდეც მივიდა, მაგრამ რამდენიმეწლიანი დავა ინვესტორის გამართლებით დასრულდა. 2019 წლის 16 იანვარს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა გიგი უგულავას განკარგულება, რომლითაც ინვესტორმა სასტუმროს მშენებლობის კანონიერი ნებართვა დაიბრუნა და განაცხადა, რომ ვაკის პარკში სასტუმროს ისევ ააშენებს.

საბოლოოდ, 2019 წლის 25 იანვარს, თბილისის მერმა კახა კალაძემ თბილისელებს ამცნო, რომ ამ ტერიტორიაზე სასტუმრო აღარ აშენდება - მხარეები ადგილმონაცვლეობაზე შეთანხმდნენ. 2020 წლის დასაწყისში "ბუდაპეშტის" მშენებლობის საკითხი კვლავ დღის წესრიგში დადგა. "კვირის პალიტრა" ბოლო წლების სკანდალური მშენებლობის თემაზე სასაუბროდ რამდენიმე პირს დაუკავშირდა.

"როგორც ჩანს, ზაქაიძეს პოლიტიკური საფუძველი შეექმნა იმისთვის, რომ ვიღაცას ამოეფაროს"

ზურაბ ბაქრაძე, ურბანისტი: - სანამ ამ ადგილას მშენებლობის გაცემის უფლებამდე მივიდოდა საქმე, პრივატიზაციაში მძIიმე დარღვევები იყო. შემდგომ უგულავამ, როგორც ჩანს, რაღაც ინტერესებიდან გამომდინარე, კანონდარღვევით გასცა სპეციალური შეთანხმება, რის საფუძველზეც შუაგულ პარკში სასტუმროს აშენება გახდა შესაძლებელი. უგულავას შეეძლო უარყოფითი პასუხი გაეცა ინვესტორებისთვის, მან კი დადებითად უპასუხა. კანონით დასაბუთებული უნდა ყოფილიყო, რატომ გაიცა ნებართვა, ასეთი რამ კი არ მომხდარა...

საბოლოოდ, დღევანდელი მერი შეუთანხმდა ზაქაიძეს, რომ აღნიშნულ ნაკვეთს სხვაში გაუცვლიდა. გავიდა წელიწადი და, როგორც ჩანს, ზაქაიძეს პოლიტიკური საფუძველი შეექმნა იმისთვის, რომ ვიღაცას ამოეფაროს.

ფიქრობს, რომ წყალი შეუდგა ამ ხელისუფლებას და თქვა, უფლება მაქვს მშენებლობა გავაგრძელოო. არადა, ნებართვა ვადაგასულია, ამიტომ ზაქაიძეს იქ არაფრის აშენების უფლება აღარ აქვს. თუ ქალაქის მმართველობამ ხელახლა გასცა ნებართვა, საზოგადოება მაინც არ ააშენებინებს. გამორიცხული არ არის, ზაქაიძეს ჩიხში შეჰყავდეს მოლაპარაკება. ამიტომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს ქალაქის მმართველობამ, რომ ეს თვითნებობა აღკვეთოს, ზაქაიძეს სანაცვლოდ რაღაც მისცეს.

უამრავი შეთანხმებაა გაცემული კანონდარღვევით, როგორც გიგი უგულავას, ასევე ნარმანიას მერობისას და შედარებით ნაკლები - ახლანდელი მერის დროს. ეს უნდა აღიკვეთოს. ქალაქის მერს ახლა აქვს წინა მერის მიერ გამოტანილი სპეციალური შეთანხმების გაუქმების უფლება და, იმის უფლება, რომ ახალი ნებართვა არ გასცეს.

"ზაქაიძე "ნაცმოძრაობის" შემწირველი იყო"

ალეკო ელისაშვილი: "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი - გოგა ზაქაიძე, მეტსახელად "ჩეტო", უგულავას კარზე ძალიან აღზევებული იყო. ის ერთ-ერთი აქტიური დეველოპერი გახლდათ, იმდენად გათავხედებული, რომ ვაკის პარკში მოინდომა სასტუმროს წამოჭიმვა. როგორც მახსოვს, ზაქაიძე "ნაცმოძრაობის" შემწირველი იყო. მოკლედ, უგულავასთან დაახლოებული ტიპია, მაგრამ ამდენ ხანს როგორ ვერ მოერივნენ, ეგ აღარ ვიცი. რა გახდა ეს ზაქაიძე, მერამდენე მთავრობას უნდა ელაპარაკოს თითის ქნევით?! მახსოვს, სპორტის სასახლის უკან აშენებდა კორპუსს და წინააღმდეგობის მიუხედავად, თავისი გაიტანა.

"ჩემი ვარაუდით, ახლა ვაჭრობა მიდის..."

ერეკლე ურუშაძე, სამოქალაქო აქტივისტი: - კანონმდებლობა, რომელიც იმჟამად მოქმედებდა, თავისთავად ცუდი იყო, თუნდაც გამონაკლისის სახით რომ უშვებდა სასტუმროს მშენებლობას პარკში ზონალური შეთანხმების საფუძველზე. თუმცა კანონმდებლობაში განსაზღვრული პირობები იყო, თუ რა შემთხვევაში შეიძლებოდა შეთანხმების გაცემა - ქალაქის მთავრობას რეკრეაციულ ზონაში სასტუმროს აშენების დროს რამდენიმე მნიშვნელოვანი პირობა უნდა დაეცვა.

- კერძოდ? - მშენებლობა ქალაქგანვითარების აუცილებლობიდან უნდა გამომდინარეობდეს, უნდა კომპენსირდებოდეს სხვა ღონისძიებებით და არ უპირისპირდებოდეს საზოგადოებრივი ინტერესი. რამდენად აუცილებელი იყო ქალაქგანვითარებისთვის შვიდსართულიანი სასტუმროს აშენება ვაკის პარკში, გაუგებარია, კომპენსირებაზეც არაფერი თქმულა და საზოგადოებრივ ინტერესთან რომ კონფლიქტშია, ესეც ცხადია.

მე ნანახი მაქვს ეს დოკუმენტი და იქ არავითარი დასაბუთება არ იყო მოყვანილი. იმხანად ქალაქის მწვანე ზონებში მშენებლობაზე ნებართვებს ხშირად გასცემდნენ. ვაკის პარკში იმავე პერიოდში არაერთი ნაგებობა აშენდა. მსგავსი უკანონობა სხვაც შეგვიძლია გავიხსენოთ, მაგალითად, კუს ტბის ტერიტორიაზე აშენებული რესტორანი.

რაც შეეხება მოლაპარაკების წლისთავზე ზაქაიძესა და მერიას შორის დადებული შეთანხმების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ჩემი ვარაუდით, ახლა ვაჭრობა მიდის. ცხადია, ტერიტორიის მფლობელს - ვინაიდან ადგილმონაცვლეობაზეა ლაპარაკი - უნდა მაქსიმალური მოგება ნახოს.

"უგულავას ქალაქის დამანგრეველი უნდა დაერქვას"

მარიამ ბაქრაძე, პარტიზანი მებაღე: - მთავარი პრობლემა ამ ყველაფერში ის იყო, რომ ქალაქს არა აქვს განვითარების პოლიტიკა - ქალაქი კი არ კარნახობს ინვესტორებს იმას, სად რა ააშენონ, პირიქით... ეს განსაკუთრებულად გიგი უგულავას მერობისას გამოჩნდა. დარწმუნებული ვარ, უმეტეს შემთხვევაში კორუფციული გარიგებებით, ქაოსურად გასცემდნენ მშენებლობების ნებართვებს. განაშენიანებაც ქაოსურად იმიტომ წარიმართა. პარკებსა და რეკრეაციულ ზონებში დაუშვებელია მშენებლობა, ისინი საზოგადოებრივი საკუთრებაა. ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი იმდენად მაღალია, პარკში მშენებლობის წამოწყებაზე არ უნდა ვფიქრობდეთ.

ვაკის პარკი ამის მაგალითია - შევარდნაძის პერიოდიდან მოყოლებული, "შემოჭამეს" რესტორნებმა. რაც უგულავამ თბილისს უქნა, დანაშაულია.

ნორმალურ ქვეყნებში ასეთები პოლიტიკაში კი არ უნდა ბრუნდებოდნენ, არამედ პასუხს უნდა აგებდნენ. მას ქალაქის დამანგრეველი უნდა დაერქვას.

"მერიამ დაპირება არ შეასრულა"

გოგა ზაქაიძე, ინვესტორი: - მერიის დაპირება იყო, რომ ანალოგიური ღირებულების შესაბამის უძრავ ქონებაში, იქნებოდა მიწის ნაკვეთი თუ არსებული შენობა-ნაგებობა, ჩაგვინაცვლებდნენ ან აგვინაზღაურებდნენ თანხას (კვმ 2.000 დოლარამდე საერთაშორისო ორგანიზაციებმა შეაფასეს). მერიამ დაპირება არ შეასრულა.

ერთადერთი მიწა, რაც შემოგვთავაზეს, ონკოლოგიური საავადმყოფოს ღობის გადასწვრივ არსებული ტერიტორია იყო. არადა, ჩვენ შევთავაზეთ არაერთი მიწის ნაკვეთი, დაწყებული დიდი დიღმით და დამთავრებული ორთაჭალით.

როცა წლის განმავლობაში არაფერზე არ დაგვთანხმდნენ, მივხვდით, რომ დრო გაჰყავდათ. თებერვლის შუა რიცხვებში განცხადების შეტანას ვაპირებთ მშენებლობის ნებართვის ასაღებად. გარდა ამისა, სასამართლოში შევიტანთ კიდევ ერთ განცხადებას ზარალის ანაზღაურებაზე. აქაც და უცხოეთშიც დავიწყებთ სამართლებრივ პროცედურებს.

მომავალ კვირაში კიდევ ერთ ვარიანტს შევთავაზებთ სახელმწიფოს და წესით, უარი არ უნდა თქვან, თუ ეს პრინციპული გადაწყვეტილება არ არის იმისთვის, რომ ბიზნესს ხელი შეუშალონ და ჩვენ რაღაც წაგვართვან.

"მეც და თქვენც ერთად ვნახავთ, რას ააშენებენ!.."

ირაკლი ხმალაძე, ვიცე-მერი: - მათი განცხადება მეც წავიკითხე, ისევ მშენებლობას დავუბრუნდებითო. მეც და თქვენც ერთად ვნახავთ, რას ააშენებენ!..

არ მივიღებთ ბრალდებებს, თითქოს მოლაპარაკება დესტრუქციულად წავიყვანეთ, რომ არაფერი შეგვითავაზებია.

მუნიციპალიტეტს მწირი მიწის ფონდი აქვს. ამიტომ დიდი არჩევანი არა გვაქვს, რაც გვაქვს, ის შევთავაზეთ, მაგრამ ყველაზე უარი მივიღეთ. ისინი ითხოვდნენ შენობებს, რომლებშიც განთავსებულია სახელმწიფო სტრუქტურები და, რა თქმა უნდა, ვერ დავუთმობდით.

მთელი წლის განმავლობაში რომ გაგრძელდეს მოლაპარაკებები და კიდევ ვერ შევთანხმდეთ, მაინც ვერაფერს ააშენებენ. მე ვერ დავადასტურებდი, რომ მოლაპარაკება დასრულდა და ვერ შევთანხმდით. ჯერ კიდევ მიმდინარეობს მოლაპარაკება. 6-მილიონდოლარიანი მიწის მონაცვლეობა არ არის ადვილი, ამას დრო სჭირდება.