"ამერიკელმა ქალბატონმა მკითხა,­ მეც თქვენი გმირივით ვცხოვრობ ოჯახში­ და როგორ დავიხსნა თავიო" - ქართული ფილმი, რომელიც "ნეტფლიქსმა" იყიდა - კვირის პალიტრა

"ამერიკელმა ქალბატონმა მკითხა,­ მეც თქვენი გმირივით ვცხოვრობ ოჯახში­ და როგორ დავიხსნა თავიო" - ქართული ფილმი, რომელიც "ნეტფლიქსმა" იყიდა

"ოჯახისათვის თავშეწირული ქალის განცდები ისეთი "ქართულია", რეჟისორებს ეშინოდათ, ფილმი მეტისმეტად ეროვნული არ გამოსულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. სიუჟეტმა და რეჟისურამ მაყურებელი ყველგან დააინტერესა"

ეს ისეთი ამბავია, რომელმაც არაერთ ადამიანს შეიძლება "კონკიაც" გაახსენოს, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ია შუღლიაშვილი მომღერალ ინოლა გურგულიას ქალიშვილია - მომხიბვლელი და საქმიანი. მის გვერდით ყოფნა სასიამოვნოა, ამიტომაც თავს ბევრგან გრძნობდა კარგად, ოღონდ არა - კინოში, თუმცა ამაზე არასოდეს უდარდია - კინომსახიობად თავს არც მიიჩნევდა, არადა, სწორედ კინოში გამოანათა მისი კარიერის თვალისმომჭრელმა ვარსკვლავმა - ია შუღლიაშვილი მსოფლიო კინოს ყველაზე გავლენიანმა ვებგვერდებმა დაასახელეს მსოფლიოს 10 საუკეთესო მსახიობს შორის. სია, რომელიც გასართობი ბიზნესის უმსხვილესი ლიდერის, ამერიკული ტელეკომპანია "ნეტფლიქსის" 125 მილიონი გამომწერის მოსაზრებების მიხედვით შეიქმნა, ასეთია: 1. კეისი აფლეკი; 2. ემანუელა რივა; 3. მაიკლ ფასბენდერი; 4. შარლოტა რემპლინგი; 5. ტიმოთი შალამე; 6. ია შუღლიაშვილი; 7. ვინსენტ ლინდონი; 8. იო აჰ-ინი; 9. იზაბელ ჰუპერტი; 10. ალექსანდრა ბორბელი.

კომპანია "ნეტფლიქსმა" მსოფლიოს 50 საუკეთესო ფილმს შორის დაასახელა ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის ფილმიც - "ჩემი ბედნიერი ოჯახი", სადაც ია შუღლიაშვილი მთავარ როლს თამაშობს. ის 52 წლის ქალია, რომელიც ერთ დღეს აღმოაჩენს, რომ ოჯახის წევრებისთვის ყველა თავისი ინტერესი შეუწირავს და უცებ გადაწყვეტს, ყველაფერი "უკან დაიბრუნოს"...

- ქალბატონო ია, როგორ მოხვდით კინოში?

- ეს ფილმი გახლავთ ჩემი კინოდებიუტი, თუ არ ჩავთვლით პატარა როლებს. არ მეგონა, ასეთი წარმატება რომ მოჰყვებოდა. ძალიან ბევრი რამ რეჟისორებმა ნანა ექვთიმიშვილმა და სიმონ გროსიმ განაპირობეს. მენდნენ და გამათამამეს, მერე კი ფესტივალებზე მივხვდი, ყველაფერი კარგად იქნებოდა. ფილმი ყველგან უმაღლესი ჯილდოებით დაჯილდოვდა, თუმცა არანაკლებ საოცარი მაყურებლის რეაქცია იყო - ფილმს თვალმოუშორებლად უყურებდნენ. მეუბნებოდნენ, ფილმში ჩვენც თქვენთან ერთად ვმონაწილეობთო. სანდესში ამერიკელი ქალბატონი მოვიდა და მკითხა, როგორც თქვენ ცხოვრობთ ამ ფილმში, მეც ისე ვცხოვრობ ოჯახში და რა ვქნა, როგორ დავიხსნა თავიო... გერმანიაში ტრანსპორტით მგზავრობისას ქალბატონმა მიცნო, მომიახლოვდა და მადლობა გადამიხადა.

- ალბათ იმიტომ, რომ მაყურებელს მოენატრა ასეთი თემები - ოჯახი, საკუთარ თავთან ბრძოლა, ადამიანური განცდები... - მეც ასე ვფიქრობ. მთავარი თემა - ოჯახისათვის თავშეწირული ქალის განცდები ისეთი "ქართულია", რეჟისორებს ეშინოდათ კიდეც, ფილმი მეტისმეტად ეროვნული არ გამოსულიყო, მაგრამ ასე არ მოხდა. სიუჟეტმა და რეჟისურამ მაყურებელი ყველგან დააინტერესა.

- და მსახიობის ოსტატობამაც...

- ჩემს თავზე ლაპარაკი მეუხერხულება, თუმცა, ალბათ, ესეც იყო. "ჩემი ბედნიერი ოჯახი" ერთადერთი ქართული ფილმია, რომელიც ისეთმა გიგანტურმა კინოკომპანიამ იყიდა, როგორიც "ნეტფლიქსია". მისი ჩვენების მიხედვით დადგინდა როგორც ფილმის, ისე - მსახიობის რეიტინგები. აღმოჩნდა, რომ "ჩემს ბედნიერ ოჯახს" რამდენიმემილიონიანიანი აუდიტორია ნახულობდა.

- ეს დიდი გამარჯვებაა. გილოცავთ. მეამაყება, რომ ქართველი მსახიობი მსოფლიოს ბრწყინვალე მსახიობთა შორის არის. - თავიდან არ მჯეროდა, მით უფრო, როცა მითხრეს, რომ ამ სიაში ჩემი საყვარელი მსახიობი იზაბელ ჰუპერტი მეცხრე ადგილზე აღმოჩნდა, მე კი - მეექვსეზე. ყველაზე მეტად ის მიხარია, რომ რაც დრო გადის, ფილმის სულ უფრო უკეთესი შეფასებები ისმის. ხელოვნებაც სწორედ ეს არის - მან დროს უნდა გაუძლოს.

- ფილმში მერაბ ნინიძეც მონაწილეობს. როგორი იყო მასთან ერთად თამაში? - დაუვიწყარი! აღსავსე იყო მისი პროფესიონალიზმითა და იუმორით; დიდი სიხარული იყო ისიც, რომ ფილმში მე და მერაბი დედაჩემის სიმღერას ვმღერით.