"ვიღაცებს უნდათ, რომ საზოგადოებაში პანიკა ატყდეს" - კვირის პალიტრა

"ვიღაცებს უნდათ, რომ საზოგადოებაში პანიკა ატყდეს"

ჩინეთში, კორონავირუსით კიდევ 57 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 361-ს მიაღწია, - ამის შესახებ "როიტერსი" ჩინეთის ტელევიზიაზე დაყრდნობით იუწყება.

მათივე ინფორმაციით, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა ერთ დღეში 2,829-ით გაიზარდა და 17,205-ია.

1-ლ თებერვალს ჩინეთის ფარგლებს გარეთ ვირუსით გარდაცვალების პირველი შემთხვევა ფილიპინებში დაფიქსირდა. გარდაცვლილი 44 წლის მამაკაცი ქვეყანაში ჩინეთის ქალაქ უხანიდან იყო ჩასული.ჯერჯერობით საქართველოში კორონავირუსული ინფექციის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. კორონავირუსთან დაკავშირებულ გაზეთ "კვირის პალიტრის" კითხვებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ უპასუხა. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- რით განსხვავდება სეზონური ვირუსისგან კორონავირუსი?

- სეზონური ვირუსული დაავადებები მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად. კორონავირუსს კი განსაკუთრებით მძიმე გამოვლინება აქვს დაავადებულთა 20-30%-ში და მწვავე პნევმონიაში გადადის.

- რა სიმპტომები ახასიათებს ამ ვირუსს?

- ძირითადი სიმპტომებია ხველა, სიცხე და სუნთქვის გაძნელება, მაგრამ რადგან პათოგენი ვირუსია, ანტიბიოტიკები მის წინააღმდეგ ეფექტიანი არ არის. ანტივირუსული მედიკამენტების გამოყენება შესაძლებელია, თუმცა ისინი, მხოლოდ მდგომარეობას აუმჯობესებს და გამოჯანმრთელება იმუნური სისტემის სიძლიერეზეა დამოკიდებული. ფატალური შედეგი იმ შემთხვევებში დგება, როცა პაციენტის იმუნური სისტემა და ორგანიზმი დასუსტებულია.

- ვინ არიან რისკ-ჯგუფში?

- ხანში შესულები და ქრონიკულად დაავადებულები, ისევე, როგორც ნებისმიერი სახის გრიპის დროს.

- რა ვიცით ამ შტამის შესახებ, გარდა იმისა, რომ გადადის ადამიანიდან ადამიანზე?

- ვირუსი მხოლოდ ერთი თვის არის. ჯერ ეპიდემიოლოგიური კვლევები მიმდინარეობს. ძალიან ბევრი მოსაზრება და თეორია გამოითქვა. ერთ-ერთი თეორია არის ამერიკელი მეცნიერების, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია არასპეციფიკურად დაიცვას ამ დაავადებისგან. ამ მოსაზრების საფუძველია ის, რომ ბავშვები და ახალგაზრდები ნაკლებად ავადდებიან და მძიმე შემთხვევებიც არ არის. გარდაცვლილთა უმრავლესობა 70 წელს გადაცილებული ადამიანია, რომლებსაც ჯანმრთელობის სხვა პრობლემები აქვთ, მაგრამ ვიმეორებ, ეს ყველაფერი არ არის გამყარებული მეცნიერული მტკიცებულებებით, ამიტომ ამ თეორიებზე ლაპარაკი ჯერ არ შემიძლია.

- სოციალური ქსელით სხვადასხვა სახის შეტყობინება ვრცელდება, რომლებიც საზოგადოებაში პანიკას თესავს კორონავირუსის საქართველოში გავრცელებასთან დაკავშირებით. - ამას ბოროტ ხუმრობასაც ვერ დავარქმევ. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს! ეტყობა, ვიღაცებს უნდათ, რომ საზოგადოებაში პანიკა ატყდეს. დღესდღეობით 26 ქვეყანაშია კორონავირუსი აღმოჩენილი, აქედან ოთხში (გერმანია, აშშ, იაპონია, ვიეტნამი) ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადადების რვა შემთხვევა დაფიქსირდა, ანუ როცა ადამიანი ჩინეთში არ არის ნამყოფი, მაგრამ მას ვირუსი გადაედო ჩინეთში ნამყოფი ადამიანისგან. მაგრამ იმ ქვეყნებშიც კი არ არის პანიკა და ჩვენ რატომ უნდა გადავირიოთ, როცა ამის საფუძველი არ გვაქვს?! მთავარია, ვიყოთ ფრთხილად, მაგრამ პანიკის საფუძველი არ გვაქვს.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და იხილეთ სტატია სრულად