ხვალიდან ლუგარის ცენტრს ახალი ტიპის კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი ექნება - კვირის პალიტრა

ხვალიდან ლუგარის ცენტრს ახალი ტიპის კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი ექნება

ლუგარის ცენტრს ახალი ტიპის კორონავირუსის გამოსავლენი ტესტი ექნება. საქართველოს კორონავირუსთან საბრძოლველად, სავარაუდოდ, ხვალ უკვე რეაგენტი ექნება. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულო ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, აღნიშნულ საკითხზე პარტნიორებთან მოლაპარაკება მიმდინარეობდა. მან ასე დასძინა, რომ ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ გამოვლენილა.

"ჩინეთში სერიოზული ეპიდსიტუაციაა. დღევანდელი დილის მონაცემებით, რომლითაც ჩვენ ჩინეთის დაავადებათა კონტროლის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით ვთანამშრომლობთ, გახლავთ 17 205 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა ჩინეთში, აქედან სამწუხაროდ, არის 361 გარდაცვალების შემთხვევა. გამოჯანმრთელდა და საავადმყოფოებიდან გაეწერა 475 ადამიანი", - განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, საქართველო კვლავ დაბალი რისკის ქვეყანათა რიცხვში შედის.

"ამ ეტაპზე სამი ადამიანია დაკვირვების ქვეშ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში. სამივეს კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს მათზე დაკვირვება, სამივე არის საქართველოს მოქალაქე, სამივეს აქვს ისტორია ჩინეთში სხვადასხვა პერიოდში ყოფნის. ამავე დროს, ხვალიდან გვექნება 99.99 პროცენტის ალბათობით, ლუგარის ცენტრში ლაბორატორიული საშუალება, პარტნიორებთან იყო მოლაპარაკება და გამთენიისას გვექნება ალბათ ყველა რეაგენტი დამატებით, რაც საჭიროა შექმნილ სიტუაციაში, რაც დღეს ჩინეთში ცირკულირებს. აღარ იქნება აუცილებლობა, რეფერალურ ცენტრებში სინჯების გადაგზავნის", - განაცხადა გამყრელიძემ.

მან მოქალაქეებს, სეზონურ ვირუსთან დაკავშირებით საჭირო აცრების ჩატარებისკენ მოუწოდა და მშობლებს ურჩია, თუ ბავშვებს ტემპერატურა ექნებათ, სკოლაში არ გაუშვან.

"ინტერპრესნიუსი"