რას აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი 29 წლის მამაკაცზე, რომელიც კლინიკაში შეიყვანეს - კვირის პალიტრა

რას აცხადებს ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი 29 წლის მამაკაცზე, რომელიც კლინიკაში შეიყვანეს

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მამაკაცს, რომელიც ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს სიცხე აღენიშნებოდა და "გარდა იმისა, რომ ჩინეთშია ნამყოფი, ახალი კორონავირუსის სხვა კლინიკური ნიშანი არ აქვს".

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ცერცვაძემ განაცხადა, სავარაუდოა, რომ ამ მამაკაცს და ინფექციურში მოთავსებულ კიდევ ორ პაციენტს კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია არ ექნებათ.

"ეს პაციანეტი გახლავთ მამაკაცი, 29 წლის, რომელიც მუშაობდა ქალაქ გუანჯოუში, ჩამოვიდა საქართველოში. ჰქონდა ტემპერატურის მომატება, მაგრამ არა 38-ზე მეტი, ნაკლები ჰქონდა, მიუხედავად ამისა, მაინც მოგვმართა და ეს კარგია, რომ ასეთი სიფხიზლე და ყურადღებაა. გარდა იმისა, რომ ის ჩინეთშია ნამყოფი, სხვა არავითარი კლინიკური ნიშანი ახალი კორონავირუსის არ აქვს. ის იმყოფება ჩვენთან დაკვირვების ქვეშ და ვფიქრობთ, რომ მას არ დაუდასტურდება ახალი კორონავირუსით ინფექცია.

ინფორმაცია გვაქვს, რომ ხვალ, მაქსიმუმ ზეგ ლუგარის ლაბორატორია მიიღებს ტესტს და უკვე ადგილზე იქნება შესაძლებელი, ახალი კორონავირუსით ინფექციის დიაგნოსტირება და ჩვენ ავუღებთ მასალას ამ მამაკაცს, ისევე როგორც კიდევ ორ პაციენტს, რომელიც ჩვენთან წვანან და რომელთაც არ ჩატარებიათ ეს გამოკვლევა, მაგრამ, სავარაუდოდ, არც ერთ მათგანს არ ექნება ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექცია, იმიტომ რომ კლინიკური ნიშნები მათ არ აქვთ. ერთადერთი საეჭვო მომენტი არის ის, რომ ყველა მათგანი ნამყოფია ჩინეთში. მეტი არაფერი",-განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მან ასევე ისაუბრა 32 წლის ქალის შესახებ, რომლის ბიოლოგიური მასალაც როტერდამშია გადაგზავნილი. თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ხვალ გახდება ცნობილი აქვს თუ არა ქალს კორონავირუსი.

"32 წლის ქალბატონი იმყოფებოდა ქალაქ უხანში. მისგან აღებული მასალა გაგზავნილია როტერდამში, ჰოლანდიაში და ხვალ ველოდებით პასუხს როტერდამიდან. ხვალ გახდება საბოლოო პასუხი ცნობილი, ამ ქალბატონს აქვს თუ არა ვირუსი. კლინიკური ნიშნებით, ეს ქალბატონი კარგად გრძნობს თავს. ტემპერატურა არ აქვს, პნევმონიაც არ აქვს და ჩვენი ვარაუდით, არც მას არ უნდა ჰქონდეს ეს ინფექცია",- განაცხადა ცერცვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"