ხანძარი ბუხარში დანთებულმა ცეცხლმა გამოიწვია? - საზარელი ტრაგედია, რომელსაც ორსული ქალი, ოთხ შვილთან ერთად ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ხანძარი ბუხარში დანთებულმა ცეცხლმა გამოიწვია? - საზარელი ტრაგედია, რომელსაც ორსული ქალი, ოთხ შვილთან ერთად ემსხვერპლა

საზარელი ტრაგედია დატრიალდა ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე, სადაც ხანძრის შედეგად, ექვსი ადამიანი გარდაცვალა, მათ შორის დედა ოთხ მცირეწლოვან შვილთან ერთად.

არსებული ინფორმაციით, ოჯახი სახლში თვითნებურად იყო შესახლებული და ისინი სოციალურად დაუცველები იყვნენ.

მომხდარი ტრაგედიის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი. არსებული ინფორმაციით, დაღუპულია გორგოძეების ოჯახის ხუთი წევრი - ახალგაზრდა ორსული ქალი და მისი ოთხი მცირეწლოვანი შვილი, მათთან ერთად დაღუპულია კიდევ ერთი ქალი, რომელიც ოჯახის ახლობელი იყო.

ადგილობრივების ინფორმაციით, მიტოვებულ სახლში 7-სულიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახი თვითნებურად იყო შესახლებული. უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი. თითქმის სრულადაა დამწვარი ორსართულიანი სახლი, რომელიც ხის იყო და ძალიან სწრაფად მოეკიდა ცეცხლი.

შემთხვევის დროს სახლში არ იმყოფებოდნენ ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების მამა და ბებია. ადგილობრივების ინფორმაციით, მაღაზიიდან დაბრუნებული ბებია ხანძარს შეესწრო, თუმცა ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, ვერცერთის გამოყვანა ვერ შეძლო ხანძრიდან. მეზობლების თქმით, ბავშვების მამამ ცოლ-შვილი სახლში დაძინებული დატოვა, დაბრუნებულს კი ეს შემზარავი ტრაგედია დახვდა.

გორგოძეების უკიდურესი გაჭირვების შესახებ ინფორმაციას რამდენიმე თვის წინ ავრცელებდა "ჩერნოვეცკის ფონდი" და მათი დახმარებისკენ მოუწოდებდა საზოგადოებას. მრავალშვილიანი დედის ნარგიზა გორგოძე-გველესიანის ინფორმაციით, მას და მის მეუღლეს არ გააჩნდათ არანაირი პროფესია, ამიტომ სამსახურსაც ვერ შოულობდნენ.

"თუ გამოჩნდა რაიმე ერთჯერადი სამუშაო, ჩემი ქმარი არ უშვებს შანს ხელიდან, რომ როგორმე მცირეოდენი თანხა მაინც შემოიტანოს ოჯახში. ჩვენი შემოსავალი სოციალური შემწეობის თანხაა, რომლის ლომის წილი პროდუქტებზე მიდის. ზამთარში შეშის ყიდვაც გვიწევს, რაც ძალიან ძვირია ჩვენთვის" - ამბობდა ინტერვიუში ნარგიზა გორგოძე, რომელიც შვილებთან ერთად ხანძარს ემსხვერპლა.

მეზობლების თქმით, სახლში ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი არ იყო და ხანძარი, სავარაუდოდ, ბუხარში დანთებულმა ცეცხლმა გამოიწვია.

არსებული ინფორმაციით, გორგოძეებს ერთი კვირის წინ ოჯახის წევრი გარდაეცვალათ, რის შემდეგაც ბაღდათში, წერეთლის ქუჩაზე მიტოვებულ სახლში შესახლდნენ.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოჯახს მოხსნილი ჰქონდა სოციალური დახმარება, რასაც არ ადასტურებენ მერიაში. მერის არჩილ გოქსაძის თქმით, ოჯახს შემოწმების მიზნით ერთი თვით ჰქონდა დახმარება შეჩერებული და აღნიშნული თანხა დეკემბერში სრულად დაერიცხა, ამასთან, ისინი მრავალშვილიანობის დახმარებას იღებდნენ.

ბაღდათის მერიის ინფორმაციით, ოჯახს ფართი ჰქონდა გამოყოფილი მერიისგან, სადაც ცხოვრობდნენ, თუმცა მათთვის უცნობია, რატომ შესახლდნენ ისინი მიტოვებულ სახლში თვითნებურად.