"თუ ედუარდ შევარდნაძემ ღმერთი იწამა, ამაში პატრიარქის უდიდესი დამსახურებაა, ეს არ მომხდარა დამოუკიდებლობის დროს..." - კვირის პალიტრა

"თუ ედუარდ შევარდნაძემ ღმერთი იწამა, ამაში პატრიარქის უდიდესი დამსახურებაა, ეს არ მომხდარა დამოუკიდებლობის დროს..."

საქართველოს მეორე პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის შვილიშვილმა ლაშა შევარდნაძემ ვრცელი ინტერვიუ მისცა kvirispalitra.ge - ს, რომელშიც მისი ოჯახისა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორე ურთიერთობაზეც ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ცნობილია, თქვენი ოჯახის ახლო ურთიერთობები საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან, საპატრიარქოს გარშემო ბოლო დროს არა ერთი სკანდალი განვითარდა... - ეკლესიაში რომ ბევრი პრობლემაა, ამას დიდი ექსპერტობა არ სჭირდება. სწორედ იმიტომ კარგავს ნელ-ნელა საზოგადოებისგან ნდობას, რომ არ არის სათანადოდ გამჭვირვალე. მრევლი, რომელიც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენს, იმსახურებს მიიღოს ინფორმაცია თუ რა ხდება ეკლესიაში.

რაც შეეხება უწმინდესს, ის საქართველოს და ქართველი ხალხის ერთიანობის სიმბოლოა. არ მიყვარს შეთქმულების თეორიები, მაგრამ მის წინააღმდეგ აგორებული კამპანია ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ მავანი ვერ ეგუება ამ ადამიანის უზარმაზარ ავტორიტეტს. ჩვენმა პატრიარქმა კომუნისტების დროიდან მოყოლებული და განსაკუთრებით საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში ხალხი რწმენისკენ შემოაბრუნა. მან როგორც მინიმუმ, ორჯერ გადაარჩინა საქართველო სამოქალაქო დაპირისპირებას, როდესაც მოუწოდა ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისკენ. მხედველობაში მაქვს 2007-08 წლების და ასევე 2009 წლის სახალხო პროტესტის დროს დაძაბული მოვლენები.

2008 წლის ომის დროს, სწორედ უწმინდესის ძალისხმევით მოხდა ომის ტერიტორიიდან ჩვენი მეომრების ცხედრების გამოტანა.

მინდა ვთქვა, რომ თუ ედუარდ შევარდნაძემ ღმერთი იწამა, აქ პატრიარქის უდიდესი დამსახურებაა, და ეს არ მომხდარა დამოუკიდებლობის დროს, არამედ ეს იყო მაშინ, როდესაც ის ჯერ კიდევ ცეკას პირველი მდივანი იყო.

უწმინდესისა და ბაბუს ურთიერთობა არ იყო მხოლოდ პატრიარქის და პრეზიდენტის ურთიერთობა. ეს იყო ერთი ფასეულობების ადამიანების ურთიერთობა, რომელიც შემდგომ ნამდვილ წმინდა ადამიანურ, მეგობრულ ურთიერთობაში გადაიზარდა.

პატრიარქი გახლდათ ბაბუს ედუარდ-გიორგის ნათლია, ისე ასევე ჩემი უფროსი შვილის, ასევე ედუარდ-გიორგის ნათლიაა. იხილეთ სრულად