წინდაში ჩასადები წერილი - კვირის პალიტრა

წინდაში ჩასადები წერილი

ახალი წელი მოდის და დროა, გადავხედოთ, რა მოხდა ჩვენს თავს კარგი და ცუდი ამ ერთი წლის განმავლობაში; რისი იმედი უნდა გვქონდეს მომავალ წელს ან უნდა გვქონდეს თუ არა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კიდევ ერთი ათწლეული სულ რამდენიმე დღეში ჩაბარდება წარსულს. წინა ათწლეულებმა (სამწუხაროდ, მე მხოლოდ ორი მახსოვს: ოთხმოცდაათიანები და ორიათასიანები) ბევრი რამით დაგვამახსოვრა თავი:

ოთხმოცდაათიანებში გვქონდა დამოუკიდებლობა, შემდეგ ომი, ტერიტორიების დაკარგვა. არ გვქონდა შუქი, წყალი, გაზი, ინტერნეტი და იმის თავი, რომ სიახლე შეგვეტანა ჩვენს ცხოვრებაში.

რა შეიცვალა ორიათასიან წლებში? შეაფასეთ: დამოუკიდებლობა ისევ გვქონდა, ომიც, ტერიტორიებიც დავკარგეთ, ანუ "ტრადიცია" გაგრძელდა. სამაგიეროდ, ჩვენს ცხოვრებაში გაჩნდა შუქი (დენს ვგულისხმობ), წყალი, გაზი და ინტერნეტი, მაგრამ ისევ არ გვქონდა თავი, რაიმე სიახლე შეგვეტანა ცხოვრებაში.

ამ დროის განმავლობაში ჩვენ მაინც ვცდილობდით, დავწეოდით და გაგვესწრო ევროპისთვის: დავდიოდით მოდურ, ელიტურ წვეულებებზე, ღამის კლუბებში, დისკოთეკებზე, რომ ყველას დაენახა, როგორი თანამედროვე და პროგრესული ცხოვრებით ვცხოვრობთ. თუმცა, ვფიქრობ, მაინც ღირს კითხვის დასმა: რას მოგვიტანს ახალი წელი?

თუ რონალდ ემერიჰს დავუჯერებთ (აი, იმას, ფილმი "2012" რომ გადაიღო და გული დაგვიხეთქა დიდ-პატარას), სასიხარულო არაფერი გვაქვს, რადგან კიდევ ერთი წლით მივუახლოვდით საბედისწერო 2012 წლის 21 დეკემბერს და სწორედ ის დროა, კიდობნების აგებას მივყოთ ხელი. თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენს ახალგაზრდობას ეს დიდად არ ანაღვლებს (უდარდელები, ესენი), ჰოდა, Facebook-ზე უკვე 8088 კაცი იზიარებს იდეას, "2012 წლის 21 დეკემბერს ვსვამთ და 2012 წლის 22 დეკემბერს... ვართ "პახმელიაზე!"

თუმცა, მანამდე კარგა ხანია დარჩენილი და სტუდენტები უფრო ახლო თარიღზე წუხან: გაგონილა, ოცდათერთმეტ დეკემბერს ლექციებიო? ნურავის გაუმხელთ და იმასაც ამბობენ, პირდაპირ უნივერსიტეტში ხომ არ მივიტანოთ საცივი და გოზინაყიო. ის კი ავიწყდებათ, რომ საცივის და გოზინაყის, თან გიგანტურის, ადგილი რიყეზეა. და თუ ამას შაკირას ან კიდევ სხვა რომელიმე მომხიბლავი მომღერლის, უკაცრავად და, უკანალის ერთი-ორი გაქნევაც დაემატება, იხარე, სულო და გულო!

სტუდენტებისგან განსხვავებული საფიქრალი და სანერვიულო აქვთ აბიტურიენტებს: 2011 წელს მათ ათი გამოცდა ელით. მოდი და, ნუ ინერვიულებ, თუ ბიჭი ხარ! ვისღა სცხელა ახალი წლისთვის - რაც ბოლო წლების განმავლობაში ქიმია-ფიზიკა ძილშიც არ დაგვსიზმრებია, ახლა უნდა გადავაბულბულოთო.

აი, უფრო პატარებს კი სულ სხვაგვარი სადარდებელი აქვთ. ხუმრობა ხომ არ არის, მათ უნდა გადაწყვიტონ, თოვლის პაპა მოვიდეს მათთან თუ სანტა კლაუსი. ან, ორივე ერთად იყოს, მთავარია, ნაძვის ხის ქვეშ დახვავდეს საჩუქრები.

თუმცა ამ საფიქრალსა და სადარდებელს, სავარაუდოდ, გაფანტავს 31 დეკემბერი. ცნობილნი ისევ მოგვილოცავენ ახალ წელს და აგვავსებენ სურვილებით, დაპირებებითა და წინასწარმეტყველებებით. აი, მაგალითად, უკვე მერამდენე წელია, დაკარგული ტერიტორიების დაბრუნებას გვისურვებენ და გვიწინასწარმეტყველებენ ტელევიზიით... ეჭვი მაქვს, წელსაც იგივე განმეორდება.

დაკარგული ტერიტორიების აღდგენისა რა გითხრათ, მაგრამ დაკარგული სემინარის აღდგენა კი ნამდვილად მიწევს 31დეკემბერს, ჰოდა, თოვლის ბაბუ თუ სანტა, ერთი მოკრძალებული თხოვნა მაქვს ჩემი თაობის სახელით: იქნებ საახალწლოდ ხელს ერთი-ორი გრამი ჭკუა გამოაყოლო ჩვენთვის, რომ ამ გაგანია საახალწლო დღეებში როგორმე გამოცდების ჩაბარება მაინც შევძლოთ.

ჰო, ვისურვებდი, ერთი-ორი ბედნიერი სახეც ჩაგეტია შენს ხურჯინში, თორემ ქუჩაში გასვლისას უკვე მეშინია, რომელიმე გაბრაზებულმა რამე არ დამიშავოს.

კიდევ წამოიღე ცოტა გულწრფელობა ჩვენი პოლიტიკოსებისთვის, სიმართლე - ჟურნალისტებისთვის, შემოქმედებითი იმპულსი - ხელოვანებისათვის... მერე რა, რომ მათ ეს ყველაფერი ისედაც თავზე საყრელად აქვთ?!

კიდევ ერთი თხოვნა მაქვს, სულ მცირე: "ნუ დამზარდები, თოვლის ბაბუ ან სანტა კლაუს, და ცოტა XXI საუკუნეც წამოიძღვანიე, თორემ სირცხვილია, 2011 წელი დგება და ჩვენ ისევ ძველ დროში ვართ ჩარჩენილი".

შენ ხომ მაინც იცი, რა კარგად ვიქცეოდი მთელი წლის განმავლობაში.

KvirisPalitra.Geდედა გენაცვალოს...

მშობლის როლი ყველა ბავშვის ცხოვრებაში ძალიან დიდია, განურჩევლად სქესისა, კანის ფერისა, ეთნიკური თუ რელიგიური კუთვნილებისა და ა.შ.  ეს ფრაზა, ალბათ, აბსოლუტურად ჭეშმარიტი იქნებოდა, რომ არა ერთი პატარა ქვეყანა, რომელსაც საქართველოს სახელით ვიცნობთ. დამეთანხმებით, რომ ჩვენთან მშობლის როლი უდავოდ განსაკუთრებულია. ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ ექვს წლამდე, ან ცოტა მეტი ასაკის ბავშვებისთვის, უფროსები (განსაკუთრებით - მშობლები), ყოვლისშემძლენი არიან. ასაკის მატებასთან ერთად ეს წარმოდგენა ნელ-ნელა ქრება. აი, ჩვენთან კი სულ სხვაგვარადაა საქმე.

რაც უფრო იზრდება ბავშვი, მით უფრო აცნობიერებს მათ ყოვლისშემძლეობას და მშობლებიც გულმოდგინედ ცდილობენ, იმედი არ გაუცრუონ შვილს. მოკლედ, ცამეტწლიანი (ცამეტი იმიტომ, რომ ექვს წლამდე არაფერი მახსოვს) დაკვირვებების შედეგად მივხვდი, რომ ქართველ მშობელს, მშობლობის ფუნქციის გარდა, საჭიროებისამებრ ნებისმიერი პროფესიის შეთავსება შეუძლია, თანაც დიდი წარმატებით. მოდი, ჩემთვის ყველაზე ახლომდგომით დავიწყებ:

მშობელი, როგორც ჟურნალისტი - მას (მათ) შეუძლია(თ) რეკორდულად მცირე დროში რეკორდულად ბევრი კითხვის დასმა: სად იყავი? ვისთან იყავი? რას აკეთებდი? რა ჭამე? და ა.შ. კითხვების სიმწვავე, სიხშირე და რაოდენობა იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად დიდი ხანი გაატარა შვილმა სახლს გარეთ. აქ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი რამ არის გასათვალისწინებელი: მშობელი ჟურნალისტის პროფესიას ითავსებს და ცდილობს ბოლომდე ამოწუროს რესპონდენტი, მაგრამ თუ მაინც გაჯიუტდი, საქმეში ერთვება მშობელი, როგორც ფსიქოლოგი. თუ შვილი დუმილის უფლებას იტოვებს, მშობელს შეუძლია ამოიცნოს თავისი პირმშოს სათქმელი. ამ დროს ასეთი მონოლოგი იმართება:

სად იყავი? - სეირნობდი...

ვისთან ერთად? - მეგობართან...

გოგოსთან თუ ბიჭთან? - ანუ გოგოსთან...

ვიცნობ? - რატომ არ ვიცნობ?

ჭამე რამე? და ა.შ.

მოდი, ბოლო კითხვაზე შევჩერდები. აქ კიდევ ერთ ფრიად მნიშვნელოვან პროფესიასთან გვაქვს საქმე.

მშობელი, როგორც დიეტოლოგი - მითხარით, ვის შეუძლია მშობელზე უკეთ განსაზღვროს, რა სჭირდება მის ორმოცდახუთი წლის ბავშვს საუზმედ: ფაფა, ჩაი თუ კარაქიანი პური? ამ პუნქტს თან ერთი მცირე, მაგრამ საინტერესო ქვეპუნქტიც ახლავს. აქ თავს იჩენს მშობლის, როგორც სასწორის ფუნქცია. თქვენი არ ვიცი, მაგრამ მამიდაჩემს შეუძლია დღის ნებისმიერ მონაკვეთში ერთი შეხედვით დაადგინოს ჩემი სხეულის მასის ცვლილება გრამებში.

მშობელს არა მარტო შვილის წონის, არამედ მისი შემოსავლისა და გასავლის ზედმიწევნით ზუსტად დათვლაც შეუძლია. დიახ, აქ სხვა არავინაა, თუ არა მშობელი, როგორც ეკონომისტი, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ შვილი მუშაობს. ხოლო თუ უმუშევარია, საქმე გვაქვს მშობელთან, როგორც სპონსორთან.

აქაც, როგორც დიეტოლოგის შემთხვევაში, გვაქვს მცირე ქვეპუნქტი: მშობელი, როგორც სპონსორი, ოღონდ, ვთქვათ, სატელეფონო კომპანიებისა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მამიდაჩემი დღის განმავლობაში ჩემთან დასარეკად, სულ მცირე, სამ ლარს ხარჯავს, ხოლო ჩემს ოცდაშვიდი წლის დეიდაშვილს დეიდაჩემი სამსახურში საათში ბარე სამჯერ ურეკავს, ეს ქვეპუნქტი ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია.

დამეთანხმებით, არსებობენ დამჯერი ბავშვები, მაგრამ ასევე გვხვდებიან ურჩებიც. ამ შემთხვევაში სხვა გზა არ არის, საქმეში უნდა ჩაერთოს მშობელი, როგორც პოლიციელი (ან, თუ გნებავთ, მოსამართლე, პროკურორი, კერძო დეტექტივი, აგენტი და ა.შ.). მას შეუძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ვადით, ნებისმიერ ფასად აღკვეთოს შვილის თავისუფლება; ცხელ კვალზე ამხილოს დანაშაულში; უტყუარ წყაროებზე დაყრდნობით გამოიძიოს შვილის ბრალეულობა ამა თუ იმ საკითხში (მშობლისთვის არასასურველ გოგოსთან (ბიჭთან) ურთიერთობა იქნება  თუ ცუდ წრეში ტრიალი).

აღარაფერს ვამბობ მშობლების ისეთ უმნიშვნელოვანეს "პროფესიებზე", როგორებიცაა: მაჭანკალი, ფარული კამერა, უხილავი მიკროფონი, პირადი წერილების მკითხველი და ა.შ. ისინი ისედაც ყველასათვის ძალიან ნაცნობი და, ცოტა არ იყოს, ბანალურიცაა. მხოლოდ ერთს დავძენ: გაგიკვირდებათ და, თქვენს დედებს, მამებს, დეიდებს, მამიდებს, ბიძებსა და სხვა ახლო ნათესავებს შეუძლიათ შეითავსონ ისეთი "პროფესია", როგორიც არის მშობელი, როგორც შვილი.

გამომდინარე იქიდან, რომ ყველა მშობელს, თავის მხრივ, ჰყავს მშობლები, რომლებიც ასევე ზედმიწევნით ესადაგებიან ჩემ მიერ ზემოთ ჩამოთვლილ ნებისმიერ პუნქტს.

ახლა კი, მეგობრებო, სანამ ჩემს თავზე არ გამომიცდია ქართველი მშობლების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი "პროფესია", მშობელი, როგორც ღვთის რისხვა, ვარჩევ, დროზე დავსვა წერტილი და მოვშორდე აქაურობას. მით უმეტეს, უკვე სამჯერ მომიკაკუნეს კარზე,  ჩაი გიცივდებაო.

წერილი ქართულელიტურ (Fეშენ) საზოგადოებაში მიმღებ კომისიას

გამარჯობა(თ). ვარ ცხრამეტი წლის, თქვენს რიგებში მოხვედრის სურვილით აღტყინებული ყმაწვილი. მიმაჩნია, რომ ჩემი მიღებით კიდევ ერთ ფრიად საჭირო სახეს (Fეისს) შეიძენთ, რადგანაც მე სრულიად ვაკმაყოფილებ იმ სტანდარტებს, რომლებიც დღეს ქართულ ელიტაში მოსახვედრად აუცილებელია.

მეტი დამაჯერებლობისთვის იხილეთ ჩემი CV.

პროფესიული უნარები:

ვარ პერსპექტიული ჟურნალისტი. შემიძლია, პირდაპირ ეთერში გავუკეთო რეკლამა ნებისმიერ რამეს (ან ვინმეს) და პირიქით, მიწაში დავმარხო ყველა და ყველაფერი - მთავარია, ანაზღაურება იყოს მაღალი. ჩემთვის ჩვეულებრივი ამბავია საზოგადოების აზრის მიმართვა იქით, საითაც ამას უფროსობა მიბრძანებს.

არ ვიცი ქართული გრამატიკა, არა მაქვს მდიდარი ლექსიკა, მაგრამ მარჯვედ ვიყენებ ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა: ეგზისტენციალიზმი, პლურალიზმი, კონსენსუსი, კონტრიბუცია, ბიჰევიორიზმი და ა.შ. (რაღა თქმა უნდა, მათ მნიშვნელობაზე წარმოდგენაც არა მაქვს). ასევე, წარმოდგენა არა მაქვს, რა წერია ჟურნალისტური ეთიკის კოდექსში. სამაგიეროდ, მაქვს საკუთარი კოდექსი, რომელშიც საჭიროებისამებრ დროდადრო შესწორებები შემაქვს.

ვარ იმედისმომცემი მუსიკოსი. არა მაქვს სმენა, არც ხმა, არც გემოვნება, სამაგიეროდ ვწერ სიმღერებს ნებისმიერ თემაზე. ჩემს რეპერტუარში არის სიმღერები პატრულზე, სატელევიზიო გადაცემებსა და რამდენიმე სახელისუფლებო სტრუქტურაზეც.

ვარ ასევე ძალიან ამბიციური მწერალი. შემიძლია, ვწერო მთელი ათი გვერდი აბდაუბდა და მას სიღრმისეულად გასაანალიზებელი მოთხრობა ვუწოდო. ვწერ თეთრ ლექსებს, რადგან არა მაქვს რითმისა და რიტმის შეგრძნება. შემიძლია, დავწერო ნაწარმოები სახელწოდებით: "ბანანის ქერქში მოჟონავს მუზა" და შემდეგ ვამტკიცო, რომ ის ნეოსიურრეალისტური პოეზიის ნიმუშია (რა თქმა უნდა, წარმოდგენა არა მაქვს, რას ნიშნავს ნეოსიურრეალიზმი).

სხვა უნარები:

არა მაქვს ჯგუფური მუშაობის უნარი, რადგან საჭიროებისამებრ შემიძლია გავაკრიტიკო და გავლანძღო (უსამართლოდაც) ნებისმიერი, ვინც ორი წუთის წინ ჩემი პარტნიორი იყო.

შემიძლია, სოფლელი, ხეპრე და გოიმი ვუწოდო ყველას, ვინც თვალში არ მომივა - მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონაც სოფლელი ვარ (თუმცა, რა თქმა უნდა, ამას არამც და არამც არ ვამხელ).

არა ვარ კომპეტენტური თითქმის არც ერთ სფეროში, მაგრამ შემიძლია, ნებისმიერ საკითხში ექსპერტის როლი მოვირგო. თუკი ამის გაკეთება რომელიმე ტელეშოუში მიწევს - მით უმეტეს.

შემიძლია ასევე არ გამოვტოვო არც ერთი ქართული Fეშენშოუ, სანახაობა (პერფორმანსი) და ა.შ. და, რაც მთავარია, მაქვს უნარი ზედმიწევნით დამაჯერებლად ვიძახო, რომ ირგვლივ ძალიან მაგარი აურაა, ყველაფერი საუკეთესო ჩვენთან ხდება და ვურჩიო ყველას, რომ არ ჩამორჩნენ Fეშენფერხულს.

ყოველთვის ვყიდულობ ტანსაცმელს რომელიმე ბაზრობაზე საქართველოში, თუმცა მუდამ ვამბობ, რომ უცხოეთში ვიმოსები.

გაკეთებული მაქვს რამდენიმე პლასტიკური ოპერაცია, მაგრამ ან არ ვაღიარებ ამას, ან თუ გარემოება მოითხოვს, შემიძლია გავამხილო, რომ მხოლოდ ოდნავ მაქვს შესწორებული ცხვირი.

ვფლობ კომპიუტერულ პროგრამებს:

თვით კომპიუტერი, მაუსი, კლავიატურა, მონიტორი,  Skype,  Facebook-ი. ამჟამად ვეუფლები Twitter-ს, რადგან ამბობენ, ცოტა ხანში მოდაში შემოვაო. ადრე ვფლობდი "ოდნოკლასნიკსაც" (ოდნოებს), მაგრამ შემდეგ გაბანძდა და გავაუქმე.

ვარ წევრი საზოგადოებრივი ჯგუფებისა (Facebook-ში): ყველაზე ლამაზები; თბილისის გამორჩეულები; Fეშენ სასტავი; ყველაზე "ჭკ"-ები.

მაქვს:

სურვილი, გავხდე ქართული ელიტური (Fეშენ) საზოგადოების ოფიციალური წევრი.

ასევე მაქვს:

იმედი, რომ  ჩემი მონაცემების გაცნობის შემდეგ დაუფიქრებლად მიმიღებთ თქვენს რიგებში, რადგან მეც ერთ-ერთი თქვენგანი ვარ.

გიორგი გოგუა