"შვილები დედას ჩავაბარე და ნიუ-იორკში გამოვფრინდი... მძიმე სამუშაო მქონდა, მერე კი ჩემს ცხოვრებაში საოცრება მოხდა"
"შვილები დედას ჩავაბარე და ნიუ-იორკში გამოვფრინდი... მძიმე სამუშაო მქონდა, მერე კი ჩემს ცხოვრებაში საოცრება მოხდა"
"ამერიკაში საქართველოს დღეების დაარსება უკვე ისტორიაა. დღეს, თუნდაც რაიმე მომივიდეს, წყნარად შემიძლია იმ ქვეყნად წასვლა. როგორც ყველა, მეც იმას მივიღებ უფლისგან, რაც დავიმსახურე. აბა, 23 წლის წინ, ჯიბეში 132 დოლარით ამხელა კონტინენტს ტყუილად ხომ არ გადმოვუფრინე, ამერიკაში ცხოვრება ნულიდან რომ დამეწყო", - ამბობს ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ქველმოქმედი, ქალბატონი დიანა ბაგრატიონი, რომელიც წლებია, ძალიან მნიშვნელოვან ქართულ და მსოფლიო მასშტაბის საქმეებს აკეთებს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

ის და მისი
მეუღლე პროფესიონალი პროდიუსერები არიან და მსოფლიოს ვარსკვლავებთან მუშაობენ, მათ შორის - ბარბრა სტრეიზანდთან, როდ სტიუართთან, იგორ კრუტოისთან, უკრაინისა და რუსეთის შოუბიზნესის წარმომადგენლებთან და ა.შ. მაგრამ კომერციული საქმიანობის პარალელურად, მათ თითქმის თორმეტი წლის წინ დააარსეს საქველმოქმედო ორგანიზაცია - "დიანა ბაგრატიონის ფონდი", რომელიც მრავალ ღონისძიებას აწყობს და
შემოსული თანხით ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებს ეხმარება, თანაც - არა მარტო საქართველოში, იაშვილის ცენტრში, არამედ - ბევრ სხვა ქვეყანაშიც, ეროვნების, რელიგიისა და კანის ფერის განურჩევლად...

"34-35 წლის ვიყავი, ამერიკაში სამუშაოდ რომ წამოვედი. მანამდე კი... თბილისში, "პლეხანოვზე", სუნდუკიანის #11-ში ვცხოვრობდი, იტალიურ ეზოში. სპეციალობით მუსიკოსი ვარ, 4 მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე ფრიადზე, ფორტეპიანოს კლასში თავად ქსენია ჯიქიას მოსწავლე ვიყავი, სახელმწიფო კონსერვატორიაში ვოკალს დიზი ხელაშვილი მასწავლიდა. დედაც მუსიკოსია, დამსახურებული პედაგოგი სვეტა გიგაური და დღესაც, 80 წლის ფორტეპიანოზე დაკვრას ასწავლის. მამა - ირაკლი გიგაური და ბიძა - ნოდარ გიგაური ცნობილი კომპოზიტორები იყვნენ. მამას სიმღერებს დღესაც ბევრი მღერის - "პაპანაქება ზაფხულში", "მე ვარ თამადა" და სხვა..."

"შვილები დედას ჩავაბარე და ნიუ-იორკში გამოვფრინდი. სტუდიოს ტიპის ოთახში 4 ქართველი გოგონა ვცხოვრობდით. ბრუკლინში, იმხანად არსებულ ერთადერთ ქართულ რესტორან "თბილისში" საკუთარი რეპერტუარით მივედი და სამსახურში იოლად მიმიღეს. ერთ დღეს "თბილისში" ვმუშაობდი, მეორე დღეს - ბრაიტონზე, რესტორან "ნაციონალში", დანარჩენ დღეებში კი - მოხუცებულ ქალთან. ორთოდოქს ებრაელს ვუვლიდი და საკმაოდ მძიმე სამუშაო მქონდა - სამსართულიან სახლს მუხლებზე დაჩოქილი, ხელით ვხეხავდი. მერე კი ჩემს ცხოვრებაში საოცრება მოხდა..."

"პირველი "თბილისობის" მოწყობაში ამერიკაში არსებული ქართული კულტურის სახლს - "ფესვებს" დავეხმარე - ამერიკელი კონგრესმენები, ჟურნალისტები მოვიწვიე, სხვა ქვეყნების შემსრულებლები ჩამოვუყვანე, ტექნიკური პრობლემები გადავუჭერი, მაგრამ მერე დავფიქრდი, რომ ეს უფრო თბილისის ზეიმი იყო, რადგან ამერიკაში არა მარტო თბილისელი, არამედ საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული ემიგრანტები ცხოვრობენ. აქ აჯობებდა, საქართველოსა და ამერიკის დღეები მომეწყო. რადგან ვთქვი, უნდა გამეკეთებინა კიდეც..."

"დიანა ბაგრატიონის ფონდის" სახელით სად აღარ შევიტანე განაცხადი - ამერიკის სენატში, კონგრესში, პასუხი კი მხოლოდ 3 წლის შემდეგ მივიღე... 2019 წლის 27 მარტს, ერთდროულად ინფარქტისა და ინსულტის დიაგნოზით, საავადმყოფოში აღმოვჩნდი - ვერც ვლაპარაკობდი და ვერც ვინძრეოდი, მაგრამ... არ მოვკვდი და ეს მხოლოდ უფლის წყალობა იყო. ერთ თვეში კი, სწორედ საავადმყოფოში ყოფნისას, მომივიდა წერილი: გთხოვთ, გამოცხადდეთ ნიუ-იორკის მერიაში, საქართველოს დღეებთან დაკავშირებით დასტური გაქვთო. წარმოგიდგენიათ, რა დღეში ჩავვარდი? რამდენ ხანს ველოდი ამ დღეს, მე კი ძლივს ვლაპარაკობდი და ვერ დავდიოდი!.. სამ შვილსა და ორ შვილიშვილს გეფიცებით, სიხარულისგან მგონი, სასწრაფოდ გამოვკეთდი, ლაპარაკიც დავიწყე. მერიაში ჩემი მეუღლისა და სიარულისას დამხმარე ლითონის ე.წ. უოლკერის მეშვეობით მივედი..." იხილეთ სრულად

ირმა ხარშილაძე

ირმა ხარშილაძე
09 თებერვალი 2020 01:11
ანას

ჟურნალში დაბეჭდილ სტატიაში წერია, უბრალოდ ამ ამონარიდებში ვერ მოხვდა.
ქალბატონ დიანას ბებია ჰყავდა ბაგრატიონი. საქველმოქმედო საქმეებს რომ აკეთებდა, პატრიარქს უთხოვია, აჯობებს, ფონდი დააარსო, თქვენც ბაგრატიონის გვარი მიიღოთ და ფონდსაც "დიანა ბაგრატიონის ფონდი" უწოდოთ. ჩვენი ბაგრატიონები განთქმული იყვნენ ქველი საქმეებით, ამიტომ ქველმოქმედებას თუ ამ გვარის სახელობის ფონდი გააკეთებს, აჯობებსო...
ანა
08 თებერვალი 2020 06:06
ბაგრატიონი საიდან?
ჟუჟუ
07 თებერვალი 2020 23:11
ქ-ნო დიანა უფალმა მოახდინა სასწაული თქვენს გამოჯანმრთელებას და კიდევ მოგცათ დამატებით შანსი რომ აკეთოთ საშვილიშვილო საქმეები, რაც ასე კარგად გამოგდით თქვენს ძვირფას მეუღლესთან ერთად.გისურვებთ წარატებებს.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები