"30 წელი უიმედოდ ვიყავი შეყვარებული. საუკეთესო წლები შევალიე. ვნანობ..." - კვირის პალიტრა

"30 წელი უიმედოდ ვიყავი შეყვარებული. საუკეთესო წლები შევალიე. ვნანობ..."

რუზველტ მარცვალაშვილი ფშავში, სოფელ ჩარგალში ცხოვრობს და ვაჟა-ფშაველას სახლ-მუზეუმში მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ მისი სახლი ნახევრად დანგრეულია, არ უნდა, მამაპაპისეული ადგილი მიატოვოს. აწუხებს უგზოობა, უმეზობლობა, მარტოობა და კიდევ ათასი ყოფითი პრობლემა. ყველაზე ახლო მეზობელი 1 კილომეტრში ჰყავს. ამ ადამიანზე ვრცელი წერილი ჩვენ ადრეც შემოგთავაზეთ. ამჯერად თავად შეგვეხმიანა, ქალაქში ვარ ჩამოსულიო და რედაქციაში მოგვაკითხა.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ჩარგალში მდინარე ჩარგლურას მარჯვენა მხარეს ვცხოვრობ, სახელმწიფო გზა მარცხენა მხარეს გადის, სახლამდე რომ მივიდე, საცალფეხო ხიდი უნდა გადავიარო. სამანქანე გზა მქონდა, მაგრამ წყალდიდობამ დააზიანა. ჩემს მხარეს არავინ ცხოვრობს. ყველაზე ახლო მეზობლები 1 კილომეტრში მყვანან, მათ თავიანთი გზა აქვთ. იზოლირებული ვარ, ავად რომ გავხდე, ჩემამდე სასწრაფო დახმარების ბრიგადა ვერ მოვა... სახლიც დაზიანებულია, უფრო სწორად - ნახევრად დანგრეული, 2012 წლის 14 აპრილს მიწისძვრამ დაანგრია..."

"200 წელიც რომ ვიცოცხლო, ვაჟა-ფშაველას ვერ შევედრები, მაგრამ თავის დროზე ვაჟაც საჭიროებდა დახმარებას. საჭადრაკო კომპოზიციებზე ვმუშაობ (ჭადრაკის საწყისი მდგომარეობიდან თეორიულად მიღებული პოზიცია, რომელიც შენ უნდა აღმოაჩინო და გარკვეული საჭადრაკო იდეები გაატარო), ლექსებს ვწერ, მაგრამ ჩემს საქმიანობაში ხელი მეშლება. როცა უნდა ვმუშაობდე, ამ დროს ყოფითი პრობლემებით ვარ დაკავებული, თან, ისეთი პრობლემები მაქვს, რომელსაც დამოუკიდებლად ვერ ვწყვეტ..."

"ოჯახი ვერ შევქმენი, ჩემი ერთი სატკივარი ეს არის. ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ჯგუფელი გოგო მიყვარდა. 30 წელი მასზე უიმედოდ ვიყავი შეყვარებული. საუკეთესო წლები შევალიე. ვნანობ, მაგრამ უკვე გვიანია..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 6 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

თამუნა კვინიკაძე