"ისე ვიცხოვრეთ ერთად, ჩემი ქმრისთვის სახელი არ დამიძახია" - კვირის პალიტრა

"ისე ვიცხოვრეთ ერთად, ჩემი ქმრისთვის სახელი არ დამიძახია"

"კვირის პალიტრის" არქივიდან

სოფელი ყარიში ლენტეხში, მდინარე ცხენისწყლის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 780 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. 2014 წლის მონაცემებით, იქ სულ 37 კაცი ცხოვრობდა. სოფელი, ძირითადად, ლიპარტელიანებით არის დასახლებული, მათ გარდა, გაზდელიანებისა და მეშველიანების თითო კომლი ცხოვრობს.

ზოგი ასაკს მალავს, მაგრამ მე დაუფარავად გეტყვით, ივნისში 82 წლის ვხდებიო, მითხრა ამ სოფლის მკვიდრმა ნათელა ლიპარტელიანმა და დაიჩივლა, - სანამ ხარ, კარგად უნდა იყო, აბა, ჩემი ყოფა რა არის, მუხლები აღარ მემორჩილება, მეშინია, არსად წავიქცეო. ნათელა ოფიციალურად ჰქვია, ისე, ყველა დუჩას ეძახის.

დუჩა ლიპარტელიანი:

- აქ ვარ დაბადებული და გაზრდილი. ლენტეხში, გაზდელიანებში გავთხოვდი, მაგრამ მალე აქ გადმოვედით საცხოვრებლად. არ გვიყვარდა ერთმანეთი, მამაჩემმა უცებ გადამიწყვიტა ჩემი გათხოვება. თუ უარს იტყვი, პასუხს არ ვაგებო. მიკვირდა, ასეთი რა დაინახა ჩემში, ცუდი საქციელის არ ვარ და მალე რატომ მათხოვებს-მეთქი?!. ბიძაშვილი მყავდა, მიხა ერქვა. ისეთი მკაცრი იყო, თმას რომ გადავიწევდი ხოლმე, მეჩხუბებოდა, წარბები ახლავე ძირს დასწიეო. იმანაც მითხრა, უნდა გათხოვდეო. მთაში ყველის წამოსაღებად ვიყავი წასული, გაზდელიანებს კი ჩემს ოჯახში ნიშანი მიუტანიათ. მუშა კაცი იყო ჩემი ქმარი, ძალიან მარჯვე. 10 წელია, რაც გარდაიცვალა.

- ესე იგი, ნანახიც არ გყავდათ, ისე გაჰყევით ცოლად? - შორიდან მყავდა დანახული და არ მომწონდა, თანაც მაშინ სიყვარულს ვინ გაბედავდა, ისეთი მკაცრები იყვნენ. ძალითაც რომ გაეთხოვებინათ ვინმე, უყვარდა, არ უყვარდა, მაინც პატივი უნდა ეცა ქმრისთვის. ჩემი დაც მოიტაცეს ზემო სვანებმა. დარჩა, აბა, უკან წამოსვლა სირცხვილი იყო. ჩვენი კაცები ჯარში იყვნენ, თორემ ვინ გაატანდათ და დაანებებდათ?!, ყოფილა შემთხვევა, როცა ქალი გაათხოვეს სხვაზე და ვისაც უყვარდა, იმ კაცმა ქმარი მოუკლა. ადრე უფროსის სიტყვას ვერ გადაუხვევდნენ. შვილო, ისე ვიცხოვრეთ ერთად, ჩემი ქმრისთვის სახელი არ დამიძახია.

- აბა, რას ეძახდით? - შვილების მამას ვეძახდი. გასვენებაში გამგზავნეს ერთხელ და ფული ხომ უნდა "ჩამეწერა". დავდე ფული და ვუთხარი იმ კაცს, ჩამწერეთ-მეთქი. - ვინ ჩავწეროო? რას მიცნობდა ის კაცი?!. - ვინ ჩაწერო და ბავშვების მამა-მეთქი. - კი, მაგრამ ვინ არის შენი ბავშვების მამა, მე რა ვიციო? - იცი, რა გითხრა, ჩემს შვილებს ერთი მამა ჰყავთ-მეთქი, - გაბრაზებულმა ვუპასუხე. ვინ არის ეს ქალიო? - იკითხა. ამ ამბავზე ბევრი იცინეს. მორიდება მქონდა და რაკი თავიდან ვერ დავუძახე სახელი, მერეც ასე გავაგრძელე. დედაჩემიც ასე იყო, მასაც ერიდებოდა ქმრისთვის სახელით მიმართვა.

- ეს სოფელი როგორი იყო თქვენს ახალგაზრდობაში? - უფრო მეტი ხალხი იყო. სკოლა რომ გაიხსნა, ყველა ასაკის ბავშვი ერთ კლასში მიგვიყვანეს. 8 წლის ვიყავი. მახსოვს, სკოლიდან მომავალი, მგლებმა კინაღამ გამწიწკნეს. მიკვირს, როგორ გვიშვებდნენ მარტოებს. სკოლის დამთავრების შემდეგ ისტორიულზე ჩავაბარე, მაგრამ გაჭირვების გამო რამდენიმე თვეში უკან, სოფელში დავბრუნდი და ბუღალტრის პროფესიას დავეუფლე. 42 წელი ვიმუშავე ელქსელებში, 8 წელი - ვაჭრობაში, სავაჭროც დავამთავრე.

- რამდენი შვილი გყავთ? - 4 შვილი - 3 ბიჭი და ერთი გოგო, და 4 შვილიშვილი. ორმა ციმბირში დაამთავრა სასწავლებელი, ერთი ბიჭი დღესაც იქ ცხოვრობს, ჩამოდის ხოლმე ზოგჯერ. რომ რეკავს, ვეუბნები, - ნუ გეშინია, არაფერი მიჭირს, არ ვკვდები, შენი ერთი სიტყვაც რომ მესმის, კარგად ვხდები და არ ჩამოხვიდე-მეთქი. მეშინია რომ მოდის, გზაზე რამე არ შეემთხვას... ახალგაზრდებს ვურჩევდი, უცხო ქვეყანაში არ წავიდნენ, იყვნენ თავიანთ სამშობლოში, ავად თუ კარგად, გაუძლონ ყველაფერს! შენ რომ იბრალებ და გინდა, ღმერთი არ "შვება" იმას, შვილო... ის რომ არა, კარავიც არ მექნებოდა, ღმერთის მოშიში ვარ ყოველთვის, უმადური არ ვყოფილვარ არასდროს. იხილეთ სრულად

ნინო ჯავახიშვილი