ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა - კვირის პალიტრა

ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ქალი ემსხვერპლა

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად ქალი გარდაიცვალა.

უწყების ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანების გამო, მიმდებარე ბინებიდან 7 მოქალაქე გამოიყვანეს. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად, თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ ბინაში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება.

შეტყობინების მიღებისთანავე, გამოძახებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. მეზობლების ინფორმაციით, დაკეტილ ბინაში, საიდანაც გამოდიოდა კვამლი, უნდა ყოფილიყო მოქალაქე. საცხოვრებელ სახლში შესულმა მეხანძრე-მაშველებმა ხანშიშესული ქალის ცხედარი იპოვეს.

ძლიერი დაკვამლიანების გამო, მიმდებარე ბინებიდან გამოყვანილია 7 მოქალაქე. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

ადგილზე მუშაობდა 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. მობილიზებული იყო ყველა შესაბამისი სამსახური", - აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"