"ახლა კორონავირუსით ინფიცირებული რომ შემოვიდეს და კართან გაჩერდეს, საფრთხე მაინც არ დაგვემუქრება" - რას ამბობს ექიმი კორონავირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხეზე - კვირის პალიტრა

"ახლა კორონავირუსით ინფიცირებული რომ შემოვიდეს და კართან გაჩერდეს, საფრთხე მაინც არ დაგვემუქრება" - რას ამბობს ექიმი კორონავირუსის საქართველოში გავრცელების საფრთხეზე

"15-მდე ქვეყანას შეუძლია გააკეთოს ეს ტესტი და საქართველო მათ შორისაა, რაც დიდი მიღწევაა და ეს ლუგარის ლაბორატორიის დამსახურებაა, რა საჭიროაო, ამბობდნენ. აი, გამოჩნდა, რა საჭიროცაა"

როდესაც ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან ინტერვიუს ჩაწერა გადავწყვიტე და მითხრეს, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მობრძანდითო, პირბადეები მოვიმარაგე, შენობაში შესვლამდე საგულდაგულოდ გავიკეთე და მისი კაბინეტისკენ მივაშურე. თუმცა, მალევე მივხვდი, რომ ეს "აღჭურვილობა" ზედმეტი იყო და სავარაუდოდ, არც რაიმე ვირუსის გადმოდების საფრთხე მემუქრებოდა, რადგან ბოქსებში მყოფი პაციენტები, ცხადია, იზოლირებულები არიან და იქ მომუშავე პერსონალი აბსოლუტურად ჩვეულებრივ რეჟიმში, უმშვიდეს გარემოში აგრძელებდა თავის საქმიანობას. ბატონმა თენგიზმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ პანიკის რაიმე საფუძველი, ამ ეტაპზე და იმედია არც შემდგომში, ნამდვილად არ არსებობს.

- ბატონო თენგიზ, რა არის და როგორია ბოქსირებული განყოფილება?

- ბოქსირებული განყოფილებები, პალატები ჩვენი კლინიკის სწორედ იმ კორპუსშია, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით. ბოქსი არის ოთახი, ალაგა, რომელიც ისეა მოწყობილი, რომ პაციენტის გარემოსთან იზოლაცია უზრუნველყოს, რათა არ გამოიწვიოს სხვა პიროვნებების დასნებოვნება. ბუნებრივია, აქ თავსდებიან ისეთი პაციენტები, რომლებსაც ადვილად გადამდები ან მძიმე ინფექციური დაავადება აქვთ. ე.წ. ჰაერით ან წვეთოვანი გზით გადამდები დაავადების შემთხვევაში, მაგალითად, წითელა, ჩუტყვავილა, გრიპი, ყირიმ-კონგოს ცხელება, რომელიც განსაკუთრებით საშიში ინფექციაა, ასევე, ტუბერკულოზი, კორონა და ა.შ.

ბოქსი არის სამი ტიპის: ბოქსირებული პალატა, ნახევარ ბოქსი და სრული, ანუ ნამდვილი ბოქსი. ეს იმის მიხედვით, თუ რამდენად გადამდებ დაავადებასთან გვაქვს საქმე. თუ ვიცით, რომ დაავადება ადვილად გადამდები და სასიკვდილოა, ასეთი პაციენტი სრულ ბოქსში თავსდება. რომლებიც ჩვენთან მხოლოდ პირველ სართულზეა განთავსებული და მისი თავისებურება ისაა, რომ ორი იზოლირებული შესასვლელი და გასასვლელი აქვს. ეს იმისთვისაა, რომ პაციენტი გარედან პირდაპირ შენობაში შემოიყვანო ისე, რომ დერეფნები არ გაიაროს, დანარჩენ სამედიცინო პერსონალთან და პაციენტებთან კონტაქტში არ შევიდეს. სამედიცინო პერსონალი კი, ამ ბოქსში შესაბამისად ჩაცმული და ყველანაირად აღჭურვილი შედის მეორე შემოსასვლელიდან, ანუ კლინიკის შიდა მხრიდან. გარდა ამისა, ბოქსს აქვს პრებოქსი, ტამბური, საიდანაც შემდგომ შედიხარ ბოქსირებულ ოთახში. თითოეულ ბოქსს ეზოდან ცალკე შესასვლელი აქვს.

ნახევარბოქსს მეორე შესასვლელი არ აქვს. დანარჩენი კი ყველაფერი იგივეა, იზოლირებულია, თავისი პრებოქსით, ტამბურით. ეს ისეთი ინფექციების დროს გამოიყენება, რომლებიც ძალიან გადამდები ან პოტენციურად სასიკვდილო არ არის, შედარებით მსუბუქია და კატეგორიულ იზოლაციას არ საჭიროებს.

ე.წ. ბოქსირებულ პალატებს არც მეორე შესასვლელი აქვს და არც ნახევარბოქსისთვის დამახასიათებელი ინფრასტრუქტურა. აქ კიდევ უფრო მსუბუქი პაციენტები თავსდებიან, რომელთა დაავადება არც სიცოცხლისთვისაა სახიფათო და არც გადამდებია.

- სად თავსდებიან ის პაციენტები, რომელთა შემთხვევაში კორონა ვირუსზეა ეჭვი?

- სრულ ბოქსში, რამდენადაც, ეს დაავადება საკმაოდ იოლად გადადის ადამიანიდან ადამიანზე და პოტენციურად სასიკვდილოა. მაღალი ლეტალობა არ აქვს, ამ მხრივ, გაცილებით საშიში იყო, მაგალითად, ფრინველის გრიპი (სიკვდილიანობა 50%), ე.წ. მძიმე, მწვავე რესპირაციული სინდრომი ანუ სარსი (სიკვდილიანობა 10%), შუა აღმოსავლეთის რესპირაციული სინდრომი ანუ მერსი (სიკვდილიანობა 35%), ებოლას ვირუსი, რომელთაც გაცილებით მაღალი სიკვდილიანობა აქვთ. თავის დროზე დაწყებული მკურნალობა ამ პროცენტს ამცირებს. აქ გასაშუალოებულ პროცენტზეა საუბარი.

- სტატისტიკის მიხედვით, რამდენი პროცენტია სიკვდილიანობა კორონავირუსის შემთხვევაში?

- 2-3%. სიკვდილიანობის მაჩვენებლით, ის გაცილებით ნაკლებია, ვიდრე სხვა მძიმე ინფექციები, რომლებიც გასულ წლებში ყოფილა. თუმცა, ვინაიდან, ის იოლად გადადის ადამიანიდან ადამიანზე და სწრაფად ვრცელდება, მაინც სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს დაავადება გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა; განგაშის, მზადყოფნის ყველაზე მაღალი დონეა.

- დღეისთვის რამდენი დადასტურებული შემთხვევაა მსოფლიოს მასშტაბით? - 7 თებერვლის მონაცემებით, 31 511 შემთხვევაა. მათგან დიდი უმრავლესობა ჩინეთშია და იმდენად სწრაფად იზრდება რიცხვი, ხვალინდელ სტატისტიკაში ალბათ, უკვე 35-40 ათასსაც მიაღწევს. ჩინეთის გარეთ, 24 ქვეყანაში რეგისტრირებულია 300-მდე შემთხვევა. დაიღუპა 639 ადამიანი. საქართველოში, საბედნიეროდ, არც ერთი დადასტურებული შემთხვევა არ გვაქვს. გადასამოწმებლად შემოჰყავთ ისეთი პაციენტები, რომლებიც ბოლო ორი კვირის განმავლობაში ჩინეთში იმყოფებოდნენ და შემდეგ, აქ ჩამოვიდნენ, ან მწვავე-რესპირაციული ინფექციების რაიმე სიმპტომი აღენიშნებათ. თუმცა, როგორც გითხარით, არავის დაუდასტურდა!

სუნთქვის გაძნელებით პაციენტები არ შეგვხვედრია, ეს უფრო მძიმე შემთხვევაა. ჩვენთან დღემდე 13 პაციენტი შემოვიდა და ოთხს აღმოაჩნდა ჩვეულებრივი გრიპი, ა და ბე ტიპის, რომელიც ამჟამად ისედაც ცირკულირებს საქართველოში. დანარჩენ ცხრას არანაირი გრიპი არ ჰქონია, უბრალოდ, ე.წ. გაციება.

თვითონ გრიპის ეპიდემიის პიკი ერთი თვის წინ იყო, ახლა კლებისკენ წავიდა, ეს ასე ხდება ხოლმე. თუმცა, თებერვლის ბოლოს და მარტში მეორე პიკია მოსალოდნელი, ოღონდ უფრო ნაკლებია ხოლმე.

- გასულ წლებს რომ შევადაროთ, წელს გრიპით ავადობა და სიკვდილიანობა მეტი იყო თუ ნაკლები? - ცალკეული შემთხვევები იყო, რომლებიც სამწუხაროდ, ლეტალურად დასრულდა, რაც ცხადია, საზოგადოების შეშფოთებას იწვევდა, მაგრამ შარშანდელზე გაცილებით ნაკლები. ბოლო წლებში, გრიპით სიკვდილიანობის მხრივ, ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხვოვანი მაჩვენებელია. ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემიის დროს, 52 პაციენტი დაიღუპა.

- H1N1 წელსაც დაფიქსირდა. - დიახ, მაგრამ მაშინ როცა ე.წ. ღორის გრიპის ეპიდემია ეწოდა, ახალი ვირუსი იყო, ადამიანს იმუნიტეტი არ ჰქონდა ამ შტამის მიმართ. ამიტომ გავრცელდა მასიურად. მსოფლიოში სიკვდილიანობა ბევრად მაღალი იყო. მას შემდეგ, მოსახლეობის ნაწილმა იმუნიტეტი შეიძინა, ახლაც ცირკულირებს, მაგრამ ახლა ეპიდემიისა და პანდემიის საფრთხეს აღარ უქმნის. მცირერიცხვოვანია და ნაკლებად მძიმედ მიმდინარეობს, როგორც ჩვეულებრივი, სეზონური გრიპი.

- მოსახლეობა კიდევ ერთხელ რომ დავამშვიდოთ, კორონავირუსთან დაკავშირებით, რამდენად დაცულია საქართველო მისი მასობრივი გავრცელებისგან და რა საფრთხეები შეიძლება არსებობდეს? - კორონავირუსები ეს არის "ერენემის" შემცველი ვირუსების დიდი ჯგუფი, რომელთაგან უმეტესობა ცხოველებში ბინადრობს და მათში იწვევს პათოლოგიას. შვიდი სახეობაა, რომლებიც ადამიანებში იწვევს დაავადებას. მათგან ოთხი სახეობა იწვევს მსუბუქ, ე.წ. გაციების მსგავს დაავადებას, ხოლო სამი, მძიმე ინფექციებს და ეპიდემიებს. სარსი ჩინეთში 2002-2003 წლებში იყო და სიკვდილიანობა 10%-ს აღწევდა. მაშინაც ღამურისგან გადაეცა ადამიანს. 8 000 ინფიცირებულიდან, 800-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ეპიდემიის ლოკალიზება დროულად მოხდა და ფართე გავრცელება არ მიუღია.

ე.წ. მერსი 2012 წელს საუდის არაბეთში გაჩნდა და ადამიანს შინაური აქლემებისგან გადაეცა. დაავადდა 3 000-მდე ადამიანი და 34% დაიღუპა. მაშინ ლოკალიზაცია მოხერხდა. ამ კორონავირუსს კი ჯერ სახელიც არ აქვს და 2019 წლის ახალი კორონა ვირუსი ეწოდება. დაუდგენელია და ვარაუდობენ, რომ ღამურისგან გადაეცა ადამიანს, რადგან იცით, რომ იქ მას საჭმელად მოიხმარენ. გადაეცემა წვეთოვანი და არა - ჰაეროვანი გზით. ჰაეროვანი გზით კი უფრო სახიფათოა, ასეთია, მაგალითად, წითელა და ტუბერკულოზი. წვეთოვანის შემთხვევაში კი შხეფებით გადაეცემა, ერთ მეტრი, მეტრნახევრის დისტანციაზე. ახლა ოთახში კორონავირუსით ინფიცირებული პირი რომ შემოვიდეს და კართან გაჩერდეს, მე და თქვენ საფრთხე მაინც არ გვემუქრება. მაგრამ თუ ახლოს მოვა, დააცემინებს ან დაახველებს, მის გამოყენებულ ნივთს, პირადი მოხმარების საგნებს შევეხებით, მაშინ საფრთხე არსებობს.

- როგორია პრევენციის გზები? - ისევ და ისევ ჰიგიენის ნორმების დაცვა - ხშირად დავიბანოთ ხელები! ხელით ვეხებით ინფიცირებულ პროდუქტს, ზედაპირს, პაციენტს, ნივთებს. თუ დაბანის საშუალება არ არის, ალკოჰოლის შემცველი დეზინფექტანტით გავიწმინდოთ ხელი. შეძლებისდაგვარად მოვერიდოთ საზოგადოების თავშეყრის ადგილებს და სავარაუდოდ ინფიცირებულ პაციენტებთან კონტაქტს.

- ძალიან აქტუალურია პირბადეების თემა. რეალურად იცავს? - სამედიცინო პერსონალისთვის, ვინც პაციენტს უვლის და პალატაში შედის, ცხადია, აუცილებელია ნიღაბიც და ყველანაირი აღჭურვილობა. მაგრამ ჩვეულებრივი მოსახლეობისთვის ნიღბის ტარებას არც დიდი მნიშვნელობა აქვს და არც რაიმე განსაკუთრებული დაცვაა. რეალურად, აზრი არ აქვს. თუ ინფიცირებული პაციენტი პირდაპირ არ გაცემინებთ და გაშხეფებთ ცხვირ-პირში, ისე არ გადაგედებათ და რატომ უნდა ატაროთ ქუჩაში? რატომ უნდა შეიქმნათ დისკომფორტი?

სხვა შემთხვევაა და გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, თვითონ პაციენტმა ატაროს, რათა ხველის და დაცემინების დროს სხვას არ შეაფრქვიოს და არ გადასდოს. ნიღაბი ორნაირია, ქირურგიული, რომელიც ყველგან იყიდება და უფრო მაღალტექნოლოგიური ე.წ. N85, რომელიც რესპირატორს ჰგავს, უკეთესად ითვლება, მაგრამ მოსახლეობას არ ვურჩევ, რადგან ის სპეციალისტმა უნდა მოგარგოთ სახეზე, თქვენი ზომის უნდა იყოს და მჭიდროდ შეკრული. თუ ასე არ არის, უარესია, რადგან დატოვებული ხვრელიდან ინფექცია უფრო იოლად შედის. რაც მთავარია, პირბადით ცხვირიც უნდა დაიფაროთ და პირიც, მარტო პირზე რა აზრი აქვს?

- როგორია კორონა ვირუსის კლინიკური მიმდინარეობა? - მსუბუქი, საშუალო სიმძიმის და მძიმე. მცდარია აზრი, რომ ყველა მძიმედ მიდის. 31 ათასიდან, მხოლოდ 5 ათასამდე არის მძიმე. დანარჩენი მსუბუქად მიდის. მძიმე შემთხვევაში არის პნევმონია, მწვავე რესპირაციული დისტრეს სინდრომი, ერთ-ერთი ყველაზე ხშირი და სერიოზული, პოტენციურად სასიკვდილო გართულება, კორონავირუსის ინფექცია ხშირად რთულდება სეფსისით და სეპტიური შოკით. თუმცა, სხვა გართულებებიც შეიძლება იყოს. ძალიან მნიშვნელოვანია, დროული ჰოსპიტალიზაცია!

სიმპტომები იგივეა, რაც გრიპისა და სხვა რესპირაციული დაავადებების შემთხვევაში. ტემპერატურის მომატება, ხველება, თავის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება. მას მხოლოდ ლაბორატორიული ტესტირებით განვასხვავებთ. გრიპი უეცრად იწყება, ეს - ნელ-ნელა.

საბედნიეროდ, უკვე რამდენიმე დღეა, საქართველოში, ლუგარის ლაბორატორიაში, შესაძლებელია კორონა ვირუსზე ტესტირების ჩატარება და ზუსტად დადგენა. ეს იოლი საქმე არ არის. დღესდღეობით, დაახლოებით 15-მდე ქვეყანას შეუძლია გააკეთოს ეს ტესტი და საქართველო მათ შორისაა, რაც დიდი მიღწევაა და ეს ლუგარის ლაბორატორიის დამსახურებაა, ის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ლაბორატორიაა. რა საჭიროაო, ამბობდნენ. აი, გამოჩნდა, რა საჭიროცაა.

იხილეთ ასევე: ცარიელი ქუჩები, საავადმყოფოდ გადაკეთებული სტადიონები... - სულისშემძვრელი ფოტორეპორტაჟი კარანტინის ზონიდან

თამთა დადეშელი (სპეციალურად საიტისთვის)