"მეგობრები­ ხუმრობენ, ყველაზე მაგარი "მეწარმეები" ხართ საქართველოშიო" - სამი მშობიარობა და ექვსი შვილი - კვირის პალიტრა

"მეგობრები­ ხუმრობენ, ყველაზე მაგარი "მეწარმეები" ხართ საქართველოშიო" - სამი მშობიარობა და ექვსი შვილი

"ძიძა არასდროს გვყოლია. ჩემი მეუღლე მთავაზობს, ავიყვანოთო, მაგრამ შესანიშნავად ვართმევ თავს. შვილებიც ძალიან მეხმარებიან. პატარები იღვიძებენ თუ არა, აჭმევენ, აცმევენ. ისე უხარიათ, ერთი სული აქვთ, პატარები როდის გაიღვიძებენ. მეუბნებიან, დედა, უკეთეს სათამაშოს ვერ მოგვიყვანდიო"

სულ ცოტა ხნის წინ სოსო არჩვაძისა და ანი დავითინიძის ოჯახში მესამე ტყუპი დაიბადა. დიახ, ეს წყვილი 3 ტყუპის, ანუ 6 შვილის მშობელია. ხალხი რას ამბობს, როცა ამ ამბავს იგებენ-მეთქი, ვკითხე ანის. ხალხი კი არა, მეც გაგიჟებული ვარო...

- ბავშვობაში კლასში მყავდა ტყუპი დები და სულ ვოცნებობდი, მეც მყოლოდა.

- გენში გყავთ ტყუპი? - მე არა, მაგრამ ჩემს მეუღლეს როგორც დედის, ისე მამის მხრიდან ჰყავს ტყუპი ბიჭებიც, გოგოებიც, გოგო-ბიჭიც, განსხვავებული გარეგნობისაც, ერთნაირებიც. ჩემი ყველა ტყუპიც განსხვავებულია. უფროსი და შუათანა ქალ-ვაჟია, ნაბოლარები - ბიჭები.

სამივეჯერ იოლი ორსულობა მქონდა - არც ტოქსიკოზი, არც გართულებები... ყოველ ჯერზე საკეისრო კვეთით ვიმშობიარე.

პირველი წყვილი რომ შემეძინა, 21 წლის ვიყავი, მეორედ - 23 წლის, ახლა 29 წლის ვარ და ჩემი ნაბოლარები ჯერ 1 თვისაც არ არიან. ასაკში სულ სხვაგვარად შევიგრძენი დედობა, ბევრად მგრძნობიარე გავხდი.

- სახელები ვინ შეურჩია ბავშვებს?

- პირველ ბიჭს მამამთილის სახელი, ოთარი (ოთო) დავარქვით, მის ტყუპისცალს მარიამი - ჩემი დის სახელი ჰქვია. დებმა ბავშვობიდან დავდეთ პირობა, რომ ერთმანეთის სახელებს დავარქმევდით ჩვენს გოგონებს და ეს პირობა ორივემ შევასრულეთ, ჩემს დას ანა ჰყავს.

სანამ გავიგებდი, რომ მეორედ ვიყავი ორსულად, ჯიხეთის მონასტერში წავედით მოსალოცად. დედა ანამ მითხრა, რომ კიდევ მეყოლებოდა ბავშვები და მთხოვა, იოანე და ელისაბედი დამერქმია. მეც დავპირდი, მაგრამ ისე მოხდა, პირობა ნახევრად შევასრულე - მეორე ტყუპს ელისაბედი და ნიკოლოზი დავარქვით. ამის შემდეგ მეუღლეს გულში ხინჯად ჰქონდა, ამბობდა, კიდევ თუ მეყოლება ბიჭი, აუცილებლად იოანეს დავარქმევო. როცა მესამედ დავფეხმძიმდი და ისევ ტყუპზე, ჩემმა შვილებმა ძმებს თვითონ შეურჩიეს სახელები - იოანე და ალექსანდრე.

- ალბათ, რთულია ტყუპების გაზრდა. - სამივე ტყუპზე ასე მოხდა - ერთს აუცილებლად არეული ჰქონდა დღე-ღამე, თუმცა 2-3 თვეში რეჟიმში სხდებიან.

- ძიძა გეხმარებათ? - ძიძა არასდროს გვყოლია. ჩემი მეუღლე მთავაზობს, ავიყვანოთო, მაგრამ შესანიშნავად ვართმევ თავს. შვილებიც ძალიან მეხმარებიან. პატარები იღვიძებენ თუ არა, აჭმევენ, აცმევენ. ისე უხარიათ, ერთი სული აქვთ, პატარები როდის გაიღვიძებენ. მეუბნებიან, დედა, უკეთეს სათამაშოს ვერ მოგვიყვანდიო.

- მეცადინეობას ასწრებენ?

- უფროსები ჯერ მეორე კლასში არიან და იმდენი დავალება არა აქვთ, რომ ვერ მოასწრონ. მეორე წყვილი წელს შევიდა საბავშვო ბაღში, თუმცა იშვიათად ვატარებ, ვირუსების მეშინია. ერთი თუ გახდა ავად, ექვსივე უნდა ჩაწვეს...

უფროსები ცურვაზე დაგვყავს ზამთარ-ზაფხულ, ციგურებზეც იარეს. სეზონურად ქალაქიდან გავდივართ ხან სურამში, ხან ბაკურიანში, გუდაურში ან სვანეთში.

- ფიზიკურად თუ არა, ხასიათით მაინც თუ ჰგვანან ტყუპები ერთმანეთს? - ერთი თუ უხასიათოდ არის, მეორეც ასეა. და-ძმები ხომ სულ ერთად არიან, მაგრამ თუ თამაშობენ, ტყუპი ყოველთვის ერთმანეთს უჭერს მხარს.

მეუღლე უნივერსიტეტში გავიცანი, სოსო ჩემზე ერთი კურსით წინ სწავლობდა. ორივე ეკონომისტები ვართ. მეგობრები ხუმრობენ, ყველაზე მაგარი "მეწარმეები" ხართ საქართველოშიო. სამშობიაროში ექიმს ვუთხარი, მორჩა, აქ აღარ მოვალ-მეთქი, მაგრამ თუ უფალი ინებებს, მის ნებას წინ ვერ აღვუდგებით.