"თალიბანი" ყველგან არის..." - კვირის პალიტრა

"თალიბანი" ყველგან არის..."

ქართველი სამხედროს ინტერვიუ ცხელი წერტილიდან

საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან მიზეზთა გამო წავიდა და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილში - ავღანეთში განაგრძო სამსახური. მანამდე ქართველმა მაიორმა მსოფლიოს არაერთი ქვეყანა მოიარა - ამირან ნიგურიანი 4-ჯერ იყო სამშვიდობო მისიაში. ამჯერადაც მისიაშია, ოღონდ საერთაშორისო ეგიდით.

- შეიარაღებული ძალებიდან წამოსვლისა და ერთთვიანი დასვენების შემდეგ სვანეთში ბუნებრივი რესურსების მოპოვებაზე ვაპირებდი მუშაობას. დაწყებულიც მქონდა რაღაც-რაღაცები, მაგრამ გავიგე, რომ ყოფილ სამხედროებს კანადის უსაფრთხოების სამსახურის კომპანია, რომელსაც ამერიკელი და ბრიტანელი სამხედროები უძღვებიან, სხვადასხვა ქვეყანაში ასაქმებს გამოცდილ კადრებს. დადგენილი კრიტერიუმების გარდა, კიდევ ერთი მოთხოვნა იყო - ჯარიდან 3 თვის წამოსული უნდა ყოფილიყავი. შემდეგ ეს დრო 1 წლამდე გაზარდეს. საბუთების მომზადებას რომ შევუდექი, ახლობელი დამიკავშირდა და შემომთავაზა სამსახური სათავო კომპანიის შვილობილ კომპანია GARDA WORLD-ში. გასაუბრება გავიარე, ინგლისურის ტესტი ჩავაბარე და სამედიცინო შემოწმებაც ჩამიტარდა. შემდეგ ონლაინტესტიც შევავსე, რომლის გავლის შემდეგ 6 სერტიფიკატი მომცეს. მალე დამიკავშირდნენ და ქაბულში ჩამოსასვლელად ბილეთები გამომიგზავნეს და კონტრაქტორად ამიყვანეს.

- რა გევალებათ? - არის ასეთი მოწყობილობა ზიბივი (ZBV) და ავისი (AVIS), რომელიც მწვანე ზონაში ასკანერებს ავტომანქანებს, რათა საფრთხის შემცველი არ იყოს. ეს დანადგარი შლაგბაუმთან დგას და შემომსვლელ მანქანას ამოწმებს, დანაღმული არ იყოს ან ასაფეთქებელი ნივთიერებები არ შემოჰქონდეს. მანამდე პოლიცია და სპეცრაზმი ჩხრეკს, შემდეგ კი ძაღლი ამოწმებს და ბოლო ეტაპია - სკანირება.

- ამდენი შემოწმების შემდეგ შეიძლება კიდევ რამე გამორჩეთ? - ტერორისტებს ძალიან დახვეწილი მეთოდები აქვთ. აქ არავის არ უნდა ენდო, "თალიბანის" წევრები ყველგან არიან.

ეს ორი სკანერი მანქანებს ისე შიფრავს, როგორც ულტრათანამედროვე რენტგენი ადამიანის სხეულს. ოთხმაგი კონტროლი აქვს, გარდა იმისა, რომ ავტომანქანაში ნებისმიერ მეტალზე, სითხესა თუ სხვა ნივთიერებაზე ინფორმაციას გაძლევს, მძღოლს, მანქანის ნომერსა და სერიას ფოტოებს უღებს. მანქანის ძირიც მოწმდება, რამე ამოდებული არ ჰქონდეს. აქვე იწერება მძღოლისა და მანქანის შესახებ ინფორმაცია და ისიც, თუ სად მიდის მძღოლი. ნებისმიერი საეჭვო დეტალის შემთხვევაში ეკრანზე იდენტიფიცირებული ეჭვმიტანილების სია გამოაქვს. ასევე გაწვდის ინფორმაციას ავტომანქანაზე... აქ საფრთხე ყოველ ნაბიჯზეა, ბაზიდან რომ გადიხარ, უკვე რისკია.

- თქვენ გარდა, ქართველები არიან? - ძალიან ცოტა, შეიარაღებული ძალებიდან წამოსული გამოცდილი ბიჭები. მათ საქართველოში თავის დამკვიდრება გაუჭირდათ, ქაბულში კი სამხედრო ბაზების უსაფრთხოებას იცავენ. ყველა უწყებას თავისი დაცვა ჰყავს. გაძლიერებულად იცავენ ყველა სახელმწიფო უწყებას, საელჩოებს. ქალაქში რომ გადიხარ, უბნების მიხედვით შეგიძლია მიხვდე, რომელ უბანში ცხოვრობენ მთავრობაში დასაქმებული პირები და რიგითი მოქალაქეები. სახელმწიფო პირების სახლებს მაღალი და მყარი გალავანი აკრავს, შესასვლელებში კი 24-საათიანი დაცვა დგას, ავღანური პოლიცია და სპეცრაზმის თანამშრომლები. სამსახურში დაჯავშნული მანქანებით დადიან, ასევე დაჰყავთ ცოლ-შვილი, რომლებიც ახლოს არასდროს მინახავს, რადგან მანქანების მინები დაბურულია. ქუჩაში ქალები არ დადიან. მხოლოდ პატარა გოგონები თუ დამინახავს. გარეთ სეირნობას ვერიდებით, მაგრამ მანქანიდან რასაც ვხედავ, გარევაჭრობით ცხოვრობენ - ყველანაირი წვრილმანი იყიდება. ქაბული, როგორც დედაქალაქი, სხვებთან შედარებით მოწესრიგებულია.

- ავღანეთში პირველად არა ხართ. - ოთხი სამშვიდობო მისია მაქვს მოვლილი - ორი ერაყში და ორიც ავღანეთში. ჩემი ცხოვრების ნახევარი ქართულ ჯარში გავატარე. საჩხერის სამთო ბატალიონში ვმუშაობდი და სამთო მომზადების კურსებს საჩხერის სამთო სკოლაში, გუდაურსა და ბაკურიანში გავდიოდი. კვალიფიკაცია ავიმაღლე საფრანგეთში, შვეიცარიასა და იტალიაში. პირველად ფორმა 2004 წელს ჩავიცვი. როდესაც ცხინვალის მისადგომებთან ჩემი მეგობარი ლომაძე დაიღუპა, დავიფიცე, რომ მის გზას გავაგრძელებდი. 2005-ში საქართველოს შეიარაღებულ ძალების საკონტრაქტო სამსახურში შევედი და მას შემდეგ ძალიან რთული, მაგრამ საინტერესო გზა გავიარე. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს ერაყში ვიყავი მისიით. თბილისში უკან დახევის ბრძანების გაცემამდე ჩამოვფრინდით და ცხინვალის მისადგომებისკენ გავეშურეთ.

ავღანეთში პირველად 15 თვე გავატარე. ამ ხნის განმავლობაში ჰილმენდის პროვინციაში თითქმის ყველა ბაზა მოვიარე - "ლეზერნიკი", "ქემერი", შუკვანის სახელობის, ასევე, "ენგური" და "შირგაზი"...

აქ მოდუნება წამით არ შეიძლება - პატრულირებისას ან ჩეკპოინტის დროს თავს გვესხმოდნენ. ამ დროს უნდა გაჩერდე, უსაფრთხოება დაიცვა და იპოვო, საიდან ისვრიან. შემდეგ, ამას ყველა მანქანის ეკიპაჟს ვატყობინებთ.

ბიჭები რომ ამბობდნენ, ქვიშის ქარიშხლისას ფრთხილად უნდა ვიყოთო, მიკვირდა, იმ დროს რა უნდა მოხდეს-მეთქი, რადგან გარშემო რამდენიმე მეტრზე აღმართული ქვიშის მტვერია. ქვიშის ქარიშხალი ჯერ ნისლივით მოდის შორიდან, შემდეგ შიშინის ხმა ისმის და გარშემო ყველაფერი შავ-წითელ მტვერში ეხვევა. არ უნდა დაიბნე, თორემ თალიბები ისარგებლებენ.

შედარებითი სიმშვიდეა ყაყაჩოს მოსავლის აღებისას - დიდი და პატარა პლანტაციაშია გასული. დასვენებისას სხდებიან და ეწევიან. ძალიან ბევრი ნარკოდამოკიდებულია.

- ერაყში მისიამ როდის მოგიწიათ?

- შუალედებში. იქ 6 თვე გავატარე. ძირითადად, ამერიკელებთან ერთად გვიწევდა პატრულირება.

სამხედრო ბაზა სადამ ჰუსეინის ერთ-ერთი ცოლის სასახლეში იყო. აღმოსავლური სიმდიდრით იყო ნაშენები - თეთრ მარმარილოში, ჩუქურთმებითა და ოქროსფერი ნაკეთობებით.

ბაღდადში წასვლამდე ერთი თვე ქუვეითში გავატარე. იქ ძალიან ღარიბულად ცხოვრობენ. ერაყში მშრომელი ხალხია, ოფლში გახვითქულები პირდაპირ ქვიშაზე აშენებდნენ სახლებს, ბაღნარებს, ხეივნებს, რგავდნენ ყვავილებს. ყველა სახლს გალავანი აქვს, მაგრამ მაინც ჩანდა, რა კარგად იყო შიგ მოწყობილი. ქუვეითი თეთრ სილაზე აღმოცენებული მწვანე სამოთხეა. ძალიან ნოყიერი კერძები აქვთ, იქ გასინჯული ფლავის გემო არასდროს დამავიწყდება. მშვიდობიან მოსახლეობას არაერთხელ უთქვამს, იმ დღეზე ვოცნებობთ, როდესაც ტყვიების ზუზუნს ვეღარ გავიგონებთო.

ერაყში დიდი ოჯახები აქვთ. შეიხთან მოლაპარაკებაზე შესულებს, ერთ ოჯახში 100-150-მდე ან მეტი კაცი მინახავს, ყველანი თეთრად იყვნენ შემოსილი. ერთ შეიხს 8-10 ცოლი ჰყავდა და ყველა ერთად ცხოვრობდა. ჩაით მამაკაცები გვიმასპინძლდებოდნენ. ჩადრიანი ქალები ჩვენგან მოშორებით, ფარდულში ისხდნენ და ჩაის სვამდნენ. წყლის პრობლემა იქაც არის, მაგრამ ინფრასტრუქტურა განვითარებულია და ტიგროსიდან ქაჩავდნენ წყალს.

ავღანეთშიც მშვიდობას ნატრობდნენ. გვეუბნებოდნენ, თქვენ რომ მიდიხართ, თალიბები მოდიან და გვემუქრებიან... ცეცხლს რომ გაგვიხსნიან, დაგვმალეთ ან გაგვაპარეთო.

ჩვენ ავღანელების კულტურასა და რელიგიას პატივს ვცემდით და ამას აფასებდნენ. ჯარისკაცურ მშრალ ულუფასა და ტკბილეულს ვაძლევდით, ოღონდ გახსნილად, რადგან მის შეფუთვას ზოგჯერ თვითნაკეთი ნაღმებისთვის იყენებენ. წერაქვი სულ თან აქვთ, ქვიშას 5 წუთში გათხრიან და ნაღმს დამალავენ. მოტოციკლებით დადიან და სამოსის ქვეშ იარაღს მალავენ. ერაყისგან განსხვავებით, ავღანეთში სიდუხჭირეა. ის სოფელი, რომელსაც ჭაბურღილი აქვს, მდიდრად ითვლება. წყლის გამო თალიბები ადგილობრივებს თავს ესხმიან. წყალს თან ხომ არ წაიღებენ და დაპყრობილ სოფელზე კონტროლს არ თმობენ, რაც ხალხს მძიმე დღეში აგდებს.