200 კაცი მზად არის სხვას ორგანოები გადაუნერგოს - ვინ არის ცნობილი ექიმი, რომელიც ორგანოთა ნებაყოფლობით დონორად დარეგისტრირდა? - კვირის პალიტრა

200 კაცი მზად არის სხვას ორგანოები გადაუნერგოს - ვინ არის ცნობილი ექიმი, რომელიც ორგანოთა ნებაყოფლობით დონორად დარეგისტრირდა?

"2020 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, საქართველოში 390-მდე ორგანოგადანერგილი პაციენტია, 300-ს თირკმელი, 6-ს გული  და დანარჩენს ღვიძლი აქვს გადანერგილი"

კანონი "ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ", რომელიც საქართველოში 2000 წელს მიიღეს, აწესრიგებს ურთიერთობებს სახელმწიფოს, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს შორის, როდესაც საქმე ადამიანის სიცოცხლეში ან სიკვდილის შემდეგ ორგანოების ნებაყოფლობით გაცემას, განაწილებას და სხვა ადამიანისათვის გადანერგვას ეხება. საქართველოს მოქალაქეს აქვს უფლება დათანხმდეს ან უარი თქვას სიცოცხლეშივე ან სიკვდილის შემდგომ მისი ორგანოს აღებაზე. ორგანოს გაცემა სიცოცხლეში შესაძლებელია მხოლოდ ახლო ნათესავთა გარკვეული წრისთვის, ან მეუღლისთვის გადასანერგად, ან დონორთა გაცვლის პროგრამაში მონაწილეობის შემთხვევაში. 2015 წლიდან დონორი შეიძლება ასევე გახდეს ახლო ემოციური სიახლოვის მქონე პირი, მაგალითად, მეგობარი, ნათლია, ნათლული და სხვა. დონორობა არის უფასო, ნებაყოფლობითი, ალტრუისტული ქმედება. ორგანოს ან ქსოვილის გაცემაზე თანხის ან სხვა რაიმე მატერიალური საზღაურის მიღება საქართველოს კანონმდებლობით ითვლება კრიმინალურ ქმედებად და ისჯება თავისუფლების აღკვეთით 8-დან 15 წლამდე.

"კვირის პალიტრას" "საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის" ხელმძღვანელი, გია თომაძე ესაუბრა:

- ადრე დონორი 60-65 წლამდე უნდა ყოფილიყო, ახლა 80-90-მდეა გაზრდილი. ყველა ქსოვილსა და ორგანოს ბიოლოგიური ასაკი აქვს - ახალგაზრდა დონორის ორგანო ახალგაზრდა რეციპიენტს (მიმღებს) უნდა გადაენერგოს, ასაკიანისა - ასაკიანს. როცა ცოცხალ დონაციას ვგულისხმობთ, მაშინ შეიძლება პირი დონორი 18 წლიდან გახდეს, თორემ გარდაცვლილი პაციენტის შემთხვევაში არ არსებობს ასაკობრივი ზღვარი. გია თომაძე გადანერგვები კეთდება ორი და სამი წლის ასაკშიც. 2020 წლის პირველი იანვრის მონაცემებით, საქართველოში 390-მდე ორგანოგადანერგილი პაციენტია, 300-ს თირკმელი, 6-ს გული და დანარჩენს ღვიძლი აქვს გადანერგილი.

- ყველა ოპერაცია ჩვენთან ჩატარდა?

- საქართველოში ოპერაციები ჩაუტარდა აღრიცხვაზე მყოფი პაციენტების 60-65%-ს. ეს ეხება იმათ, ვისაც ნათესავი ჰყავდა დონორად. ყველა იმ პაციენტს, რომელთაც გარდაცვლილის ორგანო გადაუნერგეს, ოპერაცია საზღვარგარეთ გაუკეთეს, მაგალითად, ექვსივე გულგადანერგილ პაციენტს. ჩვენთან უფრო მეტი გადანერგვის გაკეთებაა საჭირო, მაგრამ ცოცხალი დონორი არ არის იმდენი, რომ დააკმაყოფილოს ყველა მოთხოვნა, ამასთან, მსოფლიო მასშტაბის პრობლემაა, რომ გვამური დონორების რაოდენობა არ არის საკმარისი. ჩვენთან კი გვამური დონაცია არ არსებობს.

- რამდენი ნებაყოფლობითი დონორია დღეს საქართველოში?

- ცოცხალ დონორთა სია 200-მდე კაცს ითვლის. საბედნიეროდ, არც ერთი დონორი არ გარდაცვლილა და არ გამხდარა რეალური დონორი. ნებაყოფლობით დონორთა სიაში პირველი დავრეგისტრირდი. წარმოუდგენელია, თავად არ იყო დონორი და სხვებს მოუწოდებდე ამ საქმისკენ. ახლა 50-მდე დონორის ბარათი მაქვს. როცა მასმედია გააქტიურდება და დაიბეჭდება დადებითი განწყობის სტატია, მოქალაქეები აღრიცხვაზე ადიან, თუმცა მერე ბარათები აღარ მიაქვთ.

- რა შემთხვევაში გამოიყენება გარდაცვლილის ორგანო ტრანსპლანტაციისთვის?

- გარდაცვალება უნდა დადასტურდეს. ამისთვის საჭიროა სპეციალური გამოკვლევა. ჯერ გასინჯავს ორი სხვადასხვა ბრიგადა, შემდგომ რომელიმე ინსტრუმენტულ მეთოდს გამოიყენებენ, რათა შეცდომა გამოირიცხოს და თავის ტვინის სიკვდილი ობიექტურად დადასტურდეს. ასეთია, მაგალითად, ელექტროენცეფალოგრაფია. დაშვებულია ტრანსკრანიალური დოპლერის გამოყენებაც. ეს იგივე ექოსკოპიაა, რომელიც აჩვენებს სისხლის მიმოქცევას თავის ტვინში. თუ ვნახავთ, რომ ტვინი მკვდარია, ე.ი. ადამიანი გარდაცვლილია.

- გარდაცვალებიდან რამდენ ხანში უნდა გაკეთდეს ოპერაცია, რომ გამოსადეგი იყოს გადასანერგი ორგანო? - თავის ტვინის სიკვდილის დადასტურების შემთხვევაში, უპირატესობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, ის არის, რომ გარდაცვლილი აპარატზეა შეერთებული, სისხლის მიმოქცევა ხელოვნურად მიმდინარეობს, ამიტომ საათებიც და ზოგჯერ დღეებიც აქვთ ექიმებს, რომ გამოიკვლიონ გარდაცვლილი, შეარჩიონ მიმღებიც, რისი საშუალებაც არ არის მაშინ, როცა სიკვდილი გულის გაჩერებით დგება. ასეთ დროს წუთებია გადამწყვეტი.

- ერთი გარდაცვლილის ორგანოებით ერთდროულად რამდენი კაცის გადარჩენა შეიძლება?

- მსოფლიოში, ძირითადად, ექვსი ორგანოს გადანერგვა ხდება: თირკმლის, ღვიძლის, გულის, ფილტვის, პანკრეასისა და ნაწლავის. ეს ნიშნავს, რომ ექვსი ადამიანის გადარჩენა შეიძლება. ამას ემატება ისიც, რომ თირკმელიც და ფილტვიც ორია, გარდა ამისა, ღვიძლიც და პანკრეასიც შეიძლება შუაზე გაიყოს - ანუ ერთმა გარდაცვლილმა ათ ადამიანს შეიძლება შეუნარჩუნოს სიცოცხლე და კიდევ უფრო მეტს სხვა პრობლემები მოუხსნას. ასევე კანის, სისხლძარღვისა და ქსოვილის გამოყენებაც შეიძლება. რქოვანას გადანერგვამ ადამიანს შეიძლება მხედველობა დაუბრუნოს.

- ჩვენთან რისი გადანერგვა ხდება?

- თირკმლისა და ღვიძლის. 2019 წელს 44 გადანერგვა გაკეთდა, 23 თირკმლის, 21 ღვიძლის. ინერგება რქოვანაც. ვინაიდან მას გვამური დონაცია ესაჭიროება, ამიტომ უცხოეთიდან არის იმპორტირებული, ხოლო გადანერგვა ჩვენთან კეთდება.

- ხომ შეიძლება პაციენტს გადასანერგი ორგანო არ მიესადაგოს?

- ამიტომაც არსებობს საერთაშორისო ბანკები. მათი საშუალებით ხდება ოპტიმალური რეციპიენტის მოძიება წევრი ქვეყნების ორგანოთა მომლოდინეთა სიაში აღრიცხვაზე მყოფ პაციენტებს შორის.

- რა არის საჭირო, რომ გულის, ფილტვის, პანკრეასისა და ნაწლავის გადანერგვის ოპერაციებიც საქართველოში ჩატარდეს?

- უპირველეს ყოვლისა, გვამური დონაციის პროგრამის ამუშავება, ეს კი ბევრ პრობლემასთანაა დაკავშირებული. ოჯახების მზაობა უმნიშვნელოვანესია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. არსებობს ფინანსური პრობლემებიც.

არსენ გვენეტაძე, საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის დირექტორი, ექიმი-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი:

- 2009 წლის მიწურულს დავურეკე "საქართველოს ტრანსპლანტოლოგთა ასოციაციის" ხელმძღვანელს პროფესორ გია თომაძეს. 2010 წლის იანვარის დასაწყისში პირდაპირ ეთერში დამარეგისტრირეს ორგანოთა ნებაყოფლობით დონორად, 122-ე ნომრად. მოგვიანებით ჩემი შვილი და მისი მეგობარიც (22-23 წლისანი იყვნენ მაშინ) დონორები გახდნენ.

- თქვენ კიბო დაამარცხეთ. ეს გამოწვევა რომ არა, მაინც გახდებოდით დონორი?

- არა მაქვს მსხვილი ნაწლავი, ერთი თირკმელი და კიდევ რაღაც-რაღაცები. მეუღლე მეხუმრებოდა, რისი დონორი ხარო? რაც მაქვს, იმის დონორი ვარ-მეთქი, ვუთხარი. როცა დავრეგისტრირდი, მაშინ ყველა ორგანო მქონდა. ძალიან კარგი შეგრძნებაა, როცა იცი, სიკვდილის შემდგომ ვიღაც შენი თვალებით დაინახავს სამყაროს, ან რომელიმე სხვა ორგანო შეუნარჩუნებს სიცოცხლეს.

- როგორ შეგვიძლია გავხდეთ დონორი? - ანკეტას შეავსებთ, შეიძლება დარეგისტრირება საიტზეც: http://transplantation.ge/, ადასტურებ ამას ხელმოწერით და იღებ დონორობის მოწმობას.

ნათია სიბაშვილი