"ამდენი თუ იყო უნიჭო და უნამუსო, რას წარმოიდგენდა კაცი" - კვირის პალიტრა

"ამდენი თუ იყო უნიჭო და უნამუსო, რას წარმოიდგენდა კაცი"

ის თბილისიდან საკმაოდ შორს, წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბშია. არა, ძალიან შორსაც არ არის, მაგრამ ჩვენ, თბილისელებს, ხომ ძალიან ხშირად "გვეშორება" ხოლმე ჩვენი სამშობლოს სხვადასხვა კუთხის სოფლები, აღარც თვალი მიგვდის იქამდე, აღარც - გული.

ახლაც არ ვიცით ხეირიანად, რა ხდება ჩვენს მიწა-წყალზე: სად უშუქოდ არიან, სად წყალი არა აქვთ... ფულზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია: სოფლებში ფული თითქმის არავის აქვს და ლამის ნატურალურ მეურნეობაზე არიან გადასული.

საახალწლო სურვილებისათვის ამ "შორეულ" სოფელში - გვიშტიბში ვრეკავ, სადაც მწერალი ოტია იოსელიანი ცხოვრობს და ჯიუტად არ შვრება პირს ქალაქისაკენ. მისი მოსწრებული სიტყვა გულს ხვდება და სიამოვნებს მას, ვისი ხმაც დიდი ხანია აღარავის ესმის, გულზე კი ეკლად ესობა მას, ვინც ლაღად გრძნობს თავს ამ ქვეყანაში.

ჩემმა თხოვნამ საგონებელში ჩააგდო მწერალი:

- რა ვქნა, რა უნდა გითხრათ ამ საახალწლოდ?! გინება და ლანძღვა უხერხულია და კარგი რა სიტყვა უნდა გითხრათ? დაქცეულია და დაოხრებული ქვეყანა. აგერ, ახლა, უკვე რამდენი დღეა, გვიშტიბში დენი გამორთული გვაქვს... ვართ ყინვასა და სიცივეში... საჭმელი და სასმელი ყოველდღე ძვირდება. თუ ვინმე პატივს მცემს, მხოლოდ იმიტომ, რომ ტყუილს არ ვამბობ, სიმართლე კი ისაა, რომ ყოველდღე ვსპობთ და ვათახსირებთ ქვეყანას. ზნეობა რომ მოიშლება ხალხში, იმას რა გადაარჩენს?

მესმის, რომ ბევრი უნიჭოა და მიიწევს თბილი ადგილისაკენ, მაგრამ ამდენი თუ იყო უნიჭო და უნამუსო, რას წარმოიდგენდა კაცი?! განადგურდა ჩვენი კულტურა, ესენი კი გრიალ-გრიალით ატარებენ ცხოვრებას. სოფელი საერთოდ აღარ უნდა არავის, არ იხვნება, არ ითესება... ხელის განძრევა აღარავის უნდა! აგერ, რაჭიდან ჩამოვიდა კაცი, სამი ბავშვია ჩვენს სოფელში სკოლაშიო... დანარჩენი ბებრები არიან... ესაა საქმე?

- სამაგიეროდ, ყველა თბილისისკენ მოილტვის, ჰგონიათ, რომ აქ საშველს მიაგნებენ..

- რა საშველს? სადაა საშველი? 50-თეთრიანი შაქარი რომ ორი ლარი გახდა, ჩაის რომ ვერ დალევს კაცი, რა საშველზე მელაპარაკებით? არ იჭმება ეს პური, აქ რომ ყიდიან ლარად! ახლა რომ მეუბნებით, მიულოცე და რამე უსურვე ხალხსო, რა ვუსურვო? მინდა, თავისი შრომით მოყვანილი ალალი და კარგი პური ჭამოს ქართველმა კაცმა, მაგრამ ვის ვუსურვო, მოიყვანე-მეთქი?

გლეხი აღარაა სოფელში, მიწის 20% თუ არის დამუშავებული და ისიც იმ ორ ბებერს მოჰყავს, სოფლად რომ დარჩა. უსურვე, რამდენიც გინდა, რა ქნას? არ შეუძლია მეტი! სიმინდი რომ შემოიტანეს ამერიკული, ბევრ მოსავალს იძლევაო - კი იძლევა ბევრს, მაგრამ საქონლისთვის თუ გამოდგება მარტო... ჩვენსას არაფერი სჯობია, თუ მოიყვან;

ის მარცვალი შეგუებულია ჩვენს კლიმატს და ჯანსაღიცაა. მაგრამ სოფლის მეურნეობის მინისტრი რომ ხარს ვერ გაარჩევს ძროხისაგან და ეს მამალი ძროხააო, იტყვის, იმ ქვეყანაში რა გინდა ისურვო საახალწლოდ? ჟურნალისტი რომ გამოვა და გეტყვის, "ცხოვრება მშვენიერიაო", სადაა მშვენიერი? ჩვენთან?  აგერ წყალტუბო სავსეა ხიზნებით, ესაა მშვენიერი? ჰოდა, რა ვქნა ახლა, რა მოვიფიქრო, რომ ახალი წელი მივულოცო თქვენს მკითხველსაც და ქართველებსაც, არ ვიცი... იქნება მოვიფიქრო კიდეც რაღაცა... მოდი, დარეკე მერე...

P.S. მერე კიდევ ერთხელ ვრეკავ და კიდევ ერთხელ მესმის გაპარტახებულ საქართველოზე ტკივილით ნათქვამი სიტყვა, იცი, რა ვქნათ? ცოტა ხნის მერე დარეკე, იქნება სხვა მოვიფიქრო რამე ამ საახალწლოდ... მაგრამ რა უნდა მოვიფიქროო...

აღარ ვრეკავ. იყოს ისე, როგორც არის. იქნება ძალად ნათქვამმა დაშაქრულმა სიტყვებმა კიდევ უფრო დაგვაშოროს საქართველოს, რომელიც, როგორც ვხვდები, ბევრისთვის ისედაც ძალიან შორსაა.