ჟამიანობა ანატორში - კვირის პალიტრა

ჟამიანობა ანატორში

"ადამიანები თავისი ფეხით შედიოდნენ აკლდამაში და იქ სიკვდილს ელოდებოდნენ"

მსოფლიოს არაერთი ეპიდემია გადაუტანია, რომლებიც კაცობრიობას განადგურებით ემუქრებოდა, თუმცა ადამიანის სასიცოცხლო ძალას წინ ვერც ერთი ვერ აღუდგა. დღეს მსოფლიოს კორონავირუსი ემუქრება, რომლის წინააღმდეგ ლამის მთელი დედამიწა დაირაზმა. სპეციალისტები აცხადებენ, რომ ჩინეთის სახელმწიფო, სადაც ვირუსი "დაიბადა", ვირუსთან ბრძოლის უპრეცედენტო გმირობას იჩენს. ქართველებმაც ვიცით სამოქალაქო გმირობის მართლაც უპრეცედენტო მაგალითი, რომელსაც "ანატორი" ჰქვია და რომელიც შატილის ახლოს, უკვე მკვდარ სოფელ ანატორშია. იქ ამ გმირობის მოსაგონებლად 6 ქვის აკლდამაა, სადაც საშინელი ინფექციით დაავადებული ანატორელები საკუთარი ფეხით შედიოდნენ და კვდებოდნენ, რათა დაავადება სხვებს არ გადასდებოდათ. ამ აკლდამებში დღემდეა მათი ნაშთები, დასტური ჩვენი წინაპრების გმირობისა. ანატორელებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ სიკვდილს კარი სხვისთვის არ შეეღო. ამ აკლდამების შესახებ მეტ-ნაკლებად მთელმა საქართველომ იცის, თუმცა არასრულყოფილად და ბედნიერებაა, როცა ანატორელების იშვიათ შთამომავალს მოძებნი და რეალურ ისტორიას მოისმენ. ის 80 წლის ირაკლი ჭინჭარაულია. ათეული წლების წინ ხევსურეთიდან მავნებლურად გადმოსახლებულ ხევსურებს გამოჰყვა და თან წინაპართა ხსოვნა წამოიღო.

ირაკლი ჭინჭარაული: - ანატორელებს ეს უცნობი დაავადება XIV საუკუნეში გაუჩნდათ და არა XVIII-ში, როგორც ახლა ჰგონიათ. ერთადერთი ადამიანი ვარ, რომელიც მთელ ხევსურეთში, სოფლიდან სოფლამდე დასდევდა მოხუცებს ანატორელთა ამბების მოსასმენად. რვა ათეული წლის ვარ და შატილში იმ ხალხს მოვესწარი, რომელთაც ბევრი რამ ახსოვდათ ანატორელთა შესახებ, ანატორი ხომ შატილიდან მხოლოდ 3 კილომეტრით არის დაშორებული. ანატორელები ხევსურები არა ვართ, ჩეჩნეთიდან, ჩრდილო კავკასიიდან მოვედით ანატორში. როდესაც ვახტანგ გორგასალმა ჩრდილოეთ კავკასიაში ილაშქრა და ჩეჩნეთი დაიპყრო, იქ რამდენიმე მეციხოვნე დატოვა. ჩეჩნები ვახტანგს იმდენად ძმურად შეხვდნენ, რომ იმ ქართველებს ჩეჩნეთში, ძირითადად, ქრისტიანობის გავრცელება დაავალეს. როდესაც ვახტანგი გარდაიცვალა, ჩეჩნები და ქართველები წაეკიდნენ და ჩემი წინაპარი სისვაურები საქართველოში დაბრუნდნენ. გზად ანატორი გამოიარეს, ულამაზესი და მტრისგან დაცული ადგილი. მოეწონათ, დასახლდნენ და გამრავლდნენ. წარმოიდგინეთ, რამდენად ძლიერი უნდა ყოფილიყო სისვაურთა სოფელი, რომ მთელ ხევსურეთში მხოლოდ აქ იყო ქრისტიანული ეკლესია - მარიამწმინდის მთავარანგელოზი. თუმცა XIV საუკუნეში მთელ საქართველოსთან ერთად უბედურება ანატორშიც მივიდა - თემურ-ლენგი. როგორც მოხუცები ამბობდნენ, ჟამიანობა ანატორში სწორედ თემურ კოჭლის შემოსევას მოჰყვა. მან ამიერკავკასიაში ლაშქრობისას სწორედ აქ გაიარა.

- თემურმა რვაჯერ ილაშქრა საქართველოში და ეს დაავადება სხვაგანაც ხომ უნდა გავრცელებულიყო?

- ვინ იცის, რომ ასე არ იყო... მოხუცი ხევსურები, მართალია, ამ ამბავს მთლად ვერ აზუსტებდნენ, მაგრამ ან რა გასაკვირია, ურდოს ჯარი ნათრევი ხალხისგან შედგებოდა და ხომ შეიძლებოდა ერთ მხედარს მაინც ჰქონოდა გადამდები დაავადება! ურდოში ავადმყოფ ჯარისკაცს კი მაშინვე მოიშორებდნენ, მაგრამ სოფელი ავადმყოფ შვილს როგორ მოიშორებდა? ასე გაწყდა ერთმანეთის მოვლაში მთელი სოფელი. ისე კი ანატორის აკლდამები მანამდე რამდენიმე საუკუნით ადრე იყო აშენებული და იქ მიცვალებულებს მანამდეც მარხავდნენ, ჟამიანობისას კი თავისი ფეხით მისული ხალხით აივსო.

- სწორედ ეს ამბავია შემძვრელი, სენით შეპყრობილი ხალხი საკუთარი ფეხით მიდიოდა აკლდამებში სასიკვდილოდ. ეს მოგონება ვის შემორჩა? - იმ ხევსურების შთამომავალთ, რომლებიც ამ ტრაგედიას შორიდან უყურებდნენ. ანატორელებმა სოფელს მცველები დაუყენეს, რომ არც სოფლიდან გასულიყო ვინმე, არც შესულიყო, მაგრამ შატილელმა ჭინჭარაულებმა ანატორის უბედურების ამბავი იცოდნენ. მიდიოდნენ, ანატორის გორაზე სხდებოდნენ და ცოდვით დამწვარნი გასცქეროდნენ სასიკვდილოდ მიმავალ ანატორელებს. მათ მდინარეზე ხიდი უნდა გადაევლოთ და მერე შესულიყვნენ აკლდამებში. ეგეთი გადმოცემაც მსმენია, ჭინჭარაულებს აკლდამებში მიმავალი 60 ახალხმალშებმული მწვანესუდარიანი ბიჭი დაუთვლიათ.

- ეს რას ნიშნავს?

- ხევსურეთში 17 წლის ყმაწვილებს აბამდნენ ხმალს, აიარაღებდნენ. ეს იმას ნიშნავს, რომ 17 წლის 60 ანატორელი ყმაწვილი შევიდა აკლდამებში სასიკვდილოდ. იქ ამოშენებულ თაროებზე დასხდნენ და სიკვდილს ელოდნენ, მწვანე სუდარა კი იმიტომაც ეცვათ, რომ ხევსურეთში მწვანე სიკვდილის ფერი იყო, მგლოვიარობის. ისიც მსმენია, რომ აკლდამაში ერთი 14 წლის ყმაწვილი შესულა, რომელიც ავადმყოფი ეგონათ. ბიჭს თურმე ჭიანური შეუტანია და ორი კვირა სიმღერით ელოდებოდა სიკვდილს. ალბათ, შიმშილით მოკვდა საწყალი.

- ხალხს ისიც ახსოვს, რომ ამ აკლდამებში ბავშვისჩონჩხიანი აკვანი იდგა, ზედ დედის ჩონჩხი იყო გადამხობილი. - აკლდამები იმგვარად არის აგებული, რომ ვენტილაციაა და მიცვალებული მასში კი არ იხრწნება, არამედ მუმია ხდება. 70-იან წლებში აკლდამებიდან უამრავი ჩონჩხი გაიტანეს ვითომ შესასწავლად. არც ისე დიდი ხნის წინ ვნახე ჟურნალისტი, რომელიც გოგონასთან ერთად გადამძვრალა აკლდამაში და ძვლებს აქეთ-იქით ალაგებდა. არადა, ქალის შესვლა, გარდა სალოცავი დღისა, ხევსურთა წესით იქ არ შეიძლებოდა. წესისთვის თუ არა, მიცვალებულებისთვის მაინც ეცათ პატივი.

- ნუთუ ანატორში არავინ გადარჩა?

- როგორ არ გადარჩა, ღმერთი არ იზამს, რომ ადამიანი სადმე ბოლომდე ამოწყვიტოს. ვინც ამ უბედურებას გადაურჩა, ის ხომ საერთოდ აღარ მიატოვებდა ანატორს, მაგრამ მალე მეორე უბედურება დადგა - გადარჩენილ ანატორელებს ლეკები შეესივნენ და ტყვედ წაიყვანეს. მათ მხოლოდ 2 ანატორელი დაუსხლტა ხელიდან, ჩემი პირდაპირი წინაპარი, 5 წლის ბიჭი, ნაქორ სისვაური და მეორე ანატორელი, 25 წლის ანაგი, რომელმაც ლეკები დახოცა და გაიქცა. ის კი არავინ იცის, ეს 5 წლის მაქორი როგორ დაუსხლტა ლეკებს, მაგრამ საწყალი 2 კვირის შემდეგ შატილს თავში ლეკების ნაისრალი მოსდგომია. გაუზრდიათ, მერე კი ანატორელის გვარი მიუციათ. ჩემი დიდი ბაბუა ჯერ კიდევ ანატორელის გვარს ატარებდა. ახლა ამ გვარის დაბრუნებას ვცდილობ და ვეღარ დამიბრუნებია. არადა, დოკუმენტაცია მაქვს.

- რატომ. საქართველოში ხომ უცხოელებიც იღებენ ქართულ გვარებს? - ვეღარ იღებენ. მითხრეს, კანონი შეიცვალაო, მაგრამ მე რას მერჩიან? სასამართლოშიც ვიჩივლე გვარის დასაბრუნებლად და უნდა დამიბრუნონ უთუოდ! ჩემი შთამომავლობა ამ მიწაზე იმ ანატორელთა გასახსენებლად იარსებებს, რომლებიც ნამდვილად გმირები იყვნენ!