მე, ყარამანი, ბეგი და ოთხფეხა მეგობრები - კვირის პალიტრა

მე, ყარამანი, ბეგი და ოთხფეხა მეგობრები

"ბეჰემოთ ბეგისაც მივართვი პატივისცემით მომზადებული საუზმე. ბეგი მადას არ უჩივის და დღეში 40 კილოგრამამდე ბოსტნეულს მიირთმევს"

ჩვენი გაზეთის მკითხველი მიეჩვია, რომ ჟურნალისტის პროფესიას ხშირად ვიცვლი. ამჯერად თბილისის ზოოპარკს ვესტუმრე და მის დირექტორს, ბატონ ზურაბ გურიელიძეს ვთხოვე, ერთი დღით ცხოველთა მომვლელად მემუშავა. ზოოპარკის დირექტორი სიამოვნებით დამთანხმდა. მეორე დილის ზუსტად ცხრა საათზე ზოოპარკის ეზოში ვიდექი და გამოცდილი თანამშრომლის ინსტრუქტაჟს ვისმენდი. რადგან ამ საქმეში გამოუცდელი ვიყავი, ნაკლებად აგრესიულ ცხოველთა განყოფილებაში გამამწესეს და მითხრეს, სანამ ზოოპარკი გაიხსნება, მანამდე ცხოველების დაპურება და ვოლიერების დალაგებაც უნდა მოასწროო. მენიუში თივა, ვაშლი, სტაფილო, ჭარხალი, ბოლოკი და ქატო იყო. საქმეს შევუდექი. ვცდილობდი სწრაფად მემუშავა, რომ ცხოველების კვების განრიგი არ დარღვეულიყო. ქატო მოვადუღე, ურიკა ბალახით დავტვირთე და ვაშლი დავჭერი. ამ ყველაფრისთვის ერთი საათი დამჭირდა.

პირველად ზებრებთან შევედი. ზოლიანმა ოთხფეხებმა აშკარად ვერ მიცნეს. უცებ მათ ვიღაც გამოეყო და რომ მომიახლოვდა, იცით, რა აღმოჩნდა? არც მეტი, არც ნაკლები, ვირი - თურმე ზებრებთან სტუმრად ყოფილა. საჭმლის მოლოდინში კუნტრუში დაიწყო. ჩემს ახალშეძენილ მეგობარს ყარამანი ჰქვია და პირველად სწორედ მას გავუმასპინძლდი. ცოტა ხანში ყარამანსა და ზებრებს დავემშვიდობე და თხებთან გადავინაცვლე. სიმართლე გითხრათ, ჩემს გამოჩენას თხებზე დიდი შთაბეჭდილება არ მოუხდენია და ვერც ბეკეკებს მოვეფერე, რადგან სულ დაკუნტრუშებდნენ. ამიტომ საჭმელი დავუტოვე და წავედი.

თბილისის ზოოპარკში ჩლიქოსნების, მტაცებლებისა და პრიმატების განყოფილებაში ვერ შევხვდი მომვლელს, რომელსაც მუშაობის 5 წელზე ნაკლები გამოცდილება აქვს. აქ ყველაფერი სიყვარულით კეთდება, ან გიყვარს, ან არა, და თუ გიყვარს, მართლა გიყვარს და ბედნიერი ხარ. ბედნიერებაა, როცა ყოველდღე უყურებ, ჩოჩორი და მარტორქა ერთად როგორ ძოვენ ბალახს. ალბათ, ეს სურათი ყველაზე უკეთ აღწერს ზოოპარკის ცხოვრებას.

ბეჰემოთ ბეგისაც მივართვი პატივისცემით მომზადებული საუზმე. ბეგი მადას არ უჩივის და დღეში 40 კილოგრამამდე ბოსტნეულს მიირთმევს. ორი თვის იყო, როცა მომვლელმა მასზე ზრუნვა დაიწყო და კარგად იცის მისი ხასიათი და ხრიკები.

მოგვიანებით სპილოს ჭამის დროც დადგა. უსაფრთხოების მიზნით, ვოლიერში არ შემიშვეს და გარედან დავიწყე ვაშლის მიწოდება, მადიანად ახრამუნებდა...

მოსაღამოვდა და ჩემი საქმიანობაც ამოიწურა. დღემ ნაყოფიერად ჩაიარა - სპილოს ვაშლებით გავუმასპინძლდი, ბეჰემოთს - ბოსტნეულის ასორტით, ლემურებს ფინიკით ჩავაგემრიელებინე პირი, აქლემს კი სტაფილოთი. ცხოველების მომვლელობას დიდი სწავლა-განათლება არ სჭირდება - უბრალოდ, ცხოველები ძალიან უნდა გიყვარდეს, თუ არადა, თანამდებობისთვის შეუფერებელი ხარ!

ზურა სოლომნიშვილი