ყველაფერი წაიღო... - კვირის პალიტრა

ყველაფერი წაიღო...

როდესაც "წლის ფიქრების" დაწერა დამავალეს, ბევრი ვიფიქრე, ნეტავ რით იყო ეს წელი გამორჩეული-მეთქი. უპირველესად, ბუნებრივია, არჩევნები გამახსენდა, 2010 ხომ ადგილობრივი არჩევნების წელი იყო.

თუმცა, ვიდრე წერას შევუდგებოდი, გადავწყვიტე მენახა, რა დავწერე შარშან "წლის ფიქრებში". მოვქექე არქივში და რას ვხედავ? შარშან, წლის შემაჯამებელ ფიქრებში დამიწერია: "წლის ბოლოს ჩემთვის ისევ ამოუხსნელი რჩება ამოცანა: რისი იმედი ჰქონდა ოპოზიციას 2009 წლის 9 აპრილს? ხომ შეუძლებელია, ჭკუათამყოფელს ეფიქრა, რომ ქუჩაში დგომით სააკაშვილს შინ გაუშვებდა? ნუთუ თვითონ სჯეროდათ ამის? არ მჯერა, რომ სჯეროდათ! მაშ რისთვის გამოიყვანეს ამდენი ხალხი ქუჩაში? ეს კითხვა ჩემთვის დღემდე პასუხგაუცემელია". გულიანად გამეცინა ორი მიზეზით:

პირველი ის, რომ ეს კითხვა ერთი წლის შემდეგაც პასუხგაუცემელია და ალბათ, კიდევ დიდხანს იქნება ასე და მეორე - შემიძლია, წელსაც ზუსტად იგივე დავწერო. წლის ბოლოს ჩემთვის ისევ  პასუხგაუცემელი რჩება კითხვა - რისი იმედი ჰქონდა ოპოზიციას 2010-მა წელმა აჩვენა, რომ არც აქციებს და არც არჩევნებს ოპოზიციისთვის შედეგი არ მოაქვს. არადა, ხელისუფლების შეცვლის სხვა მშვიდობიანი გზა არ არსებობს. როგორ მღერიან ერთ ქართულ სიმღერაში?! - "არც მოლოდინი, არც სინანული, ფიქრებმა ყველა წაიღო..." ჰოდა, ოპოზიციას შეუძლია ამ ჰანგზე იმღეროს: - არც არჩევნები, არც აქციები, მიშამ ყველაფერი წაიღო...

წლის იმედგაცრუება

კიდევ რა მოხდა წელს საინტერესო? მოდი, ისევ 2009 წლის "წლის ფიქრებს" გადავხედავ. ნეტავ კიდევ რას ვწერდი? აჰა, აი, თურმე რას: "2009 წელმა ქართულ პოლიტიკას კიდევ ერთი ახალი პარტია - ""თავისუფალი დემოკრატები" და ახალი ალიანსი - "ალიანსი საქართველოსთვის" შესძინა. რას მოუტანს ქართულ პოლიტიკას ახალი ალიანსი, მომავალში გამოჩნდება. ეს პოლიტიკური ძალა ჯერ ერთი წლისაც არ არის და მკაცრად ნუ შევაფასებთ. შეფასება თამამად შეგვეძლება 2010 წლის ზაფხულში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, როდესაც ისინი პირველ სერიოზულ გამოცდას ჩააბარებენ. მაგრამ ჩააბარებენ კი?" პირდაპირ, წინასწარმეტყველი ვყოფილვარ! როგორ წინდახედულად დამისვამს კითხვა:

"ჩააბარებენ კი?" იმედია, არ დამაბრალებენ, რომ დავთარსე. მაინც რას ნიშნავს, ქართულ პოლიტიკას მუდმივად თვალს რომ ვადევნებ! ეტყობა, რაღაც გამოცდილება მეც დამიგროვდა; ყოველ შემთხვევაში, ის ზუსტად ვიცი, რომ დარწმუნებით ვერაფერს ვიტყვი. არადა, როგორ იმედისმომცემად დაიწყო ყველაფერი. აქეთ - ყველაზე რეიტინგული ლიდერიო, იქით - ყველაზე გამოცდილი პარტიებიო. გაერთიანდნენ და მაშინ, როდესაც ყველას ეგონა, როგორც იქნა, ოპოზიციაში სერიოზული ძალა იქმნებაო... …ეჰ, მაინც ახალი წელი მოდის და ცუდზე ნუ ვიფიქრებთ.

გა-ი-ტა-ნეთ ნაგავი!!!

2010 წელი ოპოზიციის შიგნით ატეხილმა სკანდალმა დააგვირგვინა. ეს ნამდვილად იყო წლის სკანდალი. თუმცა, ახლა სხვა რამეზე ვაპირებ დაწერას. საქართველოს მოსახლეობა სულ უფრო ხშირად მაგონებს "ცისფერი მთების" პერსონაჟს, რომლის თავზეც გრენლანდია ჰკიდია და მთელი ფილმის განმავლობაში მის გატანას ითხოვს, თუმცა ბედისწერას ვერსად გაექცევი!.. განსხვავება მხოლოდ ერთია: ჩვენს თავს ზემოთ დიდი ტომრით ქართული პოლიტიკის ნაგავი ეკიდა და ეს ტომარა დღითი დღე ივსებოდა. გული მიგრძნობდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს გასკდებოდა და თავზე ჩამოგვემხობოდა, მაგრამ ასეთი მყრალი თუ იქნებოდა, რას წარმოვიდგენდი?

ტომარას პირი გაზეთმა "ასავალ-დასავალმა" მოხსნა და წამოვიდა, მაგრამ რა წამოვიდა! ორი კვირაა, მთელი საქართველო ცხვირზე ხელმოჭერილი დადის. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მართალია თუ არა ის, რაც გაზეთში იბეჭდება. მართლა აიღო თუ არა ფული ლევან გაჩეჩილაძემ სააკაშვილისგან, თუ გაზეთს ნინო ბურჯანაძის მეუღლემ, ბატონმა ბადრი ბიწაძემ ტყუილი ინფორმაცია მიაწოდა. თუ ეს ყველაფერი მართალია - ერთი პრობლემაა, ხოლო თუ ტყუილი შეგნებულად გავრცელდა - მეორე. ორივე შემთხვევაში საქმე სიბინძურესთან გვაქვს. ამ სკანდალმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა, თუ რა ხდება ოპოზიციის შიგნით.

ბურჯანაძე ჯერ კომენტარს არ აკეთებს. გაინტერესებთ სიმართლე? მე აღარ!.. როგორიც უნდა აღმოჩნდეს ის, სურათს ვერ შეცვლის - ნაგავი უკვე თავზე გვაყრია, ჩვენს სახლებს ავსებს, გვახრჩობს და თუ დროზე არ გავიტანეთ, ჩავიძირებით. ყველაზე მეტად კი სწორედ ეს მაინტერესებს - როგორ გავიტანოთ ნაგავი? ჩვენც, "ცისფერი მთების" პერსონაჟივით, ზემდგომის რეზოლუციას უნდა დაველოდოთ? ამით იმან რა მოიგო, "ჩვენ რომ მოვიგოთ? ვიდრე სურათს გაიტანდნენ, თავისი დაემართა და რომ გაიტანეს, თავში მაინც მას დაეცა... იმედია, ჩვენ მომავალ წელს აუცილებლად მოვიფიქრებთ რამეს და ცოცხებს თუ არა, ჩაფხუტებს მაინც მოვიმარაგებთ...

KvirisPalitra.Geხელისუფლებამ რა ჰქმნა?

ოპოზიციასთან დაკავშირებით ყველაფერი გასაგებია, მაგრამ ხელისუფლებისთვის როგორი იყო ეს წელი? პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ: მხოლოდ პოზიტიური! 2010 წელს მიშა ისევ ის ძველი მიშა გახდა. 2008 წელს დაკარგული საერთაშორისო ნდობა ნელ-ნელა დაიბრუნა. ის კი არა, იმასაც მიაღწია, რომ ხელი ბარაქ ობამამ ჩამოართვა; ნელ-ნელა საერთაშორისო თანამეგობრობისთვის ისევ მისაღები გახდა.

ხელისუფლება, მიუხედავად ქვეყანაში ეკონომიკური სიდუხჭირისა, აღარც ტარიფების გაძვირებას ერიდება, აღარც სკოლებში შაშკინის პოლიციური მმართველობის დამყარებას და აღარც დევნილების ბინებიდან გამოსახლებას.

მოკლედ, დაჰკიდებს საახალწლოდ მთელ ქვეყანაში გირლანდებს, ჩამოიყვანს ბათუმში ვარსკვლავებს და იმხიარულებს. მთავარი ის არის, გაახსენდება თუ არა ის დევნილები, რომლებიც ახალი წლის შეხვედრას დევნილთა სამინისტროს წინ, კარვებში აპირებენ. სწორედ ეს ორი ფოტო, რომელთაც აქ გთავაზობთ, გამოხატავს 2010 წლის საქართველოს კონტრასტულ რეალობას.