აფრენა და დაფრენა - კვირის პალიტრა

აფრენა და დაფრენა

გოდერძი ჩოხელი

ადამიანთა სევდით გულდამძიმებული დააბიჯებდა ჩვენ გვერდით გოდერძი ჩოხელი. წერდა მოთხრობებს, რომლებშიც თავის სულს დებდა; წერდა ლექსებს, რომელთაც თავის ტკივილს უმხელდა; იღებდა ფილმებს, რომლებსაც ჩვენი გულების გათბობა შეეძლოთ...

გთავაზობთ წლების წინ საგანგებოდ "კვირის პალიტრისთვის" დაწერილ მოთხრობას, რომელიც, როგორც ჭეშმარიტად ღირებული ნაწარმოები დEღესაც მწვავეა და აქტუალური ჩვენი სინამდვილისთვის.

ერთი პატარა, ხელისგულისოდენა სოფელიღა დარჩა სოფელი ჩოხი, ერთ დროს მდიდარი სახნავ-სათესით, ცხვრითა და ძროხით, სოფელში მომსვლელი სტუმრით, ქორწილებით, ხატობებით და რაც მთავარია ქალით და კაცით, ბალღებითა და მოხუცებით, სოფლის ხეხილზე შემომსხდარი ნაირ-ნაირი მოჟღურტულე ფრინველებით.

ეხლა კი, რო იტყვიან, რამდენიმე მოხუციღა ეყუდება ერთიმეორეს, რომ ქვენამთიდან ჩამონაბერმა ნიავმა არ წააქციოს. ოდესღაც მოწაფეებით გადაჭედილ სოფლის ორსართულიან სკოლის შენობაში ორი-სამი მოსწავლეღა ზის და იმათაც ზამთრის სუსხით გაყინულ საკლასო ოთახში ცინგლი ჩამოსდით, რაკი შეშის მომტანი აღარავინაა, რომ ღუმელი გაათბონ. ადრე კი სოფელს საკუთარი ელექტროსადგურიც ჰქონდა არაგვის წყალზე, აბანოც, კლუბიც, უამრავი წიგნით გამოტენილი სამკითხველოც, სადაც თუ გინდა სერვანტესის "დონ კიხოტს" წაიკითხავდი და თუნდა რევაზ ინანიშვილის "ცეტებს".

ვკითხულობდით და მართლა ცეტებივით ვიცინოდით.

ვიცინოდით და სიცილი ზამთრის სიცივესაც კი გვითბობდა.

მერე საიდანღაც ტარტაროზების მაცილები შემოესივნენ საქართველოს და ნახევარი საქართველო აჰყარეს მამა-პაპათა მიწიდან.

ჩოხშიც ჩამოინგრა სახლები და კედლებს შორის ბებრის კბილებივით ამოშვერილი გულთაბოძები, ჩამქრალ სანთლებივით შეჰღაღადებენ ზეცას.

სოფელში კი სიღარიბე გამეფდა.

დაიკარგა ცხოვრების უღური.

გამწარებული დადის გამიხარდაი და ვინც კი შეხვდება, ყველას სოფლისა და ქვეყნის გაჭირვებაზე ელაპარაკება, თან ისეთი განცდით ლაპარაკობს ქვეყნის წახდენასა და წამხდენლებზე, ღონე ელევა და მუშაობის თავი აღარა აქვს. სერსო კი ხმას არ იღებს, ნერვებს უფრთხილდება, გამარჯვება რომ უთხრა, მარტო თავს დაგიკრავს, არც ღონე ელევა და ფრინველივით დაფრინავს აქეთ-იქით.

- რაც არის, ეგ არის! - ამბობს სერსო.

- როგორ, კაცო, რას ჰქვია რაც არის, ეგ არის! - ბრაზობს გამიხარდაი, - ვერა ხედავ, ქვეყანა წახდა, ნირი შაიცვალა.

- ეგ რა ჩემი სადარდებელია, - მშვიდად პასუხობს სერსო.

- აბა, მაშ რა არის შენი სადარდებელი?!

- ისა სჯობია, ლაპარაკით არ გამოილიო ძალ-ღონე და იმუშაო, რო ცოლ-შვილი მშიერი არ ატანტალო, - უთხრა სერსომ და კი არ წავიდა, გაფრინდა.

- ეე! ეეე! მაშ ჩემი ცოლ-შვილი მშიერი დატანტალებს და მე კი ქვეყნის ავ-კარგზე ტყუილად ვრატრატებ, ტყუილად ვიცლი ჯან-ღონესა? ვაი შენ გამიხარდასა! მოგიკვდათ მამა, შვილებო! ეს რა ცეტობა მიკეთებია ჩემი რატრატით? ხმასაც აღარ ამოვიღებ, კრინტსაც არ დავძრავ. თუ სერსოს არ აწუხებს ქვეყნის ავკარგი, მე რითიღა ვჯობივარ სერსოსა, ჰა?! - დანანებით თქვა გამიხარდამ და გაჩუმდა.

საღამოს ცოლ-შვილსაც კი არ დაელაპარაკა.

არც მეორე დღეს გაუცია თანასოფლელებისათვის ხმა. გამარჯვებას თუ ვინმე ეტყოდა, ისიც მარტო თავს დაუკრავდა სერსოსავით.

ხან ვინ ჩამოუგდებდა ქვეყნის გაჭირვებაზე ლაპარაკს და ხან ვინ, გამიხარდაი ხმას არ სცემდა.

- რა ჩემი საქმეა! - მიახალა ერთხელ მეზობელს და გაჩუმდა, ერთი კვირა საერთოდ აღარ ამოუღია ხმა.

თანდათან გრძნობდა, რომ ღონე ემატებოდა.

ერთ კვირაში მთელ ზაფხულს რომ ვერ აუდიოდა, იმდენი საქმე გააკეთა. დაღლის მაგიერ ღონე უფრო ემატებოდა და ეჩვენებოდა, რომ სადაცაა ჰაერში უნდა აფრინდეს.

- ე, მართლა არ ავფრინდე და მიწას არ მოვწყდე, კაცოო! - ჩაიბუზღუნა თავისთვის და რამდენიმე საბელი გადააბა ერთურთს, მერე იმ გრძელი საბლის ერთი ბოლო ფეხზე მოიბა, მეორე ბოლო კი სახლის აივანს გამოაბა და ისე გააგრძელა ეზოში მუშაობა.

- ვაი, ჩემ თოლებსა, გაგიჟდი, კაცო?! - შეიცხადა ცოლმა.

- გაჩუმდი, ქალო, ვერა ხედავ, აფრენას ვაპირებ! - შეუტია ცოლს გამიხარდამ და გაჩუმდა.

ცოლი იმაზე მეტად გაჩუმდა და ისე დაუწყო დაეჭვებული თვალთვალი ეზოში მომუშავე ქმარს. უცებ სახე შეეცვალა გაოგნებისაგან: გამიხარდაი მართლა აფრინდა ჰაერში და ისე მაგრა დაიჭიმა მის ფეხზე გამობმული საბელი, სადაცაა, გაწყდებოდა.

- სად მიფრინავ, კაცო, ვის ანაბარა გვტოვებ ამ უპატრონო ქვეყანაში?! - შესტირა ქალმა.

- გაჩუმდი შენ მანდა და თოკის ბოლოზე გეჭიროს თვალი. ბოძს თუ მოსწყდება, დაბლა დამქაჩე, რომ ყველაფრის უთქმელად არ გავფრინდე ცაში, - ჩამოსძახა გამიხარდამ და მთელი ქვეყნის გასაგონად იყვირა: - ვინა ხართ, რა რჯულისა ხართ, რა ქვეყნობასა და ქალაქობანას თამაშობთ?!

- ეს ქალაქი ვისია?

- ჩემდა, ჩემი ძმისია.

- მარტო თქვენია, კაცო?! მარტო თქვენია და დანარჩენი ქართველებისა კი აღარა?! სჭამთ და ხრავთ ჩვენი ერის ნაშრომ-ნაოფლარს, სჭამთ და ხრავთ პენსიონერების სასიცოცხლო ლუკმას. არ გეყოფათ, რაც იმათ წლობით ნაგროვები, ჯაფით ნაგროვები ფული სალაროებში გამოუჭამეთ?

ჭამთ და ხრავთ წინაპრების ძვლებს, გამოხარით ჩვენი ძვლები და ჯერ რომ არ დაბადებულან, იმ ქართველების ხორცსა და ძვალს ეპოტინებით დედის მუცლებში გამოსახრავად.

მხვრელებოო!

მღრღნელებოო!

ერის ბოძების მჭრელებოო!

იმ გულთაბოძების შემგინებლებო, ჩვენი წინაპრების დიდი დარბაზის - საქართველოს გულთაბოძის გამომღრღნელებო. იმ დარბაზს რომ სვეტებად ჩვენი დიდი წინაპრები ჰყავს შეყენებული, იმ სვეტების დამაქცევრებო, იმედისა და მომავლის წამრთმევებო, ქართულ ყანაში სარეველას დამთესველებო. სიდედრები და სიმამრები გიშენებენ მაგ სასახლეებს, არა? ჩვენ დიდებულ მეფეებსაც რომ არ ღირსებიათ, ისეთებს?!!!

სად იშოვეთ ეგ ოქროს სიდედრები, თქვე, თქვე, თქვე ჯოჯოხეთის ანგელოზებო, ჰა?!

სიდედრკუვეიტელებოო!

სიმამრმოვარაყებულებოო!

ბიძებ-მორჭმულებოო!

არაკაცებოო!

გაუმაძღრებოო!

საკუთარ ჯამში ჩამცქერლებოო!

ღვთისაგან გასაბრწყინებელი საქართველოს ჩამბნელებლებოო!

მართლმადიდებლობის მტრებოო!

რა გინდათ, რაა?!!

ამის მერე გამიხარდაი ნელ-ნელა დაეშვა დაბლა, ფეხზეგამობმული საბელი მოიხსნა და მყარად დადგა ქართულ მიწაზე.

"კვირის პალიტრა", 2007წ.