კეთილი, სუფთა, ლმობიერი, დარდიანი და... გენიალური - კვირის პალიტრა

კეთილი, სუფთა, ლმობიერი, დარდიანი და... გენიალური

კიბის ქვეშ, თაგვის სოროს მსგავს სათავსში ნახეს მომაკვდავი და იქიდან წაიყვანეს საავადმყოფოშიო - ასეა ცნობილი... ეს 1918 წლის აღდგომის წინადღეს - 4 მაისს მომხდარა.

ადამიანები ერთმანეთს ულოცავდნენ და სიყვარულს უდასტურებდნენ, ეკლესიებიდან გამოსული ტფილელი მოქალაქენი - "კანტორშიკები", ხელოსნები, გიმნაზისტები, მოსამსახურენი თუ გვარდიელები (თუმცა ესენი დიდად მორწმუნენი არასოდეს ყოფილან) ხელების ფშვნეტით აწყობდნენ საქეიფო გეგმებს.

ქალაქური დუქან-რესტორნებიც ხომ საგანგებოდ ემზადებოდნენ ამ დღისათვის - თბილისური გაზაფხული, კლიენტების საზეიმო განწყობა და დასრულებული დიდი მარხვა კარგ შემოსავალს ჰპირდებოდათ...

KvirisPalitra.Geდასხდებოდნენ მოქეიფენი - ორთაჭალიდან მოკიდებული და დიღმის კარით დასრულებული - დუქნების მაგიდებთან და მხოლოდ საღამოს, ვინმე "ჯიბეაქავებულ" დარდიმანდს იქნებ გახსენებოდა კიდეც და ეკითხა: "სად არი ნიკალაი მღებავი, ეხლა ერთი კარგა რო ჩაგვხატოს, ორ მანეთსაც არ დავუჭერდი..." "ალბათ, სხვაგანა ხატამს," - უპასუხებდა თანამეინახე და იმ დღეს აღარც გაახსენდებოდათ "შავტანსაცმლიანი მხატვარი".

ქვეყანა არეული იყო - იმპერია აღარ არსებობდა, საქართველოს ყოველი მხრიდან სხვადასხვა მტერი ჯიჯგნიდა, სულ რაღაც სამი კვირა რჩებოდა დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე და სამწლიან ბედნიერებამდე (ვინ იცის, ფიროსმანს ექვსიოდე თვეც რომ ეცოცხლა, იქნებ სულ სხვანაირად ყოფილიყო ყველაფერი,

რადგან რაც უნდა ვლანძღოთ ჟორდანიას მთავრობა, ხელოვანებს მართლაც მაქსიმალურად უწყობდა ხელს), მაგრამ თბილისს ჯერ დიდად არ ეტყობოდა მიმდინარე თუ მოსალოდნელი კატაკლიზმები, მით უმეტეს, აღდგომის დღესასწაულზე პრობლემებზე არავინ ფიქრობდა.

KvirisPalitra.Ge...და სწორედ იმ დროს, წმინდა მიხეილის საავადმყოფოს იმ მრავალადგილიან პალატაში, სადაც უპოვარნი და უთვისტომონი იწვნენ ხოლმე, გენიოსი ითვლიდა უკანასკნელ წუთებს...

ნეტავ რაზე ფიქრობდა მაშინ - მზისგან აწითლებულ ალაზნის ველზე, რომელიც ბავშვობაში ჩატოვა? თუ იმ "სიყვარულებზე", ჯეელობიდან მოყოლებული, ყველა ქალი ღია ჭრილობად რომ უტოვებდა და მხოლოდ გადამთიელმა უპასუხა, ისიც - ერთი ურემი ვარდის ფასად (ზოგი ორ ურემს ამბობდა, ზოგი - ხუთს და ზოგიც - ათს, იქნებ სულაც არავითარი ურემი არ ყოფილა - თბილისი ხომ იყო და დარჩება ჭორებისა და ლეგენდების ქალაქად)!

იქნებ ის "კეთილისმყოფელები" ელანდებოდა, რომლებიც "ცხოვრებას ასწავლიდნენ" ხოლმე, თუმცა ამასაც არ სჯერდებოდნენ და ხატვისას კარნახობდნენ - აქ ხე მიახატე, იქ - კურდღელიო? შესაძლოა, ისევ იმ სამოვარს ნატრობდა, თბილისელ მხატვრებს რომ სთავაზობდა - ავაშენოთ სახლი ქალაქის შუაში, ყველა რომ ადვილად მივიდეთ, დავდგათ სამოვარი, ვსვათ ჩაი და ხელოვნებაზე ვისაუბროთო...

თუმცა, რას ვამბობთ! სიკვდილისწინა ფიქრები კი არა,

მისი საფლავიც არ ვიცით ქართველებმა ჩვენდა სამარცხვინოდ და ეს სულაც არ არის იმ "არეული დროის" ბრალი, ეს მხოლოდ ჩვენი უმადურობის შედეგია!

KvirisPalitra.Geროგორც რეზო ესაძის ბრწყინვალე ფილმშია: ჩვენში ასეა მიღებული - ჯერ გავაგდებთ და მერე ვეძებთო, უცხოელს რომ ეუბნება აქაური.

კი, მერე გვრცხვენია ხოლმე - მერე ის კიბისქვეშა სათავსიც მის მუზეუმად ვაქციეთ და ქუჩასაც მისი სახელი ვუწოდეთ, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვთქვით ყველაფერი:

იმ "სორო-მუზეუმს" ეწერა (ალბათ, ახლაც აწერია), აქ გაატარა უკანასკნელი დღეებიო, არადა, იქაც არ გაუტარებია - ქირის გადაუხდელობის გამო იმ ბუნაგიდანაც გამოაგდო აქაურმა, ჩვენებურმა...

ჰო, ის პირველი არ იყო - მოდილიანის ერთი ნახატი მაინც რომ გაეყიდა იმ ფასის მეათედად, რაც მისი სიკვდილისთანავე დაედო, კიდევ დიდხანს იცოცხლებდა;

ვან გოგს რომ სცოდნოდა, როგორ დაფასდებოდა მისი გენია, კიდევ ერთხელ "გაგიჟდებოდა"...

მაგრამ მაინც - ფიროსმანი სხვა იყო: მას ტილო ენატრებოდა და მუშამბაზე ხატავდა (ამიტომ ჩვენი სპეციალისტები ახლა საგონებელში არიან - როგორ გადაარჩინონ შედევრები);

ის ორ ნახატში იმდენ ფულს იღებდა, იმით მხოლოდ ერთი ნახატის სამყოფ საღებავს ყიდულობდა;

KvirisPalitra.Geის დაცინვასაც და მძიმე პირობებსაც საოცარი ღირსებით იტანდა და რაც მთავარია - ამ ყველაფრის გამო გაცილებით ნაკლები შექმნა, ვიდრე შეეძლო...

მეორე მხრივ, ალბათ, განგებამ ინება, რომ ასე ყოფილიყო - მას ხომ სიცოცხლეშიც ვერ პოულობდნენ ხოლმე, თუკი თვითონ არ გამოჩნდებოდა.

თბილისის მხატვართა გაერთიანების ოქმში წერია, რომ კომისია გამოუყვიათ მის მოსაძებნად მაშინ ჯერ კიდევ არც ისე დიდ ქალაქში და ჩვენც, მისი საფლავის უქონლობის გამო,

ამ "იდუმალების აუცილებლობით" გავიმართლოთ თავი, თანაც ახალი ალბომი გადავშალოთ, ვისიამოვნოთ და ვიამაყოთ -

მსოფლიოს ვერც ერთ შედევრზე ვერ ნახავთ ისეთ კეთილ ლომს, სუფთა ღორს, ლმობიერ ყაჩაღსა თუ დარდიან ჟირაფს, როგორსაც ფიროსმანის ქმნილებებში,

რადგან ის თვითონ იყო ასეთი: კეთილი, სუფთა, ლმობიერი, დარდიანი და... გენიალური.

ზვიად გურული