"შვილის ნორმალურად აღზრდა დიდ დროს მოითხოვს. ამიტომ, ვერ მივყრი ყველაფერს და ვერ წავალ სადმე..." - კვირის პალიტრა

"შვილის ნორმალურად აღზრდა დიდ დროს მოითხოვს. ამიტომ, ვერ მივყრი ყველაფერს და ვერ წავალ სადმე..."

ემინემის, 50cent-ის, DR.Dre-ს და სხვა ცნობილი ვარსკვლავების პროდიუსერი და კომპოზიტორი კალიფორნიიდან - ტომი კოსტერი ქეთი ფარესაშვილით თბილისში ყოფნისას, ჯაზფესტივალზე მისი მოსმენის შემდეგ დაინტერესდა და თანამშრომლობა შესთავაზა. სამბასა და ჯაზის მომღერალი ამჟამად ალბომისთვის ახალ სიმღერებს წერს, კონცერტისთვისაც ემზადება და ზაფხულში, ტომი კოსტერის საქართველოში კვლავ ჩამოსვლის შემდეგ, ბევრი საინტერესო გეგმაც აქვს.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"ტომი კოსტერი თანამშრომლობს ჩემთან, რამდენიმე ქართული სიმღერის ვერსია შევარჩიეთ და გვინდა, სინთეზი გაკეთდეს, ქართული ელემენტები ჩაიქსოვოს ჯაზში, ინტერნაციონალური სიმღერა გამოვიდეს. ხანგრძლივი გეგმა გვაქვს, მიმოსვლა გვექნება და ამავე დროს, გვინდა დავეხმაროთ მუსიკოსებს, ნიჭიერ ადამიანებს, რომ საკუთარი თავის რეალიზაცია საზღვრებს გარეთაც, პირველ რიგში, აშშ-ში შეძლონ.

მე ხომ ოჯახი მაქვს, ამიტომ ოჯახისა და კარიერის შეთავსება, შვილის ნორმალურად აღზრდა და სათანადო ყურადღების მიქცევა, დიდ დროს მოითხოვს. ამიტომ, ვერ მივყრი ყველაფერს და ვერ წავალ სადმე..."

"თავის მოვლა ადამიანის შინაგანი თვისებაა. პირველ რიგში, მშვიდად და წყნარად უნდა იყო, ნეგატიურად არაფერზე რეაგირებდე, ბალანსი დაიცვა, ასევე, კვებას მიაქციო ყურადღება. ხილი აუცილებელია, ბოსტნეული, წყალი. ალკოჰოლი არ არის სასურველი. შვიდი წლის განმავლობაში იოგით აქტიურად ვიყავი დაკავებული. ძვირიანი კრემები არასდროს გამომიყენებია. წყალს ვიღებ საჭირო რაოდენობით..."

"წარსულს არ უნდა მისტიროდე ადამიანი, პირიქით, აწმყოს შეხედე დადებითად და დაინახავ, რამდენად კარგია დღევანდელი დღე. უნიკალური ეპოქაა. იმდენი საშუალებაა, აღარ იცი, რა აირჩიო. ტექნიკური თვალსაზრისით ხომ საერთოდ: თითს აჭერ და სამყაროს უკავშირდები. ეს არ არის "ჯადოსნური ჯოხი" (იცინის)?.."

"ჩემი შვილი უკვე 13 წლისაა, სკოლის მოსწავლეა. რაგბის თამაშობს. ადვილად დაეუფლა, მაგალითად, ვიოლინოს. აიღო და უკრავს. მასწავლებელი სახლში დადის პერიოდულად. ვმეგობრობთ, ყველგან ერთად დავდივართ, განსაკუთრებით, ზაფხულში, ერთად ვისვენებთ, ვსეირნობთ, კარგი კომპანიონია, კარგი მეგობრობა იცის. ჩემი მეუღლე ექიმია, ონკოლოგი... დედაჩემის ექიმი იყო და ასე გავიცანით ერთმანეთი..."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 13 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.

თამთა დადეშელი