"16 წლისა ვიყავი, როცა ერთმა ბიჭმა დადიანის ქუჩიდან მაწყენინა. გავედი "ბირჟაზე" და... " - ძველთბილისური ამბები...
"16 წლისა ვიყავი, როცა ერთმა ბიჭმა დადიანის ქუჩიდან მაწყენინა. გავედი "ბირჟაზე" და... " - ძველთბილისური ამბები...
ფოტო:ხოსე მაჯინერე, შურა (ვლადიმერ) ჯარიაშვილი
თბილისის ძველი უბნები გამორჩეულია თავისი არქიტექტურით, ლამაზი შენობებითა და ამბებით, რომლებიც არ დაძველდება, რადგან ისინი ჩვენი ქალაქის ისტორიის ნაწილია. საინტერესოა ძველ თბილისურ სახლებში მცხოვრები ადამიანების მონაყოლი წარსულსა და დღევანდელობაზე. ამჯერად სოლოლაკში დაბადებული და გაზრდილი, 80 წელს მიტანებული შურა ჯარიაშვილის და ამ უბანზე შეყვარებული ხოსე მაჯინერეს (გია ალავიძე) ნაამბობს შემოგთავაზებთ.

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

შურა (ვლადიმერ) ჯარიაშვილი:
"ჩემი უბანი ბავშვობაში მიყვარდა თუ არა, ამაზე არ მიფიქრია, უბრალოდ, ამ
უბნის შვილები ვიყავით და თავს ჰარმონიულად ვგრძნობდით. სიყვარული მერე, ბუნებრივად მოვიდა. ჩვენს ქუჩაზე (დღეს ლადო ასათიანის სახელი ჰქვია), სამი საშუალო და ორი მუსიკალური სკოლა არსებობდა, ბევრი ბავშვი ვიყავით. მე-5 კლასამდე მუსიკაზე დავდიოდი, მაგრამ მრცხვენოდა. ქუჩის ბიჭები ნოტების "პაპკით" ხელში ვისაც დაინახავდნენ, ასე გვეძახდნენ: ვაა, ჩაიკოვსკი,
ბეთჰოვენო..."


"16 წლისა ვიყავი, როცა ერთმა ბიჭმა დადიანის ქუჩიდან მაწყენინა. გავედი "ბირჟაზე". ერთ-ერთმა მკითხა, რა მოგივიდაო? ვუთხარი. "ბირჟის" ბიჭებიდან ალბათ, ოცი კაცი მაინც წამოვიდა და ჩავედით გუდიაშვილის მოედანზე. მადლობა ღმერთს, დაძაბული სიტუაცია დიდ ჩხუბში არ გადაიზარდა. არც ისინი იყვნენ ჩვენზე ნაკლები ბიჭები..."

"ჯერ, აუცილებლად გიჟი უნდა ჰყოლოდა უბანს, ახლა მგონი ყველა გაგიჟდა... მაშინ იყო რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც ქცევით იყვნენ სხვანაირი ტიპები, გონებით კი არა. ჩვენი მეზობელი იყო საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, მოჭიდავე ნერსეს აკოფოვი. მან ბევრი ჩემპიონი აღზარდა, საკმარისია რომან რურუა დავასახელო. ნერსესი ბოლო წლებში მარტო ცხოვრობდა და მისი მოწაფე-მოჭიდავეები ხშირად აკითხავდნენ..."

"რუბიკა კარგი იუველირი იყო. მოპირდაპირე სახლში მეან-გინეკოლოგი და მეცნიერი პლატონ შუშანია ცხოვრობდა. სხვათა შორის, ბატონი პლატონი იოსებ ჟორდანიასთან ერთად იჯდა იმ თვითმფრინავში, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, რა დროსაც ჟორდანია დაიღუპა. ერთხელ ბატონი პლატონი მიესალმა რუბიკას და მოიკითხა, როგორა ხარო? იმან უპასუხა: კარგად ვარ, მარა ცხოვრებაში ერთი რამ ვერ გავიგე. თქვენ გინეკოლოგი ბრძანდებით, დღე და ღამე "იქა" გაქვთ საქმე და კარგად ცხოვრობთ, მე კი დღე და ღამე ოქროსთან მაქვს საქმე და ღარიბულად ვარო (იცინის)..."

ხოსე მაჯინერე:

"სოლოლაკის მიმართ ისეთი უზომო სიყვარული მაქვს, რომ ზოგჯერ ცოცხალი არსება მგონია. დავდივარ და მოხიბლული ვარ ამ უბნის არქიტექტურით... მოსწავლეები მიმყავს გადაღებებზე. ერთხელ გოგონამ მითხრა: ხოსე, აქამდე რომ დავდიოდი, ზემოთ არც ვიყურებოდი, ახლა კი შენობებს ვათვალიერებ და ყველაფერს ვაკვირდებიო. სასიამოვნოა, როცა ადამიანს მაღლა აახედებ!.."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 13 თებერვლის ნომერში წაიკითხავთ.


ნანული ზოტიკიშვილი
გიგა
17 თებერვალი 2020 08:24
სოლოლაკის სიყვარული მთელი ცხოვრებაა მომყვება 39-ე სკოლა, მახარაძის ქუჩა, მაჩაბელი, ლერმონტოვი, ხელოვნების მუშაკთა სახლის სკვერი, კინო, მზესუმზირას გამყიდველი ქურთი ოჯახი და მრავალი სხვა კიდევ, მოკლედ ყველაფერი ისტორიაა უკვე ჩვენს მოგონებებში თუ აღდგება ის დრო ურიერთობა სიყვარული, ნაცნობი სახეები. სამწუხაროა რომ ბოლო ხანებში დაამახინჯეს და გაავერანეს ეს ყველაფერი ბოტანიკური ბაღიდან დაწყებული კომკავშირის ხეივნით დამთავრებული ახალი უგემოვნო და არქიტექტურულად აბსოლიტურად შეუსაბამო ნაგებობებით.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები