"16 წლისა ვიყავი, როცა ერთმა ბიჭმა დადიანის ქუჩიდან მაწყენინა. გავედი "ბირჟაზე" და... " - ძველთბილისური ამბები... - კვირის პალიტრა

"16 წლისა ვიყავი, როცა ერთმა ბიჭმა დადიანის ქუჩიდან მაწყენინა. გავედი "ბირჟაზე" და... " - ძველთბილისური ამბები...

თბილისის ძველი უბნები გამორჩეულია თავისი არქიტექტურით, ლამაზი შენობებითა და ამბებით, რომლებიც არ დაძველდება, რადგან ისინი ჩვენი ქალაქის ისტორიის ნაწილია. საინტერესოა ძველ თბილისურ სახლებში მცხოვრები ადამიანების მონაყოლი წარსულსა და დღევანდელობაზე. ამჯერად სოლოლაკში დაბადებული და გაზრდილი, 80 წელს მიტანებული შურა ჯარიაშვილის და ამ უბანზე შეყვარებული ხოსე მაჯინერეს (გია ალავიძე) ნაამბობს შემოგთავაზებთ.

შურა (ვლადიმერ) ჯარიაშვილი:

- ბაბუა დედის მხრიდან, სოლოლაკში საცხოვრებლად 1922 წელს გადმოვიდა. მას დედაჩემის ჩათვლით, ოთხი ქალიშვილი ჰყავდა. დედამ და მამამ, რომელიც პატარძეულიდან ჩამოვიდა, ერთმანეთი თბილისის ელექტროტექნიკუმში სწავლის დროს გაიცნეს და დაქორწინდნენ. ჯერ ჩემი და დაიბადა, მერე - მე. ჩემი უბანი ბავშვობაში მიყვარდა თუ არა, ამაზე არ მიფიქრია, უბრალოდ, ამ უბნის შვილები ვიყავით და თავს ჰარმონიულად ვგრძნობდით. სიყვარული მერე, ბუნებრივად მოვიდა. ჩვენს ქუჩაზე (დღეს ლადო ასათიანის სახელი ჰქვია), სამი საშუალო და ორი მუსიკალური სკოლა არსებობდა, ბევრი ბავშვი ვიყავით. მე-5 კლასამდე მუსიკაზე დავდიოდი, მაგრამ მრცხვენოდა. ქუჩის ბიჭები ნოტების "პაპკით" ხელში ვისაც დაინახავდნენ, ასე გვეძახდნენ: ვაა, ჩაიკოვსკი, ბეთჰოვენო...

16 წლისა ვიყავი, როცა ერთმა ბიჭმა დადიანის ქუჩიდან მაწყენინა. გავედი "ბირჟაზე". ერთ-ერთმა მკითხა, რა მოგივიდაო? ვუთხარი. "ბირჟის" ბიჭებიდან ალბათ, ოცი კაცი მაინც წამოვიდა და ჩავედით გუდიაშვილის მოედანზე. მადლობა ღმერთს, დაძაბული სიტუაცია დიდ ჩხუბში არ გადაიზარდა. არც ისინი იყვნენ ჩვენზე ნაკლები ბიჭები და ყველანი თბილისელები ვიყავით. ეს იყო პირველი და უკანასკნელი შემთხვევა, როცა ასე მოვიქეცი. მაშინ მივხვდი, რომ ასეთ დროს სხვას არ უნდა სთხოვო დახმარება.

- მეზობლები გაიხსენეთ...

- უბანი იყო კოლაჟი - თავისი მრავალფეროვანი მოსახლეობით. ჯერ, აუცილებლად გიჟი უნდა ჰყოლოდა უბანს, ახლა მგონი ყველა გაგიჟდა... მაშინ იყო რამდენიმე ახალგაზრდა, რომლებიც ქცევით იყვნენ სხვანაირი ტიპები, გონებით კი არა. ჩვენი მეზობელი იყო საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი, მოჭიდავე ნერსეს აკოფოვი. მან ბევრი ჩემპიონი აღზარდა, საკმარისია რომან რურუა დავასახელო. ნერსესი ბოლო წლებში მარტო ცხოვრობდა და მისი მოწაფე-მოჭიდავეები ხშირად აკითხავდნენ (რურუაც მოდიოდა).

რუბიკა კარგი იუველირი იყო. მოპირდაპირე სახლში მეან-გინეკოლოგი და მეცნიერი პლატონ შუშანია ცხოვრობდა. სხვათა შორის, ბატონი პლატონი იოსებ ჟორდანიასთან ერთად იჯდა იმ თვითმფრინავში, რომელმაც ავიაკატასტროფა განიცადა, რა დროსაც ჟორდანია დაიღუპა. ერთხელ ბატონი პლატონი მიესალმა რუბიკას და მოიკითხა, როგორა ხარო? იმან უპასუხა: კარგად ვარ, მარა ცხოვრებაში ერთი რამ ვერ გავიგე. თქვენ გინეკოლოგი ბრძანდებით, დღე და ღამე "იქა" გაქვთ საქმე და კარგად ცხოვრობთ, მე კი დღე და ღამე ოქროსთან მაქვს საქმე და ღარიბულად ვარო (იცინის). პლატონმა გაიცინა და რა ქნა? მეორე დღეს რუბიკა გვიყვება: ვზივარ სამსახურში. შემოდის ორი კაცი, ობეხეესი მეგონა და შემეშინდა, ვაიმე, არ დამიჭირონ-მეთქი. კითხულობენ, რომელია რუბენ აქობოვიო? ჩამსვეს მანქანაში და რესტორანში წამიყვანეს, სადაც მთელი პროფესურას მოეყარა თავი. აი, ეს არის ჩემი რუბიკაო, - ბრძანა ბატონმა პლატონმა და წავიდა ქეიფი.

რუბიკამ მანქანა იყიდა და ერთ დღესაც, გმირთა მოედანზე ვიღაცას დაეჯახა. გადმოვიდა სოლიდური კაცი და ეუბნება: შენ იცი, ვის დაარტყი? იურისტი ვარო. ამანაც არ მისცა "ზადნი" - შენ თუ იურისტი ხარ, მე იუველირისტი ვარო!.. ყველა ეზოში იყვნენ ასეთი არაჩვეულებრივი პერსონაჟები, ისე ჩხუბებიც იყო ხოლმე - ეს ჩემი სარეცხის თოკია, არა ჩემი... მერე შერიგდებოდნენ.

- უბანში სეირნობა თუ გიყვართ და გამორჩეული ადგილები გაქვთ? - მთელი უბანი მიყვარს, ამოჩემებული ადგილი არ მაქვს. ბოლო წლებია, რაც სოლოლაკში ვაკვირდები ბარელიეფებს, გორელიეფებს, აივნებს. რამდენჯერ მითქვამს: "დედა, ეს რა სილამაზეა!" ახლა ვიწყებ ბევრი რამის აღმოჩენას. ყველა შენობა თავისებურია და თან, თითოეული ჩემს მეგობრებთან ან ნაცნობებთანაა დაკავშირებული. გავივლი და გამახსენდება - აქ ის ცხოვრობდა, იქ ღია ფანჯრებიდან როიალზე დაკვრის ხმა გამოდიოდა, ამ სახლში ქეიფობდნენ ხშირად, იქით ვიღაც ბებია მზესუმზირას ისეთი ჭიქით ყიდდა, ბევრი რომ გეგონა, მაგრამ ჯიბეში ერთი ბეწო ჩანდა... ყველა კოლორიტი იყო.

- რა შეიცვალა და რაზე გწყდებათ გული? - ახლა აბსოლუტურად შეიცვალა სიტუაცია და ხალხიც. ჩემი ეზოც დაცარიელდა, ადრე საფუტკრესავით იყო და ერთი დიდი ოჯახივით ვცხოვრობდით. სახლი სახლია, მაგრამ უბანს მაინც ხალხი ამშვენიერებდა. ერთი თემა მინდა წამოვწიო. ბოტანიკური ბაღის გვირაბი ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიამ გაჭრა მოსახლეობისთვის. არც ბოლშევიკებს და არც კომუნისტებს არ დაუკეტავთ, ახლა კი დემოკრატებმა და ლიბერალებმა დაკეტეს. მთელი უბანი იქ გაიზარდა, ახალგაზრდები ვარჯიშობდნენ, ქალები ბავშვებით მოდიოდნენ, ბებიები შვილიშვილებთან ერთად სეირნობდნენ. იყოს გვირაბი ღია, რა, ამ საკითხს ტაბუ ადევს? მინდა მოვეფერო ჩემს ქალაქს და ვუთხრა მოსახლეობას, რომ გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ თბილისს!

ხოსე მაჯინერე თბილისსა და განსაკუთრებით სოლოლაკზე შეყვარებული ადამიანია. მან არაერთი დოკუმენტური ფილმი გადაიღო, საიდანაც მაყურებელი ბევრ საინტერესო ამბავს ეცნობა. იგი გახლავთ თბილისურ სახლებზე გადაღებული სერიის ავტორიც. მისი ფილმების გმირები ყველასთვის ნაცნობი და შინაური ადამიანები ხდებიან.

- კინო ბავშვობიდან მიყვარდა. მოზრდილ ასაკში თბილისის სიყვარული განსაკუთრებულად ჩაისახა და მივხვდი, რომ ამ ქალაქისთვის რაღაც უნდა გამეკეთებინა. პლეხანოვზე გავიზარდე და თავიდან, როცა ფილმის გადაღება დავაპირე, "მსახიობებს" უბანში ვიყვანდი. რა თქმა უნდა, თანხები არ მქონდა. ტიპაჟი რომ მომეწონებოდა, ფილმში მონაწილეობაზე ვუთანხმდებოდი და ასე ხათრით, მთელი უბანი მყავს გადაღებული. ჩემი ფილმები თბილისისთვის ერთგვარი სიყვარულის ახსნაა.

- განსაკუთრებულად სოლოლაკი გიყვართ...

- სოლოლაკის მიმართ ისეთი უზომო სიყვარული მაქვს, რომ ზოგჯერ ცოცხალი არსება მგონია. დავდივარ და მოხიბლული ვარ ამ უბნის არქიტექტურით... მოსწავლეები მიმყავს გადაღებებზე. ერთხელ გოგონამ მითხრა: ხოსე, აქამდე რომ დავდიოდი, ზემოთ არც ვიყურებოდი, ახლა კი შენობებს ვათვალიერებ და ყველაფერს ვაკვირდებიო. სასიამოვნოა, როცა ადამიანს მაღლა აახედებ!

- კარგად ნაცნობ ადგილზე, რაღაც ახალი აღმოგიჩენიათ?

- თბილისი იმდენად ამოუწურავი თემაა, რომ ფაქტობრივად ყოველდღე ახლიდან ვსწავლობ შენობებს, ადამიანებს... რაც ყველაზე მთავარია, შევამჩნიე, რომ თითოეულ სახლს თავისი სული აქვს. მინდა ასეთი ფილმი გავაკეთო: სახლი თავად "დაგველაპარაკოს", გვითხრას, რა აწუხებს და რა უხარია...

- ფილმების გმირებს გადაღების მერეც შეხვედრიხართ?

- ერთ-ერთმა გმირმა, ქალბატონმა ლულუ ბოგდანიანმა მითხრა: ამერიკაში ჩემს ახლობლებს გავუგზავნე ფილმი "ლადო ასათიანის 23". იმათ მთხოვეს, ფილმს რუსული თარგმანი რომ ჰქონდეს, კარგი იქნებაო. მისი ხათრით გავაკეთე, რუსულენოვანი ტურისტები ნახავენ და უფრო მეტს გაიგებენ თბილისზე. ფილმი ეხება ასათიანის ქუჩის 23-ში მდებარე მარქაროვების სახლს, ადრე ასე ეძახდნენ. ისინი რევოლუციამდე ნავთობმაგნატები იყვნენ. ფილმში ორი გმირის, ამ სახლში მცხოვრები სომეხი ლულუსა და ქართველი შორენას (მცხობელად მუშაობს) მეგობრობაა ასახული.

- თქვენი ერთ-ერთი ფილმია "სახლი მთაწმინდაზე", სადაც ცნობილი კომპოზიტორი მიქაელ ტარივერდიევი ცხოვრობდა.

- ფილმში მეგზურობას იქაური მობინადრე გია აბაზაძე გვიწევს. მისი დახმარებით საოცარ გარემოში ვიმოგზაურეთ. გამოყენებულია ტარივერდიევის წიგნიდან მოგონებები, სადაც თბილისის მიმართ იმხელა სიყვარულს ამჟღავნებს, რომ გამიკვირდა კიდეც. მიქაელის ბავშვობის დროინდელი ჩართვებისთვის, ფილმში პატარა ბავშვის აყვანა მინდოდა. ჩემს ნათესავს, 9 წლის გუგა ალავიძეს დავაკვირდი, რომელიც მივამსგავსე კომპოზიტორს და გადასაღებად წავიყვანე. სხვათა შორის, გადაღების დროს ვიღაც გამოვიდა ეზოში, შეხედა ამ ბავშვს და გაკვირვებულმა ჩაილაპარაკა: როგორ ჰგავს ტარივერდიევსო, "კოპიო" აღმოჩნდა (იცინის). ფილმის რუსული ვარიანტი მოსკოვში, ტარივერდიევას ქვრივს, ვერას გავუგზავნე, რომელიც კომპოზიტორის ფონდის ხელმძღვანელია.

- და მაინც, რატომ იღებთ თბილისზე დოკუმენტურ ფილმებს?

- მთავარი კითხვა ასეთია: ძველი თბილისი სამუდამოდ წავიდა? ამ შეკითხვას ვუსვამ ფილმის გმირს დასასრულისთვის. ალბათ, თითოეული ჩვენგანი მისტირის იმ სითბოსა და სილამაზეს, რაც თბილისს გააჩნდა. სამწუხაროდ, ადამიანები და ის ურთიერთობები არ ბრუნდებიან. თბილისის თემით იმ სიმს ვეხები, რაც ყველა მგრძნობიარე და ქალაქის სიყვარულით სავსე ადამიანის გულში გადის.

ნანული ზოტიკიშვილი ჟურნალი "გზა"