"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ელოდება, რომ მარტის შუა რიცხვებიდან კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების სტაბილიზაცია მოხდება" - კვირის პალიტრა

"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ელოდება, რომ მარტის შუა რიცხვებიდან კორონავირუსის შემთხვევების გავრცელების სტაბილიზაცია მოხდება"

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში სააკორდინაციო საბჭოს შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრაზე საბჭოს წევრები ახალ კორონავირუსთან დაკავშირებულ პრევენციული ღონისძიებების გატარებაზე იმსჯელებენ.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, შეხვედრაზე ასევე იქნება სავარჯიშოები, რომელიც ჩატარდება უწყებების წარმომადგენლებისთვის.

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვრჩებით "მწვანე ზონაში", ანუ კორონავირუსის აღმოცენების რისკი ქვეყანაში დაბალია, პრევენციული ღონისძიებები გრძელდება მაღალი ინტენსივობით. მთავრობის დადგენილება ამოქმედდა იანვრის ბოლოს და მის თანახმად განისაზღვრა ყველა პასუხისმგებელი უწყება, რომელიც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში უნდა ჩაერთოს ამ ღონისძიებებში. დღევანდელი შეხვედრა არის სამაგიდო- სავარჯიშო, რომელიც ტარდება პასუხისმგებელი უწყებების წარმომადგენლებისთვის, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ გავიაროთ, როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში შემოვა სკრინინგით გამოვლენილი სავარაუდო შემთხვევევა, სად უნდა მოხდეს მისი გადამისამართება, როგორ ვიქცევით კარანტინის შემთხვევაში, როგორ უნდა მოხდეს მოსახლეობის განათლება და ყველა ის დეტალი, რაც უკავშირდება შემთხვევის მართვას. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი იმისთვის, რომ ჩვენ კოორდინირებულად და სინქრონილად ვიმოქმედოთ საერთაშორისო რეგულაციების შესაბამისად იმისთვის, რომ ქვეყანა იყოს სრულ მზადყოფნაში კირონავირუსის პრევენციისთვის",- განაცხადა გაბუნიამ.

როგორც მან აღნიშნა, "ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მოელის, რომ მარტის შუა რიცხვებიდან შემთხვევების გავრცელების სტაბილიზაცია მოხდება".

"ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყოველდღიურად იძლევა დეტალურ ინფორმაციებს. პროგნოზურად, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ელოდება, რომ მარტის შუა რიცხვებიდან შემთხვევების გავრცელების სტაბილიზაცია მოხდება. დღეს ვასრულებთ ყველა იმ პრევენციულ ღონისძიებას, რომელიც რეკომენდირებულია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ქვეყანას მოუწოდებს, რომ თავი შეიკავოს ზედმეტი მღელვარებისგან და პანიკისგან",- განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

"ინტერპრესნიუსი"