სულისშემძვრელი ლეგენდა სიყვარულის კოშკზე
სულისშემძვრელი ლეგენდა სიყვარულის კოშკზე
"სვანები ამბობენ, წლებია ასეთი მკაცრი ზამთარი არ გვახსოვსო, თუმცა უხარიათ, რადგან თოვლი თუ არ იქნება, ტურისტების ნაკადიც შემცირდება"

სვანეთში - ზღაპარში­ ცხადად მოგზაურობა მინუს 17 გრადუსამდე ყინვის ატანასაც შეგაძლებინებს... ხაიშში შევდივართ. მესამედ ვსტუმრობ აქაურობას და ყველა ამოსვლაზე ჩემი კოლეგები იმაზე კამათობენ, რამდენი გვირაბია­ მესტიამდე. ზოგი 5-ს ითვლის, ზოგიც ნაკლებს, ჩემი დათვლით კი, არც მეტი, არც ნაკლები, 10 გვირაბია... რამდენიმე წლის წინ მესტიაში მედიატურზე ჩემი კოლეგები ორსართულიანი ავტობუსით აუყვანიათ. მძღოლი პირველივე
გვირაბთან შეფიქრიანებულა, ხომ არ გავიჭედებიო? საბედნიეროდ, გაეტია, მაგრამ მერე მესტიელები დასცინოდნენ, მესტიაში ორსართულიანი ავტობუსით ამოხვედით, არადა, ჩვენზე ჰყვებით ანეკდოტებსო...

გზადაგზა ცხენზე ამხედრებული მოსა­ხლეები გვხვდებოდნენ, მათ შორის ქალებიც, საქონელს მიერეკებოდნენ. რამდენიმეს ბავშვიც ჰყავდა უკან შემოსმული. ადვილი არ არის სვანეთის მკაცრ კლიმატში ცხოვრება, მაგრამ აქაურები სიხარულით ამბობენ,
რომ მოსახლეობას მთაში დარჩენის მოტივაცია გაუჩნდა, რადგან ტურისტების რაოდენობა დღითი დღე მატულობს.

სვანები ნატრობენ, ყინვა გაძლიერდეს და თოვლმაც იმატოსო, რადგან მყინვარების დნობა აფრთხობთ. გასულ წლებთან­ შედარებით ყინულის საფარი საგრძნობლად შემცირდა. გზადაგზა რამდენიმე მდინარე შემოგვხვდა - ნავეშარი, ქიხირი, ნაკრა, დოლრა... ზოგი ნაკადულივით წვრილ ზოლად მოედინება... ყველას თავისი ისტორია აქვს. როგორც სვანები ამბობენ, მათი ნდობა­ არ შეიძლება, რადგან შეიძლება მოულოდნელად ისე გაგიჟდეს, ყველაფერი წალეკოს.

მესტიამდე რამდენიმე სოფელი გავიარეთ... ცად აზიდულ მთებში დათოვლილი წიწვოვანი ტყეები ისე მიჯრით მიწყობილან, თითქოს ერთმანეთს ამაგრებენო. თვალუწვდენელ კლდეებს შორის მაღალ თოვლში გაჭრილ საცალფეხო ბილიკებზე თავდახრით მომავალი, შუბლქვემოდან დაჟინებით მომზირალი და აუღელვებლად მოსაუბრე სვანები რაღაცნაირ მისტიკას ქმნიან.

ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ სასტუმროს ჭიშკარს მივადექით და მაშინვე მეცა კუბდარისა და თაშმიჯაბის სურნელი. შესასვლელშივე მახვშის სკამი დგას, ფაქიზად ნაკვეთი ჩუქურთმებით. მის დანახვაზე­ სულ მინდა წარმოვიდგონო, როგორ ზის მასში დარბაისელი სვანი, რომლის სიტყ­ვასაც თემსა და მთელ სვანეთში უდიდესი ძალა აქვს... მთაში მადა ძლიერდებაო და, მართალი ყოფილა, რადგან ჩემი შესაძლებლობებით თავადაც გაოცებული დავრჩი. ეს, რა თქმა უნდა, ხუმრობით.
ჰაწვალზე ასასვლელად ვემზადებით. გარეთ მინუს 14 გრადუსია. სვანები ამბობენ, წლებია ასეთი მკაცრი ზამთარი არ გვახსოვსო, თუმცა უხარიათ, რადგან თოვლი თუ არ იქნება, ტურისტების ნაკადიც შემცირდება. ჰაწვალი მესტიიდან 8 კილომეტრშია.­ ახალი საბაგიროთი დამსვენებელს შეუძლია კურორტზე 4 წუთში ავიდეს და იქიდან 7-კილომეტრიან სათხილამურო ტრასაზე­ დაეშვას. საბაგიროსთან გრძელ რიგში მოთმინებით იდგნენ უცხოელები... აქ გავიცანი მოსკოველი ლუდმილა ლინკოვაც, რომელსაც საქართველო ძალიან შეჰყვარებია. გაუსაძლის სიცივეს ძლიერი ქარიც დაემატა. აქ გამომადგა ჩემი ახალგაცნობილი რუსი, რომელმაც უეცრად უბიდან პატარა ბოთლით არაყი და მანდარინი ამოაძვრინა, თან დასძინა, "ზუგდიდურიაო"...

ერთი ჩასრიალების შემდეგ, ძალის მოსაკრებად ვჩერდები და სიცივის მიუხედავად, ხედით ვტკბები. ახალგაზრდა სვანი მეკითხება, დახმარება ხომ არ გჭირდებაო, ვისვენებ, თან ბორდის ჩამკეტმა გამიჭედა-მეთქი. არ ვიცი, რა ფოკუსი ჩაატარა, მაგრამ უცებ შეაკეთა - სვანის ხელი სჭირდებოდაო, მითხრა. უშგულში არასდროს ვყოფილვარ-მეთქი, შევჩივლე. შენ კი აქ იყინებიო, სვან­ისთვის მოულოდნელი სისხარტით წამკბინა. "სიყვარულის კოშკი" არ გინახავს?" - შეცვალა უცებ დათომ თემა (ასე გამეცნო). არა-მეთქი. ყველამ უნდა ნახოს, თუ სურს გაიგოს, როგორი სიყვარული ვიცოდით სვანებმაო.

- სვანეთში, სოფელ კალაში, კვირი­კ­ობის­ დღესასწაულზე შეხვედრიან ერთმანეთს ლეგენდის გმირები და თავდავიწყებით­ შეჰყვარებიათ ერთმანეთი. გოგოს მიაგული ერქვა და ძალიან ლამაზი იყო, იფარიდან ყოფილა,­ დედით ობოლი. სალოცავად მამას წამოუყ­ვანია. ბიჭი ადგილობრივი სოფლიდან იყო, ბეშქენ მარგველანი, კარგი გარეგნობის და ვეფხვივით ნადირობდაო. დანახვისთანავე შეჰყვარებია ულამაზესი მიაგული.­ ოღონდ ცოლი და ხუთი შვილი ჰყავდა თურმე...

- ცოლიანი იყო? - გულწრფელად გავიოცე.
- ასე ამბობენ, ერთმანეთს მდინარესთან მალულად ხვდებოდნენო. ბოლოს ქალიშვილმა დამალული სიყვარული ვერ აიტანა და მამას გამოუტყდა, ბეშქენი მიყვარსო... ბეშქენმაც ყველაფერი აღიარა, მუხლებზე დაეცა თურმე და გოგოს მამისთვის პატიება უთხოვია... ბეშქენი მიაგულის მამას არ მოუკლავს, მაგრამ ბუნებამ დასაჯა, ყინულზე ფეხი დაუცურდა და ქარაფებიდან გადაჩეხილი ენგურში ჩავარდნილა... ცოლიც ენგურში გადამხტარა. ამბობენ, ბეშქენი და მისი ცოლი კალმახებად გადაიქცნენო.

- მიაგულს რა ბედი ეწია?
- შავები ჩაუცვამს და გადარეულ ენგურში, იმ დიდ ლოდზე დამჯდარა, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ. მამამ ობლად გაზრდილი შვილი ვერ გაწირა და იმ ლოდზე კოშკი აუგო, სადაც ქალმა მთელი ცხოვრება გაატარა...
ამასობაში ჰაწვალს მივუახლოვდით.

აქ მთის კურორტების განვითარების კომპანიის მხარდაჭერით ვეტერანი მოთხილამურის, 2014 წელს ტრაგიკულად დაღუპული თეზო ჯაფარიძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ტარდებოდა.

თეზო ჯაფარიძეს სვანეთში სამთო ტურიზმის განვითარებას და ინფრასტრუქტურის მშენებლობაში დიდი წვლილი მიუძღოდა. 2007 წელს, როდესაც სვანეთში­ ერთი-ორი კაცი თუ ავიდოდა, თეზომ მეგობრებს მოსვენება არ მისცა, რეგიონს ვკარგავთ, ყველანი თბილისში ვერ ვიცხოვრებთ, რამე გავაკეთოთო და სასტუმროს მშენებლობა დაიწყეს. მალე სვანეთს მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები ესტუმრნენ­ და აქაურებს შესთავაზეს, პროექტები დაწერეთ, თუ მოგვეწონება, დავამტკიცებთო... თეზოს მეგობრებმა თეთნულდზე სათხილამურო ტრასის განვითარების პროექტზე­ იმუშავეს. ბეჩოს, ჭალაათს, ლაჰილსა და თეთნულდს ევროპის ქვეყნების სამთო კურორტებისთვის კონკურენცია უნდა გაეწია. მსოფლიო ბანკი დაინტერესდა და მშენებლობაც დაიწყო. 2009 წლის ივლისში პრეზიდენტი სააკაშვილი სვანეთში ფრანგებთან ერთად ავიდა და ხალხს დაჰპირდა, საბაგიროებს გაგიყვანთო. ეს იყო და, სექტემბრიდან ჰაწვალის საბაგიროს მშენებლობაც დაიწყო.

ცაზე ჩამოწოლილი შავი ღრუბლებიდან თეთნული ხან გამოანათებს, ხან იკარგება. ეს ის საოცარი სანახაობაა, რომელიც სიცივეს გავიწყებს. ამ მწვერვალიდან 5 საბაგირო და 30-კილომეტრიანი სათხილამურო გზაა, რომელიც ყველა კატეგორიის მოთხილამურისთვის არის გათვლილი. თუმცა დათოს რეკომენდაციას ვითვალისწინებ და ბუხართან ბალახეულის ცხელი ნაყენის დალევას ვამჯობინებ.

მეორე დღეს გავიგეთ, რომ თეთნულდზე­ ზვავი ჩამოწოლილა. სვანური მითოლოგიის ყველა გმირსა და კეთილ სულს მადლობა შევწირე, რომ მშვიდობით ჩამოვედი, თუმცა პირობაც მივეცი, რომ აუცილებლად დავბრუნდები.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები