"მიხა ხელაშვილი საგვარეულო საძვალეში უნდა დაიკრძალოს!"
"მიხა ხელაშვილი საგვარეულო საძვალეში უნდა დაიკრძალოს!"
"მიხა ხელაშვილის სიკვდილის შემდეგ ბოლშევიკებმა ხმა გაავრცელეს, თითქოს მიხა სახლის კედლებში ოქროს ინახავდა და ბოგანო ხალხმა მისი სახლი დაშალა. დღეს ასე გამოიყურება პოეტის ნასახლარი"
"მთებს შემოვხედე მაღლებსა, წვერები­ დასთეთრებია,/ ადე და, ნისლო, მთას წადი, რა თავზე მებურებია,/ ფშავისაც გადასავალი არ დამითოვო გზებია", - ამ სიტყვების ავტორის, სახალხო პოეტ მიხა ხელაშვილის სოფელს დღეს ბინდისფერი შემოსწოლია - ახადს არც გზები აქვს და სოფელიც ნასოფლარად ქცეულა. მიხას "ჩიტივით გაფრენილი სიცოცხლის" შემდეგ, მის მშობლიურ
ფშაურ სოფელს "სააქაოს დარჩენილი" და თავის დროზე, აბგით ნატარები სახსოვრად დარჩენილი ლექსებიღა ახმაურებს. როგორც თავად იწინასწარმეტყველა, პოეტის ნასახლარზე დღეს ბალახია აბიბინებული...

"მიხა ხელაშვილი თავის საგვარეულო საძვალეში უნდა დაიკრძალოს"


დიმიტრი ქართლელიშვილი, თადარიგის პოლკოვნიკი: -
2010 წელს თადარიგში გავედი და ჩემს თანამოაზრეებთან ერთად დავიწყე მოგზაურობა საქართველოს სხვადასხვა
კუთხეში. უკანა­ ფშავში გავიცანი შესანიშნავი ფშაველი­ ახალგაზრდა, გიორგი თურმანაული, რომელიც სოფელ ახადის აღდგენისთვის ხელმოწერებს აგროვებდა. გიორგი ჩვენი საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელია ფშავში. ამ სოფლიდან იყო დიდი ქართველი პოეტი მიხა ხელაშვილი. ახადი დღეს ნასოფლარია. გზა არა აქვს, არც ხიდია არაგვზე. მოსახლეობა გახიზნულია და თუ ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა, მზად არიან დასახლდნენ და სოფელზე იზრუნონ.

- მიხა ხელაშვილის სახლი კიდევ არსებობს?
- მისი სიკვდილის შემდეგ ავადსახსენებელმა ბოლშევიკებმა ხმა გაავრცელეს, თითქოს მიხა სახლის კედლებში ოქროს ინახავდა და ბოგანო ხალხმა მისი სახლი დაშალა. ბოლშევიკებმა მისი გვამი დუშ­ეთის მილიციის ეზოში დააგდეს, მიხას ერთ-ერთმა ხევსურმა მეგობარმა და პოეტის დამ გვამის ნაწილები მოიპარეს, ხურჯინით წამოიღეს და ჩარგალში, დედის საფლავზე დაფლეს.

მთავრობაში წერილი გვაქვს შეტანილი, სოფელში გზისა და ხიდის გაკეთებას ვითხოვთ. ჩვენ ჩავუდგებით სათავეში, რომ ახადში მიხას სახლ-მუზეუმი გაკეთდეს. მიხა მთელ საქართველოს ეკუთვნის და თუ ახადში გადაასვენებენ, მიხა თავის საგვარეულო საძვალეში უნდა დაიკრძალოს.

შილინდი წინაპრების მოსაგონებლად

გიორგი თურმანაული, საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი ფშავში: - საინიციატივო ჯგუფის წევრები ახადში ავდივართ ხოლმე და მიხა ხელაშვილის ნასახლარზე მიხაობას აღვნიშნავთ, ვასრულებთ შილინდს. ჩვენმა ხალხმა მთაში ნიშანში სროლა, ღაბახი, იგივე შილინდი იცის - რამდენიმე ტყვიას ისვრიან გმირი წინაპრების მოსაგონებლად. მთელი ფშავის ოცნებაა, აღდგეს მიხას ნასახლარი, პატარა სახლ-მუზეუმი გაკეთდეს და სოფელში ხალხი დაბრუნდეს.

ფშავის 17 სოფელს ნასოფლარიც აღარ ჰქვია, ატყევებულია იქაურობა. დაცული ტერიტორიაა და გზა რომ გავიდეს, ხეები უნდა დაიჭრას, ალბათ, ამიტომაც იხევენ უკან. იმედია, მიხას გამო მაინც მიაქცევენ ამ ნასოფლარს ყურადღებას. მჯერა, რომ ახადის გამოღვიძებით უკანა ფშავიც განვითარდება, ვინაიდან მას დიდი პოტენციალი აქვს - იქ ულამაზესი ბუნება და ტბებია, სათხილამურო ტრასების გაკეთებაც შეიძლება და იქაურობა ტურისტულ ზონად გადაიქცევა.

"ფშავის აღორძინება ახადიდან უნდა დავიწყოთ"


დიმიტრი ქართლელიშვილი:
- პრემიერ-მინისტრის სახელზე შევიტანეთ წერილი, მაგრამ არავინ მოგვაქცია ყურადღება. საინიციატივო ჯგუფის ახალგაზრდებმა პირობა დადეს, რამდენი ხეც მოიჭრება, ათ იმდენს დავრგავთო. ჩვენ შევხვდით ყოფილ ახადელებს რუსთავში, ახმეტაში და გასაკვირია, რომ ახალგაზრდები უფრო მონდომებული არიან სოფელში დასაბრუნებლად. საინიციატივო ჯგუფში გვყავს ორი ფშაველი ძმა - კახა და ვაჟა წითელაურები. კახას 6 შვილი ჰყავს და ამბობს, ჩემი შვილები ფშავში უნდა დავასახლოო. ახადელი ხევისბერი ლევან გორელაშვილი ხშირად გვაძლევს სასარგებლო რჩევა-დარიგებებს. ფშავის აღორძინება ახადიდან უნდა დავიწყოთ. გვჯერა, საწადელს მივაღწევთ და ეს ულამაზესი სოფელი და მხარეც ახმიანდება.

სახალხო პოეტი თავის დაბადების დღეს ძილში მოკლეს


მიხა ხელაშვილი 1900 წელს უკანა ფშავის შესანიშნავ სოფელ ახადში დაიბადა.­ წერა-კითხვას თამარღელეს სალოცავში სწავლობდა, შემდეგ მცხეთის სასულიერო სასწავლებელშიც გაატარა რამდენიმე წელი, იყო მედავითნე და დიაკვანი ბარისახოში. 1920 წელს მიხა ფშავში დაბრუნდა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაება, იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმის აქტიური წევრი. როცა ქაქუცა საზღვარგარეთ წავიდა, მიხა არ გაჰყვა. მიხას მეგობრები­ ლევან გარსევანიშვილი, ლუკა მარცვალაშვილი და ვახტანგ რაზიკაშვილი ხელისუფლებამ მოისყიდა და 1925 წლის 25 იანვარს (მიხას დაბადების დღეს), როდესაც მიხა ჩარგალში სტუმრობდა, სახალხო პოეტი ძილში მოკლეს. მიხა ხელაშვილის ლექსები თაობიდან თაობაში ისე გადადიოდა, როგორც ხალხური სიტყვიერების ნიმუშები. საბჭოთა პერიოდში მისი ლექსები ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის მითითების გარეშე იბეჭდებოდა.

მოვა სიკვდილი უჩინო


წარმავალია ნათელი, სულ მოსაჩვენრად ბრწყინდება,/ბინდისფერია სოფელი, უფრო და უფრო ბინდდება,/რა არი ჩვენი სიცოცხლე, ჩიტივით გაგვიფრინდება,/ჩვენს ნასახლარზეც ოდესმე ბალახი აბიბინდება./იმასაც მოკლედ უვლია, გრძლად ვინც გვეგონა იარა./შუქს ბნელი შესჭამს, ვარდს - ჭია, კაცის გულს - ჯავრის იარა,/მოვა სიკვდილი უჩინო, ერთ წამში აგყრის იარაღს;/ჩვენ რას წავიღებთ ამ სოფლით, სხვას არა წაუღია რა.
მიხა ხელაშვილი
....
21 თებერვალი 2020 14:54
გიორგი თურმანაული საუკეთესო ადამიანი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები