"შესაძლოა, ჩემი პოზიცია წამგებიანი იყოს, მაგრამ სადღეგრძელოებით ქვეყანა­ არ შენდება"
"შესაძლოა, ჩემი პოზიცია წამგებიანი იყოს, მაგრამ სადღეგრძელოებით ქვეყანა­ არ შენდება"
ფოტო:ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი
"არაერთი ენა მისწავლია, მაგრამ ქართულმა მიწასთან გამასწორა!"

ბრიტანელმა "ქართველმა" ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა ქართველ საზოგადოებას საინტერესო საქმიანობით უკვე კარგა ხანია, თავი გააცნო. ამჯერად გადაწყვიტა,­ პოლიტიკურ გუნდ "ლელოს" სახელით 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებშიც იბრძოლოს.

- 2017 წელს საკრებულოს არჩევნებში­ მონაწილეობამ მასწავლა, რომ ჩვენს ქვეყანაში სტერეოტიპების მსხვრევა შესაძლებელია. საქართველოში დამკვიდრებული შეხედულებით, წარმატების შანსი გაქვს იმ უბანში, რეგიონში ან ქალაქში, სადაც დაიბადე და გაიზარდე, ან ნათესავ-ნაცნობები გყავს, მე კი მინდოდა, სრულიად უცხო, თანაც არაქართული
წარმოშობის, ბუნებით ქართველ ადამიანს აქაურთა ნდობა დამემსახურებინა, რაც გამომივიდა კიდეც. ბრიტანეთში ვიდრე პოლიტიკოსი ხალხს მიმართავს, ჯერ სწავლობს სეგმენტს, ვის ესა­უბრება. აქ პარტიების სამიზნე ქართველი ერი ან მასაა, რაც სწორი არ არის.

2017 წელს დაპირებებს კი არა, ღირებულებებს მივაქციე ყურადღება­, რადგან ვიცოდი, ამომრჩეველი ყალბი დაპირებებით გადაღლილი
იყო.

- ერთადერთი ადამიანი იყავით, ვინც არჩევნების შემდეგ თავისი პლაკატები თვითონ ჩამოხსნა.
- დიახ, და გამიკვირდა, რომ ეს ხალხმა­ აღნიშნა... ნიუსიც კი გააკეთეს, მარნეულის მერმა ჯოზეფ ალექსანდერ სმიტს მიჰბაძაო... ანუ მასაც ჩამოუხსნია პლაკატები. ამდენი წელი ვიცხოვრე საქართველოში და არის რაღაცები, რასაც გვიან ვამჩნევ. ჩემი პლაკატებით ქალაქის იერსახე დავამახინჯე და სხვანაირად როგორ უნდა მოვქცეულიყავი?!

- რატომ აირჩიეთ "ლელო?"
- იმიტომ, რომ ქართულ პოლიტიკურ­ სივრცეში დამოუკიდებელი, ასე ვთქვათ, მარტოხელა პოლიტიკოსებისთვის სამოქმედო არეალი და რესურსი ძალიან შეზღუდულია, გჭირდება სხვა ადამიანები, თანაგუნდელები, ვისთან ერთადაც იმუშავებ... აქამდე ჩემი პერსონა და იმიჯი თვითონ შევქმენი, თუმცა, როცა სხვა გუნდთან ერთად მუშაობ, რაღაცების დათმობა გიწევს.

- ახლა რის დათმობა გიწევთ?
- რასაც ახლა მამუკა ხაზარაძეზე ან ბადრი ჯაფარიძეზე ამბობენ, ჩემზეც აისახება. ადამიანები მწერენ ან პირდაპირ მეუბნებიან, რა გინდა მათთანო. სიმართლე გითხრა, "ლელოს" თავიდან მეც სკეპტიკურად­ ვუყუ­რებდი, გვჭირდება თუ არა კიდევ ერთი ბიზნესმენი და ბანკირი ქართულ პოლიტიკაში-მეთქი?! მერე დავიწყეთ დიალოგი­ და ჩემს მეგობრებთან, გრიგოლ გეგელიასა და ირაკლი კუპრაძესთან ერთად შევუერთდი მათ. ჩემი პოლიტიკური მრწამსი მემარცხენე ცენტრისტულია და მათთან პოზიციების გარკვევა დამჭირდა, მაგრამ მამუკა ხაზარაძესთან საკვანძო საკითხებზე შეთანხმებას მივაღწიე. ამასთან, აქ ბევრი რამ ინიციატივაზეა დამოკიდებული. ახალი სახეები ჰყავთ.

ვაპირებ, ისევ საბურთალოს წარმომადგენელი ვიყო. ადგილობრივი ორგანიზაციისა და ცენტრის დამაკავშირებელი რგოლი ვიქნები.­ ჩემი თემაა სოფლის მეურნეობა, გარემო, ეკოლოგია, ასევე შრომითი უფლებები. სულ რაღაცას გვპირდებიან, მაგრამ არაფერი იცვლება. რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთი მუშა ჩამოვარდა მშენებლობიდან, მეორე სიკვდ­ილს­ ებრძვის. ცოტა ხანს გვახსოვს, მერე გვავიწყდება... ეს ყოველდღიური სტრესია, რომელიც გვხუთავს და ნორმალური ცხოვრების საშუალებას არ გვაძლევს, რადგან არ გვყავს ძალა, რომელიც ასეთ პრობლემებს მიხედავს.

მთელი ცხოვრება დილის 5 საათზე ვიღვიძებდი და ველოსიპედით ვსეირნობდი.­ ეს წინა დღის გააზრებაში მეხმარება. ერთ­ხანს ამას თბილისშიც ვაკეთებდი, ოღონდ მაშინ­ ისეთ ადგილას ვცხოვრობდი, რომელიც­ მანქანების სიმრავლით არ გამოირჩევა. მერე მისამართი შევიცვალე და ასე ვეღარ­ დავდივარ, უსაფრთხო არ არის. ვიღაც მეტყვის, ეს ზღვაში წვეთია იმ პრობლემებთან შედარებით, რაც ქალაქში გვაქვსო, მაგრამ ვუპასუხებ, რომ ეს არის ქვეყანა, რომელიც მინიმალურ სტანდარტებს­ ვერ აკმაყოფილებს, არადა, ამის მოგვარება იოლია.

- მოსახლეობის ნაწილს "ლელოს" დამფუძნებლების მიმართ არცთუ კარგი დამოკიდებულება აქვს. ხომ არ ფიქრობთ, რომ წაგების შემთხვევაში საზოგადოებაში თქვენ მიმართ დადებითი განწყობა შეიცვლება?
- გავიგე,­ რომ ჯოზეფი "ესაყვა­რლებათ",­ მაგრამ "ლელოს" გარეშე მხოლოდ ჩემი კეთილი სურვილები არაფერია, მათ შესრულება სჭირდება. მამუკა­ ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს ან "თი­ბისის" ჩემი დაცვა არ სჭირდებათ. ნებისმიერ ქვეყანაში კრედ­იტს ეს დანიშნულება აქვს - სესხს თუ აიღებ, უნდა გადა­იხადო. ბანკები ეკონომიკის­ განვითარებისთვის აუცი­ლებელია და მოსახლეობას­ კრედიტზე ხელი უნდა მიუწვდებოდეს.
შესაძლოა, ჩემი პოზიცია წამგებიანი იყოს, მაგრამ სადღეგრძელოებით ქვეყანა­ არ შენდება. ქართულ პოლიტიკაში ყოფნა­ ადვილი­ არ არის. თუ გინდა ნამდვილი იყო, ძალ­იან რთულია, რადგან გადაღლილ და იმედდაკარგულ ადამიანებს უნდა შთა­აგონო,­ ხმა მოგცენ, რათა ერთად იპოვოთ გამოსავალი.

მედიაგარემოსაც დიდი როლი ეკისრება - უფრო ტელევიზიებს ვგულისხმობ, რომელიც არათანაბარ პირობებში აქცევს პოლიტიკოსებს. მედია აყოლილია იმ ორპოლუსიან ნარატივს, რომელსაც ხელისუფლება­ და ოპოზიცია კარნახობს. ეს მათთვის რეიტინგია, თანაც ერთი ტელ­ევიზია ერთი პარტიის მხარდამჭერია, მეორე - სხვა პოლიტიკური გუნდის ინტერესების დამცველი­. ცდილობენ, პოლიტიკოსებს შორის კინკლაობით აიმაღლონ რეიტინგი.

ამას შეაჩვიეს მოსახლეობაც. სოფელში რომ ვცხოვრობდი, არაერთხელ შემიმჩნევია, როგორ ეძებდნენ იქაურები ისეთ გადაცემას, სადაც ჩხუბი და ცემა-ტყეპა იყო... აღარაფერს ვამბობ ჟურნალისტურ კომპეტენციაზე. ასეთ დროს გამოსავალი უნდა იყოს საზოგადოებრივი მაუწყებელი, თუმცა მიზეზთა გამო მას მაღალი რეიტინგი არა აქვს, ცდილობს, ობიექტური იყოს, მაგრამ მაინც ხელისუფლების ინტერესების დამცველია. ამასობაში დრო გადის, კონკრეტულ საქმ­ეზე ყურადღების გამახვილება ვერ ხერხდება, რადგან ერთი თემიდან მეორეზე გად­ახტომით დრო და ენერგია იხარჯება. ბოლოს ვინ რჩება მოგებული, ვხედავთ.

- "ლელოს" ოპონენტები, "ოცნების" გარდა,­ "ნაციონალები" და "ევროპული საქართველოც" არიან. რა შანსი გაქვთ?
- არ მიყვარს ოპონენტების ფეხქვეშ გათელვა (ეს კარგი ქართული სიტყვა ძალიან მიყვარს და დიდხანს ვსწავლობდი), რაც ასე მიღებულია ქართულ რეალობაში.­

"ნაციონალები" და "ევროპელები", ძირით­ადად, ივანიშვილის კრიტ­ი­კას უნდებიან. აქტივისტისა­ და პოლიტ­იკოსის ფუნქციები არ აქვთ გამიჯ­ნ­ული. აქტივისტს შეუძ­ლია ხელის­უ­ფლება ლანძღოს, პოლი­ტიკოსმა­ კი "უვარგისი ხელისუფლების" საპი­რ­წონედ, ხალხს გეგმები უნდა გააცნოს.

- როგორ მოხვდით სამხრეთ კავკასიასა და კონკრეტულად - საქართველოში?
- ლონდონის ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკისმცოდნეობის უნივერსიტეტში ვმუშაობდი ბიბლიოთეკარად და ლექციებს ვკითხულობდი კვლევით მეთოდებზე. ასევე­ დაინტერესებული ვიყავი თურქული და ყოფილი საბჭოთა ენებით. ერთხელ აზერბა­იჯანის საელჩოს წარმომადგენელი გვესტ­უმრა და თომას გოლდსის წიგნი "აზერბა­იჯანული დღიურები" მოგვიტანა.­ ამავე ავტორს აქვს წიგნი საქართველოზეც და ეს გახდა ჩემთვის შთაგონების წყარო, მემ­ოგზაურა სამხრეთ კავკასიაში. 2011 წელს ბაქოში ჩავედი და იქ თვეზე მეტხანს დავ­ყავი. ძალიან მიყვარს იქაურობა, მაგრამ მივხვდი, რომ საჩემო ქვეყანა არ იყო... მერე მომინდა, საქართველოც მენახა. სამი დღით ჩამოვედი და დღემდე აქ ვარ. ბევრი რამ მომეწონა - სამზარეულოც, სუფრაც, მაგრამ მთავარი შთაბეჭდილება იყო ხალხი და ძირძველი ქვეყნის თანამედროვე სახე. მერე დავინტერესდი თქვენი ისტორიული წარსულით, პოლიტიკით. ჩემთვის უცხო და, იმავდროულად, ძალიან ახლობელი ქვეყანა იყო და ყველაფერს ვისრუტავდი.

- ოჯახის დამოკიდებულება როგორია თქვენი ქართული პოლიტიკური კარიერისადმი?
- იციან, რომ აქ დაფუძნებას ვაპირებ... უცხოეთში ქართველებთან ერთად რომ მივდივარ, უფრო ქართველად ვგრძნობ თავს.

- საქართველოში?
- აქ ბრიტანელი "ქართველი" ვარ, რადგან არ მინდა, ჩემი ქვეყნის კულტურა დავკარგო და ქართულ ყოფაშიც თუ შევძლებ რამის გადმოტანას, რატომაც არა?!

- როგორ ფიქრობთ, ჩვენ ვართ ევროპელები?
- ქართველი ერი რომ ევროპელია, თავისი ისტორიითაც დაადასტურა; ისიც კმარა, რომ ამ რთულ რეგიონში საქართველომ შეძლო და ევროპას ქრისტიანული­ რელიგიით დაუკავშირდა. რაც შეეხება დემოკრატიულობას, თუ უახლეს ისტორიას გადავხედავთ, ყველა ხელისუფლება ცდილობდა, ხალხისთვის არჩევანის უფლება წაერთმია, მოეტყუებინა, მისი უფლებები შეელახა... ქართველ საზოგადოებაში­ დიდი დისბალანსია. ვბრაზდები, როცა ამბობენ, არ ვართ ევროპელ­ებიო და არ ფიქრობენ, რა უშლით ხელს ევროპული ღირებულებების გათავისებაში, რამაც ხალხში კომპლექსიც კი გააჩინა...

ხალხს ბევრი რამისთვის ერთდროულად უწევდა ბრძოლა და ამის კვალობაზე მაინც შეინარჩუნა მთავარი ღირებულებები - ჰუმანიზმი და თავისუფლებისმოყვარეობა. ადრე ხალხს ქართული სუფრა მოჰყავდა მაგალითად, თამადა უნდა იყოს და ის რომ ლაპარაკობს, სხვები უსმენდნენო.

ვფიქრობ, სუფრის წესების გადმოტანა ქვეყნის მართვაში არც ისე გამართლებულია, თუმცა იმასაც დიდი მნიშვნელობა აქვს, ვის ვირჩევთ თამადად, ვის ვენდობით...

რამდენიმე ქვეყანაში ჩავატარეთ ფსიქოლოგიური კვლევა. დავუშვათ, ნავში ხარ რამდენიმე ადამიანთან ერთად. ვინ უნდა იყოს კაპიტანი? აფრიკაში, სადაც დემოკრატიაზე არაფერი იციან, გვიპასუხეს, რომ ჯერ გამოარკვევდნენ, ვის რა შეუძლია და საუკეთესო­ კადრს აირჩევდნენ, საქართველოში კი თით­ქმის ყველამ თქვა, რომ თვითონ იკისრებდა კაპიტნის მისიას, რადგან მხოლოდ საკუთარ თავს ვენდობიო. თითქოს ვიცნობ ქართველ ხალხს და ძალიან გამიკვირდა...

- ენა როგორ ისწავლეთ?
- არაერთი ენა მისწავლია, მაგრამ ქართულმა მიწასთან გამასწორა - ძალიან რთულია! ძველ, ხმარებიდან თითქმის­ გასულ სიტყვებს რომ ვიგებ, მაშინვე ვიწერ. ვიწერ ხმოვან შეტყობინებას, როგორ წარმოითქმის და ხშირად ვუსმენ. როდესაც ამ სიტყვებს საუბარში ვიყენებ, ჩემი ქართველი მეგობრების რეაქცია ისეთი საინტერესოა, ღირს. ამას წინათ "ლელოში" ტრენინგი გვქონდა სასამართლო რეფორმებზე. ძალიან საინტერესო თემები იყო, მაგრამ იურიდიული ტერმინოლოგია ისეთი რთული იყო, გამიჭირდა აყოლა, არადა, ჩემი მიზანია გავხდე საქართველოს პარლამენტის წევრი და იმისთვის, რომ იქ პრობლემების მოგვარების გზები დავსახო, სრულყოფილი ქართული მჭირდება. ასე რომ, ქართულ ენასა და პოლიტიკას ერთდროულად ვსწავლობ.

- ბრექსიტზეც გკითხავთ, რას მოუტანს ეს ბრიტანეთს?
- კარგს არაფერს. იქაც ბევრი რამ აირ­ია. პრემიერმა ერთი წლის წინ თქვა, შეთანხმების გარეშე არ მივიღებთ­ გასვლის გადაწყვეტილებასო, მაინც ასე მოიქცა.­ 40 ქვეყანასთან გვექნება შეთანხმება თავისუფალი ვაჭრობის შესახებო, რაც არ ჩანს.

- ერთხანს მარნეულში ცხოვრობდით...
- დიახ, თითქმის ერთი წელი. შარშან გადავწყვიტე, წავსულიყავი, იქაური კულტურის შესწავლა-პოპულარიზაცია მინდოდა. ძალიან მომწონს საზზე დაკვრა. ამასთან, მსოფლიოში აშუღური მუსიკის სულ ხუთი სკოლა არებობს: ერთი ირანშია, სამი - აზერბაიჯანში და ერთიც - საქართველოში, მარნეულში. ბევრი საინტერესო­ ადამიანი გავიცანი, განსაკუთრებით, ახალგაზრდები, რომელთაც სოციალიზაცია სჭირდებათ.

- იცნობდით სმიტებს, რომლებიც მარნე­უ­­ლში ცხოვრობდნენ და ტრაგიკული ბედი ეწიათ?
- ვიცნობდი და ძალიან ვწუხვარ იმ არაჩვეულებრივი ადამიანების გამო. მარნეულში ცხოვრობდნენ­ და ხალიჩების ბიზნესში­ იყვნენ ჩართული. რამდენიმე ათე­ული იქაურიც დაასაქმეს. რაინი 2002-2005 წლებში აზერბაიჯანში ცხოვრო­ბდა და ენაც კარგად იცოდა. მისი მეუღლე­ ლორა განათლების სამინისტროს პროექტის - "ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად"- მონაწილე იყო, მოხალისე მასწავლებლის სტატუსით მარნ­ეულის სამ საჯარო სკოლაში ინგლისურს ასწავლიდა. ახლა მათი პროექტის გაგრძელებას ჩემი ამერიკელი მეგობრები ცდილობენ­.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები