"16 წლის ვიყავი, "კვირის პალიტრა" რომ ვიყიდე და მას შემდეგ ყველა ნომერს საგულდაგულოდ ვინახავ"
"16 წლის ვიყავი, "კვირის პალიტრა" რომ ვიყიდე და მას შემდეგ ყველა ნომერს საგულდაგულოდ ვინახავ"
როგორ წარმოგიდგენიათ, იქნება თუ არა მომავლის ტექნოლოგიებში გაზეთი? აუცილებლად! მხოლოდ წიგნს ან გაზეთს შეუძლია მოვლენები არა მარტო ვიზუალურად, არამედ მატერიალურ დოკუმენტებად აქციოს. ამიტომაც საყვარელ წიგნს თუ გაზეთსაც სწორედ ისევე შეინახავენ მომავალი თაობებისთვის, როგორც დღეს "კვირის პალიტრას": ჩვენი გაზეთის ყველა ნომერს ზოგიერთი მკითხველი ათეული წლებია აგროვებს. ასეა ქუთაისში, გიორგაძეების ოჯახშიც, სადაც დავით გიორგაძე გაზეთის ყველა ეგზემპლარს 16 წელია, 2004 წლიდან ინახავს, ანუ იმ დროიდან, როდესაც თავადაც 16 წლის გახდა... შესაბამისად, "კვირის
პალიტრის" ქუთაისური დასტებიც სწორედ იმ ამბებზე მოგვითხრობენ, რომლებიც ამ ოჯახის წყალობით საარქივო დოკუმენტებად იქცა.

დავით გიორგაძე:
"კვირის პალიტრა" პირველად მამამ მოიტანა და მას შემდეგ არც ერთი ნომერი არ ჩაუგდია. ჯერ ის წაიკითხავდა და მხოლოდ ამის შემდეგ გვქონდა უფლება ჩვენც წაგვეკითხა. 16 წლიდან მე გავაგრძელე ოჯახის
ტრადიცია - მე ვყიდულობდი და წაკითხვის შემდეგ საგულდაგულოდ ვინახავდი. 16 წელიწადი 52-ზე გადაამრავლეთ, გაზეთი ხომ ყოველ წელიწადს ამდენი ნომერი გამოდის.

- თანაც, ლამაზადაც შეგიფუთავთ, საჩუქრების შეფუთვის სპეციალისტივით.
- არადა, ტექნოლოგი ვარ და განსაკუთრებით ღვინის ტექნოლოგიით ვარ დაინტერესებული. მართალია, ქალაქში ვცხოვრობ, მაგრამ ყურძენსაც ვწურავ და ღვინოსაც ვაყენებ. უახლოეს მომავალშიც თერჯოლაში იმერული ჯიშის ვაზის გაშენებას და ჩემი ღვინით ფესტივალებში მონაწილეობას ვაპირებ.

- მიხარია. გარშემო მყოფთა აზრიც მაინტერესებს, რას ამბობენ, როცა ასე რუდუნებით მოვლილ გაზეთის დასტებს ხედავენ თქვენს სახლში?
- განა მოიძებნება ადამიანი, რომელიც კითხვით გატაცებას პატივს არ სცემს? წლების განმავლობაში ჩემმა ბევრმა ახლობელმა ჩემი მიბაძვით დაიწყო ამ გაზეთის კითხვა.

- თქვენსავით ბევრს უთქვამს, რომ "კვირის პალიტრას" აგროვებს, მაგრამ ყველა წუხს, რომ შენახვის პირობების უქონლობის გამო შესაძლოა გაზეთი დაუზიანდეთ.
- ეს მეც მაწუხებს. საცხოვრებელ სახლში გაზეთის ათეულწლობით შენახვის პირობებს მართლაც ვერავინ შექმნის. არადა, ჩემი კოლექციის სახით უკვე საარქივო მასალა მაქვს, რომელიც ჩრჩილსა და ნესტს არ უნდა გავანადგურებინო.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები