"საქართველოდან იმედგაცრუებული წამოვედი" - კვირის პალიტრა

"საქართველოდან იმედგაცრუებული წამოვედი"

"მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონი კანადის სახელით გავხდი, ქართველი ვარ და მეამაყება, რომ კანადაში საქართველოს დროშა ავაფრიალე"

"წლების განმავლობაში ქვეყნიდან ჯანსაღი და ინტელექტუალური ნაწილი გაედინება. მათ შორის პერსპექტიული სპორტსმენებიც, რომელთა დაკარგვითაც ქვეყანა არა მხოლოდ იმიჯს, არამედ ქვეყნის მომავალს კარგავს. ამ ამბის მოწერაც სწორედ ასეთი პერსპექტიული სპორტსმენის და ძალიან კარგი თელეთელი ბიჭის, 24 წლის ემზარ იაშვილის კანადის ჩემპიონობამ მიკარნახა. ეს ბიჭი კრივში ყოველდღე ვარჯიშობდა, მაგრამ იმასაც ვერ მიაღწია, რომ ვინმეს დაენახა და ემზარმაც სამშობლო დატოვა - ახლახან მან კანადის სახელით კრივის საერთაშორისო ტურნირში მოიპოვა პირველი ადგილი. ძალიან მინდა ამის შესახებ დაწეროთ, იქნებ ოდესღაც გვეშველოს რაიმე"

ნანა სოზაშვილი, თელეთი

ჩვენ ემზარ იაშვილს კანადაში დავუკავშირდით, ჩემპიონობა მივულოცეთ და ცოტა რამ საკუთარ თავზეც მოვაყოლეთ.

- არ ვიცი, ვინ მოგწერათ, მაგრამ მართალია, სპორტი ნამდვილად ყველაფერია ჩემთვის, ამიტომაც ვარჯიშს მართლაც ბევრ დროს ვუთმობდი. გულდაწყვეტილი და იმედგაცრუებული ვიყავი, როდესაც ვხედავდი, რომ არავინ მამჩნევდა და საერთაშორისო ტურნირებზე ჩემ ნაცვლად სხვებს უშვებდნენ. სანაცვლოდ, ალბათ, ყველამ იცის, კრივში რა "მიღწევებიც" გვაქვს...

არც ჩემს მომავალს ეწერა კარგი არაფერი, რომ არ დავფიქრებულიყავი. მე ხომ მარტო არა ვარ, საქართველოში ოჯახი მყავს, რომელიც ძალიან ბევრს შრომობს, მაგრამ დახმარება მაინც სჭირდება. ამიტომაც ყველაფერი გავაკეთე კანადაში წამოსასვლელად. აქაური მწვრთნელები მხარში დამიდგნენ, მეც დავუჯერე, მით უფრო, დავრწმუნდი, რომ ამ ქვეყანაში ვიღაცის "ზურგის" მიხედვით არ ირჩევენ პრიორიტეტებს და შრომას აფასებენ. ასე რომ, იანვარში კანადაში კრივის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა და 69 კილოგრამ წონით კატეგორიაში კანადის ჩემპიონიც გავხდი. უკვე შემომთავაზეს მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ჩემპიონატებში მონაწილოება.

- წარმატებას გისურვებთ.

- გმადლობთ. მიუხედავად იმისა, რომ ჩემპიონი კანადის სახაელით გავხდი, ქართველი ვარ და მეამაყება, რომ კანადაში საქართველოს დროშა ავაფრიალე. სამშობლო ჩემთვის ყველაფერია. სწორედ ამიტომ მინდა, რომ ჩემმა ქვეყანამ ისე იცხოვროს, ყველას შრომის დაფასება და შეფასება შეძლოს.