რაგბის კეთილი დათვი - "შემოძახილი" ბექა ბურდიაშვილისთვის - კვირის პალიტრა

რაგბის კეთილი დათვი - "შემოძახილი" ბექა ბურდიაშვილისთვის

"მის საოცარ ფიზიკურ მონაცემებში პირდაპირ გამოსჭვიოდა ბუნებრივი ძალა... მისი გარეგნობა აშინებდა კიდეც, მაგრამ სინამდვილეში, იყო ძალიან კეთილი, გულისხმიერი, მხიარული ბიჭი"

საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა თებერვალში უკვე ორჯერ გაგვახარა: "ბორჯღალოსნებმა" თბილისში რუმინელებს აჯობეს (41:13), მადრიდში კი ესპანელ "ლეონესს" ("ლომები") – 23:10, მაგრამ დღეს მაინც რაგბის ცუდ მხარეზე ვწერთ. დიდი თამაშის დიდ დანაკარგზე, ფრანგული და ქართული რაგბის ტრაგედიაზე. დიახ, სამწუხაროდ, "ლომების" ნაცვლად, დღეს "დათვზე" უნდა დავწეროთ, დიდ, კეთილ დათვზე - ბექა ბურდიაშვილზე.

27 წლის შერკინების ბურჯი საფრანგეთის ფედერალ 1-ის კლუბ "გროლეში" თამაშობდა. 2020 წლის 26 იანვრამდე... "გროლედან" 30 კილომეტრით დაშორებულ ქალაქ ალბიში ცხოვრობდა და საკუთარი ავტომანქანით სწორედ საშინაო სტადიონზე მიდიოდა "ლავორის" წინააღმდეგ დერბის სათამაშოდ, როდესაც საჭე ვერ დაიმორჩილა, მისი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. პოლიციელების თქმით, ქართველი მორაგბე ადგილზევე გარდაიცვალა.

საფრანგეთის ტოპ-14-ში იმდენი ქართველი ბრწყინავს, დაბალ დივიზიონებს დიდ ყურადღებას ვეღარ ვაქცევთ და გასაკვირი არც არის, აქამდე ბექა ბურდიაშვილზე ბევრი არაფერი რომ არ ვიცოდით. სამწუხაროდ, ახალგაზრდა მორაგბემ ბევრს მხოლოდ ახლა - ტრაგიკული შემთხვევით "გააცნო თავი", მაგრამ... საკმარისია, სოციალურ ქსელში "გროლეს" გვერდზე შეხვიდეთ და რამდენიმე წუთში მიხვდებით, ვინ დაკარგა ამ კლუბმა, რაგბიმ, საქართველომ.

ბექა ბურდიაშვილი საფრანგეთში 2013 წლიდან თამაშობდა. სადებიუტო სეზონში პრო D2-ის "კარკასონის" ღირსებას იცავდა, მოგვიანებით კი ფედერალ 1-ის "გროლეში" გადავიდა და ამ კლუბის მაისურით სამი წლის განმავლობაში ითამაშა. 2017-2019 წლებში ამავე დივიზიონის "ლა სენის" მორაგბე გახლდათ, მიმდინარე სეზონის წინ კი კვლავაც "გროლეს" დაუბრუნდა. სამუდამოდ!

როდესაც შერკინების ქართველ ბურჯს დილის ვარჯიშზე დააგვიანდა, მწვრთნელმა მოთამაშეებს უთხრა, ალბის გზატკეცილზე ავტოსაგზაო შემთხვევა მომხდარა და, სავარაუდოდ, ბექა სწორედ ამ მიზეზით აგვიანებსო. ვარჯიშმა ქართველი ბურჯის გარეშე ჩაიარა, სადილის წინ კი მოთამაშეებმა შეიტყვეს, რომ მწვრთნელი მართალი იყო - ალბის გზატკეცილზე ავარია მოხდა...

დერბი გადაიდო, "გროლე" კი ბურდიაშვილის გარეშე აგრძელებს ცხოვრებას. უფრო სწორად, ისევ ბექასთან ერთად, და ეს რომ სრული სიმართლეა, თვითონაც დარწმუნდებით, თუ შპორტინგ ცლუბ Gრაულჰეტოის-ის ფეისბუკგვერდს ესტუმრებით!

ბევრჯერ მომისმენია, რომ სიყვარულის, სითბოს, თანაგრძნობის გამოჩენა მხოლოდ ქართველებს შეგვიძლია, ევროპელების უმეტესობას კი განსხვავებული ხასიათი და საქმისადმი მიდგომა აქვს. რამდენიმე კვირაა, მოკრძალებული ფრანგული გუნდი საპირისპიროს ამტკიცებს! კლუბის ფეისბუკგვერდზე ლამის ყოველდღე ვრცელდება ბექას ფოტო ან ვიდეოჩანაწერი.

"გროლე" ემოციური ვიდეოკოლაჟითაც დაემშვიდობა საყვარელ მოთამაშეს და სპეციალური საბანკო ანგარიშიც კი გახსნა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლო თანხის ჩარიცხვა ბექასა და მისი ოჯახის დასახმარებლად... "გროლეს" მორაგბეები სეზონის ბოლომდე ითამაშებენ მაისურებით, რომლებზეც ინგლისურად წერია "Beka" და ქართულ-ფრანგული წარწერა - "ძალა ერთობაშია"...

"კვირის პალიტრამ" ექსკლუზიურად მოიპოვა "გროლეს" მოთამაშეთა კომენტარები ბექა ბურდიაშვილის შესახებ:

ოლივიე რენიე ("გროლეს" კაპიტანი): "ბექა აუცილებლად მოგხიბლავდათ თავისი ხასიათით და მონდომებით, მის საოცარ ფიზიკურ მონაცემებში კი პირდაპირ გამოსჭვიოდა ბუნებრივი ძალა... ის დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა ყველაზე. ბევრს, მისი გარეგნობა აშინებდა კიდეც, მაგრამ სინამდვილეში ძალიან კეთილი, გულისხმიერი, მხიარული ბიჭი იყო. დათვს ჰგავდა, ოღონდ – ნამდვილი Teddy Bear ("დათუნია ტედი") იყო, პლუშის ფუმფულა დათუნია. ბექამ ჩვენს გულებში დიდი სიცარიელე დატოვა".

ჟერომ მონბროსუა (ვიცე-კაპიტანი): "ბექა ისეთივე მომხიბლავი ადამიანი იყო, როგორიც ძლიერი! ერთგული მეგობარი, რომელმაც საქართველო მხოლოდ თავისი არსებობითაც კი შემაყვარა... ძალიან გამიმართლა, რომ ჩვენი გზები გადაიკვეთა და მქონდა მასთან ერთად თამაშის ბედნიერება"

ჯული ბერტრანი (ფიზიოთერაპევტი): "ძალიან გამახარა ბექას კლუბში დაბრუნებამ. ახლა ის უფრო კარგად ლაპარაკობდა ფრანგულად და როცა სავარჯიშოდ მოდიოდა, ერთმანეთის გაცილებით უკეთ გვესმოდა. ტრავმების მიუხედავად, ყოველთვის მზად იყო სავარჯიშოდ, რადგან უზომოდ შრომისმოყვარე სპორტსმენი გახლდათ. ნამდვილი პერფექციონისტი, რომელსაც სძულდა ტრავმები. სულ ცდილობდა დავერწმუნებინე, რომ პატივს სცემს წესებს, მაგრამ როცა ჩვეული, კეთილი ღიმილით შემომხედავდა, ვხვდებოდი, რომ ცდილობდა დაემალა მცირე ტრავმა, რათა ვარჯიშის უფლება მიმეცა"...

...სამწუხაროდ, ბექას არ ვიცნობდი. არც მისი თამაში მინახავს, მაგრამ ბურდიაშვილის კლუბის ხელმძღვანელებიც და მოთამაშეებიც ამბობენ, რომ ბექა მაგალითი იყო ყველასთვის. რაგბით და რაგბისთვის ცხოვრობდა. დივიზიონმა და სატურნირო ცხრილმა არ მოგატყუოთ:

სპეციალისტების თქმით, ბექას დიდი ძალა და პოტენციალი ჰქონდა. თამაშიც გაცილებით მაღალ დონეზე შეეძლო, მაგრამ ტრავმებმა დატანჯა. თანაგუნდელებისთვის ბევრჯერ უთქვამს, დავიღალე ამდენი ტრავმითო, არადა... უნებლიეთ ყველაზე დიდი "ტრავმა" თვითონ მიაყენა ოჯახს, თანაგუნდელებს, სარაგბო სამყაროს, თავის საყვარელ სამშობლოს.

მართალია, რომ ქვეყანა უნდა იცნობდეს თავის გმირებს... თუმცა ბექა გმირი არ ყოფილა. მისი ახლობლები ამბობენ, რომ ძალიანაც გაბრაზდებოდა, ვინმეს ასე რომ მოეხსენიებინა. გმირი არა, თავმდაბალი, ძლიერი, კეთილი კაცი იყო. როგორც თანაგუნდელები ეძახდნენ. კეთილი დათვი, რომელიც რაგბით და რაგბისთვის ცხოვრობდა.

"გროლეს" გამოქვეყნებულ ვიდეოკოლაჟში ბექა ბურდიაშვილის თამაშის კადრების ფონზე ისმის კახური ხალხური სიმღერა "შემოძახილი" ("უჭკნობელო ვარდის კონავ").

ბექაც ხომ ნამდვილი კახელი იყო: დინჯი, ძლიერი, კეთილი... ამიერიდან სულ კახეთში, მშობლიურ შილდაში იქნება და გაგვახსენებს "შემოძახილის" ერთ-ერთ სტროფს: "ძნელია მოკვდეს ვაჟკაცი,/ უდროოდ დაიკარგოსა,/ მისი კოკორი ულვაში/ მიწაში ჩაიმარხოსა..."

გმირი არც ყოფილა და არც მე ვცდილობ გმირად გამოვიყვანო კაცი, რომელსაც არ ვიცნობდი, რომლის თამაშის ვიდეოჩანაწერი ბევრი თქვენთაგანის მსგავსად, პირველად მეც მისი გარდაცვალების შემდეგ ვნახე. გული მტკივა და ამიტომ ვწერ. გული მტკივა უდროოდ დაკარგული ქართველი ვაჟკაცის გამო, რომელიც მხოლოდ 27 წლის იყო და კიდევ დიდხანს უნდა გამოსდგომოდა თავის გუნდს, ქვეყანას, საყვარელ თამაშს...

ლეგენდარული კობი ბრაიანტის მსგავსად, ბექაც 26 იანვარს დაიღუპა ტრაგიკულად და არ მინდა, რომ "შავი მამბას" ამბავმა ჩვენი ტრაგედია დაგვავიწყოს.

..."ჭირს მოგჭამ,/ ნუ შემძულდები,/ ერთი ქართული მითხარო,/ მათხოვე ბარი, ნიჩაბი,/ სამარე ამოვითხარო" - ეს სიტყვებიც "მოძახილშია". ჰოდა, "ერთს ქართულად კიდევ გეტყვით": ქართულმა რაგბიმ ბექა ბურდიაშვილი დაკარგა. ეს წერილი კი მოძახილია. გულისტკივილით ნათქვამი "მოძახილი" უდროოდ "დაკარგული" ქართველი ვაჟკაცის გამო. "უჭკნობელი ვარდის კონა" მის ხსოვნას!