"მასწავლებელმა სახეში გამარტყა და..." - კვირის პალიტრა

"მასწავლებელმა სახეში გამარტყა და..."

პროექტ "ცეკვავენ ვარსკვლავების" გამარჯვებულს ანკა ვასაძეს საზოგადოება პროექტამდე ნაკლებად იცნობდა. ცნობილი სამსახიობო ოჯახის წარმომადგენელმა თავადაც მსახიობობა აირჩია, ანკას მარჯანიშვილის თეატრში ბევრი მნიშვნელოვანი როლი აქვს შესრულებული.

- ამ პროექტში მისვლა მე არ გადამიწყვეტია, შემომთავაზეს და მეც დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. ბევრს ჰგონია, მოცეკვავე ვარ. როგორც ყველა ბავშვი, ქართულ ცეკვებზე მეც დავდიოდი, მაგრამ იმასაც ვაცდენდი, რადგან კონცერტები არ ტარდებოდა და სტიმული არ მქონდა. ბალეტზე მხოლოდ ერთი თვე ვიარე - მასწავლებელმა სახეში გამარტყა და აღარ მივედი. სამეჯლისო ცეკვებთან შეხება არასდროს მქონია. ისე კი, სპექტაკლზე მუშაობისას ქორეოგრაფები სულ აღნიშნავდნენ, რომ კარგი პლასტიკა მქონდა...

- ამ პროექტამდე ნაკლებად ჩანდით, პოპულარობისთვის არაფერს აკეთებდით?

- უაზრო პოპულარობა არ მინდოდა. თეატრში ვარ, სერიალებში მქონდა როლები, მაგრამ არა მთავარი.

- საოცნებო როლი თუ გაქვთ? - საოცნებო როლი არა მაქვს, მაგრამ ჩემთვის საოცნებო მსახიობებთან უკვე ვითამაშე. საოცნებო როლზე გამიზნულად არ ვოცნებობ, შეიძლება მომინდეს თამაში და გული დამწყდეს...

- დიდი ხანია დაოჯახებული ხართ? - 10 წელია და ძალიან უცნაური "ლავ სთორი" გვქონდა. მე 11 წლის ვიყავი, ის -16-ის. ჩემი სკოლელი და ჩემი მამიდაშვილის მეგობარი იყო. ხვდებოდა, რომ მიყვარდა. ის სათამაშოც შენახული მაქვს, დაბადების დღეზე რომ მაჩუქა. მერე ერთხანს არ მინახავს... 17 წლის ვიყავი, ჩემს მამიდაშვილთან ისევ რომ შევხვდით და რამდენიმე თვეში დავოჯახდით. ძალიან ბევრი რამით განვსხვავდებით და, ალბათ, ეს არის ჩვენი პლუსი - ერთმანეთს ვავსებთ. ბევრს ვჩხუბობთ, ვკამათობთ, მაგრამ არ გვქონია სიტუაცია, როცა ერთად ყოფნა აღარ გვნდომებია.

- შენ აკაკი ვასაძის და მარინა თბილელის შთამომავალი ხარ, იმავდროულად, მათი პროფესიის გამგრძელებელი. თუ გადარებენ მათ, მათი გავლენა რამდენად არის შენზე? - მარინა თბილელი და აკაკი ვასაძე დიდი ადამიანები იყვნენ, მაგრამ ჩემზე მხოლოდ ის გავლენა მოახდინეს, რომ ძალიან ბედნიერი ვარ, მათი შთამომავალი რომ მქვია. შენ რასაც აკეთებ, ის არის მნიშვნელოვანი, სხვისი გაკეთებული შენად არ ითვლება. თეატრალურის მისაღებ გამოცდაზე მკითხეს, აკაკი ვასაძის შთამომავალი ხომ არა ხარო და ცივად ვუპასუხე, არა-მეთქი. მინდოდა ობიექტური შეფასება მიმეღო. თუმცა იქვე მითხრეს, მაინც ვერ დამალავ, ძალიან ჰგავხარ ბებიაშენსო.

- მარინა თბილელს გამსგავსებენ? - რომ დავიბადე, ყველას უთქვამს, მარინას ჰგავსო. ბებიასთან რომ მივდიოდით, ძალიან უხაროდა. სულ კითხულობდა, ვის ჰგავს ეს ბავშვიო? რომ ეტყოდნენ, შენო, უხაროდა. 17 წლამდე ძალიან ვგავდი. ერთხელ ბაიას ქმარი რაღაც ფოტოებს ეძებდა და მარინას ფოტოებზე უკითხავს, ანკას ფოტოებს აქ რა უნდაო? ახლა ისე აღარ ვგავარ, მაგრამ სცენაზე მამსგავსებენ. 12 წლის ვიყავი, როდესაც მარინა გარდაიცვალა, მანამდე მისი შვილი, კაკული წავიდა... ერთხელ მასთან მივედით და მანქანის სიგნალის ხმა რომ გაიგონა, მისი შვილი ეგონა... მაშინ პირველად შემეცოდა, როგორც დედა. ისე ძალიან საყვარელი, ლაღი და კეკლუცი იყო.

ხათუნა კორთხონჯია