ელექტრონი - უკვე წყალში და ჰაერშიც - კვირის პალიტრა

ელექტრონი - უკვე წყალში და ჰაერშიც

ელექტრომობილები თანამედროვე ავტოინდუსტრიის მთავარი გამოწვევა და სამიზნეა. თუმცა, ლითიუმ-იონური აკუმულატორების გამოგონებამ არა მხოლოდ ავტოწარმოებას შემატა ახალი სიცოცხლე, არამედ მნიშვნელოვნად შეცვლის ავია და გემთმშენებლობის სფეროებსაც. რამდენიმე მაგალითი უკვე სახეზეა:

ანტარქტიკული ელექტროლაინერი

ეკოლოგების შეშფოთება სულაც არ არის უსაფუძვლო - საზღვაო და საჰაერო ხომალდები ბუნებას მართლაც აუნაზღაურებელ ზიანს აყენებენ. გემების დიზელის ძრავები, აირის ტურბინები, თვითმფრინავების რეაქტიული ძრავები არასდროს გამოირჩეოდნენ ეკოლოგიური გამონაბოლქვით და ძალიან სასიხარულოა, თანამედროვე ტექნოლოგიებმა ბუნების ამ უდიდესი მტრების სამყაროშიც რომ შეაღწია.

2019 წელს პირველი საზღვაო რეისი შეასრულა ნორვეგიულმა სამგზავრო ლაინერმა Roald Amundsen, რომელსაც მხოლოდ ელექტროძრავების მეშვეობით შეუძლია მარშრუტის გარკვეული ნაწილის გაცურვა. Rolls-Royce-ს ახალი თაობის დიზელის ძრავებთან ერთად, რომლებიც საწვავის ისედაც შემცირებული ხარჯით გამოირჩევა, ხომალდს ელექტროძრავებიც აქვს და თუ მხოლოდ მათ გამომუშავებულ ენერგიას გამოიყენებს, დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში შეძლებს ცურვას 13 კვანძის (24 კმ/სთ) სიჩქარით. ცოტათი მეტი ექნება რესურსი მის თანამოძმე ლაინერ Frittjof Nansen-ს, რომლის პირველი რეისიც 2020 წლის გაზაფხულზე იგეგმება. მხოლოდ ელექტროწევის დახმარებით, ის დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში შეძლებს ცურვას.

აღნიშნული ხომალდების სიგრძეა 140 მეტრი, სიგანე 23,6, 265 კაიუტაში კი ხუთასზე მეტი მგზავრის და ეკიპაჟის 150 წევრის განთავსებაა შესაძლებელი. გემთმშენებელი კომპანია - Kleven Yards ირწმუნება, რომ მისი ლაინერების კორპუსის განსაკუთრებულმა ფორმამ და ჰიბრიდულმა ძრავებმა 20%-ით შეამცირა საწვავის ხარჯი და მავნე ნივთიერებების გამოყოფა. სამომავლოდ, იგეგმება ლაინერების კიდევ უფრო მოდერნიზება, რის შედეგადაც, ელექტრულ რეჟიმში ცურვის რესურსი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

ხომალდების ექსპლუატატორ ნორვეგიულ კომპანია Hartigruten-ს თითოეული ლაინერის აგება 220 მილიონი დოლარი დაუჯდა. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ დღესდღეობით, არც ერთ სხვა ტურისტულ ლაინერს არ შეუძლია არქტიკულ წყლებში ცურვა. მით უმეტეს ელექტრონის ხარჯზე! შესაბამისად, მსურველებს მხოლოდ Hartigruten სთავაზობს 16-18-დღიან კრუიზს ნორვეგიიდან ანტარქტიკამდე, რომლის დროსაც, ტურისტები "ახლოდან" გაეცნობიან მეექვსე კონტინენტის თავისებურებებს.

ელექტრული იახტით მსოფლიოს გარშემო

შვეიცარიულმა კომპანიამ Solar Impact Yaht კი გადაწყვიტა, აეგო მთლიანად ავტონომიური და ეკოლოგიურად სუფთა იახტა, რომელიც თავად შეძლებს საჭირო ელექტროენერგიის გამომუშავებას! კატამარანის ტიპის იახტის 24-მეტრიანი კორპუსი მთლიანად კოროზიაგამძლე, მსუბუქი შენადნობებისგან არის დამზადებული. თითოეულ კორპუსში განთავსებულია ელემენტები და ორი ელექტრომოტორი ჯამში 1340 ცხ. ძალის სიმძლავრით.

რაც შეეხება იახტის ზედაპირს, ის არის ერთიანი, 300 კვმ ფართობის მზის პანელი, რომელიც აკუმულატორებისთვის საჭირო ენერგიას გამოიმუშავებს. მზიან ამინდში Solar Impact-ს შეუძლია 10 საათის განმავლობაში იცუროს 5 კვანძის (9 კმ/სთ) სიჩქარით, მაქსიმალური სისწრაფე კი 22 კვანძი (40 კმ/სთ) გახლავთ. თეორიულად, კარგი ამინდის პირობებში, ელექტროიახტით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობაც არის შესაძლებელი. Solar Impact-ზე ოთხი ორადგილიანი კაიუტაა, ავტომატიზაციის მაღალი ხარისხის წყალობით კი, მის სამართავად ერთი ადამიანიც საკმარისია.

Solar Impact-ის სხვა თავისებურებებიდან აღსანიშნავია რწევის დაბალანსების კომპიუტერიზებული სისტემა, რაც შტორმის დროსაც კი მნიშვნელოვნად ამცირებს იახტის რყევას, ასევე ელექტროძრავების უხმაურო მუშაობას. მწარმოებლის თქმით, ინოვაციურმა ტექნოლოგიებმა მათ შესაძლებლობა მისცა, მგზავრებისთვის უმაღლესი დონის კომფორტი შეექმნათ. ასე რომ, Solar Impact-ით ისინიც უპრობლემოდ იმგზავრებენ, ვინც "ჩვეულებრივ" საზღვაო ტრანსპორტს "ზღვის ავადმყოფობის" შიშით ერიდება.

თვითმფრინავი ეგოისტისთვის

კალიფორნიული სტარტაპი Kitty Hawk 2017 წლიდან მუშაობს კომპაქტურ ელექტრულ თვითმფრინავზე Heaviside, რომელმაც, უახლოეს მომავალში, ავტომობილი ნაწილობრივ მაინც უნდა ჩაანაცვლოს. სტატისტიკის თანახმად, ამერიკელების უმეტესობა ავტომანქანით მარტო გადაადგილდება, ანუ, ფაქტობრივად "ჰაერის გადატანაში" ხარჯავს ბევრ დროსა და საწვავს. Kitty Hawk Heaviside კი ქმნის შესაძლებლობას, დაფაროთ მანძილი "ა" პუნქტიდან "ბ" პუნქტამდე უმოკლეს და მინიმალურ დროში. თანაც ისე, რომ გარემო არ დააბინძუროთ!

მწარმოებლების თქმით, მათი ქმნილება არა მხოლოდ გაცილებით სწრაფი და იაფია ნებისმიერ ვერტმფრენზე, არამედ მნივნელოვნად ჩუმიც - 500 მეტრის სიმაღლეზე მფრინავი ვერტმფრენის ხმაური დაახლოებით 80-88 დეციბელია, Heaviside-ის - მხოლოდ 38 დეციბელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ელექტროთვითმფრინავი მხოლოდ იმაზე ოდნავ მეტ ხმაურს გამოსცემს, რასაც -კონდიციონერი. ეს კი ძალიან დიდი პლუსია, რადგან, დიდ ქალაქებში ადამიანის ორგანიზმზე ნეგატიური ზემოქმედების მხრივ, ხმაურით "დანაგვიანება" მეორე ადგილზეა ეკოლოგიური პრობლემების შემდეგ! ბრიტანელი ფიზიკოსის და თვითნასწავლი ინჟინრის - ოლივერ ჰევისაიდის მოსახელე ელექტროთვითმფრინავი, ამ ეტაპზე, საცდელ გაფრენებს უპილოტო რეჟიმში აწყობს. გამორიცხული არ არის, ავტონომიური მართვის შესაძლებლობა მიიღოს სერიულმა მოდელმაც, რომლის წარმოების დაწყებაც უახლოეს ორ წელიწადში იგეგმება.

ხუთი ადგილი პილოტის გარეშე

სლოვენიური კომპანია Pipistrel 1989 წელს, ჯერ კიდევ სოციალისტურ იუგოსლავიაში დაფუძნდა და თავდაპირველად, დელტაპლანებს აწარმოებდა. მოგვიანებით კომპანიამ თვითმფრინავების წარმოებაც დაიწყო, ლითიუმის აკუმულატორების შექმნის შემდეგ კი ელექტროთვითმფრინავებზე დაიწყო მუშაობა. სლოვენიელებმა დაამზადეს რამდენიმე პატარა თვითმფრინავი, რომელთა უმრავლესობაც სამეცნიერო-სასწავლო მიზნებისთვის გამოიყენება, რამდენიმე წლის წინ კი დაიწყო თანამშრომლობა Pipistrel-ს და Uბერ-ს შორის, რამაც კომპანიას ახალი შესაძლებლობები მისცა.

2019 წლის ზაფხულში დარეგისტრირდა შვილობილი კომპანია - Pipistrel Vertical Solutions, რომელმაც უნდა აწარმოოს ხუთადგილიანი, უპილოტო, ელექტროთვითმფრინავი Pipistrel 801 და მისივე ბაზაზე შექმნილი უპილოტო სატვირთო. ამერიკული Heaviside-ს მსგავსად, Pipistrel 801-საც ვერტიკალურად შეუძლია აფრენა-დაჯდომა. სლოვენიური საფრენი აპარატის სალონში ხუთი მგზავრი თავსდება, პილოტის კაბინა" საბარგო განყოფილებას წარმოადგენს, მაქსიმალური სისწრაფე კი 282 კმ/სთ-ია. Pipistrel 801-ს ფრენის მანძილია 100 კილომეტრი, რაც საჰაერო ტაქსისთვის საკმაოდ ნორმალური მაჩვენებელი გახლავთ. თვითმფრინავის კიდევ ერთი პლუსია ელემენტები, რომლებსაც სლოვენიური კომპანია თვითონ აწარმოებს, დაცლილი ბატარეის შეცვლა ხუთ წუთშია შესაძლებელი სპეციალურ სერვისტერმინალზე. გარდა ამისა, კომპანია Pipistrel-ში მუშაობენ სწრაფი დამუხტვის სისტემაზეც, რომელიც შესაძლებლობას მისცემს, ელემენტები სულ რაღაც 15-20 წუთში დამუხტონ!

მზადება მომავლისთვის - დაწყებულია

2050 წლისთვის, ყველა სამგზავრო თვითმფრინავმა 50%-ით უნდა შეამციროს მავნე ნივთიერებების გამოყოფა. ეკოლოგიური ნორმატივების მომავალი გამკაცრება უკვე დღეს აიძულებს არაერთ დიდ კომპანიას, პერსპექტიული ძრავების შექმნაზე იმუშაონ. 2017 წლის ბოლოს, სწორედ ამ მიზნით გაერთიანდნენ ევროპული ავიასამშენებლო კონცერნი Airbus, ბრიტანული ძრავმშენებელი კომპანია Rolls-Royce და გერმანული Siemens. თანამშრომლობის შედეგად, უნდა შეიქმნას ჰიბრიდული მოწყობილობა მომავლის სამგზავრო ლაინერებისთვის: Airbus-ს საერთო კონცეფცია ეკუთვნის, Rolls-Royce-ს -ტურბირებული ძრავა-გენერატორი AE2100, Siemens-მა კი შექმნა 2700 ცხ. ძალის სიმძლავრის ელექტრომოტორი.

პროექტი კოდური დასახელებით Airbus E-Fan X ორი წლის განმავლობაში მზადდებოდა, ახალი მოდელის პირველი ფრენა კი 2020 წელს იყო დაგეგმილი, თუმცა, რიგი პრობლემების გამო, დებიუტი გადაიდო - იგეგმება სხვადასხვა სახის ელემენტების გამოცდა და მართვის სიტემის დახვეწა.