"ჩემს გმირს ჩაკეტილი აზროვნება გაეხსნა და ახლა აღმოჩენებშია" - კვირის პალიტრა

"ჩემს გმირს ჩაკეტილი აზროვნება გაეხსნა და ახლა აღმოჩენებშია"

"თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება ადვილი არ ყოფილა, გამოუცდელი ვიყავი, მაგრამ გამიმართლა. მოტივაცია იმანაც კი არ გამინელა, რომ გამოცდებამდე ცოტა ხნით ადრე ერთმა კომპეტენტურმა პირმა მითხრა, ამ წონით ვერ მიგიღებენო, და მეც რამდენიმე თვეში 40 კილოგრამი დავიკელი..."

მისმა გმირმა დაანგრია სტერეოტიპი და დაგვანახა, რომ კუნთმაგრები გონებასუსტები არ არიან. მათ სამაგალითო მეგობრობა, ერთგულება, დიდი სიყვარული შეუძლიათ. სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მამუკა მამუკაშვილის როლის შემსრულებელ კახა ლოსაბერიძეს გავესაუბრეთ.

- თბილისში დავიბადე და გავიზარდე, სანზონელი ვარ. ვცდილობდი, თან მესწავლა, თან მეცელქა, რაც მეტ-ნაკლებად გამომდიოდა. გამორჩეულად რამდენიმე საგანი მიყვარდა, მათ შორის არც ერთი არ იყო ტექნიკური.

- პირველი როლი გახსოვთ? - პირველი როლი სკოლაში შევასრულე, პუტკუნა ბავშვი ვიყავი და აბა, გამოიცანით, ვისი როლი მერგო, როდესაც "კაცია ადამიანის" ნაწყვეტი დავდგით? მთელი გულით ვთამაშობდი ლუარსაბს და მიუხედავად იმისა, ჯერ კიდევ პატარა ვიყავი, მაშინდელმა მღელვარებამ, მაყურებლის დამოკიდებულებამ პროფესიის არჩევის სისწორეში დამარწმუნა. მივხვდი, რომ მსახიობის პროფესია მომანიჭებდა სიხარულს და იმ ენერგიას, რაც მჭირდება ბედნიერებისთვის.

- თეატრალურ წრეზე დადიოდით? - არსად არ მივლია. ფეხბურთზე მინდოდა შესვლა, მაგრამ ვერ შევძელი, ამის მიზეზი ჩემს პუტკუნობასთან ერთად ფინანსური მდგომარეობაც იყო. თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარება ადვილი არ ყოფილა, გამოუცდელი ვიყავი, მაგრამ გამიმართლა. მოტივაცია იმანაც კი არ გამინელა, რომ გამოცდებამდე ცოტა ხნით ადრე ერთმა კომპეტენტურმა პირმა მითხრა, ამ წონით ვერ მიგიღებენო, და მეც რამდენიმე თვეში 40 კილოგრამი დავიკელი. საბოლოოდ, ჩავირიცხე და ეს დიდი სიხარული იყო. ამან თავდაჯერება შემძინა, რწმენა გამიჩნდა, რომ რაღაც შემიძლია. თეატრალურის დასრულების შემდეგ "რკინის თეატრში" ვიყავი, მერე სიღნაღის თეატრში წავედი და იქ ვარ უკვე მესამე წელია.

- სანამ ამ სფეროში შეაბიჯებენ, ძალიან ვარდისფრად წარმოუდგენიათ მსახიობის ცხოვრება, თუმცა შემდეგ ბევრი ამბობს, რომ ამ პროფესიას იმედგაცრუებაც ახლავს. - გარდა პროფესიულისა, ემოციური დატვირთვაც გვაქვს, იმიტომ, რომ სხვამ უნდა გადაწყვიტოს, როდის, სად და რა უნდა ვითამაშოთ. ეს ფსიქოლოგიურად ძნელად გადასატანია. თუ დაკავებული არა ხარ, დათრგუნვილი ხარ, თუ დაკავებული ხარ და ერთიანად იხარჯები როლისთვის, შესატყვის თანხას ვერ იღებ.

მამუკა მამუკაშვილის როლმა პოპულარობა მომიტანა. ადამიანი ხშირად ხდება გარემოს მსხვერპლი და ერთხელაც შესაძლებლობა ეძლევა, რაღაც კარგი გააკეთოს, შეცვალოს. მამუკას ახლა ასეთი ცვლილებების პერიოდი უდგას. სანისთან მეგობრობამ სხვა თვალით დაანახა საკუთარი თავიც და გარემოც, განვითარება დაიწყო. ჩაკეტილი აზროვნება გაეხსნა და ახლა აღმოჩენებშია.

- ალბათ, ქუჩაშიც გცნობენ. - ამას წინათ ტელეფონზე ვსაუბრობ, უცებ ვიღაც ახოვანი მამაკაცი მომიახლოვდა და ჩამჩურჩულა, გაიქეცი, გეძებენო. უცებ ვერ მოვედი აზრზე, მერე კი მივხვდი, რომ მამუკა მამუკაშვილს გულშემატკივრობდა და ბევრი ვიცინე. მაინტერესებს ყველას აზრი მამუკას შესახებ. სხვათა შორის, ბევრჯერ უთქვამთ, ცხოვრებაში ბევრად განსხვავდები მამუკასგანო.

- მამუკას ამბავი გასაგებია, კახა თუ არის შეყვარებული? - არის ჩემს ცხოვრებაში ადამიანი, რომელთანაც კარგად ვარ. მას ჩვენს სფეროსთან შეხება არა აქვს.

- ბრძანეთ, რომ მატერიალურად არც ისე დამაკმაყოფილებელია თქვენი პროფესია. ამის გამო პარალელურად სხვა სამუშაოც ხომ არ გიძებნიათ? - კი, როგორ არა. სტუდენტობაში მშენებლობაზე ვიმუშავე. ერთხანს მანქანებსაც ვრეცხავდი, ზაფხულში დასასვენებელი ფული რომ შემეგროვებინა. ახლაც მაქვს რაღაც გეგმები, ერთ პროექტზე ვმუშაობ.

ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს მეტ-ნაკლებად ვადევნებ თვალს... სიხარული დაგვაკლდა, ბევრჯერ გვატკინეს გული, მაგრამ ის მაიმედებს, რომ ბევრად რთული პერიოდები გვქონია და ამასაც გადავივლით.