"მე უკვე მტკვარდალეული მქვია" - კვირის პალიტრა

"მე უკვე მტკვარდალეული მქვია"

კნუტ ჰამსუნის მოგზაურობა საქართველოში

"მკვეთრი მოსახვევის მარჯვენა მხარეს თვალწინ უეცრად ხეობა იშლება და სულ ახლოს ჩნდება ყაზბეგი, მზისგან გაბრწყინებული მყინვარით. მაღალი, მრისხანე და უტყვი გვაოგნებს თავისი სიმძლავრით. განუმეორებლად დამთრგუნველი შეგრძნებით ვიმსჭვალებით: ეს სრულიად სხვა სამყაროა, სადაც ერთგულების ფიცით შეკრული მთებით გარშემორტყმული ყაზბეგი ზემოდან გადმოგვცქერის..." - ასე აღწერს საქართველოში მოგზაურობას ნორვეგიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი კნუტ ჰამსუნი.

1899 წლის სექტემბერში კნუტ ჰამსუნმა რუსეთის გავლით კავკასიაში იმოგზაურა, მას თან ახლდა ახალგაზრდა მეუღლე ბერგლიოტ ბეხი. სწორედ ამ მოგზაურობის შედეგად შეიქმნა ორი ნაწარმოები - "ზღაპრული ქვეყანა" და "დედოფალი თამარი". ორივე 1903 წელს დანიასა და გერმანიაში გამოიცა. კნუტ ჰამსუნი და მისი მეუღლე ფინეთიდან სანქტ-პეტერბურგში ჩავიდნენ, მეორე დღესვე ვლადიკავკაზისკენ მიმავალი მატარებლით საქართველოში გაემგზავრნენ. გზაში სამი დღე-ღამე დაყვეს.

"ეს სამყარო არც ერთ სხვას არ ჰგავს, რომელიც აქამდე მინახავს და ისევ ვფიქრობ, რომ აქ სიცოცხლის ბოლომდე დავრჩებოდი. ხეობაში დავეშვით. ვენახები დაიწყო. ტყეში კაკალი იზრდება... კავკასიელმა არაფერი იცის ნიუ-იორკის ბირჟის კურსის ცვლილებებზე, მისი ცხოვრება არ ჰგავს იპოდრომზე გამართულ დოღს. ის ნელა, აუჩქარებლად ცხოვრობს, ხის ნაყოფითა და ცხვრის ხორცით იკვებება. განა შეიძლება ითქვას, რომ ევროპელები და იანკები რაიმეთი აღემატებიან კავკასიელებს? ღმერთმა უწყის! ეს იმდენად სადავო საკითხია, რომ ღმერთის გარდა სხვა ვერც ვერავინ გასცემს პასუხს" - ყაზბეგით აღფრთოვანებული მწერალი, შემდეგ თბილისისკენ წამოვიდა და სასტუმრო "ლონდონში" დაბინავდა. ცნობილია, რომ ჰამსუნი თბილისში და საერთოდ საქართველოში, ძირითადად, დაბალი ფენის წარმომადგენლებს ხვდებოდა, განსაკუთრებით აღფრთოვანებული იყო თბილისის აზიური ნაწილით. მწერალს თბილისში განსაკუთრებით ქალაქის უძველესი ნაწილი დაამახსოვრდა: "ჩვენ ხშირად ვბრუნდებით ქალაქის აზიურ უბანში, რომლის ცქერით ვერ ვძღებით" - ასე იხსენებდა თბილისში მოგზაურობას.

კნუტ ჰამსუნი თბილისიდან ბაქოში გაემგზავრა, შემდეგ კი სპარსეთში აპირებდა წასვლას, მაგრამ მწერლის ფრანგული აკრედიტივი ბაქოელი ბანკირებისთვის უცხო აღმოჩნდა და მათ უარი თქვეს ამ საბუთით ფულის გაცემაზე - მანამდე ასეთი ქაღალდი არასდროს გვინახავსო. მწერალიც იძულებული გახდა, უკან, თბილისში დაბრუნებულიყო, სადაც ბანკები უპრობლემოდ მუშაობდნენ ფრანგულ აკრედიტივებზე. თანხის მიღების შემდეგ კი ჰამსუნი სპარსეთის ნაცვლად ბათუმის გზას დაადგა. "ბათუმის ცხოვრებაში არის რაღაც სამხრეთამერიკული. სასტუმროს სასადილო დარბაზში შემოსულ ხალხს თანამედროვედ აცვია, აბრეშუმის კაბებითა და ძვირფასი სამკაულებით არიან მორთული; კარგ საჭმელებს მიირთმევენ და შამპანურს სვამენ... ქალაქის მაღაზიები სავსეა ერთმანეთზე დახვავებული გერმანული და ავსტრიული საქონლით. ჩანს, რომ ბათუმის მცხოვრებნი ჩაცმის ევროპულ სტილს ანიჭებენ უპირატესობას... დილით ისევ ბაქოში მივემგზავრებით, მერე კი გეზს აღმოსავლეთისკენ ავიღებთ. ასე რომ, მალე დავტოვებთ ამ ქვეყანას, მაგრამ აქაურობა ყოველთვის მომენატრება, რადგან მე უკვე მტკვარდალეული მქვია..."

კავკასიაში მოგზაურობიდან ერთი წლის შემდეგ, კნუტ ჰამსუნი ნორვეგიელ პოეტესას, დაგნი კრისტენსენს მისწერს: "უფრო გასაოცარი და საუცხოო ზღაპარი აღარასდროს გადამხდება. განსაკუთრებით განსაცვიფრებელი იყო ვლადიკავკაზიდან ტფილისისკენ მთებში მგზავრობა. ეს სხვა სამყაროა, ადამიანები იქ უფრო ლამაზები არიან, ღვინო უფრო წითელია, მთები კი - უფრო მაღალი. ასე მგონია, რომ ყაზბეგის სიახლოვეს მთელი წელი შევძლებდი ცხოვრებას".

უკვე ხანდაზმულობაში მწერალმა კვლავ მოინდომა საქართველოში მოგზაურობა, თუმცა ვეღარ შეძლო. ის 93 წლის ასაკში 1952 წლის 19 თებერვალს ნორჰოლდში გარდაიცვალა. ჰამსუნი გახლდათ ერთადერთი დიდი მწერალი, რომელიც საქართველოში ჩამოვიდა და არც ერთ ქართველ კოლეგას არ შეხვედრია. მისთვის არამცთუ საზეიმო შეხვედრა, სუფრაც კი არ გაუშლიათ. ჰამსუნმა ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა.