ზუგდიდელი ძაღლები ახლა გურულად იყეფებენ - კვირის პალიტრა

ზუგდიდელი ძაღლები ახლა გურულად იყეფებენ

პროექტებით დეფიციტურ გურიის რეგიონში სიახლეა - ზუგდიდის რადიო "ათინათის" ინფორმაციით, მიუსაფარ ძაღლთა მოვლა-პატრონობის პროგრამის ფარგლებში ზუგდიდის მიუსაფარ ძაღლებს ოზურგეთში, სოფელ დვაბზუში, კომფორტულ თავშესაფარში გადაიყვანენ. სამუშაოებს ხელმძღვანელობს ქუთაისში რეგისტრირებული კომპანია "ვექტრა", რომელიც მსგავს პროექტებში ადრეც მონაწილეობდა, თუმცა ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ერთ-ერთი, ახალციხის მუნიციპალიტეტის კონტრაქტი გაუუქმდა. ამ ეტაპზე "ვექტრას" კიდევ ერთი, 30.000-ლარიანი ტენდერი აქვს მოგებული, რაც მიუსაფარი ძაღლების ჰუმანური მეთოდით დაჭერას, თავშესაფარში გადაყვანასა და სამედიცინო მომსახურების გაწევას გულისხმობს.

ამ პოზიტიური სიახლის მიუხედავად, ზუგდიდის ცხოველების ოზურგეთში გადაყვანამ გურულები დააფიქრა - მათი აზრით, ქალაქში მიუსაფარი ცხოველების პოპულაციის ბუნებრივი მატება ზღვარს მნიშვნელოვნად ასცდა და მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ბავშვებს, ქუჩაში სიარულის ეშინია.

ზოგმა სოციალურ ქსელში სახუმაროდაც მოიცალა, როგორ უნდა მივხვდეთ, სადაურები არიან, როცა არც პასპორტი აქვთ და არც მეგრულად ყეფენო. ზოგიერთმა გურიაში მცხოვრებ მეგრულგვარიან გურულებზე თქმულებაც გაიხსენა, რომლის მიხედვით, სამეგრელოს თავადმა დადიანმა გურიის მთავარ გურიელს მეგრელი ყმები ძვირფას მწევრებში გაუცვალა... გურულები ხუმრობენ, ეჭვი გვაქვს, დადიანი უვარგის მწევრებს გვიბრუნებს და თავის ხალხს უკანვე ითხოვსო. მეგრულგვარიანი გურულები კი სულაც არ ღელავენ, მანამდე კარგად იყავით, სანამ გურიიდან სამეგრელოსკენ არ დავიძრათო! ოზურგეთელებს მიუსაფარი ძაღლების შეფარებას ბათუმელებიც ეხვეწებიან - ბათუმში ორჯერ ჩაიშალა ტენდერი და იქნებ ჩვენი ძაღლებიც შეიფაროთო.

ასეა თუ ისე, სიმართლის გარკვევას ცხოველთა დამცველი ასოციაციის თავმჯდომარე თეიმურაზ ლაჭყეპიანთან შევეცადეთ.

- რომელი მუნიციპალიტეტის ძაღლები გადაჰყავთ ოზურგეთში? - არის რამდენიმე მუნიციპალიტეტი, რომელსაც მოგვიანებით დაგიზუსტებთ.

- რატომ გადაგყავთ რამდენიმე მუნიციპალიტეტის მიუსაფარი ცხოველები ერთ მუნიციპალიტეტში, როცა ტრანსპორტირება დამატებით ხარჯებს მოითხოვს? არ შეიძლება თავშესაფრები ყველგან აშენდეს და ტრანსპორტირებაში ფული არ დაიხარჯოს? - თუ ყველა მუნიციპალიტეტში აშენდება, რა თქმა უნდა, უკეთესია. თუმცა კომპანიას თავშესაფრის აშენება შეუძლია იქ, სადაც გაუხარდება, ტრანსპორტირება კი შესაბამისმა მუნიციპალიტეტებმა უნდა დააფინანსონ. ოზურგეთში კომპანია "ვექტრას" ბათუმელი ქალბატონი ხელმძღვანელობს. ადრე ეს პროექტი ქუთაისში იყო, თუმცა ფუნქციონირება ვეღარ გააგრძელა და გადავიდა ოზურგეთში, სადაც ცხოველებს უსაფრთხო სამედიცინო პროცედურას უტარებენ და მერე ბუნებრივ არეალში აბრუნებენ. ამას მკაცრად ვაკონტროლებთ.

- გურულები მართლები ყოფილან, როცა ამბობენ, საქართველოს ყველა ძაღლმა ოზურგეთში მოიყარა თავი, ქალაქში ხალხზე მეტი ძაღლი დადისო. - როგორ გეკადრებათ, ეს ამბავი მკაცრად კონტროლდება. ცხოველების არაბუნებრივ არეალში გაშვება მართლაც იწვევს ცხოველთა პოპულაციის უკონტროლობას. ამიტომ ცხოველების გაშვების ფაქტებს ვიდეოფირზე ვიღებთ.