"პირდაპირ ვუთხარი, დღესვე ცოლად უნდა გამომყვე-მეთქი. არადა, მარტო სახელი ვიცოდი მისი" - კვირის პალიტრა

"პირდაპირ ვუთხარი, დღესვე ცოლად უნდა გამომყვე-მეთქი. არადა, მარტო სახელი ვიცოდი მისი"

ადვოკატ ემზარ პაქსაძეს საზოგადოება კარგად იცნობს. განსაკუთრებულად მშობლიურ აჭარაში ხვდებიან, რადგან ვინმეს თუ რაიმე პრობლემა შეექმნა, დახმარებას მას სთხოვენ. ამ დღეებში ძმები ფეიქრიშვილების შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის ხმაურიან საქმეშიც ჩაერთო. როგორც ცნობილია, თბილისში 2 პირი ამ დანაშაულის მომზადების ბრალდებით დააკავეს, ბათუმში კი 4 პირი აიყვანეს. ერთ-ერთ ბრალდებულს ემზარ პაქსაძე იცავს. მის დასაცავს ბრალად ასაფეთქებელი მოწყობილობის დამზადებაში მონაწილეობა ედება.

- აჭარაში, ხელვაჩაურში დავიბადე და გავიზარდე. სკოლაში ხუთებზე ვსწავლობდი. წიგნებში ისე ვიყავი ჩაფლული, მეტსახელად "გენიოსა" დამარქვეს. ახლანდელი გადასახედიდან არ ვთვლი, რომ ეს მთლად სწორი იყო, რადგან რეალური ცხოვრებისგან შორს ვიყავი, თანატოლებთან სათამაშოდაც ვერ ვიცლიდი... იმდენი დამხმარე სახელმძღვანელო დამქონდა ბოლო კლასში, ჩანთაში არ მეტეოდა და დიპლომატით დავდიოდი. ერთხელ მეზობელმა ქალმა გამაჩერა და ჩანთა გამახსნევინა: ჩათვალა, ვიღაცების დასანახავად დავდიოდი ასე. მახსოვს მისი გაოცებული სახე, როცა წიგნებით სავსე დიპლომატი ნახა... მიყვარდა კითხვა, ცხოვრებას წიგნებით ვეცნობოდი, რეალობას კი სტუდენტობის დროს შევეჯახე.

- თანატოლებთან რომ არ თამაშობდით, ამის გამო ბავშვები არ გიბრაზდებოდნენ?

- ყველას ალბათ არ ვუყვარდი, მაგრამ ზოგს ვჭირდებოდი, დავალებების გადაწერის ნებას ვაძლევდი... სამედიცინოზე მინდოდა ჩაბარება. უკრაინაში უნდა ჩამებარებინა, მაგრამ 1989 წელი იდგა, ძალიან ჭირდა ცხოვრება და არ გამომივიდა. ყველგან აქციები იყო. იმ პერიოდიდან მახსოვს დავით ბერძენიშვილი და ნოდარ იმნაძე ბათუმში, მათ მიტინგებზე დავდიოდით მე და ჩემი მეგობარი. 9 აპრილმაც დიდი როლი ითამაშა, ყველანი "შავლეგოს" ვმღეროდით. იმ წელს არსებული ვითარების გამო მისაღები გამოცდები გადაიდო სამედიცინოზე და გადავწყვიტე, სოხუმში, ეკონომიკურზე ჩამებარებინა. სოხუმის უნივერსიტეტში ჩავირიცხე. იმედს არ ვკარგავდი - თუ დალაგდებოდა ქვეყანა, მერე განსხვავებულ საგნებს ჩავაბარებდი და სამედიცინოზე გადავიდოდი. კომუნისტების დროს სამედიცინოზე რომ ჩაგებარებინა, ერთწლიანი სამუშაო სტაჟი უნდა გქონოდა. იმდენად მინდოდა ექიმობა, მამაჩემმა ვიღაცები ჩარია და პირველად, სამუშაოდ მორგში მივედი. მოხუცი მიცვალებული ესვენა. ხელმძღვანელმა მითხრა, - ახლა ცხედარს გავჭრით, შიგნეულობას რომ ამოვუღებთ, შენ გარეცხე და მერე ისევ ჩავალაგებთო. ამის მოსმენა იყო ჯერ სრული შოკი 16 წლის ბიჭისთვის, არადა, წიგნებში მქონდა წაკითხული, მორგში თუ იმუშავებ, ეს დიდი გამოცდილება იქნება მომავალი ექიმისთვისო... სანამ ცხედრის გაკვეთას დაიწყებდნენ, თქვეს, - მოდი, ჯერ საჭმელი ვჭამოთო. ამან კიდევ უფრო გამაგიჟა: აქ მიცვალებული ასვენია და საჭმელი როგორ უნდა ჭამონ-მეთქი?!. ხელები დაიბანეს, გავედით მეორე ოთახში და მეც დამაძალეს ჭამა. მერე დაიწყეს ექსპერტიზა და იმდენად ცუდად გავხდი, გაფითრებული, ლამის გონწასული გამომიყვანეს გარეთ, შიშისგან გულიც ამერია. იმ ღამეს თურმე ძილში გავყვიროდი შინაგანი ორგანოების სახელებს. მაშინ მამაჩემმა გადაწყვიტა, სხვაგან ეშოვა ჩემთვის სამსახური და ამის მერე 9 თვე ფსიქიატრიულში სანიტრად ვიმუშავე.

- სოხუმში თქვენი სტუდენტობის დროს ომი დაიწყო, არა?

- სოხუმში შევეჯახე რეალობას, დამოუკიდებელი ცხოვრებაც იქ დავიწყე. მართლა ურთულესი პერიოდი იყო - ყაჩაღობები ხდებოდა, ღამით ქუჩაში გასვლა საშიში იყო... მერე იყო სოხუმის დაცემა და ასე აღმოვჩნდი ახალციხის უნივერსიტეტში, ეკონომიკურზე, მარტო სტუდბილეთითა და ჩათვლის წიგნაკით ხელში. ეს ის პერიოდია, როცა მართლა ფსკერზე ვიყავი, მაგაზე დაბლა ალბათ ვერ დავიდოდი და არც მინდა დავიდე. სულ ქუჩაში ვიდექი, თუმცა, მაინც ხუთებზე ვსწავლობდი. მაშინ ძველბიჭობა, "ბირჟაზე" დგომა კარგ ტონად ითვლებოდა. გოგოს სხვაგვარად თავს ვერ მოაწონებდი. გახეხილი ჯინსი და "ბათინკები" უნდა გცმოდა, ეს ტრენდი იყო, ყველას ასე ეცვა; შავი მაისური, "რეიბანის" სათვალე, ცოტათი მოშვებული წვერი, ქუდი - ასე უნდა მდგარიყავი ბირჟაზე. გოგონებს მოსწონდათ ნარკომანები, ხუთოსნები კი არა, ამიტომ მეც ვთამაშობდი "კარგი ბიჭის" როლს. ჩემ თვალწინ წამალს ხარშავდნენ, მაგრამ ნამდვილად ვიცოდი, წამალს არ უნდა გავკარებოდი... წითელ დიპლომზე დავამთავრე, მუშაობა დავიწყე, მაგრამ მალევე გავაცნობიერე, რომ არ იყო ჩემი საქმე.

- აჭარაში გოგო-ბიჭები ადრე ქორწინდებიან, თქვენც ადრე დაოჯახდით? - არა, 28 წლის ვიყავი, ცოლი რომ შევირთე. ჩემი მეუღლე 18 წლის იყო. აჭარული წესებით, უკვე "დარჩენილ ბიჭად" ვითვლებოდი. თუმცა, შემდგარი ადამიანი ნამდვილად ვიყავი, სამსახურიც მქონდა, მანქანაც, მაგრამ ცოლი ვერ მოვიყვანე. ტრადიცია იყო ოჯახში - ჯერ უფროს ძმას უნდა მოეყვანა ცოლი, მერე სხვებს. სამი ძმა ვართ; რადგან მე ვერ მოვაბი თავი, უმცროსმა განაცხადა, - ამას ვერ ვუყურებ, ცოლი უნდა მოვიყვანოო. გადაირია მამაჩემი, - რას ამბობ, ჯერ ემზარს არ მოუყვანიაო! - მაგრამ აღარავის დაუგდო ყური და ცოლი შეირთო. მერე შუათანამ თქვა, - მე მაინც მეორე რიგში ვიყავი და ახლა მე მოვიყვანო...

- თქვენს რჩეულს როგორ შეხვდით? - თუ ვინმეს სჯერა ერთი ნახვით შეყვარების, მე ვარ და 28 წლისამ ეს საკუთარ თავზე გამოვცადე. 9 დეკემბერი იდგა, მეგობრის მეჯვარე ვიყავი. იქ, ქორწილში დავინახე მომავალი საცოლე. რომ შევხედე, მივხვდი - ის იყო, ვისაც ამდენ ხანს ვეძებდი. აჭარაში 2-3-დღიანი ქორწილი იციან. მეორე დღეს მოვახერხე, რომ სუფრასთან ეს გოგო ჩემ გვერდით დამესვა და პირდაპირ ვუთხარი, დღესვე ცოლად უნდა გამომყვე-მეთქი. არადა, მარტო სახელი ვიცოდი მისი. პასუხს ველოდები-მეთქი. - რა პასუხს, პირველად გნახეო!.. საცეკვაოდ გავიწვიე. 28 წელია, სიტყვა "მიყვარხარ" არც ერთი გოგოსთვის არ მითქვამს, უნდა გიხაროდეს, შენ გეუბნები და ცოლად უნდა გამომყვე-მეთქი. არ გამცა პასუხი. არადა, მამაჩემსაც დავურეკე, ცოლი მომყავს-მეთქი... შოთა ნიშნიანიძის ლექსი რომაა - "ორშაბათს გოგონა გავიცანი", - ჩემზეა დაწერილი, ზუსტად ისეთი სიტუაცია იყო. იმდენი ვქენი, გაცნობიდან 40 დღეში ქორწილი გვქონდა.

- პროფესიით ეკონომისტი, ადვოკატურაში როგორ აღმოჩნდით?

- ჯუმბერ ბეჟანიძე იყო მაშინ მოსამართლე, ახლაც არის. მას ალბათ ჩვენი დიალოგი არც ემახსოვრება, მაგრამ მისმა სიტყვებმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ერთ სუფრასთან მოვხვდით. რაღაც ამბებს მოვყევი. მაშინ მითხრა, - რა მაგარი ლოგიკური აზროვნება გაქვს, შენგან კარგი ადვოკატი გამოვიდოდაო. მეორე დილით ცოლს ვუთხარი, - ადვოკატი უნდა გავხდე-მეთქი. მე და ირაკლი შავაძე ერთ ეზოში გავიზარდეთ, ცნობილი ადვოკატი იყო; მას ვთხოვე დამხმარებოდა, - შენთან დავიწყებ მუშაობას-მეთქი. 6 თვე დავდიოდი ყოველდღე პროცესებზე, რაღაც პერიოდი სააღსრულებო ბიუროშიც ვმუშაობდი. მერე ჩავერთე ადვოკატურაში, არასამთავრობო ორგანიზაცია მქონდა და გრანტიც მოვიპოვე. იმ წლებში, ფაქტობრივად, პირადი ცხოვრება არ მქონდა, მთლიანად საქმეზე ვიყავი გადართული. ახლა სხვაგვარად ვარ - შაბათ-კვირას ოჯახს ვუთმობ, 4 შვილის მამა ვარ და ოჯახი ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. მაშინ გრანტი რომ მოვიპოვე, ორგანიზაციიდან თვეში 100-დან 200 დოლარამდე მქონდა ხელფასი. მთელ ოჯახს გვყოფნიდა. ვიღებდი საქმეს და ხალხს უანგაროდ ვიცავდი. სწორი გათვლა გავაკეთე - 6 თვეში აჭარაში ძალიან პოპულარული გავხდი. პირველი საადვოკატო ოფისი მე გავხსენი და სტუდენტებიც მოვიყვანე სტაჟირებაზე. ბევრი მათგანი დღეს მაღალ თანამდებობაზეა.

- გახსოვთ საქმე, რომელმაც პოპულარობა მოგიტანათ?

- ბევრი საქმე მქონდა წარმატებული, ტელეეკრანზეც ვჩანდი... აჭარაში გვერდში დგომა პირდაპირი გაგებით ესმით - სასამართლო პროცესზე მთელი სამეზობლო, საახლობლო მოდიოდა. სავსე იყო დარბაზები. მოსამართლე რომ გამოაცხადებდა, - დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს დარბაზიდანო, - უნდა გენახათ, რა ხდებოდა. მაშინ გისოსებით გადატიხრულ საბრალდებო სკამზე იჯდა ბრალდებული, გისოსებს ბოქლომი ედო; ჰოდა, მიცვივდებოდა ხალხი და იწყებდა ბოქლომის გახსნას. რამდენიმე წუთი არავის ახსოვდა ჩემი იქ ყოფნა, ყველა ბრალდებულს ეხუტებოდა. ამ დროს რომელიმე იტყოდა, - ჭო, ემზარი სად არისო? - და ეს ამდენი ხალხი უცებ მე მეხვეოდა... ბევრი წარმატებული პროცესი მქონია. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ავთო აბაშიძე დააკავეს "ნაციონალებმა". ეს პირველი დაკავება იყო თავიანთი გუნდიდან. მიშამ თქვა, ეს ჩალპება ციხეშიო... ბევრი ბრძოლის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ გამოუშვა, რადგან საქმე შეთითხნილი იყო, არადა, რომ დაეტოვებინათ ციხეში, შეიძლება იქიდან ცოცხალი ვერც გამოსულიყო: ვერ გადაიტანდა, ისე განიცდიდა ამ ბინძურ სცენარს. ამაზე წიგნი შეიძლება დაიწეროს: ქრთამის აღებას ედავებოდნენ. ქალი გვარად ხოზრევანიძე მიუგზავნეს აგენტად. ავთო აბაშიძე აჭარაში ლტოლვილთა განსახლებას კურატორობდა. აჭარის მთავრობაში მაშინ სიები შეადგინეს - თუ რომელი კატეგორია უნდა დაეკმაყოფილებინათ, საუბარია ეკომიგრანტებზე. ეს ქალი შევიდა და უთხრა, - პატივს გცემ, ოღონდ ეს საქმე გამიკეთეო. მან უარით გამოისტუმრა, - გადი, სანამ შენი თავი დავაჭერინეო, - არადა, თურმე სპეცოპერაციაა დაგეგმილი. ქალი გარეთ გამოვიდა, ფოიეში თავის მოგვარეს შეხვდა, რომელიც ერთ-ერთი დეპარტამენტის უფროსი, ძალიან გულუბრყვილო ადამიანი იყო. გამოელაპარაკა ეს კაცი, - აქ რას უცდიო? იმან უთხრა, - რაღაც უნდა გადავცე ავთო აბაშიძესო. - ახლავე, მე მივცემო, - და მისცა რაღაც საქაღალდე... აბაშიძის კაბინეტში რომ შევიდა, იქ შეიარაღებული ხალხი დახვდა. მისცვივდნენ, - სად არის ფულიო?! - სხვა არაფერი მაქვს, ეს საბუთების საქაღალდე გადმომცესო. რომ გახსნა, იქ აღმოჩნდა თანხა და ძირს დაიყარა. ეს კადრები გადაიღეს და ასე წაუყენეს აბაშიძეს ბრალი. გამართლდა ეს კაცი დიდი ბრძოლის შემდეგ...

- რამდენად გამოსწორდა სიტუაცია სასამართლოში?

- დღეს გამამართლებელი განაჩენები გამოდის და იმ მოსამართლეებს, რომლებსაც ადრე სხვა გადაწყვეტილებები გამოჰქონდათ, გამოაქვთ გამამართლებელი...

ადამიანი ღმერთთან ახლოს უნდა იყო. ღმერთი სულ არის ჩვენთან, უნდა გვჯეროდეს, რომ არასდროს მიგვატოვებს. მონათლული არ ვიყავი და მე და ჩემი მეუღლე 2016 წელს მოვინათლეთ ქრისტიანულად. დედა რომ გარდამეცვალა, საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ის მუსლიმანი იყო, მამაც და ჩემი ძმებიც მუსლიმანები არიან, მაგრამ მე ქრისტიანი გახლავართ, შვილებიც მოვნათლეთ. ჩემი პაპუნა სტიქაროსანია. როცა რწმენაში ხარ, სულ სხვა თვალით უყურებ ცხოვრებას. ამდენი ბრძოლის შემდეგ, ისევ ადვოკატი ვარ, ეს არის ის, რაც მინდა ვაკეთო. რამდენიმე დღის წინ გამამართლებელ განაჩენს მივაღწიე. 6 წელი ვიბრძოდით ამ საქმისთვის და ბრალდებულები გამართლდნენ. ეს არის დიდი სტიმული და ადრენალინი ადვოკატისთვის... ერთხელ პროცესი მოვუგე ადამიანს და ჩემი კლიენტი არ იყო კარგი კაცი; რომ გამოვედი პროცესიდან, მეორე მხარე დამეტაკა, - ეს რა ქენი, ფულის გამო გააკეთეო?! - კი-მეთქი, ვუპასუხე. გაოცდა. მე არა ვარ სიმართლის მდგენელი, მე ჩემი კლიენტი უნდა დავიცვა, ეს არის ჩემთვის ამოსავალი წერტილი. ყველა კატეგორიის დამნაშავე დამიცავს. როცა ადამიანს იცავ, მის მდგომარეობაში შედიხარ. დამნაშავე განსაცდელშია და როცა მასთან მივდივარ, მას უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ იქ მივიდა ღმერთი, იმედი და მე, რომ ამით არ მთავრდება ცხოვრება. მთავარია, გულწრფელი ურთიერთობა და ხვალინდელი დღის რწმენა. იხილეთ სრულად

თეა ხურცილავა