"მერე კი ჩემს ქმარსაც მივეჩვიე და ისე შემიყვარდა, ისე, რომ ახლა ჩემს სიცოცხლეს შემოვავლებ" - კვირის პალიტრა

"მერე კი ჩემს ქმარსაც მივეჩვიე და ისე შემიყვარდა, ისე, რომ ახლა ჩემს სიცოცხლეს შემოვავლებ"

მოხუცთა თავშესაფარი "ბარბარე ოცდაერთი" სოფელ გლდანშია. მოხუცებზე მწერალი მერაბ შათირიშვილი მეუღლესთან, მაკა სალუქვაძესთან ერთად ზრუნავს. ურიგო არ იქნება, თუ საზოგადოებაც, განსაკუთრებით შეძლებული ფენა, მათთან ერთად აქტიურად ჩაებმება საქველმოქმედო საქმიანობაში და მოხუცებს იქ ყოფნას გაულამაზებს. ვიდრე ბატონ მერაბს დაველაპარაკებოდი, მისაღებში ტელევიზორთან მიმსხდარ ქალბატონებს გავესაუბრე. გაუხარდათ ჩემი დანახვა, თუმცა ზოგიერთი მათგანი მოგონებებმა აატირა.

მერი წამალაშვილი:

- თეთრიწყაროს რაიონიდან ვარ, 78 წლის, მანგლისში გათხოვილი. 42 წელი ქირურგიულ განყოფილებაში ვიმუშავე ექთანად ჯერ თეთრიწყაროში, მერე - მანგლისში და პარალელურად, ბედიანის ფსიქიატრიულ საავადმყოფოშიც ვმუშაობდი. ამის გამო ისე იოლად შევეჩვიე აქაურობას, ვერ წარმოიდგენთ. აქ მოხვედრილს ბევრს უკვირს სხვების ჯანმრთელობის მდგომარეობა, ასე რატომ იქცევა, ისე როგორ შეიძლებაო და ა. შ. მე არაფერიც არ მიკვირს, ძაან ჭკვიანები არიან ესენი ჩემთვის, ყველა. ურთულესი სამუშაო მქონდა ბედიანაში, 6 კორპუსი იყო, ერთი იყო "მთლად აღელვებულების", დაბმულები ჰყავდათ. იყვნენ ჭკვიანი, შედარებით მშვიდი პაციენტებიც, ახალგაზრდებიც კი. ერთხელ გარეთ გამოვიყვანე "პრაგულკაზე", სხვები ერთმანეთთან საუბრობდნენ, ერთი კი ძალიან წუხდა და ოხრავდა. მიზეზი ვკითხე, არ ვიციო, მითხრა. ნუ გეშინია, შვილო, ყველანი კარგად გახდებით და აქედან წახვალ-მეთქი, ვანუგეშე. მიყურა, მიყურა და მითხრა: ეეჰ, შენც კარგად გაკლია, ჩვენ ქრონიკული ავადმყოფები ვართ, გიჟები ვართ და სად წავალთო? იყო შემთხვევა, ბევრს გვაცინებდნენ, მაგრამ ზოგჯერ ვტიროდით ხოლმე კიდეც მათ გამო. ზოგი ვიღაცას ეჩხუბებოდა, ზოგი ცეკვავდა, ზოგი შვილების სახელებს იძახდა, მოდი, შვილო, უნდა გაჭამოო. ერთი ულამაზესი ქალი გვყავდა, მსახიობი, სახელი და გვარი აღარ მახსოვს, ოდესიდან, ოღონდ ქართველი იყო. ჩემი ქმარი თავის მეორე ცოლს მოიყვანს და გაგაცნობო, დამპირდა. მართლაც მოვიდა ის კაცი, თავისი ცოლით და შვილებით. ამ ქალმა უთხრა ჩემზე, კარგი გოგოა, კარგად მექცევაო. დედას რომ უყურებდნენ, შვილები სულ ტიროდნენ, ის კი ორივეს ამშვიდებდა: რა გატირებთ, მშვენიერი ქალია, ესეც თქვენი დედიკოა და დაუჯერეთო.

- ახლა თქვენი დაოჯახების ამბავს მომიყევით, როგორ გაიცანით ერთმანეთი?

- როგორ და სასაცილოდ. რაიონის მთავარი ექიმი ძალიან კარგი ქალი იყო და რატომღაც განსაკუთრებულად ვუყვარდი. აფთიაქის გამგე, რომელიც ჩემი ქმრის ნათესავი იყო, ამ ექიმთან მეგობრობდა. ერთმანეთი გაგვაცნეს. თავიდან უარზე ვიყავი, ისღა მაკლია, "შოფერს" გავყვე-მეთქი. მაშ, არ გაჰყვებიო? - მკითხა მთავარმა ექიმმა, მაშინ ხვალვე გამოვაცხადებ, რომ შენი თავის იმედი არა გაქვს და იმიტომ არ თხოვდებიო. მოკლედ, შანტაჟი მომიწყო. ეჭვების გასაფანტად გადავწყვიტე, მივთხოვდები-მეთქი (იცინის). მოვიდნენ, დამნიშნეს და წამიყვანეს კიდეც. დედა მწოლიარე ჰყავდა, კიბო ჰქონდა. ის რომ დავინახე, ძალიან შემეცოდა. მერე კი ჩემს ქმარსაც მივეჩვიე და ისე შემიყვარდა, ისე, რომ ახლა ჩემს სიცოცხლეს შემოვავლებ. ძალიან ტკბილად და კარგად ვიყავით. სამსახურში მიმავალს ჭიშკრამდე გამომაცილებდა, გადამკოცნიდა და დამემშვიდობებოდა ხოლმე. თვითონ მეურნეობაში მუშაობდა მძღოლად. შვილები არ გვეყოლა. ძმისშვილები მყავს, კარგი ცოლები ჰყავთ, იმათ შემოვევლე და ისინი გვპატრონობდნენ, მაგრამ ვიფიქრე, სადამდე მოგვივლიან, ყველანი მუშაობენ, შაბათ-კვირას ისვენებენ და ხომ უნდათ ან წასვლა, ან წამოსვლა, სულ სახლში ხომ არ ისხდებიან და ჩვენ ხომ არ მოგვივლიან-მეთქი. გეფიცებით, აქ ისე კარგად ვართ, ჩვენს სახლშიც არ ვიყავით ასე კარგად. ისინიც მოდიან ხოლმე სანახავად, გვეუბნებიან, მანქანას მოვიყვანთ და წამოგიყვანთო, მაგრამ არ მივყვებით. ერთი ეგ არის, გადაადგილება მიჭირს და პირველ სართულზე იშვიათად ჩავდივარ, ლიფტი არ არის და მთელი დღე მესამე სართულზე ვართ მე და ჩემი ქმარი. იხილეთ სრულად