"საბოლოოდ ისე გამოვიდა, ამ სამყა­როში ყველას ჰქონია აზრის გამოთქმის უფლება, ელისო ვირსალაძის გარდა" - კვირის პალიტრა

"საბოლოოდ ისე გამოვიდა, ამ სამყა­როში ყველას ჰქონია აზრის გამოთქმის უფლება, ელისო ვირსალაძის გარდა"

ქვეყანაში შექმნილი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ვითარებას გაზეთ "კვირის პალიტრასთან" პოეტი დავით მაღრაძე აფასებს. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

- როცა აგრესიულ დილეტანტიზმს ქვეყანაში პროვინციული ყოფაც ემატება, უარეს ვითარებას ვიღებთ. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის აუხსნელია ეს პროვინციალიზმი, რადგან მიმაჩნია, რომ ქართული კულტურა მარადიული ღირებულებების მატარებელია. მას შეუძლია ადამიანი პროვინციალიზმისგან გათავისუფლების გზაზე დააყენოს. ამ კანონზომიერებით, ასეთ სულიერ მდგომარეობაში თითქოს არ უნდა ვიყოთ. იცით, აგრესიული დილეტანტიზმის მიზეზი რა მგონია? ბოლშევიკებმა ერთხელ რომ გააქეზეს მოსახლეობა საზოგადოების წინააღმდეგ, ანუ იმჟამინდელი არისტოკრატიის წინააღმდეგ, მას მერე ვეღარ გათავისუფლდა ჩვენი ხალხი ამ აგრესიისგან. ერთხელ რომ გაქეზდა იმის წინააღმდეგ, ვინც სულიერებისა და განათლების მატარებელი იყო, ერთხელ რომ იფიქრა, ის, ვინც ქვეყნის საამაყო შვილია, იმისთვის ქვით ედევნა, დღემდე ვეღარ გაჩერდა. არადა, ეს არის საზოგადოების განვითარების დამამუხრუჭებელი, რაც სიძულვილს, თანაცხოვრების კულტურის გაქრობას იწვევს.

დღეს კულტურაზე უარის თქმა მოდურია, მის მარგინალიზებას ცდილობენ, სამაგიეროდ, საკუთარ უნიჭობას არქმევენ გენიალურობას, ურწმუნოებას - ქრისტიანობას, აგრესიას - ლიბერალობას. მსოფლიო ისტორიაში ამის მაგალითი ბევრია, ყველა დიდი უსამართლობა სამართლის სახელით ხდებოდა. ინკვიზიციაც ასე იყო, ახლა დემოკრატიასაც ეს დღე დაუდგა, მისი სახელით აგრესიის ტრენდად ქცევას ცდილობენ.

მაგალითისთვის ერთს ვიტყვი - მე "ფეისბუკზე" არა ვარ, მაგრამ მეგობრები არიან და მიყვებიან, ხანდახან მაჩვენებენ კიდეც, რა ხდება. ელისო ვირსალაძის შესახებ დიდი პოლემიკა გაიმართა მას მერე, რაც ერთ პიანისტზე გამოთქვა აზრი. საბოლოოდ ისე გამოვიდა, ამ სამყაროში ყველას ჰქონია აზრის გამოთქმის უფლება, ელისო ვირსალაძის გარდა. სხვა საქმეა, მე მის აზრს ვეთანხმები თუ არა, არც მისი გამოსარჩლება მაქვს მიზნად, მე ვლაპარაკობ იმ სნეულებაზე, რაც ჩვენს ხალხს სჭირს - აგრესიულ დილეტანტიზმზე. ელისო ვირსალაძეს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი, რა ხარისხის ხელოვანია. სვიატოსლავ რიხტერს აქვს ნათქვამი, ის სამყაროში თანამედროვეობის ყველაზე ძლიერი პიანისტი ქალიაო. ამავე აზრის იყო ნეიჰაუზიც, მაგრამ საკმარისია შენს სამშობლოში რაიმე არ მოეწონოთ, ქვა მუდამ მზად აქვს ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილს.

ამ ვითარებაში ძალიან რთულია ნამდვილის გადარჩენა. თუ შენ არ იზიარებ რეზო გაბრიაძის ესთეტიკას, რომელიც შობის დღესასწაულთან დაგაახლოებს, არ გინდა, გურამ რჩეულიშვილს აჰყვე ალავერდის ტაძრის გუმბათზე, თუ ფიროსმანის სიწრფელე შენთვის სამუდამო აღფრთოვანების საგანი არ არის, თუ ალუდა ქეთელაურის სამშობლოდან გასახლებას არ განიცდი და ვერ ხედავ, სამშობლო ალუდა ქეთელაურს თან როგორ მიაქვს, მაშინ შენ ქართულ დღესასწაულზე ამბობ უარს, რომელსაც ის ადამიანები ქმნიან, ღვთაებრივ სამყაროში გზას რომ გვიკვალავენ. თუ ელისო ვირსალაძეს ვერ თუ არ წაჰყვები შუმანის ღვთაებრივ სამყაროში, მხოლოდ მაშინ დაგეუფლება აგრესია და ყველა ის ადამიანი შეგძულდება, რომლებიც უნდა გეამაყებოდეს. აი, ამ ვითარებაშია ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი. ეს ქმნის ჩვენში ყოველდღიურ პერიფერიულ ყოფას.

წაიკითხეთ გაზეთ "კვირის პალიტრაში" ან გახდით ჩვენი საიტის ხელმომწერი, შეიძინეთ სასურველი პაკეტი და წაიკითხეთ სტატია სრულად

იხილეთ ასევე: "უდაოდ, ძალიან ნიჭიერია, მაგრამ რასაც ის აკეთებს, ეს საშინელებაა" - როგორ შეაფასა ელისო ვირსალაძემ ხატია ბუნიათიშვილი