"რა მოკ­ლე ყო­ფი­ლა წუ­თი­სო­ფე­ლი..." - რას ყვებოდა გიორგი შენგელაია საკუთარ ცხოვრებაზე, მშობლებზე, სოფიკოზე?.. - კვირის პალიტრა

"რა მოკ­ლე ყო­ფი­ლა წუ­თი­სო­ფე­ლი..." - რას ყვებოდა გიორგი შენგელაია საკუთარ ცხოვრებაზე, მშობლებზე, სოფიკოზე?..

"კვირის პალიტრის" აქრივიდან

რეჟისორი გიორგი შენგელაია 2020 წლის 17 თებერვალს გარდაიცვალა.

დიდი ქართველი რეჟისორი გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. შენგელაია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ავადმყოფობდა და 17 თებერვალს, დილით გარდაიცვალა.

გიორგი შენგელია დაიბადა 1937 წლის 11 მაისს. დაამთავრა საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი.

1955-1959წწ. იყო კინოსტუდია "ქართული ფილმის" მსახიობი; 1959 წლიდან რეჟისორი; იგი არის რეჟისორი ფილმებისა: "ალავერდობა"(1963), "მაცი ხვიტია"(1965), "ფიროსმანი"(1969), "ვერის უბნის მელოდიები"(1973), "სიყვარული ყველას უნდა"(1980), "ახალგაზრდა კომპოზიტორის მოგზაურობა"(1984), "ხარება და გოგია"(1987), "სიყვარული ვენახში"(2000), "მიდიოდა მატარებელი"(2005) და სხვა;

გადაღებულია ფილმებში: დათო("ჩვენი ეზო", 1956), გიორგი("ოთარაანთ ქვრივი", 1957), ვაჟა ("ქვიშანი დარჩებიან", 1976), გელა("ამბავი ერთი ქალიშვილისა", 1960), გოგია ("რაც გინახავს ვეღარ ნახავ", 1965).

შენგელაია არის რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი.

ჟურნალ "ისტორიანის" არქივში ინახება ერთ-ერთი ბოლო ინტერვიუ გიორგი შენგელაიასთან, რომელსაც გთავაზობთ:

- ჩემი პირველი მოგონებები, სამწუხაროდ, ძალიან მძიმე ამბავს უკავშირდება. ადრეული ბავშვობიდან მამაჩემის - ნიკოლოზ შენგელაიას გარდაცვალება ჩამრჩა მეხსიერებაში. მაშინ ოთხწლინახევრისა ვიყავი... მამა სულ ახალგაზრდა - 42 წლის იყო.

ეს ტრაგედია მთელი სიცოცხლე გამყვა...

ოთხ წლამდე მოგონებების რაღაც ფრაგმენტები მიტივტივებს გონებაში. მახსოვს, მამა მოვიდოდა, ნანადირევს მოიტანდა და დაყრიდა. მერე ჩვენ გვავალებდა მეზობლებისთვის მოკითხვას. თბილისურ ეზოში ვცხოვრობდით. მე და ჩემი ძმა დავდიოდით სართულ-სართულ და მეზობლებს ვურიგებდით ნანადირევს. ასეთი წესით ცხოვრობდნენ, უფრო გასცემდნენ, ვიდრე მოიხვეჭდნენ. სულ სხვა ხალხი იყო მაშინ.

მაგონდება დედაჩემის გაუბედურებული სახე. მამა ვაჟკაცი იყო, მომლხენი, მონადირე. ვიდრე რეჟისორი გახდებოდა, ლექსებს წერდა. მასთან მეგობრობდნენ გოგლა ლეონიძე, სიმონ ჩიქოვანი, კონსტანტინე გამსახურდია, ლეო ქიაჩელი... ჩვენთან იკრიბებოდნენ, ილხენდნენ, მსჯელობდნენ... ერთ დღეს კი დაიცალა ჩვენი სახლი.

მერე დედამ შეცვალა ყველაფერი. მან გადაგვატანინა ეს უბედურება, თორემ დეპრესიული ბავშვობა მქონდა.

ომის დრო იყო. ფილმებს არ იღებდნენ და ნატო ვაჩნაძისთვისაც კი ლუკმაპური საფიქრალი გახდა. დედა დადიოდა რაიონებში ვასო გოძიაშვილთან, თამარ ჭავჭავაძესთან, კირა ანდრონიკაშვილთან (დედაჩემის და), მწერლებთან ერთად... კონცერტებს მართავდნენ, რომ ცოტა რამ ეშოვათ.

ნიკოლოზ შენგელაია და ნატო ვაჩნაძე პატარა გიორგი შენგელაიასთან

თხუთმეტი წლის ვიყავი, დედა რომ დაიღუპა... ცხადია, ძნელია საქვეყნოდ ვილაპარაკო, როგორ განვიცადე ეს...

ადამიანი ასეა მოწყობილი, რაც უნდა გადახდეს, ეჩვევა. მამა რომ ცოცხალი იყო, სხვა ცხოვრება იყო ჩვენთან, დედა რომ დარჩა - სხვა... დედაჩემის მერე - სხვა...

დედის გარდაცვალების შემდეგ მე და ელდარმა გადავწყვიტეთ, მამის გზა გაგვეგრძელებინა. მოსკოვში ძალიან გვიჭირდა მარტო სტიპენდიით თავის რჩენა. საქართველოში ერთი ბიძაღა გვყავდა - სანდრო, ინჟინერი იყო და დიდი ოჯახი ჰყავდა შესანახი, ჩვენ რას დაგვეხმარებოდა... ასე გაგრძელდა მანამ, ვიდრე ფილმებში არ ვითამაშე და შემოსავალი არ გამიჩნდა...

რეზო ჩხეიძემ "ჩვენ ეზოში" სოფიკო ჭიაურელი მიიწვია - მაშინ მოსკოვის კინოინსტიტუტში, სამსახიობოზე სწავლობდა. ეძებდნენ დათოს როლის შემსრულებელს... სოფიკო, მოგეხსენებათ, როგორი თამამი და ახტაჯანა იყო. უთხრა: - რატომ კარგავ დროს, მე მოგიყვან ბიჭის როლის შემსრულებელსო. მე და სოფიკოს უკვე გვიყვარდა ერთმანეთი, ფილმის მერე ხელიც მოვაწერეთ...

"რაც გინახავს, ვეღარ ნახავ" რომ დაიწყო მიხეილ ჭიაურელმა, უკვე მათი ოჯახის წევრი ვიყავი. გვითხრა, ამ ფილმში თქვენ უნდა ითამაშოთო. მარცხნიდან: გიორგი შენგელაია, არიადნა შენგელაია, სოფიკო ჭიაურელი, ელდარ შენგელაია

ვიდრე მხატვრული ფილმების დადგმას მოვკიდებდი ხელს, დოკუმენტურს მივადექი. ჩემი პირველი სურათი ფიროსმანზე იყო. ინსტიტუტს რომ ვამთავრებდი, გადავიღე "ქართული ხელნაწერები". უნიკალური სურათია იმ მხრივ, რომ იმ ხელნაწერების გადაღება განათებით არ შეიძლება. ხელნაწერთა ინსტიტუტის დირექტორს, ქალბატონ ელო მეტრეველს მოველაპარაკეთ, ავიტანეთ კომბინირებული გადაღების უშველებელი კამერა, რომელსაც შეუძლია თითო კადრი გადაიღოს და განათება არ სჭირდება...

სოფიკო ჭიაურელი, გიორგი შენგელაია. კადრი ფილმიდან: 'ჩვენი ეზო'

საბჭოთა დროს არავინ ფიქრობდა ფილმის გაყიდვა-გაქირავებაზე. ამ პრობლემას სახელმწიფო აგვარებდა, თუმცა იყო ცენზურა - მოითხოვდნენ, ძირითადად, მუშებსა და გლეხებზე გადაგვეღო სურათები. მაგრამ სტალინის დროინდელი მარწუხები უკვე მოსუსტებული იყო. გავაძვრინეთ რაღაცნაირად მე და ოთარ იოსელიანმა მოკლემეტრაჟიანი ფილმები, მე - "ალავერდობა", ოთარმა - "აპრილი". ეს ორი სურათი ალმანახად გამოვიდა დიდ ეკრანზე. მან განსაზღვრა ჩემი რეჟისორული გზა... გაგრძელება