"ერთ ნახვად ღირდა, როგორ ამშვიდებდა სიდედრს ახალგამომცხვარი შრილანკელი სიძე მეგრულად" - უჩვეულო ისტორიები ქორწინების სახლიდან
17-02-2020
"ერთ ნახვად ღირდა, როგორ ამშვიდებდა სიდედრს ახალგამომცხვარი შრილანკელი სიძე მეგრულად" - უჩვეულო ისტორიები ქორწინების სახლიდან
ოდესმე გიოცნებიათ, რომ ქორწინების სახლში გემუშავათ? - ალბათ, არასოდეს. ამაზე არც ჩვენს სტუმარს უფიქრია, მაგრამ ისე მოხდა, რომ მთაწმინდის პარკში გახსნილი ქორწინების სახლის მენეჯერი გახდა, თავისი საქმე ძალიან შეიყვარა და 10 წელია, ერთგულად ემსახურება ბედნიერ წყვილებს. ეს სიმპათიური ქალბატონი ჩვენი ყოფილი კოლეგა - ნატა გოგოლიძეა.

- პროფესიით ჟურნალისტი ვარ და რამდენიმე ტელევიზიაში ვმუშაობდი - ჯერ პირველ არხზე, მერე - "თამარიონში", შემდეგ კი - "იბერვიზიაში". ბუნებით ოპტიმისტი, ხალისიანი ადამიანი ვარ და
რატომღაც ტელევიზიაში ყოველთვის პოზიტიური, სასიამოვნო ამბების გაშუქება მიწევდა. ქორწილებთან შეხება არასოდეს მქონია, მაგრამ 2009 წელს, ბადრი პატარკაციშვილის თაოსნობით მთაწმინდის პარკი გაიხსნა. მისი სურვილი იყო, ამ მშვენიერ პარკში ქორწინების სახლიც ყოფილიყო. სწორედ იმ დროიდან ვმუშაობ აქ მენეჯერად. ჩემს მოვალეობაში ქორწილის და ხელის მოწერის ორგანიზება და წყვილებისთვის
სარიტუალო პაკეტების შერჩევა შედის. ყველაფერს თავიდანვე ვათანხმებთ, ქორწილის დღე რომ მათთვის დაუვიწყარი იყოს. ისინიც მოდიან და თავიანთ იდეებს გვიზიარებენ, ჩვენთან ერთად ცდილობენ საქორწინო რიტუალის გალამაზებას.

- მაინც, რა შედის სარიტუალო პაკეტში?
- მუსიკა და შამპანური ნებისმიერ პაკეტში შედის, დამატებით მომსახურებაში კი, წითელი ხალიჩა, ცოცხალი მუსიკა და სხვა შეთავაზებებიც გვაქვს. წყვილებს, რომლებმაც გადაწყვიტეს ცხოვრებაში ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგან, ძალიან ლამაზ, სასიამოვნო გარემოს ვახვედრებთ. ყველამ იცის, რომ მთაწმინდის პარკი ისედაც ძალზე ლამაზია, საოცარი ლანდშაფტი და ულამაზესი ხედები ამშვენებს და ამას სასიამოვნო რიტუალიც ემატება. ალბათ ამის ბრალია, რომ ბევრი უცხოელი მოდის და სურვილს გამოთქვამს, ხელი ჩვენს ქორწინების სახლში მოაწეროს.

- ალბათ ბევრი დაუვიწყარი, სასიამოვნო რიტუალის მოწმე ხართ...
- რასაკვირველია. ათი წელია, რაც აქ ვმუშაობ და აღარც კი მახსოვს, რამდენი ქორწილის მოწმე ვყოფილვარ. მათ შორის გამორჩეული და დაუვიწყარი ქორწილებიც იყო. ალბათ, არასოდეს დამავიწყდება ერთი წყვილი, რომელსაც ცერემონიალის დროს ძალიან ლამაზი, პატარა ძაღლი ახლდა. თურმე, ეს ძაღლი ბიჭმა გოგონას შეყვარებულობის პერიოდში აჩუქა. გოგონამ ისე გაწვრთნა, რომ თითქმის ყველაფერს უჯერებდა. ქორწილში ისიც სადღესასწაულო კაბაში იყო გამოწყობილი და სიძე-პატარძალს წინ მიუძღოდა, კბილებით ლამაზი თაიგული ეჭირა და მაყრიონს ამაყად მიჰყვებოდა. ამ პატარა, საყვარელმა არსებამ თავისი "როლი" ისე კარგად ითამაშა, რომ ალბათ, ვერც ერთი ადამიანი ვერ აჯობებდა.

- ხუმრობთ ხოლმე, რომ სოფი ლორენიც კი დააქორწინეთ... ეს როგორ მოხდა?
-
ეს წყვილიც არ მავიწყდება: უცხოელები იყვნენ და ქორწილამდე ერთი თვით ადრე მოგვაკითხეს. 50 წლის ქალბატონი იყო, საოცრად ელეგანტური და ეშხიანი, თანაც, იმდენად ჰგავდა სოფო ლორენს, დარბაზში პირველად რომ შემოვიდა, გავოგნდი და დავიბენი - ნამდვილად მსახიობი მეგონა. რუსი ებრაელები იყვნენ. მთელი ერთი თვე ვარჩევდით, რა როგორ უნდა ყოფილიყო, ლამის, სრული პაკეტი შეგვიკვეთეს. მოვიდა ქორწილის დღეც. წყვილს წითელი ხალიჩა ჰქონდა შეკვეთილი, რომელიც ქორწინების სახლამდე მისასვლელ ბილიკზე უნდა ყოფილიყო დაგებული. ჩვენი თანამშრომელი - ბატონი თამაზი ხალიჩას რომ აგებდა, ტურისტების ჯგუფი მიუახლოვდა და ჰკითხა, - ვისთვის აგებთ ამ ხალიჩასო? იმასაც ნანახი ჰყავდა ეს ქალბატონი, აღფრთოვანებას ვერ მალავდა და გაიხუმრა, - სოფი ლორენი უნდა დავაქორწინოთო. ამას ისიც დაერთო, რომ ერთი თვით ადრე სოფი ლორენი მართლაც თბილისში იყო და ტურისტებმაც დაიჯერეს. საქორწინო რიტუალის დრო ახლოვდება, ფანჯრიდან გავიხედე და რას ვხედავ: ეს ჩვენი წყვილი ქორწინების სახლს უახლოვდება, ტურისტების ჯგუფი გაზრდილა და შემოსასვლელთან უამრავი ხალხი მოგროვილა, რომ "სოფი ლორენს" შეხვდეს და მასთან ფოტოები გადაიღოს... ასეც მოხდა, ყველა ამ ქალბატონს შემოეხვია, ოვაციები გაუმართეს და სურათები გადაუღეს. ულამაზესი თეთრი კოსტიუმი და ქვედაბოლო ეცვა, ისეთივე ლამაზი აღნაგობა ჰქონდა, როგორიც სოფი ლორენს და თავზეც ულამაზესი შლაპა ეხურა. ხალხის ნაკადი რომ გაიზარდა, ბატონი თამაზი დაიბნა და ძახილი დაიწყო: არ არის ეს სოფი ლორენი, უბრალოდ, გავიხუმრეო...

- თავად "სოფი ლორენს" როგორი რეაქცია ჰქონდა ამ ამბავზე?
- მას საერთოდ არ გაჰკვირვებია: ასეთ სიტუაციაში ბევრჯერ ვყოფილვარო, გვითხრა. ბევრს ვმოგზაურობ და როცა სადმე ჩავალ, ბევრი მთხოვს ავტოგრაფსაც და ფოტოს გადაღებასაცო. ამ ქორწილში კარგად ვიხალისეთ. უნდა გენახათ, ყველა როგორი აღფრთოვანებით შესცქეროდა ლორენის ორეულს. ცერემონიალი ოვაციების და ჟრიამულის ფონზე ჩავატარეთ.

- ალბათ, შვილის არჩევანით უკმაყოფილო დედებიც გყოლიათ.
- ჩვენამდე რომ მოვლენ, უკვე ყველაფერი გარკვეული აქვთ და მომავალი სიდედრები თუ დედამათილები არაფერს იმჩნევენ, მაგრამ ერთი ასეთი შემთხვევა მაინც გვქონდა: ქართველი გოგონა დავაქორწინეთ შრილანკელზე. ბიჭი ფერადკანიანი იყო. სასწავლო პროგრამით გაუცნიათ ერთმანეთი უცხოეთში. გოგონა მეგრელი იყო, ხობის რაიონიდან. აშკარად ეტყობოდა, რომ ყურებამდე შეყვარებული გახლდათ თავის საქმროზე, მისი დედა კი ცრემლებს ღვრიდა. ყველანი ვამშვიდებდით, მაგრამ ერთ ნახვად ღირდა, როგორ ამშვიდებდა სიდედრს ახალგამომცხვარი სიძე მეგრულად... მეგრული უკვე იცოდა და იმდენი მოახერხა, რომ სიდედრი თანდათან დაამშვიდა, ფოტოც გადაიღეს და მათ დანახვას არაფერი სჯობდა...
კიდევ ერთი უჩვეულო ქორწილი მახსენდება: ახალგაზრდა წყვილი ქორწინდებოდა. რიტუალი დაიწყო და როგორც ყოველთვის, მომავალ მეუღლეებს შეკითხვა დაუსვეს - ხართ თუ არა თანახმა, რომ იქორწინოთო?.. ამ დროს დარბაზის უკანა მხრიდან გოგონას ხმა გაისმა: მე ვარ წინააღმდეგიო. მთელი დარბაზი გაირინდა. აღშფოთებულმა პატარძალმა თაიგული დააგდო და დარბაზიდან გაიქცა, სიძეც გაეკიდა. ყველამ ძალიან ვინერვიულეთ და აღარ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით. სულ მალე გაირკვა, რომ სიძემ გაიხუმრა და ეს გოგონა მისი კარგი ნაცნობი იყო. საბედნიეროდ, გაქცეული პატარძალი დაბრუნდა და ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა.

- ასაკით განსხვავებული წყვილები თუ დაგიქორწინებიათ?
- ასეთი წყვილიც მახსოვს: ქალი მომავალ მეუღლეზე 18 წლით უფროსი იყო, უცხოელები იყვნენ. კიდევ ერთი წყვილი მახსენდება, რომელიც ერთ-ერთმა ტურისტულმა ბიურომ მოგვიყვანა. ორივე შუახნის ასაკის. ქალისთვის ეს მესამე ქორწინება გახლდათ, ხოლო მამაკაცისთვის - პირველი. თურმე ერთმანეთი ბავშვობიდან ჰყვარებიათ, მერე მათი გზები გაიყარა. ეს ქალი ორჯერ გათხოვდა, ხოლო კაცი უცოლო იყო, რადგან პირველ სიყვარულს ვერ ივიწყებდა. ორი ქორწინების შემდეგ მათი გზები ისევ გადაიკვეთა. მახსენდება ხელის მოწერის დროს როგორი ემოცია ჰქონდათ, განსაკუთრებით ეს კაცი ღელავდა, ცუდად გაგვიხდა და წამალიც კი დაგვჭირდა, რომ გამოკეთებულიყო. გვიყვებოდა, როგორ უყვარდა და ელოდა. ქალბატონიც ამბობდა, რომ ბავშვობის სიყვარული არ იკარგება. ისეთი რომანტიკული იყო ეს ყველაფერი, რომ სიტყვით ვერ გადმოგცემთ. კიდევ ერთი გამორჩეული წყვილი მყავდა: ბიჭმა დაიჩემა, ჩემს ქორწილში ალ კაპონეს ფორმაში უნდა გამოვეწყოო. მართლაც, პატარძალი დარბაზში დააყენა და თვითონ მთელი ბილიკი მარტომ გამოიარა - თეთრებში ჩაცმული, სიგარით ხელში, ძალიან კარგი სანახავი იყო. დარბაზში კი ენიო მორიკონეს ცნობილი მუსიკა ისმოდა, რომელიც "ნათლიაში" ჟღერს. იხილეთ სრულად

ჟურნალი "გზა"
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?