"ხომ თავისებური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ გადაღებისას მსახიობებზე ოჯახის წევრივით ზრუნავდა" - როგორ იხსენებენ გიორგი შენგელაიას? - კვირის პალიტრა

"ხომ თავისებური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ გადაღებისას მსახიობებზე ოჯახის წევრივით ზრუნავდა" - როგორ იხსენებენ გიორგი შენგელაიას?

დიდი ქართველი კინორეჟისორი, რუსთაველის პრემიის ლაურეატი, საქართველოს სახალხო არტისტი  გიორგი შენგელაია 82 წლის ასაკში გარდაიცვალა. ჩვენთან საუბარში რეჟისორი იმ ცნობილმა მსახიობებმა გაიხსენეს, რომლებსაც გიორგი შენგელაიასთან ერთად მუშაობის ბედნიერება ხვდათ წილად და ვინც ამაზე მთელი ცხოვრება ოცნებობდა.

ია ფარულავა: - კინოკრიტიკოსი არ ვარ, გიორგი შენგელაიას ფილმები რომ განვიხილო, მაგრამ იგი ნამდვილად იყო ჩვენი ეპოქის უდიდესი,  მსოფლიო მასშტაბის რეჟისორი! "ფიროსმანი" და "ალავერდობა" ნამდვილი შედევრებია! ასევე ჩვენი უსაყვარლესი მიუზიკლები...

ბატონ გიორგი შენგელაიას 1997 წელს შევხვდი... მაშინ ამერიკაში ვცხოვრობდი, დამირეკეს და მითხრეს, რომ გიორგი შენგელაია იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმს "სიყვარული ვენახში", რომელიც გერმანული პროდუქცია იქნებოდა და საქართველოსთვის არ იყო განკუთვნილი. ამერიკიდან საგანგებოდ ჩამოვედი, შევხვდი გიორგი შენგელაიას, რომელმაც როლზე მაშინვე დამამტკიცა. ფილმის გადაღებები გურჯაანში მიმდინარეობდა და ბატონ გიორგისთან მუშაობის პროცესი მეტად სასიამოვნო იყო. კადრი ფილმიდან ,სიყვარული ვენახში' ძალიან მგრძნობიარე იყო მსახიობების მიმართ და გამორჩეულად ყურადღებიანად გვეპყრობოდა. წინასწარ აგვიხსნა, რომ ფილმში შეიძლებოდა ეროტიკული სცენები ყოფილიყო... ფილმის გადაღებები რომ დასრულდა, ამერიკაში სრულიად დარწმუნებული დავბრუნდი, რომ საქართველოს ეკრანებზე ფილმი არ გადაიცემოდა. ასეთი იყო მოლაპარაკება... შემდეგ ეს ყველაფერი შეიცვალა, მაგრამ ეს არაფერი! ყველაზე სასიამოვნო ჩვენთვის ის იყო, რომ ფილმის გადაღებისას გურჯაანში ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმის გვერდით არაჩვეულებრივ ოჯახში ვცხოვრობდით. ბატონ გიორგის თან ახლდა შვილი – ნიკუშა შენგელაია, თავისი სტუდენტები, კარგ დროს ვატარებდით და ძალიან ტკბილად მახსენდება ის პერიოდი.

გადაღებების შემდეგ გიორგი შენგელაიას ბევრჯერ შევხვდი, დავსხდებოდით და უამრავ საინტერესო ისტორიას ყვებოდა თავისი ცხოვრებიდან, შემოქმედებიდან... ყოველმხრივ ძალიან საინტერესო და უგანათლებულესი ადამიანი იყო!

გიორგი შენგელაიამ რომ "ფიროსმანი" გადაიღო, მიხეილ ჭიაურელს უთქვამს, შენ უკვე იმხელა შედევრი შექმენი, ამაზე დიდი რამის შექმნა შეუძლებელიაო... თუმცა შემოქმედს სულ აქვს განწყობა, ფილმებს ქმნიდეს და სამწუხაროა, რომ "ფიროსმანის" და "ალავერდობის" შემდეგ არ მიეცა საშუალება რამე შედევრალური შეექმნა, თუმცა მისი სხვა ფილმებიც ხალხისთვის ძალიან საყვარელი და სახალისოა!

ნანული სარაჯიშვილი:

- უბედნიერესი ადამიანი ვარ ამ არაჩვეულებრივ რეჟისორთან რომ მოვხვდი და პატივი მერგო, გიორგი შენგელაიას ორ ფილმში გადავეღე. ძალიან ნიჭიერი და გამორჩეულად გემოვნებიანი ადამიანი იყო. სასწაულად ყურადღებიანი იყო მსახიობებთან! ხომ თავისებური ხასიათი ჰქონდა, მაგრამ გადაღებისას მსახიობებს ისე გვივლიდა, თავზე დაგვფოფინებდა - სულ გვეკითხებოდა, რამე ხომ არ გვაწუხებდა, დროულად ვჭამდით თუ არა, ხომ არ გვციოდა... როგორც საკუთარი მამა, ძმა, ოჯახის წევრი ისე ზრუნავდა ჩვენზე... ძალიან გული მტკივა მისი გარდაცვალების გამო, რადგან, ვიცი, გიორგი შენგელაიას რამდენი გეგმები ჰქონდა. დაგვპირდა, რომ უნდა დავეკავებინეთ გადაღებებზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე მალე დაგვტოვა...

თავს იმით ვინუგეშებთ, რომ შთამომავლობას, მთელ საართველოს დაუტოვა შედევრები! იმდენად მრვალმხრივი ნიჭის რეჟისორი იყო, რომ მას შეეძლო გადაეღო ერთდროულად "ფიროსმანი", ვესტერნი, მიუზიკლი... მე ჩემი დამოკიდებულება მქონდა მის მიმართ, ადამიანებისთვის სტიმული იყო ისიც, ამხელა ასაკში რომ პატარა ბიჭივით გამოიყურებოდა. საოცრად ენერგიულად და თავდაუზოგავად მუშაობდა. უდიდესი პიროვნება იყო და ღმერთმა დაუმკვიდროს სასუფეველი...

რეზო ჩხიკვიშვილი:

- უნდა გაგანდოთ, რომ როდესაც გიორგი შენგელაიას გენიალურ ფილმებს ვუყურებდი, სულ ვოცნებობდი მასთან ერთად მემუშავა, ფილმში გადავეღე. ეს იშვიათად ხდება, მსახიობი ოცნებოდეს, მაინცდამაინც კონკრეტულმა რეჟისორმა გადაიღოს... სამწუხაროდ, ისე მოხდა, ცხოვრება ისე აეწყო, რომ გიორგი შენგელაიას ფილმში გადაღება კი არა, მას ვერც კი შევხვდი. ბოლო 25 წელია ჩემს ქვეყანაში აღარ ვარ და მოწყვეტილი ვარ ბევრ რამეს... მის ფილმებზე გავიზარდე და მინდა გითხრათ, რომ ფილმი - "ფიროსმანი" ეს არის შედევრი". სასწაულია "ვერის უბნის მელოდიები", სხვა ფილმებიც... ძალიან მაინტერესებდა გიორგი შენგელაიასთან შეხვედრა, მის შემოქმედებაზე საუბარი, მაგრამ ვერასოდეს მოხერხდა. ელდარ შენგელაიას ბევრჯერ შევხვედრივარ და ამიხსნა კიდეც რატომ არ მიღებდა თავის ფილმებში, ერთხელ ხუმრობით მითხრა, - მეტისმეტად სიმპათიური იყავი ჩემი ფილმებისთვის და ხელს ეს გიშლიდაო. ამ ნათქვამზე ორივემ ბევრი ვიცინეთ. საინტერესო იყო, რა მიზეზს მეტყოდა გიორგი შენგელაია...

გიორგი შენგელაიას საქართველოს პრეზიდენტობა რომ სურდა, ამას სულ სხვა კუთხით ვუყურებდი და ძალიან მიხაროდა. ჩემთვის ეს ნიშნავდა, რომ ადამიანი ძალიან ჯანმრთელად, მხნედ გრძნობდა თავს და ამიტომაც სურდა ქვეყნის მეთაურობა. ვამბობდი, როგორი აქტიურია და ღმერთმა დიდხანს კარგად ამყოფოს-მეთქი...

ძალიან გულსატკნია რომ მიდის თაობა, რომელთა შემოქმედება ოქროს ასოებით ჩაიწერა საქართველოს კულტურის ისტორიაში... ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა ლალი ბადურაშვილი, რომლის წასვლამაც ასევე ძალიან გული მატკინა. დარწმუნებული ვარ, საქართველოში შექმნილი სტრესული ცხოვრება ძალიან ცუდად მოქმედებს ადამიანებზე... მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს და სხვისი წარმატებებიც ისე გვახარებდეს, როგორც საკუთარი!

იხილეთ ასევე: "რა მოკლე ყოფილა წუთისოფელი..." - რას ყვებოდა გიორგი შენგელაია საკუთარ ცხოვრებაზე, მშობლებზე, სოფიკოზე?..

(სპეციალურად საიტისთვის)