აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს - კვირის პალიტრა

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე ხმაურია. აჭარის ტელევიზიაში ახლად შექმნილ ალტერნატიული პროფკავშირების წევრებს მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე დღის წესრიგთან დაკავშირებით სიტყვით გამოსვლა სურდათ, თუმცა აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ გიგო ჩხარტიშვილმა ამის უფლება არ მისცა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

გიგო ჩხარტიშვილის თქმით, სხდომას 100 ადამიანი ესწრება და ყველას სიტყვით გამოსვლის საშუალებას ვერ მისცემს.

თავის მხრივ, ალტერნატიული პროფკავშირების წევრები ამბობენ, რომ ტელევიზიაში მიმდინარე პროცესებში ხელისუფლებაა ჩარეული და კონკრეტულ ადამიანებს დევნის.

არხის თანამშრომლების ნაწილს მიაჩნია, რომ ახლად არჩეული დირექტორი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლას ცდილობს.

მრჩეველთა საბჭოს სხდომაზე პოლიტიკური პარტიების წევრები, მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებიან.

სხდომაზე მყოფების ნაწილი ალტერნატიული პროფკავშირების სიტყვით გამოსვლის წინააღმდეგია, რის გამოც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.

სხდომათა დარბაზში ასევე არიან ადამიანები, რომლებიც ჟურნალისტების მიმართ აგრესიულობით გამოირჩევიან და ცდილობენ მათ მუშაობაში ხელი შეუშალონ.

მრჩეველთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აუდიტის სამსახურის მოსმენა, არხზე ფილმების შეძენა, საშტატო განრიგში ცვლილების შეტანა და ასევე ბიუჯეტში ცვლილების შეტანა იგეგმება.

"ინტერპრესნიუსი"