"დღეს გოგონები უფრო მამაკაცური სტილით ცეკვავენ, ცხოვრებაშიც ასეა - დღეს ქალები გაცილებით აქტიურები და მამაცები გახდნენ"
21-02-2020
"დღეს გოგონები უფრო მამაკაცური სტილით ცეკვავენ, ცხოვრებაშიც ასეა - დღეს ქალები გაცილებით აქტიურები და მამაცები გახდნენ"
ცეკვა 16 წლის ასაკში ქუთაისში დაიწყო, შემდეგ მისი კარიერა ანსამბლ "ერისიონის" სოლისტობით გაგრძელდა. ქართული ცეკვის ძლიერი სიყვარული საბოლოოდ პროფესიად აქცია და სცენაზე 22 წლის განმავლობაში იდგა. ანსამბლ "ერისიონის" ყოფილი სოლისტი და ქორეოგრაფი ზაალ ჭუმბურიძე თავის განვლილ გზაზე გვესაუბრება:

- ბავშვობიდან ვცეკვავდი, უკვე პროფესიულად "ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლში" დავიწყე ცეკვა, რომელიც 1979 წლის ბოლოს ჩამოყალიბდა, 16 წლის ვიყავი მათ რომ შევუერთდი. ანსამბლ "ერისიონში" კი 1987 წელს გადმოვედი, იმ დროისთვის უკვე მეუღლე და
ერთი შვილი მყავდა, 22 წელი ვიცეკვე ანსამბლში - "ქართულის", "აჭარულისა" და "ფარიკაობის" წამყვანი სოლისტი ვიყავი. 1988 წელს ჩამოვაყალიბეთ ერისიონთან არსებული სტუდია და ჩემი ჯგუფიც შევქმენი, ბავშვებს ვასწავლი ცეკვას.

- როგორი იყო ქართული ცეკვა მაშინ, როდესაც თქვენ ცეკვავდით?
- სხვა ცეკვებისგან განსხვავებით, ქართული ცეკვის შესრულება მეტად
რთულია, სხვა ენერგიას, განწყობასა და ხასიათს მოითხოვს, თუმცა როდესაც სცენაზე გადიხარ, ყველაფერი გავიწყდება. მაყურებლისთვის ქართული ცეკვა ერთი დიდი საოცრებაა, უცხოელები გიჟდებიან ჩვენს ცეკვებზე ეს ადრეც ასე იყო და დღესაც გრძელდება. გვახსოვს, ატირებული მაყურებელი და სულ ვიხსენებ, გაოგნებულ ხალხს, რომელიც კონცერტის შემდეგ გარეთ გველოდა, რომ მოგვფერებოდა, ტკბილი სიტყვა ეთქვა და კიდევ ერთხელ დაეკრა ტაში საუკეთესო შესრულებისთვის.

- ანსამბლი "ერისიონი" ხშირად გასტროლებზე დადიოდა, ალბათ ბევრი საინტერესო რამ გადაგხდენიათ...
- მახსოვს, ერთხელ რიგით გასტროლზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, ქალაქ სან-დიეგოში ვიყავით, იქ ჩვენ გარდა სხვა უამრავი დელეგაცია იყო ჩამოსული. იყვნენ მექსიკელები, კანადელები, არგენტინელები, რუსები და სხვა. ერთ საღამოს, ყველა დელეგაცია ქალაქის მერთან სავახშმოდ მიგვიწვიეს, სან-დიეგოს მერი ერთი სასიამოვნო ქალბატონი იყო, რომელმაც მოულოდნელად გადაწყვიტა, ის საღამო ქართველებთან ერთად გაეტარებინა. მოვიდა, გაგვეცნო და ჩვენს მაგიდას შემოუერთდა. საქართველოდან წარსადგენად "ხვანჭკარა" გვქონდა წაღებული, მერმა დააგემოვნა და 3-მილიონიანი ქალქის თავი გადაირია, ისე მოეწონა ჩვენი "ხვანჭკარა", შემდეგ ჩვენმა ბიჭებმა იმღერეს და ახლა პოლიფონიით გაგიჟდა, ბოლოს ვიცეკვეთ, მერი გაოგნებული გვიყურებდა. წასვლისას გვთხოვა, რომ მეორე დღეს მასთან მერიაში მივსულიყავით სტუმრად.

ჩვენთვის ეს დიდი პატივი იყო, მეორე დღეს ბატონმა ჯემალ ჭკუასელმა გადაწყვიტა, რომ ვიზიტზე მე - ჩოხა, ჩემს მეწყვილეს კი "ქართულის კაბა" ჩაეცვა. საჩუქრები გავამზადეთ და წავედით. ამერიკელები პუნქტუალური ხალხია, თუმცა იმ დღეს ლოდინი მოგვიწია, ნახევარ საათში მერიც მოვიდა და მოგვიბოდიშა. როგორც აღმოჩნდა, წინა დღეს "ხვანჭკარის" დაგემოვნება ცოტა ზედემტი მოუვიდა და  გზაზე პოლიციამ გააჩერა და დააჯარიმა, შეხვედრაზე კი თურმე იმიტომ დააგვიანდა, რომ ჯარიმის გადასახდელად ბანკში, რიგში მოუწია დგომა. მაშინ ეს ისეთი საკვირველი რამ იყო ჩვენთვის, იმჟამინდელ საქართველოში ქალაქის მერს ვინ გაუბედავდა დაჯარიმებას. დღემდე მეცინება რომ ვიხსენებ...

- ამდენი ხანი გავიდა და თაობები გაზარდეთ, რა არის ცეკვა თქვენთვის?
- ცეკვა მთელი ჩემი ცხოვრებაა, სულიერად, ხორციელად... მთელი ოჯახით ჩაფლული ვართ ამ საქმეში. პროფესიით, იურისტი ვარ, მაგრამ ჩემში იმდენად არის გამჯდარი ქართული ცეკვის და ზოგადად ხელოვნების სიყვარული, რომ დიპლომი არც ერთი დღე გამომიყენებია. 6 წლის ვიყავი, როდესაც მშობლებმა ცეკვაზე მიმიყვანეს, გამიმართლა, რომ საოცარი პედაგოგები მყავდნენ - ავთო ლომთაძე და კარლო გერგაია. ბავშვობაში რომ დამაბრუნა, აუცილებლად ისევ ამ გზას გავივლიდი.

- არსებობდა აზრი, რომ ცეკვის მასწავლებელი მკაცრი და მომთხოვნი უნდა ყოფილიყო, თქვენ მკაცრი არ ხართ, თუმცა მაყურებელი შესრულებული ცეკვით ყოველთვის კმაყოფილია, როგორ ახერხებთ ამას?

- ყველაფერი მიდგომაზეა დამოკიდებული, ქალბატონი ნინო რამიშვილი საოცარი პედაგოგი, ცოლ-შვილიან მოცეკვავეებს მათრახს ურტყამდა, ასეთი რაღაცები ქართულ ცეკვაში ხდება, მაგრამ მე უფრო რბილი დამოკიდებულება მაქვს ბავშვებთან, მეგობრობით მირჩევნია ურთიერობა და უკვე წლებია მათთან დიდი სიყვარული მაკავშირდებს. ჩემი ბავშვები, რაიმე მნიშვნელოვანი რომ ხდებოდა მათ ცხოვრებაში, პირველად მე და ჩემს მეუღლეს გვეკითხებოდნენ აზრს და შემდეგ მშობლებს უყვებოდნენ. უკითხავთ ჩემთვის, -  ზაალი მას,  ეს და ეს გოგო მიყვარს და როგორ შემიფასებთო? ან რაიმე სხვა. მახსოვს, ადრე ჩვენთან ორი მოსწავლე მოვიდა, 25 წლისები იქნებოდნენ, გვკითხეს, შეუღლებას ვაპირებთ და რას გვირჩევთო? ვიდრე მშობლებს კითხავდნენ, ჩვენთან შეათანხმეს, უკვე 9 წლის შვილი ჰყავთ და ისიც ჩვენ მოგვიყვანეს ცეკვაზე, ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს. ჩხუბით მიჩხუბია, დამიყვირია, თუმცა პედაგოგი მაშინ ხარ, როდესაც ხვდები, რომ ყველას ინდივიდუალური მიდგომა სჭირდება.

- ქართულმა ცეკვამ ნაწილობრივ სახე იცვალა და მოდერნისტული სტილი დამკვიდრდა, თქვენ როგორ მოგწონთ ეს?
- ცხოვრება წინ მიდის, ყველაფერი ვითარდება, ცეკვაც ასეა, მთავარია ქართულმა ცეკვამ ძირი და ფუნქცია არ დაკარგოს. ახლა ქართულ ცეკვებში ტემპმა მოიმატა, თან დღეს გოგონები უფრო მეტად მამაკაცური სტილით ცეკვავენ, ცხოვრებაშიც ასეა - დღეს ქალები გაცილებით აქტიურები და მამაცები გახდნენ.

მაყურებელის გემოვნებაც შეიცვალა, ჩემს ახალგაზრდობაში მხოლოდ დოლსა და გარმონზე ვცეკვავდით, ახლა ეს მოცეკვავისთვის საკმარისი აღარ არის, მათ აუცილებლად არანჟირებული მუსიკა სჭირდებათ, დასარტყმი ინსტურუმენტითა და ბასებით. თუ არანჟირებულ მუსიკაზე არ ცეკვავენ ხასითი და ტემპი აკლიათ. უკვე თვითონ ცეკვაც ითხოვს დინამიურ ტემპს.

- სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოჩანაწერი, რომელშიც "ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის" 40 წლისადმი მიძღვნილ კონცერტზე ქართული ცეკვა შეასრულეთ, რაც მაყურებლისთვის ემოციური აღმოჩნდა...
- ჩვენთვის ეს საოცარი რამ იყო, წლების უნახავი მეგობრები შევიკრიბეთ, გია ტკვაცირია იყო საღამოს ორგანიზატორი. შეუძლებელია ამ ემოციის სიტყვებით გადმოცემა. 40 წლის წინ ვიდექით სცენაზე, გვქონდა გასტროლები, კონცერტები, ჭირიც და ლხინიც და ამდენი ხნის შემდეგ ერთმანეთი აღარ გვინახავს, ზოგმა ცეკვას დაანება, თავი ზოგი გათხოვდა, ოჯახი შექმნა და სხვა გზას გაყვა. 40 წლის შედეგ ხვდები ადამიანს... და ყველაფერი ერთბაშად გახსენდება. სცენაზე დავდექით წლების მერე და ვიცეკვეთ, საოცრება იყო მე და ია ესვანჯიამ ცეკვა "ქართული" შევასრულეთ.

"ქართული" ჩემი კარიერის განმვალობაში სულ 3 ქალბატონთან მიცეკვია, მათ შორის იყო ჩემი უცვლელი მეწყვილე ეკა ნონიკაშვილი, ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანის მეუღლე, რომელთანაც 20 წელი უცვლელად ვცეკვავდი. ეკას ორჯერ დეკრეტში გასვლა მოიუწია, თუმცა ბრუნდებოდა და ვაგრძელებდით ისევ ძველებურად.

(სპეციალურად საიტისთვის)


ნატა
23 თებერვალი 2020 08:12
საოცრად თბილი ,ყურადრებიანი,ზოგჯერ მკაცრიც მაგრამ ყველა მოსწავლისთვის საყვარელი და საპატივცემულო ზაალი მასწავლებელი.არა მარტო ბავშვებს მშობლებსაც ძაან გვიყვარხარ და გაფასებთ,კიდევ ბევრი მოსწავლე დაგეფრთიანებინოთ

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ მთავრობის გადაწყვეტილებას, მოსახლეობის ნაწილისთვის კომუნალური გადასახადების 3 თვით დაფინანსების შესახებ?