"ისედაც დაქუცმაცებულია ჩვენი სამშობლო და კიდევ აზერბაიჯანს დავუთმოთ?" - კვირის პალიტრა

"ისედაც დაქუცმაცებულია ჩვენი სამშობლო და კიდევ აზერბაიჯანს დავუთმოთ?"

"კომუნისტებს მეტად ესმოდათ ხალხის, ვიდრე დღევანდელ ხელისუფლებას"

"გაიგეთ, რომ აქ საქართველოს განაპირა სოფელია და ხალხი ცხოვრობს!"

"მაქვს ვერსია, რომ ერისიმედი სხვა ტერიტორიაზე გაიცვლება"

"ოდესღაც დიდი ყოფილა საქართველო", ნიკოფსიიდან დარუბანდამდის გადაჭიმული... მაგრამ დღეს ომში დაკარგულ (როგორც გვაიმედებენ, დროებით) ტერიტორიებს მშვიდობიანობის ჟამს ჩვენივე უნიათობით დაკარგულიც ემატება და საქმე ის არის, რომ ოკუპანტი კი არა, მეგობარი გვართმევს, რომელიც ძმობას გვეფიცება. 17 წელია საშველი არ დაადგა აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენას. მრავალი ათეული კილომეტრის ტერიტორია სადავო გაგვხდომია, ერისიმედის საქართველოში ყოფნა-არყოფნა - სათუო, დავითგარეჯის ქართული კულტურის ძეგლობა კი სამტკიცებელი.

მას შემდეგ, რაც მდინარე ალაზანმა (რომელსაც საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი მიუყვება სიღნაღის რაიონში) კალაპოტი საქართველოს მხარეს იცვალა, საქართველოს მაშინდელი ხელმძღვანელობა მიხვდა, Aაზერბაიჯანის მხარეს დარჩენილი ქართული ტერიტორია სადავო რომ გახდებოდა და იქ სოფლის გაშენება გადაწყვიტა. ეს საშური საქმე იყო, რადგან ალაზანს იქით დარჩენილ მიწაზე ნელ-ნელა ფუძნდებოდნენ აზერბაიჯანელები.

ერთ დროს ერისიმედი მართლაც საიმედო სამანი იყო საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, მაგრამ დღეს...

თალიკო მახარაძე, ერისიმედის სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი: - ერისიმედელები მავთულხლართებით გარშემორტყმული ვცხოვრობთ. სკოლიდან 50 მეტრშია გავლებული, რომლის იქით აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დგანან. ხულოდან რომ ჩამოგვასახლეს, მაშინ აზერბაიჯანთან თავისუფალი მიმოსვლა იყო. ჩვენი მიწები აზერბაიჯანელებს ჰქონდათ შემოღობილი. ღობეები რომ მოვხსენით, წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. აზერბაიჯანელებთან ვმეზობლობდით, მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლის მერე სოფელში მავთულხლართები გააბეს.

მინდორშიც მავთულხლართები ხომ არ იქნება? პირუტყვმა რა იცის, სად არის საზღვარი? გადადიან ე.წ. თავისუფალ ზონაში და ვეღარ გადმოგვყავს. სადავო ტერიტორიაზე ნაბიჯი რომ გადავდგათ, ალბათ, საპატიმროში ამოგვაყოფინებენ თავს. მას მერე, რაც ჩვენს ტერიტორიაზე მეთორმეტეკლასელი ბიჭი მოგვიკლეს, მეტად დავშინდით.

სამი წლის წინ ჩემი მეუღლე აბალახებდა საქონელს. ექვსი მეწველი ძროხა გადავიდა აზერბაიჯანის მხარეს. ჩემს მეუღლეს შეეშინდა და ვერ გადაჰყვა. ადგილობრივ პოლიციასაც მივმართე და სასაზღვრო დეპარტამენტსაც, მაგრამ არაფერი გამოვიდა - ექვსივე ძროხა დავკარგე, ზარალიც არავის აუნაზღაურებია. მხოლოდ ერთი ფურცელი მომცეს, თქვენი ზარალი 5.500 ლარიაო. სოფელს ავტობუსი არა ჰყავს. ერისიმედიდან წნორში საკუთარი მანქანით თუ წავა ვინმე და გავყვებით. ისე წნორში ჩასვლა 40 ლარი ღირს. სოფლის გზა არ ვარგა და სასწრაფო დახმარებას უჭირს დროულად ჩამოსვლა.

წელს ხორბლის ვერც ერთი მარცვალი ვერ ავიღეთ. თაგვი შეესია მინდვრებს, მთლიანად გადაჭამეს ყანები. მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა.

თქვენს გაზეთში ერისიმედზე წერილი რომ დაიბეჭდა, ინტერნეტში ვნახეთ, სად გადის საზღვარი.

თურმე ჩვენი სოფლის ორი ქუჩა აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა მოქცეული. უმეტესობას წელს დაგვიკანონეს სახლები, მაგრამ იმ ორ ქუჩაზე არც ერთი სახლი არ დაუკანონებიათ. უთქვამთ, ამ ორი ქუჩის მცხოვრებთ შეიძლება კომპენსაცია მისცენ და გადაასახლონო. ორი ქუჩა თუ აიყრება, სკოლა აზერბაიჯანის მხარეს დარჩება და სოფელი დაიცლება. თუ სხვაგან გადაასახლებენ, გამოდის, მშობლები და შვილები, და-ძმები უნდა გაიყონ.

ადრე ავიწეწეთ, აქ დავსახლდით და ახლა ისევ გადასახლება გვემუქრება. როგორ წავალთ ერისიმედიდან, როდესაც აქ ახლობლების საფლავები გვაქვს. მიცვალებულები უპატრონოდ დავტოვოთ?

ისედაც დაქუცმაცებულია ჩვენი სამშობლო და კიდევ აზერბაიჯანს დავუთმოთ? მოგვხედეთ! გაიგეთ, რომ აქ საქართველოს განაპირა სოფელია და ხალხი ცხოვრობს! ისედაც თვალში ვეჩხირები ბევრს, ასე რომ ვლაპარაკობ, რაც იქნება, იქნება.

- ვინმე გსაყვედურობთ?

- შეიძლება სამსახურის დატოვებად დამიჯდეს სიმართლის თქმა, მაგრამ ხომ უნდა თქვას ვიღაცამ, რა სატკივარიც გვაწუხებს. დიდი მადლობა "კვირის პალიტრას" თანადგომისა და ყურადღებისათვის.

ნოდარ კოჭლამაზაშვილი, სიღნაღის გამგებელი: - ერისიმედის გაყოფაზე ლაპარაკი არ არის და იქაური მოსახლეობაც მშვიდად ცხოვრობს. სასაზღვრო დეპარტამენტის წარმომადგენლობა სოფელშია და კანონის შესაბამისად ამყარებს წესრიგს.

- რატომ არ დაუკანონეს ერისიმედელების ნაწილს საკუთრება?

- ერისიმედში 96 ოჯახია, 53-ს საკუთრება დაუკანონდა. თუ დანარჩენებს დოკუმენტაცია წესრიგში აქვთ, მიაკითხონ საჯარო რეესტრს და მაშინვე დაუკანონებენ(?).

- "გუგლის" რუკების მიხედვით სოფლის ნაწილი აზერბაიჯანის მხარესაა და საგარეო საქმეთა სამინისტროც აცხადებს, ეს სადავო ტერიტორიააო.

- ამაში კომპეტენტური არა ვარ. ამ საკითხზე სამთავრობო კომისია მუშაობს.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი მთავრობა აზერბაიჯანთან ამ საკითხს ისე დაარეგულირებს, რომ სოფელი არ გაიყოს. ცუდია, ზოგიერთი ჟურნალისტი რომ ავრცელებს ინფორმაციას, თითქოს სოფლის ნაწილი შეიძლება აზერბაიჯანის მხარეს დარჩეს. არ შეიძლება ხალხის დაშინება. საქართველოს ხელისუფლება დაუშვებს იმას, რომ ნახევარი სოფელი ან თუნდაც ერთი ოჯახი დატოვოს აზერბაიჯანის მხარეს?

მალხაზ ხუციშვილი, "ახალი მემარჯვენეების" სიღნაღის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე: - რაიონის გამგებელი ცდილობს, ისე წარმოაჩინოს ყველაფერი, თითქოს ერისიმედში პრობლემა არ არის, მაგრამ ფაქტია - სოფლის საკითხი სამთავრობათაშორისო კომისიაზე განიხილება. როგორც შევიტყვეთ, უკვე შეთანხმებულან, რომ ერისიმედის ნაწილი აზერბაიჯანს გადაეცეს(!).

ქვეყნის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ ჭკვიანურად გათვალა, როდესაც ამ ტერიტორიაზე სოფელი გააშენა. მაშინ აზერბაიჯანს პრეტენზია არ ჰქონია. ეს მათი ტერიტორია რომ ყოფილიყო, სოფლის მშენებლობას ხელს შეუშლიდნენ. სიღნაღის რაიონის მაშინდელი ხელმძღვანელობა ყურადღებას არ აკლებდა სოფელს. სამწუხაროდ, კომუნისტებს მეტად ესმოდათ ხალხის, ვიდრე დღევანდელ ხელისუფლებას.

ცესკოს მონაცემებით, ერისიმედიდან არჩევნების დროს 103% წამოიღო ხელისუფლებამ (აქედან 3% საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებისაა). უცნაურია, სადაც მეტი მხარდაჭერა აქვს ხელისუფლებას, იქ მეტად იჩაგრება ხალხი. ერისიმედს პრობლემა არ შეექმნებოდა, სასაზღვრო პოსტი სოფლის აქეთ რომ არ გაეხსნათ.

ისე გამოჩნდა, რომ სოფელი აზერბაიჯანის მხარეს იყო და ჩვენს მეზობელსაც გაუჩნდა მისი მითვისების სურვილი. დავითგარეჯიც ასე უყურადღებოდ რომ არის მიტოვებული, იმიტომაც უნდა აზერბაიჯანს მისი მისაკუთრება. აქ თითოეულ მტკაველზე ჩვენი წინაპრების სისხლია დაღვრილი და როგორ შეიძლება ასე ხელაღებით დათმობა?

ხელისუფლება თავს იწონებს, სხვადასხვა რეიტინგში პირველები ვართო, სამწუხაროდ, საქართველო პირველ ადგილზეა ტერიტორიების დაკარგვის დინამიკითაც და აღიაროს ეს "ნაციონალურმა" ხელისუფლებამ.

ერთ-ერთი ვერსიით, ერისიმედის აზერბაიჯანისთვის გადაცემის სანაცვლოდ დავითგარეჯის სადავო ტერიტორიის საქართველოსთვის გადმოცემა განიხილება.

მამუკა არეშიძე, ექსპერტი კავკასიის საკითხებში: "მაქვს ვერსია, რომ ერისიმედი სხვა ტერიტორიაზე გაიცვლება. ამ ვარაუდის საფუძველს ერისიმედის მდებარეობა მაძლევს. მას შემდეგ, რაც ალაზანმა კალაპოტი შეიცვალა, ფაქტობრივად გაყო ერისიმედი და დანარჩენი საქართველო. ამიტომ, რაც უნდა მტკივნეული იყოს, შეიძლება ერისიმედის სხვა ტერიტორიაში გაცვლაზე არის ლაპარაკი. ოღონდ ერისიმედის ასამდე ოჯახს სხვა ადგილას უნდა შეუქმნან ცხოვრების ნორმალური პირობები.

რამდენიმე წლის წინ აზერბაიჯანელ სამეცნიერო წრეებში დაიწყო ლაპარაკი საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ ალბანური კულტურის ძეგლებზე. ამას წინათ ნინო კალანდაძემ განაცხადა, არ არის გამორიცხული დავითგარეჯის დათმობის სანაცვლოდ სხვა ტერიტორია შევთავაზოთ აზერბაიჯანსო. ამის საპასუხოდ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ელჰან პოლუხოვმა განაცხადა, აზერბაიჯანი არ აპირებს ქეშიკჩიგდაღის (ღვთის მსახურთა მთის) დათმობას ან გაცვლასო. ამ სახელით მოიხსენიებენ დავითგარეჯის კომპლექსის ბერთუბნის მონაკვეთს.

ერთი შეხედვით თითქოს არცთუ საგანგაშო ფაქტს - ბერთუბნის აზერბაიჯანული სახელწოდებით მოხსენიებას, როგორც გაირკვა, საკმაოდ მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. აზერბაიჯანელები ამით ცდილობენ დაამტკიცონ თავიანთი კავშირი ალბანურ კულტურასთან. ერთი მხრივ, ეს მათ ისტორიულ წარმომავლობას აძლევს სიღრმეს, მეორე მხრივ უჩნდებათ საფუძველი ილაპარაკონ ყარაბაღში არსებული ქრისტიანული ეკლესიების ალბანურ წარმოშობაზე.

ამით ამყარებენ არგუმენტს, თუ რატომ უნდა იყოს ყარაბაღი აზერბაიჯანის შემადგენლობაში. აზერბაიჯანელები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ კავკასიელი ალბანელების გამუსლიმანებული Mშთამომავლები არიან და რომ აზერბაიჯანისა და ყარაბაღის ტერიტორიაზე ქრისტიანული ძეგლები მათია(!).

Aაზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემიამ გამოსცა ბროშურა, რომელშიც საინგილოში მდებარე ეკლესია-მონასტრები, მათ შორის - ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია ალბანური კულტურის ძეგლად არის გამოცხადებული. ალბანურ ძეგლად არის გამოცხადებული ზაქათალის რაიონში მდებარე მამრუხის მონასტერი, კახის რაიონში - ოხტი-ექეთი, ლექიტის ეკლესია და ბევრი სხვა ძეგლი, რომელთაც უკვე აზერბაიჯანული სახელწოდებებით იხსენიებენ. ზაქათალის რაიონში გზის ერთ მონაკვეთს გალავანი გასდევს.

ადგილობრივები მას თამარ მეფის გალავანს ეძახიან, მაგრამ ამ გალავანზე უკვე გაკეთებულია წარწერა, რომ ის ალბანური კულტურის ძეგლია.

ჯერ კიდევ 5-6 წლის წინ ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესია მოქმედი იყო. ახლა კი ქართველებს ეკლესიაში მხოლოდ გიორგობისა და აღდგომის დღესასწაულებზე უშვებენ. სხვა დროს ტაძარი დაკეტილია იმ მოტივით, რომ ზიანდება(!).

ამ ტაძრის ალბანური კულტურის ძეგლად გამოცხადება უცებ არ მომხდარა. იყო ერთი ტენდენცია, რომელსაც თავის დროზე არ მიაქციეს ყურადღება. დღესასწაულების დროს ქურმუხის წმინდა გიორგის ეკლესიაში მხოლოდ ქართველები არ მიდიოდნენ. მომლოცველთა შორის იყვნენ მუსლიმანებიც:

აზერბაიჯანელები, ლეკები, ავარელები. ჯერ კიდევ მაშინ ამკვიდრებდნენ ადგილობრივ მოსახლეობაში აზრს, რომ ეს არ იყო ქართული, მართლმადიდებლური კულტურის ძეგლი. დღეს კი უკვე აზერბაიჯანის მეცნიერებათა აკადემია აცხადებს, რომ საინგილოს ტერიტორიაზე მდებარე ეკლესიები ქართული კი არა, ალბანურია. ცხადია, ასეთი ბროშურა ხელისუფლების გარეშე ვერ დაიბეჭდებოდა და უნდა ვიფიქროთ, რომ მისი პოზიციის გამომხატველია".

ერისიმედი

ერისიმედი მდინარე ალაზნის მარცხენა ნაპირზე, აზერბაიჯანის საზღვართან მდებარეობს. ის სიღნაღიდან 65 კილომეტრითაა დაშორებული. სოფელი 1987-1989 წლებში გაშენდა. 1989 წელს ერისიმედის გახსნას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია  II ესწრებოდა. პატრიარქმა სოფელში ის ტერიტორია აკურთხა, სადაც ეკლესია უნდა აშენებულიყო. მშენებლობა დაიწყო, ჩაიყარა საძირკველი, თუმცა მიზეზთა გამო, შეჩერდა...

1989 წლიდანვე ერისიმედში გაიხსნა საჯარო სკოლა, რომელშიც დღეს 100 ბავშვი სწავლობს. 2010 წელს დროებით სარგებლობაში არსებული სახლების ნაწილი ერისიმედელებს დაუკანონდათ. ამჟამად სოფელში 96 ოჯახი (500 სული) ცხოვრობს.