"დედაჩემი კბილებით ინარჩუნებდა აქაურობას" - კვირის პალიტრა

"დედაჩემი კბილებით ინარჩუნებდა აქაურობას"

თუ გურიაში მოხვდებით და გემრიელი ჩიას დაგემოვნება ან უბრალოდ ტკბილი ბავშვობისა და ძველი დროის გახსენება მოგინდებათ, მთავარი გზიდან გადაუხვიეთ და "გურული კომლისკენ" აიღეთ გეზი, გზას ყველა მიგასწავლით. დასავლური სტუმართმოყვარეობით სავსე ასწლოვანი მეგრელაძეების "კომლი" ის ადგილია, სადაც ჩაი ყოველთვის ცხელია, საკვამურიდან ბოლი ყოველთვის ამოდის და კეთილი მასპინძელი ლიკა მეგრელაძეც მუდამ მზად სტუმრის მისაღებად.

- გაგვეცანით და მოგვიყევით ლიკა მეგრელაძისა და მისი კომლის შესახებ...

- გურიაში დავიბადე, გავიზარდე, იქ დავამთავრე სკოლა და შემდეგ თბილისში ჩამოვედი, ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. შეიძლება ითქვას, რომ მთელი ჩემი შეგნებული ცხოვრება, 16 წლიდან თბილისში გავატარე, დავოჯახდი და 2 შვილი გავზარდე. მიუხედავად იმ საშინელი 90-ანი წლებისა, გურიასთან კავშირი არცერთი წამით არ გამიწყვეტია - ოჯახთან ერთად, ყოველ წელს, სულ მცირე, 2 თვეს გურიაში ვატარებდი. დრო გავიდა, ბავშვები გაიზარდნენ და თავიანთ გზაზე წავიდნენ, თანადათან უფრო სხვანაირად შევხედე გურიას - გურულობა სხვა ხიბლია.

"გურული კომლი" საოჯახო ტიპის სასტუმროა, სასტუმროსაც ვერ დავარქმევდი, ეს სახლია, სადაც ჩვენც ვცხოვრობთ და ტურისტებსაც ვიღებთ. ეს ყველაფერი მე და ჩემმა ოჯახმა რამდენიმე წლის წინ დავაარსეთ, რასაც საინტერესო ისტორია აქვს.

- მოგვიყევით.

- ბოლო წლებია მსოფლიო ტურისტულ რუკაზე საქართველო მოინიშნა, მაგრამ ტურისტულ რეგიონებში გურია არ აღმოჩნდა. თავისთვის მყუდროდ იყო ჩიხში, სადაც განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა. 2017 წელს გავიგე, რომ ოზურგეთში, რაღაც ღონისძიებას ატარებდნენ, აქტიური ადამიანი ვარ და ჩავედი. აღმოვაჩინე, რომ რაღაც ახალი პროექტი იწყებოდა, რომლის ფარგლებშიც ორგანიზაცია "ევროკავშირი საქართველოსთვის" აპირებდა გურიის განვითარებას, ჩვენც ჩავერთეთ და პატარა სამუშაო ჯგუფები შევკრიბეთ. ზოგი უკვე მეწარმე იყო, ზოგს იდეა ჰქონდა და ა.შ.

სერიოზულად დავიწყე ფიქრი რა შეიძლებოდა გამეკეთებინა - შვილებთან ერთად გადავწყვიტე, საოჯახო სასტუმროს იდეა განმეხორციელებინა. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში მოვიპოვეთ მცირე გრანტი. ჩვენი საგვარეულო სახლი მართალია პირვანდელი სახით არ არის შემორჩენილი, მაგრამ ბევრი რამ ისეა, როგორც წლების წინ იყო - ძველი სვეტი, ჭერი და ორი ოთახი მთლიანად ისტორიული სახით შემოვინახეთ.

პროფესიით მათემატიკოსი ვარ და ამ თემასაც მათემატიკურად მივუდექი, ამოცანა უნდა ამოხსნა იმით, რა მოცემულობაც გაქვს, ეს არის ჩემი ცხოვრებისეული კრედოც, რაც არ გაქვს, იმას ვერ გამოიყენებ. გამახსენდა, რომ გურია ჩაით არის განთქმული, თუმცა ამ ბოლო წლებში ჩაის პლანტაციები სრულიად განადგურდა. ქართველი თუ უცხოელი სტუმრებიდან უმეტესობას ჩაის ბუჩქი ნანახი არ ჰქონდა. პირველი ჩემი ამერიკელი სიძე იყო, ვინც მკითხა ჩაის ბუჩქზე, ეს რა არისო და ისიც გაიკვირვა, საქართველოში ჩიას რა უნდაო... არადა, იყო დრო ქართული ჩაი ექსპორტზეც კი გადიოდა. დედაჩემი, მერი ჭანუკვაძე 55 წელი ანასეულის ჩაისა და სუბტროპიკული კვლევის ინტიტუტში მუშაობდა.

შევქმენით "ჩაის ტური", რომლის მეშვეობითაც ჩვენთან მოსული სტუმარი საქართველოში ჩაის ჩამოტანის ისტორიას ისმენს, თავისი ხელით კრეფს ჩაის, ამზადებს და დააგემოვნებს კიდეც... უამრავი ადამიანი ჩამოვიდა და მათთვის ეს ტური აღმოჩენად იქცა. მალევე დაინტერესდა ადგილობრივი თვითმართველობა და შეიქმნა პროექტი "ჩაის გზა", დღეს ამ პროექტის მონაწილეები მცირე მეწარმეები და ჩაის ფაბრიკები არიან.

ჩვენი სლოგანი "დავუბრუნოთ მიტოვებულ, მივიწყებულ რეგიონებს ახალი სიცოცხლე" ნაწილობრივ მაინც გავამართლეთ. რაც შეხება ჩვენს სახლს, მისი ისტორია ფოტოებითა და მონაყოლი ამბებით 1900-იანი წლების პირველ ნახევრიდან იწყება, თუმცა თვითონ შენობა უფრო ძველია...

ჩვენს სახლში ლაზარე ჩიტაიშვილი ცხოვრობდა, რომელსაც ორი ქალიშვილი ყავდა, მეუღლე მალევე გარდაეცვალა და მარტო დარჩა, თვითონაც ასაკში იყო და ხვდებოდა მისი გარდაცვალების შემდეგ კერა ჩაქრებოდა, ამიტომ ამაზე ზრუნვა დაიწყო. მისი უმცროსი ქალიშვილი ამავე სოფლელ, გვარად, გეგიაძეზე იყო გათხოვილი. ლაზარემ მისი შვილი - მართა გეგიაძე იშვილა და გაზარდა, რომელიც ფილიპე მეგრელაძეზე გათხოვდა. წყვილი ლაზარეს სახლში დაფუძნდა და ასე შესძინეს მეგრელაძეებმა სახლს ახალი სიცოცხლე.

ფილიპესა და მართას 4 შვილი გაუჩნდათ, ზოგი ომში დაიღუპა, ერთი ქუთაისში სწავლისას დარჩა იქვე საცხოვრებლად. სახლი ისევ მარტო რჩებოდა, ბაბუაჩემი ფილიპეს ერთ-ერთი შვილი იყო და ბებიაჩემთან ერთად გურიაში გადავიდა საცხოვრებლად. მამაჩემიც იქ დაიბადა, გაიზარდა და დაოჯახდა კიდეც, რის მერეც დავიბადე მე... და კიდევ ერთხელ აირია ქვეყანაში სიტუაცია - 90-იანები დაიწყო და დედაჩემი კბილებით ინაჩუნებდა აქაურობას.

დედა ახლა 82 წლისაა, ძირითადად გურიაში ცხოვრობს და ახლა ვხვდები, სახლი თუ დაიკეტება, ყველაფერი დამთავრდება, აქაურობის ახმიანებით სხვასაც მივცეთ პატარა სტიმული და ბიძგი რომ აქ, გურიაში სხვა ახალი რაღაცები გააკეთონ.

მინდა, რომ ეს კომლი იმ პირვანდელი სახით აღვადგინო, როგორიც მე-20 საუკუნის დასაწყისში იყო. სახლში ქვის კეცი და საცეხვი ქვა მაქვს, რომელსაც ფუნქციურად ვერა, მაგრამ საჩვენებლად აღვადგენ. მიწის დამუშავების დროს ეზოში თითქმის მთელი, საღ მდგომარეობაში ჩამარხული ღვინის ჭურები ვიპოვე, ასევე ძველი მარნის ნაშთებიც აღმოვაჩინე, რომელიც ზედაპირეული დათვალიერებით შუა საუკუნეების უნდა იყოს...

- გეხმარებათ ვინმე თუ მარტო უძღვებით ამ ბიზნესს?

- შვილები მეხმარებიან. ისე დამარეგისტრირეს airbnb.com-ზე, რომ არაფერი ვიცოდი. პირველი სტუმარი ლონდონიდან ჩამოვიდა და მეგონა, ამას ჩაის შესახებ ახალი რა უნდა ვუთხრა-მეთქი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ჩაის ბუჩქიც არ ჰქონდა ნანახი. უკვე ვიცი, რა მიჭირავს ხელში და შემიძლია ჩემი წამოწყებით ადამიანს მცირე ბედნიერება მივანიჭო. რადგან საკამოდ მოზრდილი ეზო გვაქვს, დავიწყეთ ახალ მიმართულებაზე ფიქრი და ამაშიც შვილები დამეხმარნენ. ზუსტად მათგან შევიტყვე, რომ მსოფლიოში "გლემფინგებია" მოდაში. "გლემფინგი" ბუნებაში გაშენებული 5-ვარსკვლავიანი კარავია. ასევე უძველესი ნალიის გადაკეთებით მოვაწყეთ "გლემფინგი", "თავისი აბაზანითა და კომფორტული პირობებით. ასევე უზარმაზარი ღვინის კასრი ვაქციეთ ოთახად. ბეტონის შენობები ჩვენი სტილის შესაფერისი არ არის, ამიტომ ასეთი ტიპის ნაგებობების დამატებას კიდევ ვგეგმავთ.

მივხვდი, ადამიანები თუ არ გიყვარს, ვერაფერს გააკეთებ, საოცარი აზარტია, მეტი და მეტი იდეა მოგვდის და ჩვენც ახალ-ახალ რაღაცეებს ვსწავლობთ. ეს ცხოვრების კანონია, როდესაც რაღაც გაინტერესებს, ახალი ფანჯრები თავისით იღება, თითქოს სამყაროს მიყავხარ მიზნისკენ. ამასთანავე, ყველაფერი ეკოლოგიური და ორგანული გვაქვს, სამომავლოდ საოჯახო ჩაის წარმოებასაც ვგეგმავ, პატარა ჩაის მარანი უნდა გავაკეთო, ფანტაზია არ მელევა...

- რას ამბობენ გურიაში ჩამოსული ტურისტები როგორ მოსწონთ საქართველოს ეს მხარე?

- გურია საუკეთესოა, არა იმიტომ რომ გურული ვარ. ტურისტები ხშირად ხაზს უსვამენ გურულების კარგ ხასიათს, სტუმართმოყვარეობას. გურია უყვართ, ერთი მიზეზის გამო: ამ მხარეში რაღაც გამორჩეულია, სულ ამბობენ, გურიაში ისეთ მუხტს ვიღებთ, რომ ყველასგან განსხვავებულიაო. გურული კულინარია უყვართ ტურისტებს, მოსწონთ საწებელა, კეცის მჭადი და სხვა. ადამიანს ამბავი და ემოცია სჭირდება, გურიაში მათ ეს ორივე ხვდებათ და განცდა უჩნდებათ, რომ ეს მხარე შინაურია, ლოგო, რომელზეც გამოსახულია პატარა სახლიდან ამომავალი ბოლი, ესეც ასევე სითბობს მომტანია მათთვის.

(სპეციალურად საიტისთვის)