"საქართველო რუსეთის "ჰიბრიდული ომის“ ერთ-ერთი სამიზნეა... შევზღუდოთ რუსული პროგრამების გამოყენება, ნაკლებად გამოვიყენეოთ რუსული არასანდო აპლიკაციები" - კვირის პალიტრა

"საქართველო რუსეთის "ჰიბრიდული ომის“ ერთ-ერთი სამიზნეა... შევზღუდოთ რუსული პროგრამების გამოყენება, ნაკლებად გამოვიყენეოთ რუსული არასანდო აპლიკაციები"

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი, ანდრო გოცირიძე მიიჩნევს, რომ საქართველო რუსეთის "ჰიბრიდული ომის“ ერთ-ერთი სამიზნეა და ამ ომში, მოსკოვი როგორც ტექნიკური, ასევე საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ეფექტის მქონე კიბერშეტევებს აქტიურად იყენებს. ამის შესახებ მან "ინტერპრესნიუსს“ განუცხადა.

ექსპერტის შეფასებით, ანალოგიური ტიპის კიბერშეტევას ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ზარალი აქვს.

"რუსეთის დესტრუქციული კიბერაქტივობები საფრთხეა არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ისეთი განვითარებული ქვეყნებისთვის, როგორიც არის აშშ, ევროკავშირის ქვეყნები და ნებისმიერი სხვა ქვეყანა. მითუმეტეს, საქართველო რუსეთის "ჰიბრიდული ომის“ ერთ-ერთი სამიზნეა და ამ ომში მოსკოვი ძალიან ხშირად იყენებს კიბერშეტევებს ორივე მიმართულებით, როგორც ტექნიკური, ასევე საინფორმაციო-ფსიქოლოგიური ეფექტის მქონეს. ეს შეტევა ჰოსტინგის პროვაიდერებზე განხორციელდა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლოების, ასევე ორგანიზაციების ვებგვერდები იყო განთავსებული. თავისთავად ცხადია, ასეთ შეტევას ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ზარალი აქვს“, - აცხადებს ექსპერტი.

მისი განმარტებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის, ასევე გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ განცხადებაში წერია, რომ ეს არის შეტევა საქართველოს სუვერენიტეტზე, საქართველოს მოსახლეობის მიმართ ძირგამომთხრელი საქმიანობა.

"ბუნებრივია, უკანასკნელი ათწლეულის განმავლობაში, რუსეთი კიბერშეტევებს ფსიქოლოგიური ეფექტისთვის იყენებს და ამ თვალსაზრისით ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სახელმწიფო ინსტიტუტების, რწმენის შერყევა, ასევე პარტნიორებთან ძირგამომთხრელი საქმიანობა, ნიჰილიზმის დათესვა გახლავთ. სწორედ ამას ემსახურება ამ ტიპის შეტევა, რომელიც არ არის მიმართული ინფორმაციის მოპარვაზე, უფრო მეტად, ეს გახლავთ ორიენტირებული ფსიქოლოგიური ბერკეტისა და რუსეთისთვის სასარგებლო აქტივების შექმნაზე“,-აცხადებს ექსპერტი.

კიბერუსაფრთხოების ექსპერტი მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს, შეზღუდონ რუსული პროგრამების გამოყენება, ნაკლებად გამოიყენონ რუსული არასანდო აპლიკაციები, თუნდაც ანტივირუსული ან ელექტრონული ფოსტის სერვერის მომსახურება.

"ბუნებრივია, კიბერსაფრთხეებისგან 100%-იან დაცვას ვერც ერთი ქვეყანა ვერ უზრუნველყოფს. ინციდენტები ყველგან ხდება, მითუმეტეს რუსეთი საკმაოდ დესტრუქციული ბრუტალური აქტორია ამ თვალსაზრისით, მაგრამ მომხდარი ფაქტი გვიჩვენებს, რომ საქართველოს კიდევ ბევრი აქვს გასაკეთებელი. მთავარია, რომ ჯერ კიდევ სერიოზული ნაბიჯებია გადასადგმელი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. პირველი გახლავთ ის, რომ ამ ტიპის ვებგვერდებს, რომელიც სახელმწიფოს სიმბოლოს გამოხატავს, ალბათ უფრო მეტი დაცვა სჭირდება და უფრო დაცულ ჰოსტინგზე უნდა იყოს განთავსებული. რაც შეეხება ადგილობრივ დონეს, სამწუხაროდ ხშირია შემთხვევა, როდესაც ცნობიერების არასათანადო დონის გამო, რუსულ სერვისებს იყენებენ, გნებავთ ელექტრონული ფოსტის ან მობილური ოპერატორის თვალსაზრისით. ეს კიდევ დამატებით რისკს ქმნის ინფორმაციის გაჟონვისა და ზოგადად, კიბერუსაფრთხოების შერყევის მხრივ.

სხვა რეკომენდაციებთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია შევზღუდოთ რუსული პროგრამების გამოყენება, ნაკლებად გამოვიყენეოთ რუსული არასანდო აპლიკაციები, თუნდაც ანტივირუსული ან ელექტრონული ფოსტის სერვერის მომსახურება. აუცილებელია, უფრო მეტად გადავიხაროთ სანდო ვებგვერდებისა და პროდუქტების მიმართ, რომლებიც ევროკავშირისა და ნატო-ს სტანდარტებთან თავსებადი არის. ცხადია, მომხმარებლების კიბერჰიგიენა კიდევ უამრავ კომპონენტს ითვალისწინებს, მაგრამ ამ შეტევების ფონზე, ეს არის ის რეკომენდაციები, რომელიც უნდა განხორციელდეს“, - აცხადებს კიბერუსაფრთხოების ექსპერტი.

მან ასევე უფასო მობილურ აპლიკაცია Face App-ზეც ისაუბრა და დასძინა, რომ აშშ-ის დასკვნით, ეს ინფორმაციის მოსაპოვებლად ერთ-ერთი იარაღია.

"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირდაპირ დაადგინა, რომ ამ ტიპის აპლიკაციები რუსეთის სამხედრო დაზვერვის ერთ-ერთი იარაღია იმისთვის, რომ ბიომეტრიული მონაცემები და პერსონალური ინფორმაცია მოიპოვოს. რაც შეეხება სოციალურ ქსელს, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ facebook-ის ნებისმიერი ონლაინ სასაუბრო გასართობი საშუალებაა და არა სამსახურეობრივი, ან სახელმწიფოებრივი ურთიერთობის პლატფორმა. შესაბამისად, ძალიან კარგია, თუკი სოციალიზაციის თვალსაზრისით სოციალურ ქსელთან ვმეგობრობთ, ბევრ ადამიანს ვიცნობთ, მაგრამ ამ სასაუბროში არ უნდა განიხილებოდეს სახელმწიფოებრივი, სამსახურეობრივი, ან ბიზნესთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი ინფორმაცია“,- აცხადებს ანდრო გოცირიძე.

მისი თქმით, აუცილებელია, რომ საქართველომ კიბერუსაფრთოების უზრუნველსაყოფად საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა გააძლიეროს.

"საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის გარეშე დღევანდელ სამყაროში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოუდგენელია, მითუმეტეს ისეთი მწირი ბიუჯეტის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ფაქტს საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არნახული გამოხმაურება აქვს. რასაკვირველია, ამას დადებითი შედეგი ექნება. თუმცა, ამის მხარდამხარ უნდა შევძლოთ, რომ ჩვენი საშინაო დავალება სახლში შევასრულოთ. საერთაშორისო მხარდაჭერა ძალიან იმედისმომცემია, მაგრამ მეორე საკითხია ის, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ. საკუთარ ქვეყანაში კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფა უნდა მოვახერხოთ“,-აღნიშნავს ანდრო გოცირიძე.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვლადიმერ კონსტანტინიდმა უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედია ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე, სერვერებსა და სხვა მართვით სისტემებზე დაიგეგმა და განხორციელდა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს მიერ.