"ბევრისგან ვიგრძენი ერთგულება, გამოვცადე ლხინშიც და უსიამოვნო პერიოდებშიც, წლებთან ერთად მეგობრების წრეც შემივიწროვდა" - კვირის პალიტრა

"ბევრისგან ვიგრძენი ერთგულება, გამოვცადე ლხინშიც და უსიამოვნო პერიოდებშიც, წლებთან ერთად მეგობრების წრეც შემივიწროვდა"

"ნატალია უკვე 18 წლისაა. ჩვენ ვმეგობრობთ. ყველაფერს მიყვება. თუ რამე სჭირდება, პირველად ჩემთან რეკავს. მახსოვს, დედაჩემი მეუბნებოდა, ათამამებო. მე ასე არ ვთვლი. ვენდობი და ვიცი, არ შეეშლება, როდის რა გააკეთოს"

მოდელი კრისტი ყიფშიძე მუდამ საინტერესო და გულწრფელი რესპონდენტია. მართალია, დიდი ხანია, მოდურ სამოსსა თუ აქსესუარებს ირგებს, თუმცა მისი შეხედულებები არასდროსაა მოდას აყოლილი და ტენდენციური. ინდივიდუალიზმი კრისტის ყველაზე მომხიბლავი მხარეა.

- 25 წელია, ერთ სფეროში ვსაქმიანობ. მიყვარს ჩემი საქმე, ის ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. ჯერ კიდევ შემიძლია, თამამად და თავდაჯერებულად გამოვიდე ჩვენებებზე. ადრე 42 წელი ძალიან ბევრი მეგონა, ახლა ვხვდები, რომ ეს მხოლოდ ციფრებია, რომლებიც სულაც არ ასახავს ადამიანის შინაგან მდგომარეობას. მხოლოდ გამოცდილება გემატება. ყველა ადამიანი საკუთარ შეცდომებზე სწავლობს, რაც უნდა მოგიწოდოს სხვამ, ან მე მოვუწოდო ჩემს შვილს, ეს ასე კი არა, ასე გააკეთეო, ალბათ, არასდროს დამიჯერებს, როგორც მე არ ვუჯერებდი დედაჩემს. ყველაფერი თვითონ უნდა გამოცადო. დრო ყველაზე კარგი მასწავლებელია.

- წლებთან ერთად მეგობრების წრე თუ შეგეცვალა? - ადრე მეტი მეგობარი მყავდა. არც ახლა მყავს ცოტა. ბევრისგან ვიგრძენი ერთგულება, გამოვცადე ლხინშიც და უსიამოვნო პერიოდებშიც, ამიტომ წლებთან ერთად მეგობრების წრეც შემივიწროვდა. არასდროს ვიხედები უკან და არ ვნანობ წარსულში მიღებულ გადაწყვეტილებებს.

- ტოროლა ხარ თუ ბუ? - ადრე ბუ ვიყავი. მიყვარდა ღამით ფილმის ყურება, კითხვა. ახლა რაც უნდა გვიან დავიძინო, მაინც 9 საათზე მეღვიძება. ამინდი ძალიან მოქმედებს ჩემს ხასიათზე. თბილი ამინდი მიყვარს. ამიტომ ყოველ ზამთარს ვცდილობ, თბილ ქვეყნებში წავიდე და იქ დავიტვირთო ენერგიით. მხიბლავს მოგზაურობა. მიყვარს აზია თავისი მოულოდნელობებით, მისტიკური ადგილებით, თუმცა არასდროს ვამბობ უარს პარიზსა და ლოს-ანჯელესში გამგზავრებაზე - ისინი, თბილისის შემდეგ, ჩემი ყველაზე საყვარელი ქალაქებია.

- ალბათ, შენი მოგზაურობების ერთ-ერთი სასიამოვნო ნაწილი შოპინგია? - არ მიყვარს ბევრი ტანსაცმელი. ჩემი სამსახურის გამო ისე ხშირად მაცვია სხვადასხვა სამოსი და ვარ "გაპრანჭული", რომ ყოველდღიურად მირჩევნია, უმაკიაჟოდ ვიყო, მეცვას მოხერხებული სამოსი. ხარისხს ვაქცევ დიდ ყურადღებას და არა - რაოდენობას. ძალიან მიყვარს სხვადასხვა ხალხთა ეროვნული სამოსის ან აქსესუარების შეძენა მოგზაურობის დროს. სამახსოვროდაც მრჩება და ყოველდღიურობაშიც ვიყენებ. ვუხამებ თანამედროვე სამოსს და ინდივიდუალურ ლუქს ვქმნი.

- მეორად მაღაზიაში თუ შეგიძენია რაიმე? - შემიძლია ძვირად ღირებულ მაღაზიაშიც ვიყიდო რამე, მეორადების ვინტაჟურ მაღაზიაშიც და ბაზრობაზეც. ყველგან შემიძლია ვიპოვო ჩემთვის საინტერესო ნივთი თუ აქსესუარი.

- რას არ ჩაიცვამ არასდროს? - იმდენი რამ მცმია... თან, მომწონს თუ არა, ისე უნდა გავიარო პოდიუმზე, თითქოს ჩემია. სინამდვილეში პლატფორმები არ მიყვარს, არასდროს ჩავიცვამ. ჩემი ფერებია თეთრი, შავი, წითელი და ჟოლოსფერი, რომელიც წელს ძალიან მოდურია. ჯინსი ბევრი მაქვს და არ მბეზრდება. მე და ნატალია ერთი ზომის სამოსს ვირგებთ და ხშირად ვიყენებთ ერთმანეთის გარდერობს.

ნატალია უკვე 18 წლისაა. ჩვენ ვმეგობრობთ. ყველაფერს მიყვება. თუ რამე სჭირდება, პირველად ჩემთან რეკავს. მახსოვს, დედაჩემი მეუბნებოდა, ათამამებო. მე ასე არ ვთვლი. ვენდობი და ვიცი, არ შეეშლება, როდის რა გააკეთოს. წელს სტუდენტი გახდა. გრაფიკული მედიისა და კომუნიკაციის ფაკულტეტზე ჩააბარა, "ჯიპაში" სწავლობს. მოსწონს თავისი არჩევანი და დიდი ინტერესით არის სწავლის პროცესში ჩართული.

- მიკვირს, როგორ ახერხებ მუდმივად იყო ფორმაში, ხელოვნური ჩარევების გარეშე...

- ეს უპირველესად, ჩემი გენეტიკის დამსახურებაა. დედაჩემი 61 წლისაა და არაჩვეულებრივად გამოიყურება.

მივეჩვიე ჩემს სახეს, არ მინდა ჩარევები და მაინტერესებს ის პატარა მიმიკური ნაოჭები, რომლებიც ნელ-ნელა ჩნდება შუბლსა თუ წარბებს შორის. წინააღმდეგი ვარ ინიექციების და პლასტიკური ჩარევების, თუმცა ვაღიარებ თავის მოვლის პროცედურებს, კანის მოვლას... ბევრს დავდივარ ფეხით, მჯერა, რომ სასიამოვნო და სასარგებლოა მასაჟი და ხშირად ვსტუმრობ სპა-სალონებს. გარდა ამისა, მიყვარს ცეკვა. რამდენიმე წელია, უარი ვთქვი კლუბებზე, თუმცა სახლში შემიძლია ჩავრთო მუსიკა და ვიცეკვო, რაც კარგ ხასიათზე მაყენებს და ვარჯიშის მაგივრობასაც მიწევს.

- წონას როგორ ინარჩუნებ? - ყოველ დილას ჭიქა წყლით ვიწყებ. დღეში 8 ჭიქა წყალს ვსვამ, მინდა თუ არა. მაწონს ჩემს მაცივარში მუდამ ნახავთ, ასევე სხვადასხვა კენკრითა და ხილით გამდიდრებულ შვრიის ფანტელს.

შაქარი და ცომეული ამოღებული მაქვს რაციონიდან. უმარილო ყველი, ქათმის ფილე, თევზი და ბოსტნეული - ეს არის ჩემი ძირითადი მენიუ. ხილი მიყვარს და მოგზაურობისას ეგზოტიკურ ხილს მივირთმევ.

- ამბობენ, ყველა ადამიანს ჰყავს თავისი ორეულიო. სხვები ხშირად გამსგავსებენ პენელოპე კრუსს. ხედავ თქვენს შორის მსგავსებას? - არ მიყვარს, ვინმეს რომ მამსგავსებენ, თუნდაც ისეთ ნიჭიერ და მომხიბვლელ მსახიობს, როგორიც პენელოპეა. პირველად სოფო ჭყონიამ მითხრა, ახლა ვნახე ფილმი "ყველაფერი დედაჩემის შესახებ" და მთავარი პერსონაჟი ძალიან გგავსო. ერთხელ მოსკოვში ვიყავით, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ ვარსკვლავურ რესტორანში და ოფიციანტმა, რომელსაც სადილი რუსულად შევუკვეთე, გაკვირვება ვერ დამალა, პენელოპე მეგონეთ და ვფიქრობდი, როგორ გამოვტყუო ავტოგრაფიო. წელს "ფეშენ ვიკზე" ერთმა ჟურნალისტმა მიამბო, ინტერვიუს დროს პენელოპე კრუსს თქვენი სოციალური გვერდი დავათვალიერებინეო.

- მერე რა უთქვამს ცეცხლოვან ესპანელს? - ჩემზე ლამაზი და ახალგაზრდააო, არადა, მხოლოდ ოთხი წლით ვარ მასზე უმცროსი.

- არსებობს სილამაზის ფორმულა, რომელიც ყველა ქალბატონისთვის მისაღები იქნება? - ყველა ქალმა უნდა იცოდეს თავისი ნაკლი და ღირსება. ამასთან, გააჩნია ასაკს, სტატუსს... ყველაფერს ვერ ჩაიცვამ, რაც ლამაზი და მოდურია. სანამ სამოსს მოირგებთ, კარგად შეისწავლეთ თქვენი სილუეტი, იყავით თვითკრიტიკული. ვისაც წვრილი წელი გაქვთ, წელზე მომდგარი სამოსი მოირგეთ, ვისაც ლამაზი მკერდი - დეკოლტე მოიხდინეთ, ვისაც ფეხები არ უვარგა, გრძელ კაბაში ან შარვალში დამალოს... ასაკის მატებასთან ერთად ქალები წუწუნებენ წონის მატებაზე. ასეთ დროს ყველაზე გამოცდილი და ეფექტური შავი სამოსია, რომელიც სილუეტს უკეთეს კონტურებს სძენს. თითო შავი კაბა ყველა ქალბატონის გარდერობში უნდა იყოს.

სილამაზის მთავარი განმსაზღვრელი გულწრფელი ღიმილი და კარგი განწყობაა. დღეს ინდივიდუალიზმი და ეკოლოგია მოდაშიც აქტუალური გახდა.

წელს ჯეინ ფონდა ოსკარზე მივიდა კაბით, რომელიც წლების წინ კანის ფესტივალზე ეცვა და გამოაცხადა, აღარ შევიძინე ახალი კაბა, გადავწყვიტე, ვიზრუნო ეკოლოგიაზე - ყოველი ახალი სამოსის შექმნა გარემოზე ნეგატიურ გავლენას ახდენსო. მე ვეთანხმები.